№ბს-689(2კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. ს-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 20 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის №EL084347 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც სანქციის სახით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება №8194/2/2019 საჩივარზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება №8194/2/2019 საჩივარზე. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
4.1. კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ს. ს-ის მიმართ სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 20 იანვარს შედგენილია №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2019 წლის 20 მარტს გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში, არც სამართალდარღვევის პირის ხელმოწერისთვის განკუთვნილ გრაფაში და არც ოქმის ჩაბარების აღმნიშვნელ გრაფაში არ ფიქსირდება ს. ს-ის ხელმოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ს. ს-ისთვის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად საგადასახადო ორგანოებმა არამართებულად ჩათვალეს 2019 წლის 20 იანვარი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის 08.05.2019წ. №49182-21-10 წერილის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ს. ს-ს ჩაბარდა ხელზე, რაც დასტურდება ოქმის მე-10 გრაფაში (ჩავიბარე ოქმი) არსებული მისივე ხელმოწერით. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ს. ს-მა ჩაიბარა სადავო ოქმი, რასაც ადასტურებს თავისივე ხელმოწერით. ამდენად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადამხდელს ჩაბარდა ოქმის შედგენის დღეს - 2019 წლის 20 იანვარს, ხოლო გასაჩივრების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 19 თებერვალს. საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2019 წლის 20 მარტს. შესაბამისად, გადამხდელის მიერ დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №8194/2/2019 გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.
4.2. კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL284347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ს. ს-ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, დამალული სიგარეტის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ს. ს-ი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 2019 წლის 20 იანვარს. სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა იწურებოდა 2019 წლის 19 თებერვალს, ხოლო მოსარჩელის მიერ საჩივარი წარდგენილი იქნა 2019 წლის 20 მარტს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა, სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საჩივარი არ განიხილა, რაც განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.
კასატორის მითითებით მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რა უნდა იყოს მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მე-8 და მე-10 გრაფაში, კერძოდ, ოქმის მე-8 გრაფაში მიეთითება სამართალდამრღვევი პირი, ხოლო მე-10 გრაფაში სამართალდამრღვევი პირი აწერს ხელს იმის დასტურად, რომ ოქმი ჩაიბარა. გასაჩივრებულ ოქმში მითითებულია სამართალდამრღვევი პირის სახელი და გვარი, ხოლო მე-10 გრაფაში „ჩავიბარე ოქმი-ს“ გასწვრივ დაფიქსირებულია ს. ს-ის ხელმოწერა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა: 1. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69003/200119/01 აქტი; 2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69003028347 დოკუმენტი; 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №AL010001 ოქმი. აღნიშნულ აქტებზე არსებული ხელმოწერა ემთხვევა გასაჩივრებულ №EL084347 სამართალდარღვევის ოქმზე არსებულ ხელმოწერას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ს. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 20 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის EL084347 ოქმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც სანქციის სახით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალება. გასაჩივრებული ოქმის მე-4 გრაფაში მითითებულია, რომ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის გამო ს. ს-ი დაჯარიმდა სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, დამალული სიგარეტის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. 2019 წლის 18 თებერვალს სამართალდამრღვევი პირის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხულია 1000 ლარი (სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმა). თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ს. ს-ი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სათანადოდ არ განემარტა უფლებები და კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა EL084347 სამართალდარღვევის ოქმი, რაც გაითვალისწინა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლომ და დააკმაყოფილა მისი სარჩელი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის საკითხი, რომ თუ პირისთვის არ განუმარტავთ მისი უფლებები, თუ პირმა ვერ გაიგო სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, თუ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი, რატომ არ მოითხოვა თავიდანვე ოქმის არა ნაწილობრივ, არამედ სრულად ბათილად ცნობა იმავე საფუძვლებით და რატომ იქნა მისი მხრიდან გადახდილი ჯარიმის თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს თან ერთვოდა სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ მოწმობს იმაზე, რომ ს. ს-ს ოქმი ჩაბარებული აქვს სათანადო წესით და ასევე, გასაგები იყო ოქმის შინაარსი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა არა მხოლოდ ავტომობილის ჩამორთმევის ნაწილს, არამედ სანქიის სახით განსაზღვრულ 1000 ლარსაც.
კასატორის განმარტებით, მებაჟე-ოფიცერი არის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლს და მის უფლება-მოვალეობებში არ შედის სამართალდამრღვევი პირისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა. სადავო შემთხვევაში ავტომობილის ჩამორთმევა არ წარმოადგენდა უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებას. ავტომობილის ჩამორთმევა არის ცალკე სანქცია, რომელზედაც დგება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აქტი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში, ისევე როგორც ავტომობილის ჩამორთმევის აქტში დაფიქსირებულია, რომ ჩამორთმევა არის განყენებული სანქცია და ფულადი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს არ უნდა ჰქონოდა მცდარი წარმოდგენა ტრანსპორტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არც აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანხმად, 2019 წლის 20 იანვარს ს.გ.პ. „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შევიდა OPEL ASTRA-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქართული სახ.ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. ს-ი. მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი, მან უარყოფითი პასუხი გასცა. ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას, ავტომანქანის სალონში წინა სათავსოს უკან (ე.წ „ტორპედო“), აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული სიგარეტი „BLACK“ 50 კოლოფი და სიგარეტი „GARNI“ 30 კოლოფი. აღნიშნული ფაქტის გამო ს. ს-ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, დამალული სიგარეტის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე, არც სამართალდამრღვევი პირის გრაფაში და არც ოქმის ჩაბარების გრაფაში არ ფიქსირდება ს. ს-ის ხელმოწერა (ს.ფ 29-30); ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 20 იანვრის №AL010001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2019 წლის 20 იანვარს ს.გ.პ. „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შევიდა OPEL ASTRA-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქართული სახ.ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. ს-ი. ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩნდა, რომ მძღოლი მალულად გადაზიდავდა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებულ საქონელს აქციზური მარკების გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „BLACK“ 50 კოლოფი და სიგარეტი „GARNI“ 30 კოლოფი, რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანის სალონში არსებული მცირე სათავსოს უკან. აღნიშული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა ს. ს-ს, რაც დასტურდება ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამის გრაფაში მისი ხელმოწერით (ს.ფ. 31-32). მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით №4/ა-34-19 საქმეზე ს. ს-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 200 ლარი (ს.ფ. 37-40); გ) ს. ს-მა 2019 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2019 წლის 20 იანვარს ჩამორთმეული ავტომობილის დაბრუნება (ს.ფ. 34). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების თანახმად, გადამხდელი სადავო აქტს გაეცნო 2019 წლის 20 იანვარს. ამდენად, სადავო აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის დღეს წარმოადგენდა 2019 წლის 19 თებერვალი. მომჩივნის მიერ საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 20 მარტს. შესაბამისად, საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (ს.ფ. 35-36); დ) ს. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანების გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივანს საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევაზე არგუმენტი არ წარმოუდგენია. საბაჟო დეპარტამენტის 08.05.2019 №49182-21-10 წერილის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის №EL084347 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ს. ს-ს ჩაბარდა ხელზე, რაც დასტურდება ოქმის მე-10 გრაფაში (ჩავიბარე ოქმი) არსებული მისივე ხელმოწერით. ამდენად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადამხდელს ჩაბარდა ოქმის შედგენის დღეს 2019 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, გასაჩივრების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 19 თებერვალს. საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2019 წლის 20 მარტს. ამდენად, გადამხდელის მიერ დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მომჩივანს არ წარმოდუგენია მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, ასევე, ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 12.04.2019 წლის №10914 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი (ს.ფ 4-7).
საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ს. ს-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად. ამავე მე-8 ნაწილის თანახმად კი, დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.
ზემოაღნიშნული კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №10914 ბრძანებით ს. ს-ის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ გადამხდელი სადავო აქტს გაეცნო 2019 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2019 წლის 19 თებერვალს. მომჩივნის მიერ კი საჩივარი წარდგენილ იქნა 2019 წლის 20 მარტს. აღნიშნული ბრძანება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალების თანახმად, უტყუარად არ დასტურდება ს. ს-ისთვის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რის გამოც აღნიშნული ოქმის გასაჩივრების ვადის ათვლა 2019 წლის 20 იანვრიდან მოკლებულია საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა ს. ს-ის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების მოტივით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია