Facebook Twitter

ბს-353 (კ-24) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 03.10.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ა. პ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 28 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8 400 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 11.07.2023წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. პ-ს დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2023წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ა. პ-ს შორის 13.01.2017წ. გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“ - 8 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.01.2017წ. №MOD 6 17 00000103 ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის I კურსის იუნკერი - რიგითი ა. პ-ი 2017 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნა ...ში (ქ. ...ი) დაგეგმილ უმცროს ოფიცერთა წვრთნისა და განათლების კურსზე დასასწრებად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 24.07.2020წ. № MOD 6 20 00004475 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.01.2017წ. № MOD 6 17 00000103 ბრძანებაში, მივლინების თარიღები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2017 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, 2018 წლის 7 იანვრიდან 2018 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით და 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2020 წლის 27 ივლისის ჩათვლით“. 23.05.2022წ. ა. პ-მა № MOD 7 22 00577253 პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სურდა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 14.06.2022წ. №MOD 8 22 00002396 ბრძანებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის დებულების’’ XVI თავის მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.12.2018წ. №MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...-ე საარტილერიო ბატალიონის I საარტილერიო რეაქტიული ბატარეის I საცეცხლე ოცეულის მეთაური (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“; შტატი №...; გვარეობის კოდი: ...), ლეიტენანტი ა. პ-ი (სსსკ ძირითადი: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 წლიდან ა. პ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 5 წელს, 5 თვეს და 2 დღეს, რის გამოც იგი ექცევა ხელშეკრულების 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში.

სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ა. პ-ის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, კრედიტორს მიენიჭა პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლება, თუმცა, ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას და პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით განსახილველ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სკ-ის 420-ე მუხლის მოქმედება, ვინაიდან მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ “სამხედრო სამსახურის დებულების” მე-18 თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით დატოვება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ათობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაკისრებული აქვს იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის სრული ოდენობის ანაზღაურების ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.06.2022წ. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ № MOD 4 22 00684918 ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ა. პ-ის ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 5 წელი, 5 თვე და 2 დღე.

განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარება შემცირებას.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად.

სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ.) 2.14 მუხლის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. პ-ს შორის 13.01.2017წ. დადებული კონტრაქტის ფორმა („ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.02.2006წ. №53 ბრძანებით.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტის სახის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დებულების მე-18 თავს 11 პუნქტი დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022წ. №505 დადგენილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ა. პ-ს შორის კონტრაქტი დაიდო სამხედრო სამსახურის დებულებაში აღნიშნულ დამატებამდე, კერძოდ, 13.01.2017წ., რომელიც შეწყდა 14.06.2022წ. ა. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებით და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნით.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, მხარეთა შორის კონტრაქტის დადებისა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეთანხმების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ეწინააღმდეგება დათქმას, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ა. პ-ის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ა. პ-ის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე იმაზე მითითებით, რომ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევის გამო ათობით სამხედრო მოსამსახურეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაკისრებული აქვთ ჯარიმის სრული ოდენობის ანაზღაურების ვალდებულება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობების არსებობა ფასდება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შესაბამისად, შემცირების საფუძვლებიც (მაგ. ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა. შ.) ინდივიდუალურად ფასდება. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რომელთაც შეფასების შედეგად წყდება ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკიხთი, შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ სხვა დავებში სამხედრო მოსამსახურეებს დაეკისრათ ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით, არ ქმნის მოპასუხისთვის იმავე ოდენობის თანხის დაკისრების საფუძველს. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. პ-მა 13.01.2017წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 5 წელი, 5 თვე და 2 დღე. შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელების სურვილის არქონის გამო მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ა. პ-მა მოითხოვა პირადი პატაკის საფუძველზე. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, კასატორი არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) ა. პ-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მოვალეობების სისტემატურად, ხარისხიანად და მაღალ დონეზე შესრულებისათვის წახალისების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის სრულად დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი