Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1206(2კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. დ-ე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორი ა. დ-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 18 აპრილს ა. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 05 აპრილის №IDP 7 23 00000469 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. დ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 05 აპრილის №IDP 7 23 00000469 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. დ-ემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. დ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი, როგორც ერთსულიანი ოჯახისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. მოსარჩელე ა. დ-ის განცხადების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული ოჯახი, რომელმაც შეავსო განაცხადი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე - 2.5 ქულა, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

ა. დ-ის მიერ შევსებული განაცხადის მონიტორინგი განხორციელდა ორჯერ - 2021 წლის 19 ოქტომბერს და 2022 წლის 10 მაისს. პირველი ვიზიტისას ადგილზე არავინ დახვდათ, კორპუსის მაცხოვრებლებმა კი განმარტეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობდნენ. განაცხადში მითითებული ნომერი იყო გამორთული. რაც შეეხება, მეორე ვიზიტს, ადგილზე დახვდათ მოსარჩელე მხარე, რომელმაც განმარტა, რომ ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, როდესაც ჩამოდის საქართველოში, რჩება აღნიშნულ მისამართზე, ხან კი ბინას ქირაობს ბათუმში. მისი თქმით, თბილისში არსებული ბინა ეკუთვნის მ. ჩ-ს, რომელიც არის მისი მეგობარი და იმყოფება იტალიაში. ა. დ-ის განმარტებით, ლ. ჯ-ასთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2007-2015 წლებში. მათ ჰყავთ საერთო შვილი - ე. დ-ე, რომელიც დაიბადა რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს და ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მოსკოვში. ლ. ჯ-ას აქვს უძრავი ქონება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N55-ში (ს.კ. ...).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოჯახი კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდა 5.5 ქულით, რაც სახელმძღვანელო ნორმატიული აქტის მიხედვით მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებელი შეფასებაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ა. დ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივი გახდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფაზე მითითება.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ა. დ-ისათვის ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო უარის თქმა, არ წარმოადგენდა საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგს და არ ემყარებოდა განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. გაურკვეველია რა მტკიცებულებაზე მითითებით იქნა დადგენილი უტყუარად ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ პირველი მონიტორინგის განხორციელებისას ა. დ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში და უკან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა. სწორედ აღნიშნული გახდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ განმცხადებელი იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება პირველი ინსტანციის სასამართლოში 1600 ლარის, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 1200 ლარის ოდენობით.

კასატორი ა. დ-ე მიუთითებს, რომ არის ომის ვეტერანი, რომელსაც აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელე წარმოადგენს ერთსულიან ოჯახს. მას არ გააჩნია უძრავი ქონება და არავისთან ერთად არ ეწევა საერთო მეურნეობას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოსაკვლევად. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ განაცხადი გააკეთა მარტომ და მიუთითა, რომ ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში. მისამართზე მონიტორინგი განხორციელდა ორჯერ, პირველ ჯერზე ა. დ-ე შინ არ იყო, ბინა დახვდათ დაკეტილი და კორპუსის მაცხოვრებლებს მისი პიროვნების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მეორე ვიზიტის დროს, ა. დ-ემ განმარტა, რომ ბინის მესაკუთრე არის მისი ახლობელი, თავად უმეტესად საქმიანობს რუსეთში და საქართველოში ჩამოსვლისას რჩება ან ამ მისამართზე, ან ქირაობს ბინას ბათუმში. მისივე განმარტებით, რუსეთში ჰყავს მეუღლე და შვილი. ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა, რომ მეუღლეს რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება საკუთარ სახელზე. დევნილთა საკითხების კომისიის დასკვნით, ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტს, რის გამოც უარი ეთქვა მხარეს განაცხადის დაკმაყოფილებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განცხადების შემოწმება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. დ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ა. დ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი, როგორც ერთსულიანი ოჯახისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული ოჯახი, რომელმაც შეავსო განაცხადი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე - 2.5 ქულა, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

ა. დ-ის მიერ შევსებული განაცხადის მონიტორინგი განხორციელდა ორჯერ - 2021 წლის 19 ოქტომბერს და 2022 წლის 10 მაისს. პირველი ვიზიტისას ადგილზე არავინ დახვდათ, კორპუსის მაცხოვრებლებმა კი განმარტეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობდნენ. განაცხადში მითითებული ნომერი იყო გამორთული. რაც შეეხება, მეორე ვიზიტს, ადგილზე დახვდათ მოსარჩელე მხარე, რომელმაც განმარტა, რომ ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში. როდესაც ჩამოდის საქართველოში, რჩება აღნიშნულ მისამართზე, ხან კი ბინას ქირაობს ბათუმში. მისი თქმით, თბილისში არსებული ბინა ეკუთვნის მ. ჩ-ს, რომელიც არის მისი მეგობარი და იმყოფება იტალიაში. ა. დ-ის განმარტებით, მეუღლესთან - ლ. ჯ-ასთან, იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2007-2015 წლებში. მათ ჰყავთ საერთო შვილი - ე. დ-ე, რომელიც დაიბადა რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს და ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მოსკოვში.

საქმეზე დადგენილია, რომ ლ. ჯ-ას გააჩნია უძრავი ქონება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N55-ში (ს.კ. ...).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 01 ივლისის N58 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, მის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 05 აპრილს გამოსცა №IDP 7 23 00000469 ბრძანება, მოსარჩელე ა. დ-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა შეფასებულიყო, რამდენად დასტურდებოდა ა. დ-ისა და ლ. ჯ-ას შესაძლო თანაცხოვრების ფაქტი, რამდენად არსებობდა მათი ერთ ოჯახად მიჩნევის საფუძვლები.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი განხილვის სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, პირველი მონიტორინგის განხორციელებისას, ა. დ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში და უკან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდა, რომ განმცხადებელი იმყოფებოდა ოჯახთან (ლ. ჯ-სასთან) ერთად. საკასაციო პალატა მიუთითებს, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხშირად მიემგზავრება რუსეთის ფედერაციაში, ვერ იქნება საფუძველი ოჯახის ხელოვნური გაყოფის თაობაზე გაკეთებული ვარაუდის ფაქტად მიჩნევისათვის. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე და ლ. ჯ-ა ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ ფართში, სადაც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მიერ ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფას, თუმცა, აღნიშნული პოზიცია არაა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. არ არის გამოკვლელული და გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რამდენად რეალურია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მხოლოდ 2015 წლამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და შესაბამისად, წარმოადგენდა თუ არა ა. დ-ე ცალკე ოჯახს, თუ პირიქით, ნამდვილად გაიყო ოჯახი ხელოვნურად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების დავალების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე