Facebook Twitter

ბს-565 (კ-24) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჟ-მა 27.06.2023წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა მ. ჟ-ისათვის 2023 წლის 01 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 04.05.2023წ. SSA 5 23 00472914 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.05.2023წ. SSA 3 23 00556612 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მ. ჟ-ისათვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემელის პენსიის აღდგენის შესახებ - ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2023წ. გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 04.05.2023წ. SSA 5 23 00472914 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ჟ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 01 მაისიდან შეწყვეტის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.05.2023წ. SSA 3 23 00556612 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სახელმწიფო გასაცემლის აღდგენისა და სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) მ. ჟ-ისათვის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მ. ჟ-ი 2009 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (...ის) პოზიციაზე. სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის საფუძვლით მ. ჟ-ს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია.

პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, მითითებულია, რომ სააგენტოს სტუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, სადაც დასაქმებულ პირებზე შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მ. ჟ-ი წარმოადგენს სსიპ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში და არა მუზეუმში დასაქმებულ პირს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ...ში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ჟ-ი არის მუზეუმში დასაქმებული პირი, არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ...ი წარმოადგენს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს. კასატორთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად, სააგენტო სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულებების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდება სახელმწიფო გასაცემელის მიღების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით მ. ჟ-ი 2009 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (...ის) პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.05.2023წ. SSA 5 23 00472914 წერილით მ. ჟ-ს განემარტა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ჟ-ი (პ/ნ ...) დასაქმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რაც კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად მას არ უცნობებია სააგენტოსთვის. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო გასაცემელი არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მ. ჟ-ს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი.

აღნიშნული აქტი მ. ჟ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.05.2023წ. SSA 3 23 00556612 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კანონით დადგენილი პირობით ეზღუდება სახელმწიფო გასაცემელის მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს მ. ჟ-ისთვის 2023 წლის 01 მაისიდან სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტისა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საქმიანობის საჯარო საქმიანობად მიჩნევის კანონიერება.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.3 მუხლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი, რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების 1.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი. ამავე დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). 8.2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებია: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი; ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; გრემის მუზეუმი; მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, ხოლო 8.3 მუხლის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; მონიტორინგის სამსახური; იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ადმინისტრაცია (სამსახური); შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ეკონომიკური სამსახური; საინფორმაციო სისტემების სამსახური; ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

როგორც უკვე აღინიშნა მ. ჟ-ი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში, რომელიც მითითებულია დებულების 8.2 მუხლის ჩამონათვალში, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორთა მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა მიიჩნევა საჯარო საქმიანობად და საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო გასაცემელის მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში დაცულ საჯარო სამსახურის ბიუროს 06.07.2023წ. №გ6214 წერილზე, რომლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და ასევე, არ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურის/მოხელის სტატუსის მქონე პირად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მ. ჟ-ი არის მუზეუმში დასაქმებული პირი, იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი