Facebook Twitter

№ბს-1248(კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ი, მესამე პირი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 6 ივლისის №ბ01.01211875 ბრძანება; ბ) ქალაქ თბილისის მერიას დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში მრავალფუნქციურ კომპლექსში 70% საცხოვრებელი ფუნქციის უზრუნველმყოფი ფართების განთავსების მიზნით) სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 6 ივლისის №ბ01.01211875 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, №... საკადასტრო ერთეულის ნაწილზე ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2), ხოლო ნაწილზე - საცხოვრებელი ზონა (სზ). №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება გეგმარებითი კარკასი (გკ) - დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე, რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. №01210753831-67 განცხადებაზე წარდგენილი საპროექტო წინადადებით შენობის განთავსება იგეგმება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის (სსზ-2) ფარგლებში, ასევე ტერიტორიაზე ვრცელდება გეგმარებითი კარკასი, რაც გულისხმობს დედაქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალ ხარისხს, ხოლო საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე არეალი წარმოადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, მეჩხერად განაშენიანებულ, უსისტემო რეგისტრაციებს. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია (დასკვნა №დ16.01211873) წარდგენილი საპროექტო წინადადების შესაბამისად საპროექტო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარება. საპროექტო მიწის ნაკვეთის და მისი მიმდებარე რეგისტრირებული საკადასტრო ერთეულების სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობა შესაძლებელია ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 6 ივლისის №ბ01.01211875 ბრძანებით, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ი №245ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის არაუმეტეს შენობის საერთო ფართობის 70%-ის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას.

კასატორის განმარტებით, სადავო აქტი გამოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ, ქალაქის ურბანული განვითარების ხედვის პოლიტიკისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი - მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ განვითარდეს, წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესაბამისად, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ერთიანი პოლიტიკისა და ქალაქის განაშენიანების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაში. საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჯარო ინტერესი აღმატებულად დაცვის ღირსი სიკეთეა მოსარჩელის ინტერესთან შედარებით.

კასატორი არ ეთანხმება განსახილველი დავის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ...ი №245ა, დაზუსტებული ფართობი 1971 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 277.20 კვ.მ, №2 და №3 საერთო ფართით 20,67 კვ.მ, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. გ-ის სახელზე (ს.ფ 70-71); ბ) დ. გ-მა 2021 წლის 23 ივნისს №01211741766-67 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სპეციალური ზონალური შეთანხმება, საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში მრავალფუნქციურ კომპლექსში 70% საცხოვრებელი ფუნქციის უზრუნველმყოფი ფართების განთავსების მიზნით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 6 ივლისს მომზადებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, ვინაიდან საპროექტო წინადადებით შენობის განთავსება იგეგმება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის ფარგლებში, ასევე ტერიტორიაზე ვრცელდება გეგმარებითი კარკასი, რაც გულისხმობს დედაქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალ ხარისხს, ხოლო საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე არეალი წარმოადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, მეჩხერად განაშენიანებულ, უსისტემო რეგისტრაციებს, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესაბამისად საპროექტო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარება. საპროექტო მიწის ნაკვეთის და მისი მიმდებარე რეგისტრირებული საკადასტრო ერთეულების სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობა შესაძლებელია ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიას წარმოადგენს დ. გ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ი №245ა-ში. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ემიჯნება ...ი, სამხრეთ- აღმოსავლეთიდან ...ის მე-2 გასასვლელი, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ემიჯნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1971 კვ.მ-ს. ქ. თბილისის საკრებულოს №39-18 დადგენილებით დამტკიცებული გენერალური გეგმის ფუნქციური ზონირების რუკის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შემდეგი ზონები: საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) -1420.77 კვ.მ; ზოგადი საცხოვრებელი ზონა (სზ)- 550.23 კვ.მ. წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით გადაწყვეტილია მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ფუნქციას, კერძოდ, საოფისე-კომერციულ, სასტუმროსა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ქ. თბილისის განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისად საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვებ სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. ვინაიდან დ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზური პროექტით სხვა ფუნქციასთან ერთად გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფუნქციის ფართები, საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მრავალფუნქციურ კომპლექსში 70% საცხოვრებელი ფუნქციის უზრუნველმყოფი ფართების განთავსების მიზნით (ს.ფ 111-114); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 ივლისის №ბ01.01211875 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ი №245ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის არაუმეტეს შენობის საერთო ფართობის 70%-ის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას ეთქვა უარი (ს.ფ 35).

საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. გ-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტურ ნაწილზე“ (დანართი №2), რომლის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი, რეგულირებადი ან რაიონული მნიშვნელობის მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ. ის, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი დეტალური გეგმარების პროექტებითა და „უფლებრივი ზონირების“ სავალდებულო რუკებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სამი სახეობის – საშუალო (სსზ-1), მაღალი (სსზ-2) და დაბალი (სსზ-3) ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების კონკრეტული ტერიტორიები და საზღვრები განისაზღვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით, მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ-2) ვითარდება განსახლების ღერძზე მდებარე, ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გამჭოლ მიმართულებებზე და ძირითადში მოიცავს ადმინისტრაციულ, საქმიან, სავაჭრო, კულტურულ, კომუნალურ და რეკრეაციულ ფუნქციებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს: ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს; გ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განსაკუთრებულ შემთხვევებს და პირობებს; დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობებს, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის პირობებს (1.2 და 1.3 მუხლები).

ზემოაღნიშნული წესების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საქმიანი, კომერციული და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) არის მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. მითითებული წესების სადავო პერიოდში მოქმედი მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სსზ-2 - განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/ საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა.

ზემოაღნიშნული წესების 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. მე-3 პუნქტის მიხედვით, უძრავი ობიექტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ. გ-მა 2021 წლის 23 ივნისს №01211741766-67 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სპეციალური ზონალური შეთანხმება, საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში მრავალფუნქციურ კომპლექსში 70% საცხოვრებელი ფუნქციის უზრუნველმყოფი ფართების განთავსების მიზნით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 6 ივლისს მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულ იქნა, რომ ვინაიდან საპროექტო წინადადებით შენობის განთავსება იგეგმებოდა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2-ის ფარგლებში, ასევე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა გეგმარებითი კარკასი, რაც გულისხმობდა დედაქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალ ხარისხს, ხოლო საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე არეალი წარმოადგენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, მეჩხერად განაშენიანებულ, უსისტემო რეგისტრაციებს, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესაბამისად საპროექტო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარება. საპროექტო მიწის ნაკვეთის და მისი მიმდებარე რეგისტრირებული საკადასტრო ერთეულების სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობა შესაძლებელი იყო ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 ივლისის №ბ01.01211875 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ი №245ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის არაუმეტეს შენობის საერთო ფართობის 70%-ის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; (2) დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძველზე მითითებით, რომ საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე არეალი წარმოადგენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, მეჩხერად განაშენიანებულ, უსისტემო რეგისტრაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გეგმარებით კარკასზე (დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ან/და საქვეითო გზების ან ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით („დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი“ 34-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი)), რომელიც გამოირჩევა ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხით, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციით, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობითა და საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მასალებს, სადაც აღნიშნულია, რომ ს/კ №... მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით, ...ის გაყოლებაზე, მთელ ზოლზე წარმოდგენილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, როგორც მაღალი, ასევე საშუალო ინტენსივობით. ტერიტორიაზე №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ხოლო №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები. როგორც ტერიტორიის კვლევიდან იკვეთება, საპროექტო არეალი განაშენიანებულია შერეული ფუნქციის მქონე ობიექტებით, ტერიტორიის დიდი ნაწილის სამშენებლო პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სზაკ-ის 4.3 მუხ.). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, კვლევას საჭიროებს სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული მოტივები ხომ არ იწვევს მოსარჩელის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევით. სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა საჭიროებს დიფერენციაციის მიზეზის დადგენას და შეფასებას. მართალია, უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და რის საფუძველზეც შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მე-7 მუხლის მიხედვით, (1) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; (2) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, წარმოება მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ცხადია, რომ მშენებლობის განხორციელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე, არამედ გავლენას ახდენს უსაფრთხო გარემოს არსებობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, მათ შორის, მოპასუხის მხრიდან კვლევას საჭიროებს ხომ არ იწვევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსხვავებულ მიდგომას მოსარჩელის მიმართ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში საჯარო ინტერესისათვის მიყენებული ზიანი არსებითად ხომ არ აღემატება იმ მიზანს, რომლის მისაღწევადაც იგი იქნება გამოცემული. აღნიშნული გარემოებების შეფასების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თავად უნდა გადაწყვიტოს სადავო საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და საჯარო და კერძო პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია