Facebook Twitter

№ბს-328(2კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. თ-ე, მოპასუხე - ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. თ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №87 მითითება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №87 შემოწმების აქტი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 04.09.2018 წლის №ბ.1002182475 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 14.01.2019 წლის №35 (35-01-4-201901141609) ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია ცნობილ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №87 მითითება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №87 შემოწმების აქტი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზ. ჯ-ას 04.09.2018 წლის №ბ.1002182475 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 14.01.2019 წლის №35 (35-01-4-201901141609) ბრძანება. დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას“ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. თ-ისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ბ. თ-ის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. თ-ისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

4.1. კასატორი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს შედგა №87 მითითება, რომელსაც გაეცნო მოქალაქე და მისი ჩაბარება დაადასტურა ხელმოწერით. მოსალოდნელი ჯარიმის შესახებ მას დეტალურად აუხსნეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა და ადგილზე (მის: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №18) აჩვენეს თუ რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჰქონდა ნაწარმოები. 2018 წლის 22 აგვისტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე გადამოწმებისას №87 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მოქალაქე თ-ემ არც პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა უნებართვო მშენებლობა და ვერც მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა. ამასთან, შემოწმების აქტი არ ჩაიბარა, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აქტი გამოაკრეს საცხოვრებელი სახლის კარებზე.

კასატორის განმარტებით, 2018 წლის 2 აგვისტოს მითითება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ჩაიბარა მოსარჩელემ და აღნიშნულით დაადასტურა უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი. მითითების შედგენის დროს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო მოსარჩელის მამა, რომელიც გარდაცვლილია და შესაბამისად, დაჯარიმდა მოსარგებლე - ბ. თ-ე. საყურადღებოა, რომ საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 1 ივნისის განცხადებით მოსარჩელე - ბ. თ-ე სარეგისტრაციო სამსახურში ითხოვდა უფლების რეგისტრაციას უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ...ის №18. 2017 წლის 15 ივნისს სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოთხოვნილ იქნა ხარვეზის შესავსებად დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც ბ. თ-ის მიერ არ აღმოიფხვრა და შესაბამისად, შეწყდა წარმოება. ასევე საყურადღებოა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ბ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას ბ. თ-ის წარმომადგენელის - ა. თ-ის განცხადება, რომ მისი მარწმუნებელი მხოლოდ ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და შესაბამისად, ვერ იქნებოდა მესაკუთრე.

4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, განუხილველი დარჩა ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 4 სექტემბრის №ბ10.02182475 ბრძანებით მოსარჩელე ბ. თ-ე დაჯარიმებულ იქნა 3000 ლარით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტებმა მოახდინეს, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №18-ში მდებარე ბ. თ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიშენების გადამოწმება. მოქალაქე ბ. თ-ეს მიეცა მითითება №87, რათა 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა საცხოვრებელ სახლზე მიშენებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, სამშენებლო დოკუმენტების პროექტი და მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან მოეხდინა ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟი. შემოწმების №87 აქტით დადგინდა, რომ მოქალაქე ბ. თ-ემ მითითებით განსაზღვრულ ვადაში, ვერ წარადგინა საცხოვრებელ სახლზე მიშენებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, ასევე ნაწარმოებ მშენებლობას არ ჩაუტარა დემონტაჟი (ს.ფ 20-21, 32, 33); ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 იანვრის №35 ბრძანებით ბ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 4 სექტემბრის №ბ10.02182475 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 28-29).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს, მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, კანონმდებელი სამართალდამრღვევ სუბიექტებად მოიაზრებს როგორც მშენებლობის მწარმოებელ პირს, ასევე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მოსარგებლეს, მათ შორის დამკვეთს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში. საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ, მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის/მოსარგებლისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი (კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის). გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია დადგინდეს მშენებლობის განხორციელების დრო, რამეთუ სხვადასხვა პერიოდში კანონმდებლობა ითვალისწინებდა მშენებლობის განხორციელებისთვის განსხვავებულ წინაპირობებს, კერძოდ, გარკვეულ პერიოდში კანონმდებლობა პირს არ აკისრებდა მშენებლობის დაწყებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულებას (არათუ მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმის მასალებით არ დგინდება, რა სახის უნებართვო მშენებლობა/რეკონსტრუქცია იქნა განხორციელებული ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №18-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს №87 მითითებასა და 2018 წლის 22 აგვისტოს შემოწმების აქტში საუბარია მხოლოდ რეკონტრუქციის, მიშენების განხორციელებაზე, თუმცა რაში გამოიხატა აღნიშნული და სახლის რომელ ნაწილზე იქნა ნაწარმოები უნებართვო მშენებლობა, დოკუმენტებში მითითებული არ არის. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია რა პერიოდში იქნა განხორციელებული უნებართვო მშენებლობა, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა მშენებლობის ნებართვას და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული სამართალდარღვევას. საგულისხმოა, რომ ბ. თ-ე მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარშივე მიუთითებდა, რომ გაუგებარი იყო, რომელ მიშენებაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნული გარემოება შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს, რომ ბ. თ-ე დაჯარიმდა როგორც ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №18-ში მდებარე უძრავი ქონებით მოსარგებლე. მართალია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება მოსარგებლეზეც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის მწარმოებელი პირის დასადგენად განხორციელებული მოქმედებები. საგულისხმოა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს №87 მითითებასა და 2018 წლის 22 აგვისტოს შემოწმების აქტში საუბარია ბ. თ-ის მხრიდან რეკონსტრუქციის/მიშენების განხორციელებაზე, ხოლო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბ. თ-ე წარმოადგენს მოსარგებლეს. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მხრიდან საქმის გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. მოპასუხე მხარე ვალდებულია სადავო საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია