Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-104 (კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ს. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. ა-იმა 2022 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა კომისიის 2022 წლის 18 ივლისის N1554 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, მის მიერ მოთხოვნილ 839.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 29 ივლისს N19/01201971441-55 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ..., საერთო ფართობი 788 კვ.მ) ს. ა-ის საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დამატებით წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დააზუსტა მოთხოვნა; კერძოდ, მოთხოვნილ იქნა 839 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ...) ს. ა-ის საკუთრების უფლების აღიარება.

სარჩელში მითითებულია, რომ ს. ა-ი 60 წელზე მეტია სარგებლობს ზემოხსენებული უძრავი ქონებით, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ის აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილულ იქნა განცხადება და კომისიის 2022 წლის 18 ივლისის N1554 განკარგულებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა ს. ა-ის მიერ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის N1554 განკარგულება; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს. ა-ი აღიარებული იქნებოდა მესაკუთრედ მის მიერ მოთხოვნილ 839.00 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ, ს/კ: ...).

საქალაქო სასამართლომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსზე მითითებით განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ზემოაღნიშნულის კანონის ამოქმედებამდე (კანონის ამოქმედების დრო - 2007 წელი) განთავსებული იქნებოდა საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). სასამართლომ საქმეზე დართული 2005 წლის ორთოფოტოზე დაყრდნობით (ს.ფ. 117-118) დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე გარკვევით ჩანდა მცირე ზომის შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, არ გაიზიარა სადავო განკარგულების მიღებისა და მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში დაცულ ქ. თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, ...ში მცხოვრებ ს. ბ-ეისა და გ. მ-ას 2020 წლის 26 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებზე, რომელთაც დაადასტურეს, რომ მათ მომიჯნავე მიწის ნაკვეთს ფლობდა ს. ა-ი და იყენებდა მას 1955 წლიდან. ამასთან, 2022 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ნ-ემ განმარტა, რომ დაახლოებით 76 წლიდან ცხოვრობდა ...ის ქუჩის N...-ში და მისი თქმით მოსარჩელეც იქ ცხოვრობდა და მასაც ჰქონდა აშენებული შენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 2007 წლამდე ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობის შესახებ, რადგან, 2005 წლის ორთოფოტოებზე ნათლად ჩანდა შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ 2020 წლის ორთოფოტოზე არსებული შენობის კონფიგურაცია და ზომები არ ემთხვეოდა ადრინდელს, არ გამორიცხავდა იმ პერიოდში შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ კანონის მიზნისათვის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყოფილიყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა კანონის ამოქმედებამდე და ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ასეთი დათქმა კანონში არ იყო მოცემული, ხოლო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, არ დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ შენობისა და დროებითი შენობას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ შენობა არის მიწასთან მყარად დაკავშირებული გადახურული და შემოსაზღვრული სივრცე, ხოლო დროებითი ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. შესაბამისად, მცირე ზომის შენობის არსებობა არ ნიშნავდა, რომ ის იყო დროებითი ნაგებობა.

სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2005, 2010, 2014 და 2020 ორთოფოტოებზე, საიდანაც პალატის შეფასებით ირკვეოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად იყო განთავსებული შენობა. მართალია, 2020 წლის ორთოფოტოზე აღნიშნული შენობის ზომა იყო გაზრდილი, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მანამდე ამ ადგილას განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული; კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ამასთან, კანონი თავადვე განმარტავს, რა სახის შენობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება ასევე ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, მიუხედავად იმისა, მასზე განთავსებული არის თუ არა შენობა.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ს. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი; კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „პ...ის“ მიერ 2008 წლის 17 აპრილს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილია არა შენობა-ნაგებობა, არამედ - ბაღი. შენობა არ ფიქსირდება ასევე შპს „პ...ის“ მიერ მომზადებულ 2006 წლის აეროფოტოგადაღებაზეც. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 10 ივნისის საექსპერტო დასკვნა (N20/01/19-1947) კი, მხოლოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების ასაკს ეხება და არა შენობის ხანდაზმულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია დადგენილად ვერ მიიჩნევდა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებული იყო კანონის ამოქმედებამდე. კომისიის მიერ, ასევე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებები კი, ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ს. ა-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურებას, კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით შეუძლებელია ფლობის ფაქტის დადასტურება და მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ, მართალია, სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით მოწმის ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებად არის მიჩნეული და სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტსაც კი წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება უნდა იქნას შეფასებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმ შემთხვევაში თუ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

სასამართლოების მიერ ორთოფოტოზე მითითებასთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2005, 2010, 2014, და 2020 წლების ორთოფოტოები, რომლითაც დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, კომისიაში განცხადების წარდგენის დროისათვის, არ იყო განთავსებული კანონის ამოქმედებამდე. მეტიც, აღნიშნული შენობა არ ფიქსირდება 2014 წლის ორთოფოტოზეც კი. იქიდან გამომდინარე, რომ კანონის მიზნისათვის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყოს კაპიტალური შენობა-ნაგებობა კანონის ამოქმედებამდე და დროებითი შენობა-ნაგებობა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, აუცილებელია წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდეს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ტიპი და სახეობა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 2005, 2010, 2014 და 2020 წლის ორთოფოტოების ურთიერთშედარებით ცალსახად დგინდება, რომ 2005-2014 წლებში ს. ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა მკვეთრად განსხვავდება 2020 წლის ორთოფოტოზე არსებული შენობისგან კონფიგურაციით, გაბარიტებით, მდებარეობით, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ძველი შენობა-ნაგებობის კაპიტალურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ან/და სხვა რაიმე მტკიცებულება, კომისია ვერ მიიჩნევდა, რომ ს. ა-ის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.

ასევე, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2- ში, რაც ასევე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა.

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კანონმდებლობა გამორიცხავს კონკრეტულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. სწორედ სარეკრეაციო ზონის არსებობაზე მიუთითა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში და გამორიცხა ს. ა-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო თუ არა იმ სახის სარეკრეაციო ზონაში, სადაც დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განკერძოება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ს. ა-ი განცხადებით ითხოვდა ქ.თბილისში, ...ის მიმდებარედ, მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 839.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის N1554 განკარგულებით მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით. კერძოდ, სადავო აქტში მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ საქმეში წარდგენილ შპს „პ...ის“ მიერ 2008 წლის 17 აპრილს შესრულებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დატანილია არა შენობა-ნაგებობა, არამედ - ბაღი. შენობა არ ფიქსირდება ასევე შპს „პ...ის“ მიერ მომზადებული 2006 წლის აეროფოტოგადაღებაზეც. განმცხადებლის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 10 ივნისის საექსპერტო დასკვნა (N20/01/19-1947) კი, მხოლოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების ასაკს ეხება და არა შენობის ხანდაზმულობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე დართულ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 ოქტომბრის წერილზე (ს.ფ. 91), რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ...ის მიმდებარედ 839 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს), თუმცა ზემოხსენებული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი მტკიცებულებების მოძიებით უნდა გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის საკითხი და შეაფასოს, დაიშვება თუ არა მასზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარება.

დამატებითი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ მოძიებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, გარდა ამისა, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებში არც თავად ადმინისტრაციული ორგანოა შეზღუდული, სამართალწარმოების ეტაპზე „გააფართოოს“ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები აღიარების ხელშემშლელი ისეთი გარემოების მითითებით, როგორიცაა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონისათვის მიკუთვნება, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ს. ა-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის საკითხი. აღსანიშნავია, რომ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის პროცესში, სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მითითებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სადავო საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ს. ა-ის საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის, მიუხედავად იმისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასახა თუ არა კანონით შეზღუდული რომელიმე გარემოება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, სასამართლოს უწევს განსაზღვროს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარების დასაშვებობა და ამ კუთხით, გამორიცხოს საკუთრების უფლების აღიარების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენით სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის გავრცელების საკითხი დადგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც, კერძოდ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 ოქტომბრის წერილი დართული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა-2-ში იყო მოქცეული. თუმცა მითითებული წერილი არ გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი და კასატორმა საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობის შესახებ მიუთითა საკასაციო საჩივარში. ამრიგად, საქმის ხელახალი განხილვის პროცესში, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ხომ არ შეცვლილა ვითარება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, კვლავ ვრცელდება თუ არა მასზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი და შეაფასოს, ზოგადად, რამდენად დასაშვებია სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა