Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-877(კს-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - განცხადების განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ემ 2022 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის №242 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზები. მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხე მხარის დაზუსტება. იმავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

ნ. მ-ემ 2023 წლის 25 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი იყო ასაკით პენსიონერი, მის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ასაკის მიხედვით დანიშნული პენსია, რაც მედიკამენტებსა და საკვებშიც არ ჰყოფნიდა. მას ჰქონდა ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელის თქმით, მას არ გააჩნდა არავითარი დამატებითი შემოსავლის წყარო და მისი ქონებრივი მდგომარეობა არ იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ნ. მ-ემ 2023 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითა, რომ გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაგრძელდა ნ. მ-ეის სარჩელზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. მოსარჩელეს განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

ნ. მ-ემ 2023 წლის 9 მარტს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეს უარის ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომლითაც ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. მ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და გადაუვადდა სასამართლო ხარჯების გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება; ნ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, ამავე განჩინებით ნ. მ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ეის საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოო იყო და აღარ საჩივრდებოდა.

ნ. მ-ემ 2024 წლის 18 იანვარს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ნ. მ-ემ 2024 წლის 13 თებერვალს კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლებისა და სასამართლო შემადგენლობის აცილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით ნ. მ-ეის განცხადება, სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ნ. მ-ეის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ბს-1032(ს-23) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.

2024 წლის 21 მარტს ნ. მ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის №ბ-66-1(ბ-24) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით ნ. მ-ეის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის №ბ-66-1(ბ-24) განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით, ხოლო ნ. მ-ეის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით ნ. მ-ეის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. დასახელებული კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ნ. მ-ე არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობა არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. მ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც დასახელებული განჩინების გარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებებისა და მოცემულ საქმეზე მიღებული სხვა განჩინებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც დაუშვებლობის მოტივით განუხილველი დარჩა მისი განცხადება 13.06.2023წ. განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა.

კერძო საჩივრის ავტორი კვლავ აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც მისი სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობას ქმნიდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განჩინების (13.06.2023წ.) ბათილად ცნობის თაობაზე ნ. მ-ეის განცხადების სააპელაციო პალატის მიერ დაუშვებლობის მოტივით განუხილველად (16.05.2023წ.) დატოვების კანონიერება, რის გამოც დადგენას საჭიროებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა. კერძოდ, სახეზეა თუ არა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლები, რამდენად არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავზე, რომელიც აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. დასახელებული კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება. ამავე განჩინებით ნ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, ნ. მ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული ნ. მ-ეის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. დღეის მდგომარეობით კი, კერძო საჩივრის ავტორი - ნ. მ-ე გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს იმავე გარემოებებზე მითითებით, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები არგუმენტირებულია იმ გარემოებებით, რომ იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული გარემოება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ განმცხადებელი ვერ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლის პირველის ნაწილით გათვალისწინებულ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ვერცერთ ფაქტობრივ ან სამართლებრივ საფუძველზე.

კერძო საჩივრის ავტორი, გარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებისა, ითხოვს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებებისა და მოცემულ საქმეზე მიღებული სხვა განჩინებების ბათილად ცნობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უკვე იმსჯელა სააპელაციო პალატამ, რომლის მიერ მიღებული განჩინების მართებულობაც წინამდებარე განჩინებით დაადასტურა საკასაციო პალატამ. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებას, განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა. გარდა ამისა, კერძო საჩივრით ასევე მოთხოვნილია მოცემულ საქმეზე მიღებული სხვა განჩინებების ბათილად ცნობაც, რომლებსაც კერძო საჩივრის ავტორი არ აკონკრეტებს და ზოგადად მიუთითებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მათზე ვერ იმსჯელებს.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის გადაწყვეტას, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2024 წლის 10 ივნისის ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. მ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის სარეიტინგო ქულაა 81530 (ზღვრულ ქულაზე ნაკლები), შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (მსგავს საკითხთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება, საქმეზე №ბს-129(კს-24)).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე