Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1224(კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. კ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 25 დეკემბერს დ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა:
1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს საქალაქო სერვის - ცენტრის სოციალური აგენტის 2023 წლის 29 სექტემბრის შეწყვეტის ოქმისა და დ. კ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ნოემბრის SSA 9 23 01259716 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დ. კ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 41440, აღდგენის შესახებ (ს/კ ...);
1.4. მოპასუხისათვის დ. კ-ის ოჯახის სასარგებლოდ ფულადი სოციალური დახმარების ანაზღაურების დაკისრება 50 ლარის ოდენობით 2023 წლის ოქტომბრის თვიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დ. კ-ისათვის მიუღებელი კომუნალური სუბსიდიის, თვეში 106 ლარის ოდენობით, გადახდის დაკისრება 2023 წლის ოქტომბრიდან (კანონით დადგენილი წესით ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს საქალაქო სერვის-ცენტრის სოციალური აგენტის 2023 წლის 29 სექტემბრის შეწყვეტის ოქმი, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დ. კ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ნოემბრის SSA 9 23 01259716 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. კ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 41440, აღდგენის შესახებ (ს/კ ...); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა დ. კ-ის ოჯახისთვის ფულადი სოციალური დახმარების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით 2023 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა დ. კ-ისათვის მიუღებელი კომუნალური სუბსიდიის - თვეში 106 ლარის გადახდა 2023 წლის ოქტომბრიდან (კანონით დადგენილი წესით ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ბენეფიციარს წარმოადგენდა, რომელიც 2005 წლიდან ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. მისი სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 41 440-ით და სახელმწიფოსგან შემწეობის სახით იღებდა 60 ლარს. საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილებები ცხადყოფდა, რომ მოსარჩელეს არაერთი დავა ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ზიანის ანაზღაურების კუთხით, სადაც სასამართლოებმა გაიზიარეს დ. კ-ის პრეტენზია.
განსახილველ შემთხვევაში, 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილი „ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სადავო ოქმის მიხედვით, 2023 წლის 15 სექტემბერს დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება. ამავე ოქმით 2023 წლის 29 სექტემბერს დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი მხრიდან სოციალური აგენტისათვის ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის შესახებ და არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მასზედ, რომ დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა სასამართლოს ისეთ მტკიცებულებაზე, რითაც დადასტურდებოდა დ. კ-ის მიერ სოციალური აგენტისათვის ხელის შეშლა, მოსარჩელე კი ამ გარემოებას კატეგორიულად უარყოფდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სოციალურმა აგენტმა ოჯახში ვიზიტი განახორციელა კანონმდებლობის საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, წარმოადგინა საკუთარი თავი, განმარტა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა. სოციალურ აგენტს უნდა შეეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
კასატორის პოზიციის თანახმად, მოსარჩელემ სოციალურ აგენტს ხელი შეუშალა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულებაში. სოციალურმა აგენტმა მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რასაც მოჰყვა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (რეგისტრაციის ერთწლიანი შეზღუდვით - ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას). აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება.
მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს : ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა; გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში; დ) თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს; ე) ოჯახის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში (დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება (ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა, ოჯახის წევრის სპეციალიზებულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;) ; ვ) ოჯახს, რომელიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე არ იღებს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს, შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ბოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ოჯახის იდენტიფიკაცია, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. 3. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს. 4. ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა; ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ; დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის); 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ. 6. ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით; დ) სრულყოფილი, ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახის წევრების რაოდენობის და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე, აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრის სამ თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის თაობაზე. სამთვიანი ვადის ამოწურვის თვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი თვის ვადაში (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ); ვ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრ(ებ)ი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება: ზ.ა) ერთწევრიანი ოჯახის შემთხვევაში; ზ.ბ) 2 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი არამომუშავე შრომისუნარიანი წევრია.
ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევებში თუ - ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის (საქმე 3/2167-21) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე დ. კ-ისთვის 3 წლის, კერძოდ, 2017 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, კომუნალური სუბსიდიის - 1 290 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმე №ბს-183(კ-23), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №04-418/ო ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დ. კ-ის №3/4970-18 საქმეზე 2019 წლის 19 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, დ. კ-ის ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გაუუქმდა რეგისტრაცია; ცნობად იქნა მიღებული, რომ განხორციელდა დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 19 აგვისტოს ცენტრალიზებულად შეწყვეტილი რეგისტრაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დ. კ-ის ოჯახს აღუდგა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2014 წლის 6 დეკემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის შესაბამისად. დ. კ-ის ოჯახს აუნაზღაურდა ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 2017 წლის მაისის თვიდან 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (2020 წლის 29 ივნისამდე) პერიოდის გათვალისწინებით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 13 დეკემბრის SSA 0 23 01338548 ბრძანების თანახმად, სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტს დაევალა დ. კ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 მაისის თვიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, მიუღებელი (ზიანის სახით) 3 წლის კომუნალური სუბსიდიის 1 290 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, რომლის მიხედვით, დ. კ-ის ოჯახში 2023 წლის 27 აგვისტოს განხორციელდა ვიზიტი, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ... ქუჩა №8-ბ. 2023 წლის 27 აგვისტოს აღნიშნულ მისამართზე არავინ დახვდათ. 2023 წლის 15 სექტემბერს დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება. 2023 წლის 29 სექტემბერს დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის-ცენტრის (ვაკე- საბურთალო) 2023 წლის 31 ოქტომბრის SSA 5 23 01156879 წერილით დ. კ-ს ეცნობა, რომ 2023 წლის 27 აგვისტოს მისამართზე ქალაქ თბილისში, ... ქ. №8ბ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, ვიზიტი განახორციელა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სერვის-ცენტრის (ვაკე-საბურთალო) სოციალურმა აგენტმა. გადამოწმების საფუძველი -„6 - წლიანი გადასამოწმებელი ოჯახების გენერაციის მე-2 ეტაპი“ (01.08.2023წ.). პირველი ვიზიტის დროს 2023 წლის 27 აგვისტოს, ვერ მოხერხდა მისამართის იდენტიფიცირება (ვინაიდან იმავე ნომრებით არსებობდა რამდენიმე სახლი) და ასევე ვერ შედგა მასთან სატელეფონო კავშირიც. მეორე ვიზიტი განხორციელდა 2023 წლის 15 სექტემბერს, შემდგომ მეზობლების დახმარებით მოხდა მისამართის დადგენა და შესაბამისად, დ. კ-თან სოციალური აგენტის შეხვედრა, რა დროსაც კ-მა უარი განაცხადა დეკლარაციის შევსებაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს სააგენტოს წინა წლების გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით, არ ასახავდა მის რეალურ მდგომარეობას, რის გამოც საკითხი გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში და ელოდებოდა პასუხს. 2023 წლის 29 სექტემბერს სოციალურმა აგენტმა, სააგენტოსთან შეთანხმებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის, მე-3 პუნქტით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ვაკის რაიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთან ერთად, კვლავ განახორციელა ვიზიტი მის ოჯახში დეკლარაციის შევსების მიზნით. თუმცა, დ. კ-მა კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა იმოქმედა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-4 თავის მე-14 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და გაფორმდა ოქმი დეკლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ აღნიშნული ბრძანების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებით მას გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლის მანძილზე შეეზღუდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მონაწილეობის მიღება (მოსალოდნელ შედეგზე ადგილზეც იყო გაფრთხილებული სოციალური აგენტის მიერ), მიზეზით-„ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას“.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ნოემბრის SSA 9 23 01259716 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. კ-ის საჩივარი, რომლითაც იგი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვდა მისი ოჯახის (ს/კ ...) მიმართ გატარებული ღონისძიებების მართლზომიერების საკითხის შესწავლას, ასევე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 სექტემბერს შევსებული ოქმის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ბათილად ცნობას და სოციალური დახმარების აღდგენას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის-ცენტრის (ვაკე-საბურთალო) სოციალური აგენტის დ. გ-ას 2023 წლის 28 ნოემბრის SSA 8 23 01267347 მოხსენებითი ბარათით, დ. გ-ამ 6 - წლიანი გრაფიკული სიის საფუძველზე (01/08/2023) განახორციელა ვიზიტი 2023 წლის 29 სექტემბერს დ. კ-ის ოჯახში ... №8 ბ -ში. ამასთან, ვინაიდან, ოჯახს ჰქონდა სასამართლო დავა სააგენტოსთან და დეკლარაცია იყო რთულად შესავსები, ვიზიტი განახორციელა გამგეობის წარმომადგენელთან ერთად, რათა მომხდარიყო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. ვიზიტისას თავის წარდგენის შემდეგ, აგენტმა ითხოვა შეევსო „ოჯახის დეკლარაცია“, რაზეც დ. კ-მა კატეგორიული უარი განაცხადა, (იმ მიზეზით, რომ ჰქონდა დავა სააგენტოსთან), მიუხედავად მისთვის განმარტებისა, რომ აგენტის სახლში არ შეშვება გამოიწვევდა ფორმა №3-ის შევსებას, ერთწლიანი შეზღუდვით სოციალურ პროგრამაში მონაწილეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, უფლებამოსილმა პირმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის №141 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე შეავსო ფორმა №3 („ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას“).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ საარსებო შემწეობის მიზანს ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების, მათ შორის, საკვებით, სასმელი წყლითა და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულის გარეშე შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თავად ადამიანის არსებობაც კი. სოციალური შემწეობის ფუნქციას ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა ამ უკანასკნელის საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს, აგრეთვე სერიოზული დაბრკოლებები ექმნება საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტში მონაწილეობისას. საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტიდან პირის გარიყვა ქმნის სერიოზულ რისკს ე.წ. ჩრდილქვეშ მყოფი საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უარყოფითად აისახება სახელმწიფოს კეთილდღეობაზე (საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; საქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება № 2/3/663 11.05.2018 წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-14 მუხლის (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების წესი) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების უფლებამოსილების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან, სოციალური აგენტისთვის ხელის შეშლა შესაძლოა საფუძვლად დაედოს ისეთი ოჯახისთვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას, რომლისთვისაც ბაზაში რეგისტრაცია და სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კერძოდ, ოჯახის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალების არ მიცემა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების ავტომატური საფუძველია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს და ექვემდებარებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზეზით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, მოხდა მოსარჩელის ძირითად უფლებაში მაღალი ხარისხით ჩარევა და მისი მდგომარეობის არსებითად გართულება. მოსარჩელის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლის მანძილზე შეეზღუდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ხელახალი რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამდენად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსება შესაძლოა დაეფუძნოს მხოლოდ ისეთ გარემოებებს, როდესაც აშკარაა უფლებამოსილი პირისათვის ხელის შეშლა და კუმულატიურად და სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დ. კ-ი სოციალურ აგენტს უმარტავდა, რომ მას ჰქონდა მიმდინარე დავა სასამართლოში. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობა არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაამოწმოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, იმ პირობებში, როცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე/მტკიცებულებაზე რითაც დადასტურდებოდა დ. კ-ის მიერ სოციალური აგენტისათვის ხელის შეშლა და შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია არ არის გამყარებული შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის თაობაზე, რომ დ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ხელშეშლის ფაქტს მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელეს არაერთი დავა ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ზიანის ანაზღაურების კუთხით, სადაც სასამართლოებმა გაიზიარეს დ. კ-ის პრეტენზია, რაც მიუთითებდა მისი ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საფუძვლიანობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. აღნიშნული კი, სადავო აქტის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს ქმნიდა.
შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. შონია


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. მაკარიძე