Facebook Twitter

№ბს-903(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. თ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 24 მაისის №997 განკარგულება; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 384 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., კორპუსი 14-ის მიმდებარედ) გ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. თ-ას მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით გ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 24 მაისის №997 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ამასთან, კანონი განმარტავს, რა სახის შენობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება ასევე, ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, მიუხედავად იმისა, მასზე განთავსებული არის თუ არა შენობა.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა გ. თ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებითა და ფოტოსურათების საფუძველზე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., კორპუსი №14-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი-384.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გარემოებები კი, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას უსაფუძვლოდ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც მოქალაქეები ადასტურებენ, რომ გ. თ-ა 1985 წლიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით. მოსარჩელის მხრიდან ასევე, წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 24 თებერვლის შპს „...-ის“ დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ, თუმცა გაუგებარია, კვლევის რა მეთოდიკა გამოიყენა ექსპერტმა აღნიშნული დასკვნის მომზადებისას და რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოთხოვნილი შენობა-ნაგებობა არის 2007 წლამდე აშენებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განმარტების თანახმად, იმისათვის, რომ განისაზღვროს შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობა, დასკვნის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობის დაცვით, რომ საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს ორთოფოტოზე (წლების მიხედვით). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საქართველოში ყველაზე გამოცდილი და მაღალტექნოლოგიური ბიურო. იმ პირობებში, როდესაც ასეთი მაღალკვალიფიციური ბიურო აკეთებს განმარტებას შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არ შეიძლება აღნიშნულს უპირისპირდებოდეს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება. ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს 2022 წლის 12 ივლისის სს „...ის“ წერილზე, რომლის თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ..., კორპუსი №4-ში აბონენტად რეგისტრირებულია მ. თ-ა. ცხადია, რომ მითითებული მტკიცებულება პირდაპირ კავშირში არ არის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. რაც შეეხება 2004 წლით დათარიღებულ ფოტო-ვიდეო მასალას, აღნიშნულით ცალსახად არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ადგილმდებარეობა და ა.შ.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მტკიცების ტვირთს სრულად აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც დაუსაბუთებელია, კერძოდ, მტკიცების ტვირთის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე განაწილება არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ განსახილველი დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის და 12 დეკემბრის განჩინებებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა გ. თ-ამ, რომლითაც მოითხოვა 384 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., კორპუსი 14-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, ორთოფოტო და ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების თანხმობა (ს.ფ 119-129); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №... მიმართვით, ზემოაღნიშნული განცხადება განმცხადებლის მიერ წარდგენილ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებულ დოკუმენტაციასთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ 118); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 24 მაისის №997 განკარგულებით, გ. თ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ 384 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებითა და ფოტოსურათების საფუძველზე მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ და იგი ასევე არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. გარდა აღნიშნულისა კომისიამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში. მითითებული გარემოებები კი ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ს.ფ 15-17); დ) 2021 წლის 27 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დ. გ-ი, გ. ბ-ი და ვ. ლ-ი ადასტურებენ, რომ გ. თ-ას ოჯახი 1985 წლიდან ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, ..., ... სახლი №4, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს (384 კვ.მ) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობს და სარგებლობს დღემდე (ს.ფ 125-128); ე) შპს „...-ის“ 2022 წლის 24 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ: 1. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..., კორპუსი №14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო საცხოვრებელი დანიშნულების ერთსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებული იყო ბეტონის ტიპის ფუძეზე, მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და ენიჭება კონსტრუქციის დანიშნულების სტატუსი - „შენობა“. შენობის კონსტრუქციული სისტემა ქმნიდა შემოსაზღვრულ და გადახურულ სივრცეს. ძველ შენობას გააჩნდა რკინის კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ შენობას მყარად აკავშირებდა საძირკველთან. აღნიშნული ძველი შენობა აშენდა 30 წელზე მეტი პერიოდის წინ (30 წლიდან 35 წლის დიაპაზონში); 2. საკვლევ ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის საძირკველი, რომელიც იყო ძველად განთავსებული ერთსართულიანი შენობის საძირკველი, მისი სიძველიდან გამომდინარე არის 30 (ოცდაათი) წელზე მეტი პერიოდის ხანდაზმულობისა (30 წლიდან 35 წლის დიაპაზონში); 3. საკვლევი ტერიტორიის შესასვლელზე განლაგებულ ლითონის კონსტრუქციებს და შემომზღუდავ მყარი კონსტრუქციით ნაშენ ღობეს და მის შემადგენელ ერთეულებს, აღენიშნებათ წლების განმავლობაში განვითარებული კოროზიის კვალი, რაც უდავოს ხდის მათ ხანდაზმულობას და მოიცავს 2000 წლამდე პერიოდს; 4. ზემოაღნიშნულ ნაკვეთებში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები მიგვანიშნებენ იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გ. თ-ა წლების მანძილზე ფლობს და სარგებლობს (ს.ფ 18-26); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №16-01221103357 წერილის მიხედვით, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ..., კორპუსი №14-ის მიმდებარედ, 384 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და განმარტა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა (ს.ფ 130).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გ. თ-ას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 384 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ..., კორპუსი 14-ის მიმდებარედ) გ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში გ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. მოპასუხის პოზიციით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: შპს ,,...-ის“ 2022 წლის 24 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ..., კორპუსი №14-ის მიმდებარე ტერიტორია, განთავსებული იყო საცხოვრებელი დანიშნულების ერთსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებული იყო ბეტონის ტიპის ფუძეზე, მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და ენიჭება კონსტრუქციის დანიშნულების სტატუსი - ,,შენობა“. შენობის კონსტრუქციული სისტემა ქმნიდა შემოსაზღვრულ და გადახურულ სივრცეს. ძველ შენობას გააჩნდა რკინის კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ შენობას მყარად აკავშირებდა საძირკველთან. აღნიშნული ძველი შენობა აშენდა 30 წელზე მეტი პერიოდის წინ (30 წლიდან 35 წლის დიაპაზონში); სს „...ის“ 2022 წლის 12 ივლისის წერილების მიხედვით, სს „...ის“ მონაცემთა ბაზაში №... სააბონენტო ბარათი გახსნილია 04/10/2002წ. და გახსნიდან მასზე აბონენტად რეგისტრირებულია თ-ა, მისამართი ..., კ. №4. ასევე, საარქივო მასალების მიხედვით, სს ,,...ის“ მონაცემთა ბაზაში 1996 წლის მდგომარეობით, №... სააბონენტო ბარათზე სს „...ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო თ-ა. 1996 წლამდე ინფორმაცია აბონირების შესახებ სს „...ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო. 12/07/2022 წლის მდგომარეობით, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია თ-ა მ., მისამართი ..., კ. №4. ამასთან, სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 1999-2022წწ., მისამართზე, ... №... აბონენტად რეგისტრირებულია თ-ა მ. (ს.ფ 52, 54, 55-72); საქმეში წარმოდგენილია 2004 წლით დათარიღებული ვიდეომასალის ფოტო ასლი, რომელიც მოსარჩელის მითითებით გადაღებულია სადავო ტერიტორიაზე განთავსებულ შენობაში; 2021 წლის 27 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით (დასტური) დ. გ-ი, გ. ბ-ი და ვ. ლ-ი ადასტურებენ, რომ გ. თ-ას ოჯახი ცხოვრობს 1985 წლიდან მისამართზე ქ. თბილისი, ..., ... სახლი №4, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს (384 კვ.მ) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობს და სარგებლობს აღნიშნული განცხადების შედგენის დროისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებს არ მისცემია სათანადო შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და მოპასუხის მიერ მხოლოდ ორთოფოტოზე მითითება არ ქმნის სხვა მტკიცებულებათა უგულებელყოფის საფუძველს. მიწის ნაკვეთზე მრავალწლოვანი ნარგავების არსებობა შესაძლებელია გახდეს იმის მიზეზი, რომ შენობა-ნაგებობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გარკვევით არ ჩანდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ორთოფოტოთი სადავო პერიოდში შენობა-ნაგებობის არარსებობის ფაქტი ვერ დგინდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სადავო აქტის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემაზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. საქმეზე დადგენილია, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ტერიტორია მოქცეული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების არსებობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე