Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-237(კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ნ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ნ...-მა“ 2016 წლის 29 მარტს საჩივრით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მიმართ და მოითხოვა აღნიშნული სამმართველოს ინსპექტორის მიერ 2016 წლის 21 მარტს შედგენილი N ... სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით შპს „ნ...-ის“ საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად. შპს „ნ...-მა“ სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოპასუხედ დაასახელა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და მოითხოვა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით შპს „ნ...“-ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 21 მარტის N... საჯარიმო ქვითრისა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N... შესაბამისობის შეფასების აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩლის მოსაზრებით, შპს „ნ...-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხვრის ხორცის არსებობის საფუძვლით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას სურსათის მავნებლობის შესახებ. ამასთან, გაურკვეველია რის საფუძველზე მიიჩნია მოპასუხემ, რომ გეგმური ინსპექტირებისას გამოვლენილი სურსათი ეკუთვნის შპს „ნ...-ს“, მით უფრო მაშინ, როდესაც ის არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, გარდა უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემისა. მოსარჩელის განმარტებით, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო სექციაში ყველა მოვაჭრე თვითონ არის ბიზნესოპერატორი. შპს „ნ...-თან“ მათ დადებული აქვთ სავაჭრო ფართზე საიჯარო ხელშეკრულებები. შესაბამისობის შეფასების აქტის შემდგენმა არ გაითვალისწინა, რომ შპს „ნ...-სა“ და სხვა მოვაჭრეთა (ბიზნესოპერატორთა) შორის გამიჯნულია ვალდებულებები და აქტში მითითებული მოთხოვნები არ უნდა იყოს მიმართული შპს „ნ...-ის“ მიმართ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „ნ...-ის“ სარჩელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) N... ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „ნ...-ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს „ნ...-ის“ სარჩელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ნ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 21 მარტის N... საჯარიმო ქვითარი შპს „ნ...-ის“ 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N08-163 შესაბამისობის შეფასების აქტი, კერძოდ, 11.1. პუნქტი, 11.2. პუნქტი, 11.3. პუნქტის პირველი ნაწილი, 12.5. პუნქტი, 12.9. პუნქტი და 17.3. პუნქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე მავნე სურსათის განთავსების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებისათვის დაჯარიმების საფუძველი.

2016 წლის 24 მაისის N08-163 შესაბამისობის შეფასების აქტის კანონიერების შეფასებისას სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ნ...“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417-ე დადგენილებით დამტკიცებული „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათის და ცხოველის რეალიზაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, არის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი სახეა სურსათის შენახვა (საერთო მაცივრები) და ვეტერინარულ კონტროლი (აქვს ვეტერინარული ლაბორატორია), რაც წარმოადგენს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებს და ამდენად, მასზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ დადგენილი რეგულაციები, მათ შორის, სურსათის ჰიგიენის დაცვა. 2016 წლის 24 მაისს ჩატარდა შპს „ნ...-ის“ გეგმური ინსპექტირება სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვის კუთხით, რა დროსაც გამოვლენილი რიგი დარღვევები არ იყო შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა შეფასების აქტის სრულად ბათილად ცნობის საფუძველი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, ასევე მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს შპს „ნ...-ის“ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმული სამართლებრივი შეფასებები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას საჯარიმო ქვითრის შემდგენმა მხარემ ვერ დაადასტურა, რომ 2016 წლის 29 იანვარს შპს „ნ...-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ნამდვილად იყიდებოდა ცხვრის ხორცი ვეტერინარული შემოწმების გარეშე და რომ საქმეზე წარმოდგენილ ფოტომასალაზე აღბეჭდილი იყო ნამდვილად ცხვრის ხორცი. თავად მ. ა-ემ, რომელსაც ოქმის შემდგენის განმარტებით, გასაყიდად ჰქონდა ხორცი გამოტანილი, მოწმედ დაკითხვისას უარყო ცხვრის ხორცის ქონის ფაქტი. მან განაცხადა, რომ ჰქონდა ხბოს ხორცი. გარდა ამისა, ფოტომასალაზე ისე იყო გამოსახული ხორცი, რომ ვერ დგინდებოდა იყო თუ არა მასზე ვეტერინარის მიერ დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება. ოქმის შემდგენის მიერ ხორცი ამოღებული არ არის. შსს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ წარმოებული მასალების ურთიერთშეჯერებით ვერ დგინდება მ. ა-ეის მიერ 2016 წლის 29 იანვარს ცხვრის ხორცის სარეალიზაციოდ გამოტანის ფაქტი. ბაზრის ტერიტორიაზე დაკლული პირუტყვის შემოტანის აღრიცხვის ჟურნალში მითითებულია, რომ მ. ა-ემ 2016 წლის 29 იანვარს შეიტანა 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი (ტ. 1. ს.ფ. 65, 69-70, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან შემოსული ადმინისტრაციული საქმის მასალები, ასევე, 2018 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი 13:09:35-13:23:54). ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოვაჭრეთაგან წინააღმდეგობის გაწევის გამო ხორცის ამოღების შეუძლებლობის თაობაზე, მართებულად იმსჯელა ქვედა ინსტანციამ, რადგან წინააღმდეგობის გაწევის გამო არავინ დაჯარიმებულა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 70-ე მუხლით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააგენტომ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მავნე სურსათის (ვეტერინარულად შეუმოწმებელი ცხვრის ხორცის) ბაზარზე განთავსების ფაქტი, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტომასალა ადასტურებს, რომ ცხვრის ხორცზე არ იყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილებით დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის ნიშანდება. შპს „ნ...“ კი, როგორც აგრარული ბაზარი, პასუხისმგებელია აგრარული ბაზრის/ბაზრობის სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის ბაზარზე განთავსებაზე და ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე სარეალიზაციოდ სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, არ დაუშვას სარეალიზაციოდ ხორცი შესაბამისი ჯანმრთელობის ნიშანდების და ვეტერინარული მოწმობის გარეშე. აქედან გამომდინარე, შპს „ნ...“-ის მიერ დარღვეულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით ამ კოდექსის მე-18 პრიმა მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) N... ოქმის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ხოლო ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის წესი და პირობები რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის XV თავში, რომლის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად, გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდარღვევის, ასევე დამრღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ნ...“ არის ბიზნესოპერატორი - აგრარული ბაზრის მომწყობი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (საჯარიმო ქვითარი N...) დაჯარიმდა 1000 ლარით სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბაზარში მავნე სურსათის განთავსების გამო, თუმცა საქმის სასამართლოში განხილვისას საჯარიმო ქვითრის შემდგენმა მხარემ ვერ დაადასტურა, შპს „ნ...-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხვრის ხორცის არსებობა. მ. ა-ემ, რომელსაც ოქმის შემდგენის განმარტებით, გასაყიდად ჰქონდა ხორცი გამოტანილი, მოწმედ დაკითხვისას უარყო აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ ჰქონდა ხბოს ხორცი, რაც ასევე დადასტურებულია ბაზრის ტერიტორიაზე დაკლული პირუტყვის შემოტანის აღრიცხვის ჟურნალში მითითებული მონაცემებით, შესაბამისად, კასატორის აპელირება მხოლოდ ფოტომასალაზე მითითებით მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ვერ იქნება გაზირებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ფოტომასალაზე ისეა გამოსახული ხორცი, რომ ვერ დგინდება არის თუ არა მასზე ვეტერინარის მიერ დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს შპს „ნ...-ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დადასტურებას და მისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების კანონიერებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ205142200) დაუბრუნდეს 12.01.2024წ. N00407 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა