საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-201(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ეის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 12 ივლისს ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით (1996 წლის 07 ივნისის ცნობა), უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩა N..., ლ. ბ-ეის სახელზე რეგისტრაციის დავალება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ლ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, ქ. ფოთის მთავარი არქიტექტორის მ. ჩ-ეის 07.06.1996 წლის ცნობა, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვდა ქ. ფოთში, ...ის ქ. N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მის საფუძველზე საჯარო რეესტრს უნდა განეხორციელებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და აღნიშნა, რომ ქალაქ ფოთის მერიის ქალაქის მთავარი არქიტექტორის სამსახურის 07.06.1996 წლის ცნობა წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტს, რომელიც სასამართლოს შეფასებით, ვერ ჩაითვლება მართლზომიერი მფლობელობის ისეთ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც დასაშვებია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ N... სარეგისტრაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის გაანალიზებისა და შეფასების შედეგად. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს ადგილი არ ჰქონია კანონის არსებით დარღვევას და შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ბ-ეის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქალაქ ფოთის მთავარი არქიტექტორის 07.06.1996 წლის ცნობის საფუძველზე, ლ. ბ-ეს რეალურად გამოეყო მიწის ნაკვეთი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რომელსაც დღემდე ფლობს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა განეხორციელებინა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, კასატორის განმარტებით, სხვა დოკუმენტაცია მოსარჩელის მიერ ვერ იქნებოდა წარდგენილი, ვინაიდან ფოთის ტექნიკური აღრიცხვის ბიურო დამწვარია და ყველანაირი დოკუმენტი განადგურებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 18 მარტს ლ. ბ-ემ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა ქალაქ ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ 07.06.1996 წელს გაცემული ცნობა და მოითხოვა ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე 200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ქალაქ ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ 07.06.1996 წელს გაცემული ცნობის თანახმად, ლ. ბ-ეს მისი განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ...ის ქუჩაზე, მდინარე ...ის სანაპიროსთან დროებითი სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ეცნობა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახური ნებას რთავდა ლ. ბ-ეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ...ის სანაპიროსთან მდებარე თავისუფალი ტერიტორია, დროებითი სარგებლობის უფლებით (3 წლის ვადით) ესარგებლა საბოსტნედ. ამავე წერილით ლ. ბ-ეს ეცნობა, საჭიროების შემთხვევაში, პირველი მოთხოვნისთანავე მის მიერ მიწის ნაკვეთის გათავისუფლების შესახებ.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 24 მარტს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ეს ეცნობა, რომ არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია კომლის შემადგენლობის შესახებ. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა 2021 წლის 24 მარტის N126541 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 აპრილის №21-02-1/40955 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის 2004 წლის გადასახადის გადამხდელთა სიაში ლ. ვ.-ის ასული ბ-ე არ ფიქსირდებოდა. ამასთან, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 6 აპრილის №57/36542 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წლების წიგნში ...ის ქუჩაზე ლ. ვ.-ის ასული ბ-ე გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. ამავე წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტები ფოთის არქივში დაცულია 1983 წლის ჩათვლით. ...ის ქუჩა №...-ს მონაცემები დაფიქსირებული არ არის.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 12 აპრილს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც ლ. ბ-ეს ეცნობა, რომ მის სახელზე არ იძებნებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტი. ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წწ. წიგნში ...ის ქუჩაზე ლ. ვ.-ის ასული ბ-ე გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაევალა 30 დღის ვადაში წარედგინა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი. მითითებულ ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 31 მაისს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილება ლ. ბ-ეის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 1 ივნისს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ლ.
ბ-ეის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი დაინტერესებულ პირს არ წარმოუდგენია და ვერც საჯარო რეესტრის მიერ იქნა მოძიებული. ამასთან, N... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული ქალაქ ფოთის მერიის ქალაქის მთავარი არქიტექტორის სამსახურის 1996 წლის 7 ივნისის №162 ცნობა ვერ ჩაითვლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ლ. ბ-ეის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის №14/13 განკარგულებით, ლ. ბ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ფოთში, მდინარე ...ს სანაპიროს მიმდებარედ არსებულ თვითნებურად დაკავებულ 288 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წელს ლ. ბ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში, მდინარე ...ს სანაპიროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას ასევე ერთვოდა ქალაქ ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ 07.06.1996 წელს გაცემული ცნობა. დადგენილია, რომ მითითებული განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის №14/13 განკარგულების თანახმად, ლ. ბ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ფოთში, მდინარე ...ს სანაპიროს მიმდებარედ არსებულ თვითნებურად დაკავებულ 288 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ კომისიის 2016 წლის 5 ოქტომბრის N40 წერილის შესაბამისად, ლ. ბ-ეს კომისიაში სხდომის ჩატარებამდე უნდა წარედგინა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მოთხოვნათა შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტაცია - მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი დედნის სახით, რაც ლ. ბ-ეს არ წარუდგენია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ხის შენობა-ნაგებობა, რაც დადასტურებულია ლ. ბ-ეის განმარტებით, ლ. ბ-ეს არ გააჩნია 288.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, ასევე, ლ. ბ-ეს კომისიაში არ წარუდგენია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მოთხოვნათა შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტაცია: მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის დედანი, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ მტკიცებულებას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, ქალაქ ფოთში, მდ. ...ს სანაპიროს მიმდებარედ არსებულ თვითნებურად დაკავებულ 288.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ლ. ბ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამგვარი დოკუმენტი ვერც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში იქნა მოძიებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამასთან, მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვის საფუძვლებსაც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ბ-ე სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ფოთის მთავარი არქიტექტორის მიერ 07.06.1996 წელს გაცემულ ცნობას. აღნიშნული ცნობის თანახმად, ლ. ბ-ეს მისი განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ...ის ქუჩაზე, მდინარე ...ის სანაპიროსთან დროებითი სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ეცნობა, რომ არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახური ნებას რთავდა ლ. ბ-ეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ...ის სანაპიროსთან მდებარე თავისუფალი ტერიტორია, დროებითი სარგებლობის უფლებით (3 წლის ვადით) ესარგებლა საბოსტნედ. ამავე წერილით ლ. ბ-ეს ეცნობა, საჭიროების შემთხვევაში, პირველი მოთხოვნისთანავე მის მიერ მიწის ნაკვეთის გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ცნობის საფუძველზე, ლ. ბ-ეს გამოეყო მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა განეხორციელებინა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ლ. ბ-ეს გადაეცა მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის, კონკრეტულად განსაზღვრული ვადით - 3 წლით და ამასთან, იგი გაფრთხილებული იქნა, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე ნაკვეთი უნდა გაეთავისუფლებინა. ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ფოთის ტექნიკური აღრიცხვის ბიურო დამწვარია და ყველანაირი დოკუმენტი განადგურებულია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვერ გახდება ფოთში მდებარე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების უპირობოდ რეგისტრაციის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება ლ. ბ-ეისთვის მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით გადაცემის ფაქტი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე, არ არსებობდა სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ მათი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ლ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ლ. ა-ეის მიერ 2024 წლის 27 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ლ. ა-ეის (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 27 თებერვალს N3692 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი