Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-612(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. ტ-ა, მ. გ-ი, ნ. გ-ი, ნა. გ-ი, ე. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ტ-იმა, მ. გ-იმა, ნ. გ-იმა, ნ. გ-იმა და ე. გ-იმა 2022 წლის 118 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს სააგენტოს 2022 წლის 23 ივნისის №მოჰ 3 22 00000216, №მოჰ 6 22 00000219, №მოჰ 5 22 00000218, №მოჰ 2 22 00000215, №4 22 00000214 ბრძანებების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოსარჩელე - მ. ტ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისა და მოსარჩელეების - ნა. გ-ისთვის, მ. გ-ისთვის, ნ. გ-ისთვის და ე. გ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

სარჩელის მიხედვით, მ. ტ-ა და მისი შვილები მ., ნ., ნა. და ე. გ-იები არიან იძულებით გადაადგილებული პირები. მ. ტ-ის 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუჩერდა დევნილის სტატუსი, რომლის მინიჭების შესახებ განაცხადი ხელახლა წარადგინა 2022 წელს, თუმცა სააგენტოს 2024 წლის 24 ივლისის წერილით ეცნობა მისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ, გარდა ამისა მის შვილებს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, რაც მოსარჩელეთა მოსაზრებით უკანონო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად მოითხოვეს მათ მიმართ მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ტ-ას, მ. გ-ის, ნ. გ-ის, ნა. გ-ის და ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 23 ივნისის №მოჰ 3 22 00000216, №მოჰ 6 22 00000219, №მოჰ 5 22 00000218, №მოჰ 2 22 00000215, №4 22 00000214 ბრძანებები; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - მ. ტ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ასევე, მოსარჩელეების - ნა. გ-ისთვის, მ. გ-ისთვის, ნ. გ-ისთვის და ე. გ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობებით, მ. ტ-ას დაბადების მოწმობით, დიპლომით და შრომის წიგნაკით დადასტურებულად მიიჩნია მისი 1991 წლამდე, იძულებით გადაადგილებამდე - ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და აღნიშნა, რომ მ. ტ-ა ცხინვალთან დაკავშირებული იყო ყოველდღიური ყოფით, შრომითი და სასწავლო საქმიანობით, შესაბამისად, წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს, რაც მისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული აქტის ბათილობისა და მისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხება მ. ტ-ას სტატუსიდან გამომდინარე მისი შვილებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას, სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მ. ტ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უკანონოდ ეთქვა უარი და დადასტურდა მის მიმართ სტატუსის მინიჭების წინაპირობების არსებობა, მის შვილებს უნდა აღდგენოდათ დევნილის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ, მართალია, მ. ტ-ის შვილები შეეძინა ..., ..., ... წლებში ქ. გორში და დაბადების სააქტო ჩანაწერები რეგისტრირებულია გორის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ, თუმცა მ. ტ-ას შვილების ქალაქ გორში დაბადება თავისთავად არ გამორიცხავს მ. ტ-ას ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას 1991 წლამდე მ. ტ-ას ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მ. ტ-ას შვილებთან ერთად გორის რაიონში, კერძოდ, ...ში ცხოვრების ფაქტი 1991 წლამდე, ხოლო მისი ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაც აუცილებელი იყო სტატუსის მინიჭებისთვის, ვერ დადასტურდა ვერც მოწმეთა ჩვენებით და ვერც წერილობითი მტკიცებულებებით, შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება გამოიცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, მითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ვინაიდან მ. ტ-ას შვილებს: მ. გ-ის, ნ. გ-ის, ე. გ-ის და ნ. გ-ის მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი მშობლების სტატუსიდან გამომდინარე და ამასთან მშობელს კანონიერად ეთქვა უარი სტატუსის მინიჭებაზე, არსებობდა შვილებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილად კანონმდებელი მოიაზრებს იმ საცხოვრებელ ადგილს, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, მიუხედავად იმისა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ჩამოერთვა პირს დევნილის სტატუსი თუ წარდგენილია პირველადი განაცხადი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, უმთავრესი და აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწეოდა, ასევე მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლებისათვის საფრთხის არსებობის გამო შეუძლებელი უნდა იყოს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. პირის არასრულწლოვანებისას, სტატუსის მინიჭება ასევე შესაძლებელია მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარეც, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის პირობებში, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას გააჩნია სრულწლოვანების მიღწევისას ამ უფლების რეალიზება. ამდენად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობაა, მიუხედავად მისი ასაკისა. ამრიგად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელე მ. ტ-ას კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მოსარჩელე მ. ტ-ის შეუწყდა 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. სტატუსის მინიჭების მიზნით, მ. ტ-იმა 2022 წლის 4 მარტს №12575 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელმაც 2022 წლის 23 ივნისს მიიღო IDP62200000216 ბრძანება მ. ტ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მის შვილებს: მ., ე., ნ. და ნა. გ-იებს, რომელთაც დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ მშობლის/მშობლების სტატუსის საფუძველზე, ჩამოერთვათ აღნიშნული სტატუსი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. ტ-ა დაიბადა ... წელს ცხინვალში. საშუალო განათლება მიიღო ცხინვალის რაიონის სოფელ ...ში. ...-... წლებში სწავლობდა ცხინვალის ...ში.

1972-1980 წლებში მუშაობდა ბუღალტრად სოფელ ...ში, 1980-1991 წლებში ეკონომისტ-ბუღალტრად ცხინვალში.

1986 წელს დაქორწინდა ა. გ-იზე სოფელ ...ში. პირველი შვილი მ. გ-ი ... წელს დაიბადა ქ. ცხინვალში, ხოლო ნ. გ-ი (დაბ....წ), ე. გ-ი (დაბ.... წ) და ნა. გ-ი (დაბ. ... წ) - ქალაქ გორში.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2022 წლის 24 თებერვლის N164/01 ცნობით, მ. ტ-ა 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მის: ქ. ცხინვალი, ...ს ქ N16.

საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 7 ოქტომბრის №27/49181 წერილის თანახმად, გორის რაიონის ...ის სასოფლო სამეურნეო საბჭოს, სოფელ ...ს 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხებოდა ი. ი.-ს ძე გ-ი, რომელიც გარდაიცვალა 1986 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: გარდაცვლილი მეუღლე - გ-ი თ.; გ-ი ა. ი.-ის ძე - შვილი, ოჯახის უფროსი, რომელიც გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’; ტ-ი მ. ვ.-ს ასული - მეუღლე (ა.-ს) გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’; გ-ი მ. ა.-ს ასული - შვილი, გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’; გ-ი ნ. ა.-ს ასული - შვილი, გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’; გ-ი ე. ა.-ს ასული - შვილი, გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’; გ-ი ნა. ა.-ს ასული - შვილი, გადახაზულია, გრაფაში ფიქსირდება, ჩანაწერი: ,,ჩაწერილნი არიან ცხინვალში’’.

... წელს შევსებული შრომის წიგნაკით, მ. ტ-ას სამუშაო ადგილს 1973 წლიდან 1984 წლის ჩათვლით წარმოადგენდა ცხინვალი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 6 მაისის N20-202212682 წერილის მიხედვით, მ. ტ-ა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ... წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფელ ...ში.

დევნილის მოწმობების მიხედვით, მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო ცხინვალი, დ. ...ს ქ. N16. ნა. გ-ის, ე. გ-ის და მ. გ-იების დროებით საცხოვრებელი ადგილია - გორი, ს. ..., ხოლო მ. ტ-ას და ნ. გ-ის დროებით საცხოვრებელი ადგილი - გორი, ს. ...ი.

ა. გ-იი გარდაიცვალა 2020 წლის 18 აპრილს. 2001 წლის 9 ნოემბერს გაცემული საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობის თანახმად, ა. გ-იი რეგისტრირებული იყო მისამართზე: ცხინვალი, ...ს ქ. N16. ა. გ-ის ასევე მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; ფლობდა დევნილის მოწმობას, სადაც მითითებული იყო მუდმივი საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე - ცხინვალი, დ. ...ს ქ. N16; დროებითი საცხოვრებელი ადგილი - გორი, ...ი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახური ანკეტის თანახმად, მ. ტ-ას, მ., ა., ნ., ე. და ნ. გ-იების ოჯახის ნომერია N0025; ოჯახის წევრთა დროებით მისამართს წარმოადგენდა გორის რაიონის სოფელი ...ი; ოჯახის წევრთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს კი, ქ. ცხინვალი, ...ს N16. მითითებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით, წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსს, რომლის ბინები დამისამართებულია და დანომრილია.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მ. ტ-ასათვის სტატუსის მინიჭებისა და მისი შვილებისათვის ჩამორთმეული სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, ადმინისტრაციული ორგანო სათანადო მტკიცებულებით ვერ გამორიცხავს მ. ტ-ას 1991 წლამდე ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

მართალია საქმეში წარმოდგენილი ცალკეული დოკუმენტები მ. ტ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად (დროებით ოკუპაციამდე) უთითებს გორის რაიონის სოფ. ...ს, თუმცა მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს (იხ. სუსგ საქმეზე №ბს-348(კ-22)). საქმეში წარმოდგენილი ორი ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები ადასტურებს 1991 წლამდე ცხინვალში, ...ს ქ. №16-ში მ. ტ-ას ცხოვრების ფაქტს, რაც ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გამორიცხავს 1991 წლამდე მ. ტ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სხვაგვარად დადგენის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა