Facebook Twitter

საქმე ბს-1325(კს-24) 09 დეკემბერი, 2024 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - გ. კ-ი, ე. კ-ი, მ. კ-ი, ა. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გენერალური პროკურატურა

გასაჩივრებული განჩინებები:

- მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2024წ. განჩინება;

- სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2024წ. განჩინება (საქმე №ბ-1250-6(ბ-24));

- ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2024წ. განჩინება (საქმე №ბ-1250-7(ა-24))

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოსამართლის აცილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა 23.06.2004წ. სარჩელით მიმართა აჭარის ა.რ. უმაღლეს სასამართლოს გ. კ-ის, ა. კ-ის, გ. კ-ის, ე. კ-ის და მ. კ-ის მიმართ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.07.2004წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ის, ე. კ-ის, გ. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.07.2004წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ის და ა. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-იმა 19.07.2019წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, კერძოდ, განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ის და ა. კ-ის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2020წ. განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ის და ა. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება მიღებული იქნა შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე, ა. წულაძე.

გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ის და ა. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-იმა 14.08.2024წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ასევე მოითხოვა 03.12.2020წ. განჩინების მიმღები მოსამართლეთა შემადგენლობის აცილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2024წ. განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის შუამდგომლობა მოსამართლე მ. ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება მიღებული იქნა მოსამართლეების გ. აბუსერიძის და ბ. სტურუას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2024წ. განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2024წ. განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

გ. კ-ის, ე. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-იმა 20.11.2024წ. კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო სასამართლოს 19.09.2024წ. განჩინებისა და განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ 24.10.2024წ. განჩინებების გაუქმების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სსკ-ის 429-ე-430-ე მუხლები ადგენს საქმის განახლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანის შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ძირითად დებულებას - ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი სასამართლოს უფლებით. საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საჩივრის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ეროვნულ სასამართლოებში ყველა სამართლებრივი საშუალებების გამოუყენებლობა, შესაბამისად გასაჩივრებულ განჩინებებზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 429-ე-430-ე მუხლებით მინიჭებული უფლება გასაჩივრების თაობაზე. მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო, ვინაიდან მოსამართლე მ. ვაჩაძის არაერთი ქმედება მიუთითებს მის პირად დაინტერესებაზე, მიკერძოებაზე, მის მიერ საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევაზე. გასაჩივრებული 28.10.2004წ. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლე მ. ვაჩაძეს უნდა შეენიშნა, რომ არასრულწლოვანი მ. კ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დაყენებული, რის გამო მის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ასევე მხარეებს არ ჰქონდათ ჩაბარებული საქმის მასალები, 24.06.2004წ. სარჩელი ჩაბარდათ არაუფლებამოსილ ადვოკატებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვან მ. კ-ის და ა. კ-ის წარმომადგენლები არ ჰყოლიათ, საკასაციო სასამართლოს მითითების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი გ. კ-ის მიერ გაიცა სათანადო რწმუნებულებები, შესაბამისად საკასაციო პალატას საქმე მომზადების სტადიიდან განსახილველად უნდა დაებრუნებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის, აგრეთვე საქმეში წარდგენილი შემოსავლის ამსახველი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრების თითქმის ხუთჯერ მეტი ოდენობის შემოსავლების არსებობას. გ. კ-ი გამართლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2019წ. განაჩენით. საკასაციო სასამართლოს 28.10.2004წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გამამართლებელი განაჩენის მიღებამდე გასული იყო სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ხუთწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე მ. ვაჩაძემ 2019 წლის ივლისში საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დასაშვებად მიიჩნია, შესაბამისად მან მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ჯერ განცხადების დასაშვებად ცნობის, შემდეგ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორებმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითეს სსკ-ის 422.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიზნად ისახავს იმ დარღვევების გამოსწორებას, რასად ადგილი ჰქონდა საქმის განხილვის დროს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ მიეთითა არასრულწლოვანი მ. კ-ი, რომლის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობდა, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე სარჩელი ჩაბარდა პირს, რომელიც იმ დროისთვის მოპასუხეთა წარმომადგენელი არ ყოფილა, მოპასუხეებს სარჩელი არ ჩაბარებიათ, 2004 წლის 23 ივლისამდე არც ერთ მოპასუხეს არ ჰყოლია წარმომადგენელი, მხარეებს პაექრობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, არ დაკითხულა მოწმეები. ყველა ჩამოთვლილი დარღვევა ქმნიდა საკასაციო სასამართლოს მიერ 28.10.2004წ. არა არსებითი გადაწყვეტილების მიღების, არამედ ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის მოსამსაზადებელი სტადიიდან საქმის დაბრუნების საფუძველს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე. 2004წ. სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა გ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, შესაბამისად 17.06.2019წ. გამამართლებელი განაჩენით აღნიშნულ სარჩელს საფუძველი გამოეცალა. დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე საქმეებზე სარჩელის აღძვრის დროს კანონი პროკურორს ავალდებულებს მტკიცებულებების წარდგენას, თუმცა პროკურორმა დამალა გამოთხოვილი მტკიცებულებები, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული საგადასახადო სამსახურის მიერ გაცემული ცნობით. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის უფლება მხარეს მიენიჭა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 07.06.2024წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ; ბ) სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი. ამდენად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როდესაც მხარეებმა გაიგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.06.2024წ. გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად, განცხადებების განხილვის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკასაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით განცხადებით მოთხოვნილი საკასაციო სასამართლოს 26.07.2019წ. და 03.12.2020წ. განჩინებების გაუქმებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გ. კ-ის, ე. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.2004წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ის, ე. კ-ის, გ. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.07.2004წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული 28.10.2004წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის პროცესუალური უფლებამოსილება გააჩნდა სწორედ გადაწყვეტილების გამომტან - საქართველოს უზენაეს სასამართლოს. გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ის და ა. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-იმა 14.08.2024წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საკასაციო სასამართლოს 28.10.2004წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების, ასევე მოსამართლის აცილების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლოს 19.09.2024წ. განჩინებით შუამდგომლობა მოსამართლე მ. ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო 24.10.2024წ. განჩინებებით ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება დარჩა განუხილველი. განმცხადებლებს აგრეთვე განემარტათ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 419.1 მუხლის დათქმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად კერძო საჩივარს იხილავს არა გასაჩივრებული განჩინების მიმღები, არამედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. საქართველოს საერთო სასამართლოებია რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 2.1 მუხ.), საიდანაც საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო (14.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინებები მიღებულია საბოლოო ინსტანციის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ხოლო საკასაციო ინსტანციის განჩინებები საბოლოობის და მისი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს არარსებობის გამო კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებას, ზოგადი წესის თანახმად აღნიშნული განჩინება დამოუკიდებლად, კერძო საჩივრით არ საჩივრდება და შესაძლებელია გასაჩივრდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იმისგან დამოუკიდებლად დასაშვებია თუ არა მის მიმართ კერძო საჩივრის შეტანა (სსკ-ის 36, 377.3, 404.2 მუხ.), შესაბამისად საბოლოო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დაუშვებლობა გამორიცხავს წინმსწრები განჩინების, მათ შორის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორების მითითება სსკ-ის 429-ე და 430-ე მუხლებზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგენს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ის 264-ე მუხლის ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 28.04.2020წ. №ას-1574-2019). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხ.) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხ.) კანონიერი ძალა, პირველი შემთხვევა გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება (სუსგ 24.12.2020წ. №ბს-523-523(2კ-18)). კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი (Brumarescu v. Romania GC, §61). აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უცვლელობა და საბოლოო ხასიათი. სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ, ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს („ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, 27.05.2010წ., §53). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-19, 25-ე პ.). განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი წარმოდგენილია საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ. კ-ის, ე. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ის, ე. კ-ის, მ. კ-ის და ა. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე