Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-606(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჯ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სერვის ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ს-ამ 2023 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სერვის ცენტრის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სერვის ცენტრის 2023 წლის 22 ივნისის №SSA 1 23 00652866 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის №SSA 8 23 00772978 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის კერძოდ, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით დანიშვნასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ჯ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ჯ. ს-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მოსაზრებით, მას პენსია (45 ლარი) სამხედრო ძალების ინვალიდობის საფუძვლით, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირს, ჰქონდა დანიშნული იმ პერიოდისათვის მოქმედი ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული კანონი განსაზღვრავდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და ასევე მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებიც ცხადია იგივე უფლებებით სარგებლობდნენ როგორითაც ვეტერანები. აშკარაა, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული და გათანაბრებული იყო ჯ. ს-ას სამხედრო ტრავმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსთან, სწორედ ამიტომაც გაცემულ იქნა მასზე სამხედრო პენსია 45 ლარი და ასევე შესაბამისი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №644 422 001.

კასატორმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 2 აგვისტოს №2872 წერილში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჯ. ს-ას დანიშნული ჰქონდა პენსია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის თანახმად, რაც შეადგენდა 45 ლარს. შესაბამისად, ფაქტია, რომ როგორც სამხედრო ძალების ...ის, ჯ. ს-ას პენსია იყო 45 ლარი, ამასვე ადასტურებს, 1998 წლის 04 იანვრის საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის №07/09-01 დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ომის ინვალიდობის კატეგორიები, რომელსაც მოსარჩელე მიეკუთვნებოდა. ამასთანავე, 2021 წლის 26 მარტის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების №04-09-09-138 ცნობა და 2021 წლის 16 სექტემბრის №04-09-09/496 წერილი ადასტურებს, რომ ჯ. ს-ას დანიშნული ჰქონდა ომის ინვალიდობის პენსია. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის (100 ლარის) დანიშვნის თაობაზე, რასაც კასატორი არ ეთანხმება, რადგან მას უკვე დანიშნული ჰქონდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პენსია. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა დანიშვნოდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია და აღდგენოდა ის უფლება, რაც უკვე ისედაც მოპოვებული ჰქონდა. ამდენად, იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით ჯ. ს-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. ს-ასთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ჯ. ს-ა 1996 წლის 28 აპრილიდან 1997 წლის 03 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, როგორც N2056 სამხედრო ნაწილის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე - .... იგი სამხედრო ნაწილის მეთაურის 1997 წლის 03 დეკემბრის N278 ბრძანებით, ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში ავადმყოფობის გამო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მან იმსახურა 1 წელი, 7 თვე და 5 დღე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდში, ჯ. ს-ამ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება - ..., ..., ..., რამაც გამოიწვია მისი შრომისუუნარობა და შესაძლებლობის შეზღუდვა.

ჯ. ს-ას, 1997 წლის 25 ნოემბრიდან დაენიშნა ინვალიდობის (სამხედრო ტრავმა) პენსია. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 1998 წლის 4 იანვრის 07/09-01 წერილის საფუძველზე პენსიის ოდენობა გახდა 45 ლარი. 2006 წლის იანვრიდან კი 84 ლარი. 2006 წლის 1 სექტემბრიდან შეუწყდა პენსიის გაცემა საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის დაწყების გამო. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ბ. კ. ქვეპუნქტის საფუძველზე ჯ. ს-ას (სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ) 2013 წლის ივნისიდან დაენიშნა სოციალური პაკეტი. 2022 წლის 1 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

ჯ. ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას და მოითხოვა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა 100 ლარის ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სერვის ცენტრის 2023 წლის 22 ივნისის SSA 1 23 00652866 გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სერვის ცენტრის 2023 წლის 22 ივნისის SSA 1 23 00652866 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ჯ. ს-ას მიერ ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვეტერანის მოწმობა N 644 422 001 ვეტერანთა დეპარტამენტის ელექტრონული ბაზის მონაცემებით არ არის აქტიური, აღნიშნული ბაზის ინფორმაციით ამჟამად მოქმედია მოწმობა N 644 400 018; თუმცა ასეთი სახის (თავდაცვის ძალების ვეტერანი) მოწმობის წარდგენის შემთხვევაშიც ჯ. ს-ა ვერ მოიპოვებდა ომის ვეტერანებისათვის განსაზღვრული 100 ლარის დანიშვნაზე უფლებას, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N 279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების" მე-5 მუხლის ზ. თ ქვეპუნქტის საფუძველზე სოციალური პაკეტი ენიშნებათ თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკს (65 წელი) მიღწევისას. მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული წესის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი.

საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპები. აღნიშნული წესი ადგენს განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შედეგად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მის მიმღებ პირთა წრეს, აგრეთვე, განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილების (როგორც ჯ. ს-ას მერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის დროს, ისე დღეს მოქმედი რედაქციის) მე-4 მუხლის (საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე) მიხედვით: საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ, ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შემდეგი ოდენობით: ა) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს – ყოველთვიურად 100 ლარი; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 100 ლარი; დ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი; ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი; ვ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო- უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად100 ლარი; ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – ყოველთვიურად 100 ლარი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებზე. აღნიშნული წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე დადგენილების მიხედვით, სოციალური პაკეტი არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის (სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო) პირველი პუნქტის მიხედვით სოციალური პაკეტი ენიშნებათ: ზ.თ) თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 100 ლარის ოდენობით; მაშასადამე, როგორც სარჩელით სადავო აქტების შინაარსით დგინდება, სოციალური მომსახურების სააგენტომ, ჯ. ს-ა მიიჩნია რა თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირად, მიუთითა, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების მიხედვით, ამ კატეგორიის (თავდაცვის ძალების ვეტერანი) პირთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ან როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირისთვის (ჯ. ს-ა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე) სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველი იყო სუბიექტის საპენსიო ასაკი. 1974 წელს დაბადებული ჯ. ს-ა კი არ იყო საპენსიო ასაკს (65 წელი) („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლი თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან) მიღწეული პირი, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებდა ვერც ერთი ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ან სოციალური პაკეტის დასანიშნად.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ არ არსებობდა, მისთვის, როგორც ომის ინვალიდისთვის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ჯ. ს-ა თვლის, რომ იგი გათანაბრებულია ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირებთან, რადგან მას ომის ინვალიდის სტატუსი ჯერ კიდევ 1998 წლიდან მიენიჭა და ის ფაქტი, რომ მას, როგორც ომის ინვალიდს, ეძლეოდა სახელმწიფო გასაცემლები, დადასტურებულია თავდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთი წერილით და ასევე იმ გასაცემლების ოდენობით, რასაც ის წლების განმავლობაში იღებდა. ამდენად, ჯ. ს-ა თავს ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირად მიიჩნევს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ეძლეოდა ომის ინვალიდებისთვის კანონით განსაზღვრული პენსია და იგი ვერ მიუთითებს რაიმე სხვა ფაქტობრივ მონაცემზე (მაგ. საბრძოლო ან საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე), რაც მას ომის ვეტერანის და მიღებული სამხედრო ტრავმის გათვალისწინებით, ომის ინვალიდის სტატუსის მქონე პირად აქცევდა.

კასატორის არგუმენტის საპირწონედ პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ჯ. ს-ას სამხედრო ტრავმა არ უკავშირდება რაიმე სამხედრო თუ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და იგი მიღებულია მშვიდობიანობის დროს, სავალდებულო სამსახურში სამსახურის გავლისას, გარდა ზემოაღნიშნულისა უდავოა, რომ 2013 წლის ივნისიდან (საბიუჯეტო ორგანიზაციიდან დათხოვნის შემდეგ) ჯ. ს-ას დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, როგორც სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს და ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი ომის ვეტერანის სტატუსით რაიმე სახის გასაცემელს არ იღებდა. მასზე, მხოლოდ სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეზე გაიცა სახელმწიფო კომპენსაცია. დასახელებული სასამართლო დავისას კი დადგინდა, რომ იგი წარმოადგენდა თავდაცვის ძალების ვეტერანს და არა ომის ვეტერანს, როგორც თავად მიიჩნევს. ამასთან, საგულისხმოა, რომ არც ერთ ზემოთ მოყვანილ წერილში, რომლებზეც მხარე მიუთითებს საკასაციო საჩივარში, ჯ. ს-ა ომის ვეტერანად მოხსენიებული არ არის (იგი მოიხსენიება, როგორც სამხედრო ძალების ინვალიდი, სამხედრო ძალების ...ი). შესაბამისად, ჯ. ს-ა, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანს, დღეს მოქმედი კანონმდებელობით, მისივე არჩევანით „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის „ზ.თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი 100 ლარის ოდენობით შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ისევე როგორც მის მიერ მოთხოვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდია 100 ლარის ოდენობით, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით მას, როგორც თავდაცვის ძალების ვეტერანს შეიძლება მიეცეს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას. ჯ. ს-ა კი, როგორც არაერთხელ აღინიშნა, არ არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი ნორმატიული აქტის საფუძველზე, მისივე არჩევით, სოციალური პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივ დასაბუთებას კი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ჯ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე