Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-796(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. გ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. გ-იმა 2020 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, 2020 წლის 25 თებერვლის №937 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ს ... მ/რ, კორპ. №...-ს მიმდებარედ, 66.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, ა. გ-ის მუდმივად ჰქონდა საცხოვრებელი ფართის პრობლემა, რადგან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში. გაფართოების მიზნით კორპუსის ეზოში მდებარე 2000 წლამდე აშენებული ავტოფარეხი გადააკეთა საცხოვრებლად და დღემდე საცხოვრებლად იყენებს, მიუხედავად ამისა, კომისიამ საკითხი განიხილა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №937 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. გ-ის მოთხოვნასთან მიმართებით.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნებოდა განაშენიანების არსებულ პირობებთან შეუსაბამობას, უპირველეს ყოვლისა, მითითებული და დადგენილი უნდა ყოფილიყო სწორედ არსებული განაშენიანება და ამ განაშენიანების მიმართ კომისიის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ა. გ-ითან მიმართებით ვერ იქნა დადასტურებული. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებდა ხელახლა გამოკვლევას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში (რზ-2) მოქცევასთან დაკავშირებით მოპასუხის მითითებაზე სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო ფართის სარეკრეაციო ზონაში განთავსება საკუთრების უფლების აღიარებაზე დამატებით უარის თქმის წინაპირობაა, თუმცა ხსენებული საკითხი არ გამხდარა აღიარებაზე უარის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელთა თანახმად, აკრძალულია რეკრეაციული დანიშნულების პარკის, ტყე-პარკის, სკვერის და სხვა ტერიტორიის საკუთრების უფლების აღიარება. განსახილველ შემთხვევაში კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 სექტემბრის №67-01192481576 წერილით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ. №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 66.00 კვ.მ) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მასზე, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონა 2-ში მოქცევის საკითხი არ გამხდარა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია ინკვიზიციურ საწყისებზე, შესაბამისად, ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში სარეკრეაციო ზონის არსებობა არ არის მითითებული, არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენასა და შეფასებას. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2-ში, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიის უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე არ ეწინააღმდეგება კანონს, რაც პალატის შეფასებით გამორიცხავს კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №937 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით ა. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

რაც შეეხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით აღიარების კომისიის მიერ მიღებულ განსხვავებულ გადაწყვეტილებას (2013 წლის 10 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობა), აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გამოცემამდე, სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მოქმედების პერიოდში. ამასთან, პალატის მოსაზრებით საგულისხმოა, რომ როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის ვებგვერდზე (იხ. http://tas.ge/) არსებული ინტერაქციული რუკის მონაცემებით ირკვევა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და არსებული მდგომარეობით მასზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იდენტური ფაქტობრივი გარემოებების პირობებში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ დასტურდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-იმა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის თაობაზე და განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე- 11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მის მიერ წარდგენილ იქნა სათანადო მტკიცებულებები, რითაც უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ ორგანოს და ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების მოძიებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამავე მისამართზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სხვა პირთან მიმართებით საკითხი დადებითად გადაწყდა და კომისიის მიერ გაცემული №... საკუთრების მოწმობით საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია ფიზიკური პირის საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში სადავოა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №937 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ა. გ-ი განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ. №...-ს მიმდებარედ, 66.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თვითნებურად დაკავების საფუძვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა. ამდენად, კანონმდებლობა გამორიცხავს სარეკრეაციო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს. ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვებ სახეობებს წარმოადგენს პარკი, დეკორატიული გაფორმების ობიექტი, სპორტული მოედანი და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 სექტემბრის №67-01192481576 წერილით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ. №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 66.00 კვ.მ.) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და კვეთს №... საკადასტრო ერთეულს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ს/კ №... მიწის ნაკვეთზე - მისამართი: ქ. თბილისი, დასახლება ..., მიკრო/რაიონი ..., სკვერი, რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. ამასთან, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის ვებგვერდზე (იხ. http://tas.ge/) არსებული ინტერაქციული რუკის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და აღნიშნული ზონის შეცვლასთან დაკავშირებით საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №937 განკარგულების კანონიერად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, მათ შორის, ფიზიკური პირის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში არსებობის გამო, რაც გამორიცხავს როგორც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ისე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან, მათ შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უფლებასთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, ამდენად, ა. გ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა