Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-790(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

კ. მ-ემ 2022 წლის 03 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა „მიწის ნაკვეთზე კ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1242 განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისათვის, ქალაქ თბილისში, ... მე-... კილომეტრის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე კ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით კ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 53-ე, მე-601, 96-ე, 102-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი-მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 55-ე მუხლები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-3 მუხლები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3, მე-5, მე-51, მე-11, მე-19 მუხლები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ კ. მ-ეის მიერ 2021 წლის 21 ივნისს განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ისე, რომ არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომლითაც შეცვლილი იქნებოდა 2019 წლის 25 აპრილს გამოცემული №952 და 2021 წლის 02 მარტის №40 განკარგულებების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რაც გახდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ შპს „მ...ს“ 2021 წლის 11 ივნისის საექსპერტო დასკვნაზე, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მდგომარეობას და მის ხნოვანებას (დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობის ხნოვანება, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, არანაკლები 20 წელია). საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა. კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში კი ორთოფოტოების (2005-2010 წლების აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კ. მ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. პირველი ინსტანციის სასამართლომ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). აღნიშნული გარემოება კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში 6 (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება კ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. მ-ეის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის N1242 განკარგულება, რომლითაც კ. მ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევა - შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. მ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში კ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებები სამართლებრივად სხვაგვარად შეაფასა, პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებული მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღობის ხნოვანება (გარდა სამხრეთით არსებული რკინაბეტონის ქარხნის კედლისა, რომელიც ქარხნის მიერ არის აგებული და სასაზღვროა კ. მ-ეის ნაკვეთისათვის) არანაკლებ 25 წელია, ხოლო შენობის ხნოვანება, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე - არანაკლებ 20 წელი. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოტივაცია იმის შესახებ, რომ 2005-2010 წლების ორთოფოტოების მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ მოცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობები, რაც გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ორთოფოტოების მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაფარულია ხე-მცენარეებით, რის გამოც მცირე მოცულობის შენობა-ნაგებობის ნანგრევი შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის მიხედვით კ. მ-ეის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია - წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხოლოდ ერთ მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე უნდა გამოეკვლია და დაედგინა შექმნილი მოცემულობის გათვალისწინებით არსებობდა თუ არა მიწის ნაკვეთის თუნდაც ნაწილზე კ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი მიუთითებს, რომ კ. მ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღარებელი მიწის ნაკვეთზე არ დადასტურდა კ. მ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით არ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამასთან კასატორის განმარტებით ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიის მიერ გამართულ 2-19 წლის 21 მარტის ზეპირ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე შენობა განთავსებული არ იყო.

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ შპს „მ...ს“ 2021 წლის 11 ივნისის საექსპერტო დასკვნას, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მდგომარეობასა და მის ხნოვანებას (დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობის ხნოვანება, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, არანაკლები 20 წელია). კასატორმა მიუთითა, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა. კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში კი, ორთოფოტოების (2005-2010 წლის აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). აღნიშნული გარემოება კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის წაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №952 განკარგულებით კ. მ-ეს ქ.თბილისში, ... მე-... კილომეტრის მიმდებარედ არსებულ (საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ.) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით არ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... მე-... კმ-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ) განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 21 მარტს გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №13), განმცხადებელმა განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე შენობა განთავსებული არ იყო. კომისიის მიერ, ასევე დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მითითებული გარემოებები კი, ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ამავე კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №46 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 02 მარტს გამოცემული №40 განკარგულებით, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კ. მ-ეს უარი ეთქვა მითითებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ... მე-... კმ-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

კ. მ-ემ 2021 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. თბილისში, ... მე-... კმ-ის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ) არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა ასევე 2021 წლის 11 ივნისის შპს ,,მ...ს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დავით ... მე-... კმ. მიმდებარედ, ...ს ქუჩა №5-ში მოქალაქე კ. მ-ეს გააჩნია მიწის ნაკვეთი, მის შემომფარგვლელ ღობესთან და მასზე არსებულ შენობებთან ერთად. ღობის ხნოვანება (გარდა სამხრეთით არსებული ...ის კედლისა, რომელიც ქარხნის მიერ არის აგებული და სასაზღვროა კ. მ-ეის ნაკვეთისათვის) არანაკლები 25 წელია; ხოლო შენობის ხნოვანება, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, არანაკლები 20 წელი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 აგვისტოს №315268 წერილით კ. მ-ეის განცხადება განსახილველად გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 23 მაისის №31 სხდომის ოქმით დგინდება, რომ განცხადება განხილულ იქნა კომისიის მიერ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1242 განკარგულებით კ. მ-ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მე-... კმ-ის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2019 წლის 21 მარტის №13 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 25 აპრილს გამოცემული №952 განკარგულება, 2020 წლის 21 დეკემბრის №46 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის 02 მარტს გამოცემული №40 განკარგულება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. გარდა ამისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). აღნიშნული გარემოება კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ (ს/კ: ...) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ჯ...“ და ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელის მილსადენი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კ. მ-ეისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე და საკითხი არ ეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი სახლით ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობით, მან უნდა დაამტკიცოს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე (დღეს მოქმედი რეგულაციით კი, საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში - 5 ჰექტარს).

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განიმარტება, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

ამასთანავე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლი განსაზღვრავს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოწმის ჩვენების, როგორც მითითებულ წესში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობას. კერძოდ, ხსენებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, მოწმის ჩვენება კი - მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

იმავე დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული; ბ)თვითნებურად დაკავებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე- პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი)თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის(სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო სასამართლო აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვის დასაბუთებისთვის მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას, მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). აღნიშნული გარემოება კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის წაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

მითითებული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კ. მ-ეის მიერ 2021 წლის 21 ივნისს განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ისე, რომ არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომლითაც შეცვლილი იქნებოდა 2019 წლის 25 აპრილს გამოცემული №952 და 2021 წლის 02 მარტის №40 განკარგულებების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რაც გახდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნას, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობისა და მისი ხნოვანებას (დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობის ხნოვანება, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, არანაკლები 20 წელია) საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას და განმარტავს, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა; კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში კი, ორთოფოტოების (2005-2010 წლის აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა-ნაგებობები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ასევე ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კანონით იმპერატიულად არის დადგენილი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ეის სახელზე ქალაქ თბილისში, ... მე-... კილომეტრის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 2100.00 კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1242 განკარგულება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლები. მითითებული აქტის კანონიერების პირობებში კი, არ არსებობს კომისიისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, კ. მ-ეის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (100 +150 ლარი) 250 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. კ. მ-ეის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (100 +150 ლარი) 250 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე