Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-491(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ვ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ვ...მ“ 2021 წლის 25 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 ოქტომბრის N... დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 ნოემბრის N1633 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ...ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „ვ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...მ“; კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ამ კოდექსის 131-ე, 1412, 1413 მუხლებში და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებით დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობა. კასატორმა აღნიშნა, რომ არ არის შესწავლილი სრულყოფილად არსებული მდგომარეობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება ადმინისტრაციული აქტებია, შესაბამისად დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრის ამონაწერით (01.07.2020 წლის მდგომარეობით) ქ. თბილისში, ...ს ქუჩის N...-ში ...ის N...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს ,,ვ...’’, სამეურნეო ფართი - 684.48 კვ.მ. დამხმარე ფართი 27.94 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... საჯარო რეესტრის ამონაწერით, (17.10.2020 წლის მდგომარეობით) ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N.../...ი N...-ში, საკადასტრო კოდი: ..., მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად ასევე წარმოადგენს შპს ,,ვ...’’, ნაკვეთის საკუთრების ტიპი; თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება; დაზუსტებული ფართობი: 9059.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 26, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-დან N30- ის ჩათვლით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (02.02.2021 წლის მდგომარეობით) მიხედვით, შპს ,,ვ...’’, ს/კ ..., რეგისტრირებულია დიდუბის სასამართლოს მიერ. იურიდიული მისამართი: თბილისი, დიდუბის რაიონი, ...ს ქ. N.... დირექტორი ქ. ს-ი. 100% წილის მესაკუთრეა რ. მ-ი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 მაისის N4-6/ო-404-21 დათვალიერების ოქმით მოხდა ქ. თბილისში, ...ს ქ. N.../...ი N...-ში არსებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის კანონიერების შესწავლა. შპს ,,ვ...ის’’ დირექტორის ქ. ს-ის ახსნა-განმარტებით, სავაჭრო ჯიხური, რომელიც არის კიბესთან განთავსებული, წარმოადგენს წლების წინ დაახლოებით 30 წლის წინ არსებულ ნაგებობას (ჯიხური). მანვე განმარტა, რომ შპს „ვ...“ და მის საკუთრებაში არსებული ქონება ხელს არ უშლის კიბის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სავაჭრო ჯიხური არის შპს ,,ვ...ის’’ მფლობელობაში, მის კანონიერებაზე პასუხისმგებელი არის შპს ,,ვ...’’.

2021 წლის 01 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... მითითებით, შპს ,,ვ...ს’’ ეცნობა, რომ თბილისში, ...ს ქ. N.../...ის N...-ში, საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისათვის განესაზღვრა 7 დღის ვადა.

2021 წლის 9 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №... შპს ,,ვ...ის“ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული 2021 წლის პირველი ივნისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... მითითების პირობები, კერძოდ: არ იქნა წარდგენილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ მოხდა ობიექტის დემონტაჟი.

2021 წლის 6 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... ოქმის მიხედვით, სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ვ...’’-ს წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ მსუბუქი კონსტრუქცია განთავსებულია შპს ,,ვ...ის“ ტერიტორიაზე და შესაბამისად, მოსარგებლესაც წარმოადგენს კომპანია. მაშინ როცა შპს „ვ...ს“ გადაეცა აღნიშნული ტერიტორია, მსუბუქი კონსტრუქცია იყო განთავსებული.

2021 წლის 8 ოქტომბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... დადგენილებით შპს ,,ვ...’’ დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, ...ს ქ. N.... ქ. თბილისი, ...ი, N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის. დაევალა შპს ,,ვ...ს ქ. თბილისში, ...ს ქ. N.../ქ. თბილისი, ...ი N..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის შენობა- ნაგებობის დემონტაჟი.

2021 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,ვ...ს’’ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 8 ოქტომბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2021 წლის 15 ნოემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის N1633 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ვ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა 2021 წლის 8 ოქტომბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N... დადგენილება.

2022 წლის 24 ნოემბერს სასამართლოს მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N.../თბილისი, ...ის N...-ში საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ მოსარჩელე შპს „ვ...ის“ სარგებლობაში არსებული მსუბუქი კონსტრუქცია მდებარეობს მითითებულ საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა „ა“-სთან არსებულ კიბის უჯრედთან, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმაზე არ არის დატანილი, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული კონსტრუქცია მდებარეობს „ბ“ და „ვ“ შენობების შუაში „ვ“ შენობასთან, რომელიც დატანილია გეგმაზე და არ წარმოადგენს იმ კონსტრუქციას, რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც მიღებულია მოპასუხე მხარის მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა შპს „ვ...ისათვის“ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის 8000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 ოქტომბრის N... დადგენილების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ,,წ“, ,,ჯ“ და ,,ჰ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, მშენებლობა არის იმ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს; ხოლო მშენებლობის შეტყობინება არის I-II კლასების შენობა- ნაგებობების მშენებლობის განხორციელების მიზნით მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინების (მარტივი შეტყობინება, დეტალური შეტყობინება) ვალდებულება; ხოლო უნებართვო მშენებლობა კი არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შენობა- ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა- ნაგებობის მახასიათებლებს. ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი არის პირი, რომელსაც დაგეგმილი აქვს I−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა და სურს განახორციელოს მშენებლობის შეტყობინება ან მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელიც ფლობს I−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების უფლებას. მშენებლობის ნებართვის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში ამის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის მომზადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. ეს პირი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადება. ხოლო 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობა არის შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის N1 დანართზე, რომლის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელ მახასიათებლებს განეკუთვნება 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად ითვალისწინებს II და უფრო მაღალი კლასის მშენებლობისათვის შესაბამისი ნებართვის გაცემას, ხოლო პირველი კლასის მშენებლობისათვის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინებას -განზრახული მშენებლობის შესახებ. შესაბამისი ნებართვის ან შეტყობინების გარეშე მშენებლობის წარმოება ითვლება უნებართვო მშენებლობად. შესაბამისად, პირი რომელიც აპირებს I კლასის მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N.../თბილისი, ...ი N...-ში, საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობა განეკუთვნება I კლასს მიკუთვნებულ სამშენებლო სამუშაოებს, რომლის განთავსებისთვისაც საჭიროა არქიტექტურის სამსახურის წერილობითი დასტური, მოცემულ შემთხვევაში კი, მსგავსი დოკუმენტის არარსებობის პირობებში ცალსახაა, რომ სახეზეა უნებართვო მშენებლობა. ამასთან, ვერ იქნა დადასტურებული შპს ,,ვ...ის’’ წარმომადგენლის მითითება, დემონტაჟს დაქვემდებარებული მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებობის თაობაზე. ვინაიდან 2022 წლის 24 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N.../თბილისი, ...ი N...-ში, საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელე შპს „ვ...ს“ სარგებლობაში არსებული მსუბუქი კონსტრუქცია, მდებარეობს მითითებულ საკადასტრო კოდზე შენობა „ა“-სთან არსებულ კიბის უჯრედთან, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმაზე არ არის ასახული, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული კონსტრუქცია მდებარეობს „ბ“ და „ვ“ შენობების შუაში „ვ“ შენობასთან, რომელიც ასახულია გეგმაზე და არ წარმოადგენს იმ კონსტრუქციას, რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც მიღებულია მოპასუხე მხარის მიერ. ამდენად, მართებულად დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. N.../...ი N...-ში, საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა დადასტურებულია.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს სამართალდამრღვევი და ვის შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია გაურკვეველია (ვერ დგინდება) თუ ვის მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა დასტურდება და საკასაციო საჩივრის ავტორსაც წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გაუხდია სადავოდ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტს ფლობს და სარგებლობს შპს ,,ვ...’’, შესაბამისად, ამ ობიექტების დემონტაჟის განხორციელების ვალდებულება მას, როგორც ამ ტერიტორიის მოსარგებლეს ეკისრებოდა. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ შპს ,,ვ...სთვის“, როგორც მოსარგებლისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შპს ,,ვ...მ’’ არ აღმოფხვრა აღნიშნული სამართალდარღვევა.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გადასაწყვეტად სასამართლოებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​2 მუხლით უნდა ეხელმძღვანელათ, ვინაიდან მოცემული მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, იგი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრისთვის ჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იგი თავისუფლდება ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის/საურავის თანხის გადახდის ვალდებულებისგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორის მიმართ დადგენილება გამოიცა 2021 წლის 8 ოქტომბერს, რაც გამორიცხავს სამართალდამრღვევის მითითებული მუხლით განსაზღვრული - დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. შპს „ვ...ს“ (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.06.2024წ. №22515719463 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე