Facebook Twitter

№ბს-918(2კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. თ-ი, გ. გ-ი, გ. ნ-ი, ლ. მ-ი, ლ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 30 ივნისს გ. თ-მა, გ. გ-მა, გ. ნ-მა, ლ. მ-მა და ლ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, გ. თ-ი, გ. ნ-ი, ლ. ნ-ი და ლ. მ-ი იღებდნენ სახელმწიფო პენსიას, ხოლო გ. გ-ი როგორც სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე, იღებდა სოციალურ პაკეტს.

მოსარჩელეებს 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. მოსარჩელეთა მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა, რადგან, მართალია, ისინი დასაქმებულები არიან მუზეუმ-ნაკრძალში, თუმცა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუზეუმში განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. მოსარჩელეები ასევე ყურადღებას ამახვილებენ საჯარო სამსახურის ბიუროს 7.06.2023წ. Nგ4960 წერილზე, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და ასევე არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გ. თ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 7 2 23 00443936 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის № SSA 5 23 00555255 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2023 წლის 1 მაისიდან გ. თ-ისათვის პენსიის აღდგენის დავალდებულება; გ. გ-ისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 9 23 00444243 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 6 23 00555120 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2023 წლის 1 მაისიდან გ. გ-ისათვის სოციალური პაკეტის აღდგენის დავალდებულება; გ. ნ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 5 23 00443943 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2023 წლის 29 მაისის №SSA 9 23 00551127 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის“ 2023 წლის 1 მაისიდან გ. ნ-ისათვის პენსიის აღდგენის დავალდებულება; ლ. ნ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 923 00443938 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ლ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის № SSA 5 23 00551592 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2023 წლის 1 მაისიდან ლ. ნ-ისათვის პენსიის აღდგენის დავალდებულება. ლ. მ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 4 23 00443942 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 5 23 00555165 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2023 წლის 1 მაისიდან ლ. მ-ისათვის პენსიის აღდგენის დავალდებულება.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 7 23 00443936 გადაწყვეტილება გ. თ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 5 23 00555255 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2023 წლის 1 მაისიდან გ. თ-ისათვის პენსიის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 9 23 00444243 გადაწყვეტილება გ. გ-ისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 6 23 00555120 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2023 წლის 1 მაისიდან გ. გ-ისათვის სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 5 23 00443943 გადაწყვეტილება გ. ნ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 9 23 00551127 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2023 წლის 1 მაისიდან გ. ნ-ისათვის პენსიის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 9 23 00443938 გადაწყვეტილება ლ. ნ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 5 23 00551592 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2023 წლის 1 მაისიდან ლ. ნ-ისათვის პენსიის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 4 23 00443942 გადაწყვეტილება ლ. მ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 5 23 00555165 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2023 წლის 1 მაისიდან ლ. მ-ისათვის პენსიის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-ი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში ...ის, გ. გ-ი და გ. ნ-ი - ...ის თანამდებობაზე, ლ. ნ-ი და ლ. მ-ი შრომითი ხელშეკრულებებით - ...ის პოზიციაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 ქვეპუნქტებზე, მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააგენტო, შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათი საქმიანობა და ფუნქციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რადგან მიიჩნია, რომ ... მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ ... მუზეუმ-ნაკრძალი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, მოსარჩელეები ითვლებიან, რომ არიან მუზეუმში დასაქმებული პირები, რის გამოც ისინი არ მიიჩნევიან საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირებად. ამდენად, არ არსებობდა მათთვის სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ლ. მ-ის, გ. თ-ის, გ. ნ-ის და ლ. ნ-ის მიმართ 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პენსიის, ხოლო გ. გ-ისთვის სოციალური პაკეტის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ტერმინი საჯარო საქმიანობა განმარტებულია შემდეგნაირად: სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. მოსარჩელეები წარმოადგენენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში და არა მუზეუმში დასაქმებულ პირებს. ... მუზეუმ-ნაკრძალი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს (სააგენტოს დებულების მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს.

კასატორი ასევე მიუთითებს "სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე დებულების მე-8 მუხლზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებზე ვერ გარცელდება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა, რადგან მათი დამსაქმებელი არ წარმოადგენს საშეღავათო გამონაკლისით მოსარგებლე სუბიექტს.

კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მოსაზრებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში და არა მუზეუმში დასაქმებულ პირებს. ... მუზეუმ-ნაკრძალი თავის მხრივ წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს. ამდენად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში მოსარჩელეებზე ვერ გავრცელდება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გ. თ-ისთვის, გ. ნ-ისთვის, ლ. მ-ისთვის და ლ. ნ-ისთვის სახელმწიფო პენსიის, ხოლო გ. გ-ისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის, ასევე მათი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება მოსარჩელეებს აღუდგინოს სახელმწიფო გასაცემელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. თ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. იგი ... წლის ... ...დან იღებდა სახელმწიფო პენსიას. გ. გ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, იგი, როგორც სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე პირი ... წლის ... ...დან იღებდა სოციალურ პაკეტს. გ. ნ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, იგი ... წლის ... ...დან იღებდა სახელმწიფო პენსიას. ლ. ნ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, იგი ... წლის ... ...დან იღებდა სახელმწიფო პენსიას. ლ. მ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, იგი ... წლის .. ...დან იყო სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, გ. თ-ი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში ...ის, გ. გ-ი და გ. ნ-ი - ...ის თანამდებობაზე, ლ. ნ-ი და ლ. მ-ი შრომითი ხელშეკრულებებით - ...ის პოზიციაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებებით გ. თ-ს, გ. ნ-ს, ლ. ნ-ს, ლ. მ-სა და გ. გ-ს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელი. ზემოაღნიშნული აქტები ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებებით ლ. მ-ის, გ. გ-ის, გ. თ-ის, გ. ნ-ისა და ლ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, ... მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში და ვერ მოხდება აღნიშნული მუზეუმის დამოუკიდებელი სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა (სააგენტოსგან გამიჯვნა). სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კი არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის, ხოლო ქალებისთვის - 60 წლის მიღწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. განსახილველი დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობისაა რამდენად წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში განხორციელებული საქმიანობა საჯარო სამსახურს, რადგან მოსარჩელისთვის დანიშნული პენსიის (სოციალური პაკეტის გაცემის) შეწყვეტა სწორედ ზემოაღნიშნულ უწყებაში მუშაობამ განაპირობა.

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, მითითებულია, რომ სააგენტოს სტუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებია: ა) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ) პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; გ) სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; დ)ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ე)დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; ვ) სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ზ)უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; თ)ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ი)დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; კ) ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ლ) უჯარმისა და დავით- გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; მ) ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; ნ) მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი; ო) ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; პ) გრემის მუზეუმი; ჟ) მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; რ) დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; ს) ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ)სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე)სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნას მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. ზემოაღნიშნული ნორმატიული დანაწესების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე. ამდენად, წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. დებულებითვე განსაზღვრულია, რომ სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათი საქმიანობა და ფუნქციები.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ... მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულად (სამსახურები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის განხორციელებად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევს მუზეუმში მუშაობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სახელმწიფო პენსიის/გასაცემლის ადმინისტრირების მიზნებისათვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუზეუმში დასაქმება, საშეღავათო პირობებით დადგენილი გამონაკლისით სარგებლობს. ამ მხრივ, საყურადღებოა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 7 ივნისის მიმართვა, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არ არსებობდა მოსარჩელეებისთვის პენსიის (სოციალური პაკეტის) გაცემის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ... მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა