Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-458(2კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 07 ივლისს გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 აპრილის №622 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 აპრილის №622 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტთან მიმართებაში განმარტავს, რომ კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული წარმოების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის/სუბიექტის ვინაობის უტყუარად დადგენა, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შენობა- ნაგებობის/მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყურადღება გაამახვილა სადავო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესის მქონე პირზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ი, გ...ს ქ. N 5-ში, No... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს გ. მ-ე. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება და ამ მიზნით, გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მსუბუქი კონსტრუქციის (ფანჩატური) და ბეტონის ბაქნის, ასევე ხის ბოძების (ლითონის მილებით) მოწყობაში გამოიხატა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, შესაძლოა მიზნად ისახავდეს ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას და იქმნება საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ სწორედ სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებით იკვეთება, რომ სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც მსუბუქო კონსტრუქციის (ფანჩატური) და ბეტონის ბაქნის, ასევე ხის ბოძების ღობის (ლითონის მილებით) მოწყობასთან მიმართებით საჩივრის ავტორს გააჩნია ინტერესი და იგი წარმოადგენს სადავოდ გამხდარი ობიექტების მშენებლობის მწარმოებელ პირს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია და ამ გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. კასატორის განმარტებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში არაა მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესის მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს ჰქონდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის სამართლებრივი შეფასება მას უნდა მოეხდინა, ამიტომ ამ პირობებში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება წარმოადგენს საპროცესო ნორმის არასწორ გამოყენებას, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ანუ სასამართლოს უნდა არსებითად გადაეწყვიტა აქტის ბათილობის საკითხი და არ უნდა დაებრუნებინა დამატებითი გამოკვლევისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს, უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით, მოსარჩელისათვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 3 დეკემბერს, ინსპექტირების შედეგად გამოავლინა ...ში, ...ის ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, გ. მ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი ლითონის კონსტრუქციის (ფანჩატურის) განთავსების და ლითონის მილებით ხის ბოძების ღობის მოწყობის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებულ იქნა სიტუაციური მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი და შედგა №4-6/ო-1274-20 დათვალიერების ოქმი. 01.12.2020წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №5-ში მდებარე 2180 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. მ-ეის სახელზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 4 დეკემბერს გ. მ-ეის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №5-ში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, გ. მ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის (ფანჩატური) და ბეტონის ბაქანი. ასევე, მოწყობილია ხის ბოძების ღობე ლითონის მილებით, ამავე მითითებით სამშენებლო სამუშაოების ეტაპი დაფიქსირდა, როგორც მიმდინარე და დამრღვევს განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ განხორციელებული ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... მითითება ობიექტის ფასადზე განთავსდა 2020 წლის 7 დეკემბერს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 18 დეკემბერს გ. მ-ეის მიმართ შედგა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 დეკემბრის №... შემოწმების აქტი განთავსდა თვალსაჩინო ადგილას, ობიექტის ფასადზე, 2020 წლის 22 დეკემბერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, გ. მ-ეის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 25 იანვარს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც არ გამოცხადდა მხარე (გ. მ-ე).

აღნიშნული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 1 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა გ. მ-ეის წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის გ. მ-ეის მიერ. შესაბამისად, მხარემ ითხოვა მისი მარწმუნებლის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა. მისივე განმარტებით, სამუშაოები განხორციელდა ი. კ-ეის მიერ, საქმეში მხარედ უნდა ჩართულიყო ი. კ-ე და წარმოება უნდა დაწყებულიყო მის მიმართ. წარმომადგენლის განმარტებით, ბეტონის ბაქანი მოწყობილია სახლთან ერთად და სახლის კანონიერების შესახებ არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რასაც დამატებით წარადგენდა. 2021 წლის 8 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ გ. მ-ეის წარმომადგენელი და ი. კ-ე, რომელმაც დაადასტურა სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი. კერძოდ, მის მიერ მოწყობილ იქნა მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატური და ნაწილობრივ ხის ბოძების ღობე ლითონის მილებით. გ. მ-ეის წარმომადგენელი არ დაეთანხმა დარღვევის სახით ბეტონის ბაქნის დაფიქსირებას და აღნიშნა, რომ ბეტონის ბაქანი მოწყობილია ადრე, სახლთან ერთად. მანვე იშუამდგომლა გ. მ-ეის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისა და ი. კ-ეის მიმართ საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა 2021 წლის 18 თებერვალს, ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად გამოავლინა, რომ გ. მ-ეის მიერ არ შესრულდა 2020 წლის 4 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული დაფიქსირდა ფოტომასალაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილება, რომლითაც გ. მ-ე დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №5-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის (ფანჩატური) და ბეტონის ბაქნის განთავსებისათვის, ასევე, ხის ბოძების ღობის (ლითონის მილებით) მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №5-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, მსუბუქი კონსტრუქციის (ფანჩატური) და ბეტონის ბაქნის, ასევე, ხის ბოძების ღობის (ლითონის მილებით) დემონტაჟი.

გ. მ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილება გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2021 წლის 23 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 14 აპრილს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. გ. მ-ემ 2021 წლის 14 აპრილის განცხადებით საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2019 წლის 25 ნოემბრის თხოვების ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულებით გ. მ-ემ ი. კ-ეს თხოვების ფორმით, უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობის უფლებით გადასცა ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №5, საკადასტრო კოდი: №....

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 აპრილის №622 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. მ-ეის 2021 წლის 23 მარტის №19/01210823178-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილება. 2023 წლის 10 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა ი. კ-ე, რომელმაც განმარტა, რომ არის გ. მ-ეის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებულ იქნა საცხოვრებელი ფართიდან, 2018 წლის მაისიდან ცხოვრობს გ. მ-ეის საკუთრებაში არსებულ სახლში, შვილთან ერთად. ფანჩატურის მოწყობა განაპირობა დაზიანებულმა კედელმა და მოწყობილ იქნა ი. კ-ეის დავალებით, მისივე ძმის მიერ. ამასთან, მისთვის უცნობი იყო მშენებლობის ნებართვის საჭიროება.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამასთან, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდეგში – კოდექსი) მოთხოვნებს და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად.

საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს, რომლის თანახმად მშენებლობის სახეობებს წარმოადგენს: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) და რეკონსტრუქცია, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, შენობა- ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა, ასევე, დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე წესის მე- 2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მონტაჟი არის სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის აწყობა, განთავსება.

ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების №1 დანართზე, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ მახასიათებლებს და ადგენს, რომ I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, სხვა კლასის შენობა- ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამის მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას ადმინისტრაციული ორგანო იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ხოლო იმავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კასატორების მიერ არაა შეფასებული კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალური გარემოებები. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელდა ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა არა როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირს, არამედ - როგორც მესაკუთრეს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული წარმოებისას გამორიცხავდა მისი მხრიდან მშენებლობის განხორციელების ფაქტს და მიუთითებდა კონკრეტულ პირზე, ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გარემოების დადგენის მცდელობაც არ ჰქონია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ითვალისწინებს; კერძოდ, კანონმდებელი სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც მშენებლობის მწარმოებელ პირს, ასევე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მოსარგებლეს, იმ პირობებში თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებული პრაქტიკის საფუძველზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი. ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს (სუსგ Nბს-579(2კ-21), 17.01.2023წ.).

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მას ობიექტი თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ი. კ-ეისათვის და სადავო სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია მის მიერ. საყურადღებოა ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა ი. კ-ე, რომელმაც დაადასტურა გასაჩივრებულ დადგენილებაში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხული პირი ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების ფარგლებშიც ადასტურებდა მის მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, აღნიშნული გულისხმობდა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სადავო მშენებლობის მწარმოებელი პირი, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო სხვა პირის, კერძოდ, უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 თებერვლის №... დადგენილების მიღება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა ჯეროვნად განხორციელებული.

ამდენად, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა, მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში (სუსგ საქმეზე №ბს-320(2კ-21)).

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე