Facebook Twitter

საქმე #ბს-831(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 6 ივნისს ს. ს-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 22 დეკემბერს მის სახელზე გაიცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის #3/1104-21 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 26 აპრილამდე. მითითებული გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელის სახელზე 2022 წლის 22 დეკემბერს გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი სახით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არსებობს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე შეწყვეტილი ჰქონდა, სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704/05 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 6 აპრილს გაცემული #1000737704 საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეს გაუუქმდა საქართველოში ბინადრობის უფლება.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ს. ს-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს. ს-ის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მართალია, სააგენტოს ევალებოდა ს. ს-ის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთ დღეს მიიღო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. კერძოდ, სააგენტომ განიხილა ს. ს-ის განცხადება და მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე...) და მის მიმართ არ არსებობდა ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, რის შედეგადაც, სააგენტომ მოსარჩელეს გაუგრძელა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. თუმცა სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ცნობილი იყო უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. ამასთან, ორგანოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომ ამ აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდებოდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააგენტომ იმავე დღეს გამოსცა მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ბინადრობის ნებართვის 2023 წლის 6 აპრილამდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ ს. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ...) გასხვისებული იყო.

შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბინადრობის ნებართვას ვადა 2023 წლის 16 დეკემბრამდე ჰქონდა, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პირობებში, ამ აქტების გამოცემამდე მისთვის ცნობილი გარემოების საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს გაუუარესა უფლებრივი მდგომარეობა და ს. ს-ის 2023 წლის 6 აპრილიდან ავტომატურად გაუქმებულად ჩაუთვალა ბინადრობის ნებართვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ს. ს-ის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნორმის გამოყენება ხდება იმ პირობებში, როდესაც ახალი ბინადრობის ნებართვა ძალაშია, მოქმედებს და ფარავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას. მოცემულ შემთხვევაში კი, ბინადრობის ახალი ნებართვა მხოლოდ ფორმალურად გაიცა, რომელმაც გადაფარა გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადა. თუმცა სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ აქტის გამოცემამდეც ნათელი იყო, რომ იგი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, რასაც ადასტურებდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის წერილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე, შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ს. ს-ის 2023 წლის 14 მარტის #01/59471 და 24 მარტის #01/710116 წერილით ეცნობა, რომ სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის #1000846168 გადაწყვეტილებით მის მიმართ გაიცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 16 დეკემბრამდე.

კასატორი მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას.

შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში, 2023 წლის 16 დეკემბრამდე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა გამოცხადდებოდა ძალადაკარგულად.

კასატორის მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.

კასატორის განმარტებით, 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილება (რომელიც გაიცა სასამართლოს დავალების საფუძველზე) 2023 წლის 6 აპრილის #1000737704/5 გადაწყვეტილებით (მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ს. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის საფუძველზეც მან სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე მიმართა, გასხვისებული იყო.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს იმის შესახებ, რომ რამდენადაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილება, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ უნდა გავრცელებულიყო შრომითი ბინადრობის ნებართვასთან მიმართებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი განმარტავს, რომ კანონის დანაწესის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირზე გაიცემა სხვა ბინადრობის ნებართვა, ადრე გაცემული ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად ითვლება. შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლოს დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გავრცელებულიყო ზემოაღნიშნული დანაწესი სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის #1000846168 გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სასამართლომ სააგენტოს დაავალა მოსარჩელის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა გაურკვეველია, თუ რა ვადით უნდა გასცეს ადმინისტრაციულმა ორგანომ შრომითი ბინადრობის ნებართვა, მაშინ, როდესაც კანონის საფუძველზე გაუქმებული სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის #1000846168 გადაწყვეტილებით შრომითი ბინადრობის ნებართვა გაცემული იყო 2023 წლის 16 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2024 წლის 21 ნოემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა გადაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ს. ს-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის #1000594410 გადაწყვეტილებით ს. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მასზე გაიცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 15 მარტამდე. სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის #1000652977 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ს-ის განცხადება და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მას 2020 წლის 21 თებერვლამდე გაუგრძელდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის #1000699490 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ს. ს-ის განცხადება და მას საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 5 თებერვლამდე გაუგრძელდა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 თებერვლის #10000737704 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ს-ის 2021 წლის 14 იანვრის განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის #1000846168 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ს-ის განცხადება და მასზე გაიცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 16 დეკემბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #3/1104-21) ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 თებერვლის #10000737704 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს. ს-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ს. ს-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების საკითხი და მიიჩნია, რომ არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილებით ს. ს-ის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 6 აპრილამდე გაუგრძელდა. ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია, რომ იგი მიღებული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

იმავე დღეს, 2023 წლის 6 აპრილს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს #1000737704/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ს-იზე გაიცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 6 აპრილიდან. ძალადაკარგულად გამოცხადება სააგენტომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ორგანოსათვის ცნობილი გახდა ს. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ...) გასხვისების თაობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც სააგენტოსათვის ცნობილი იყო აღნიშნული ქონების გასხვისების თაობაზე, რაც დასტურდება სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის წერილით.

ამასთან, სააგენტომ მიიჩნია, რომ 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილების მიღებით (2023 წლის 6 აპრილამდე ვადის გაგრძელების თაობაზე) ავტომატურად ძალა დაკარგა 2022 წლის 22 დეკემბერს გაცემულმა და 2023 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედმა შრომითი ბინადრობის ნებართვამ, რადგან ახალმა ნებართვამ (#1000737704 გადაწყვეტილება - გაცემული 2024 წლის 6 აპრილამდე) მოიცვა და გადაფარა ძველი ნებართვის (2022 წლის 22 დეკემბერს გაცემული ნებართვის - 2023 წლის 16 დეკემბრამდე) მოქმედების ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მართალია, სააგენტოს ევალებოდა ს. ს-ის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთ დღეს მიიღო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. კერძოდ, სააგენტომ განიხილა ს. ს-ის განცხადება და მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე...) და მის მიმართ არ არსებობდა ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, რის შედეგადაც, სააგენტომ მოსარჩელეს გაუგრძელა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. თუმცა საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ცნობილი იყო უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. ამასთან, ორგანოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომ ამ აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდებოდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააგენტომ იმავე დღეს გამოსცა მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის 2023 წლის 6 აპრილამდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ ს. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ...) გასხვისებული იყო.

შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სახელზე გაცემულ შრომითი ბინადრობის ნებართვას ვადა 2023 წლის 16 დეკემბრამდე ჰქონდა, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პირობებში, ამ აქტების გამოცემამდე სააგენტოსათვის ცნობილი გარემოების საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს გაუუარესა უფლებრივი მდგომარეობა და ს. ს-ის 2023 წლის 6 აპრილიდან ავტომატურად გაუქმებულად ჩაუთვალა ბინადრობის ნებართვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, ს. ს-ის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად არის ცნობილი, მოსარჩელის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ამ ნორმის გამოყენება ხდება იმ პირობებში, როდესაც ახალი ბინადრობის ნებართვა ძალაშია, მოქმედებს და ფარავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას. მოცემულ შემთხვევაში კი, ბინადრობის ახალი ნებართვა მხოლოდ ფორმალურად გაიცა, რომელმაც გადაფარა გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადა. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ აქტის გამოცემამდეც ნათელი იყო, რომ იგი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, რასაც ადასტურებდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის წერილი.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავდა მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სააგენტომ, პირიქით, მიღებული გადაწყვეტილებით გააუარესა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებზე. კერძოდ, კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილების ამ სახით შენარჩუნება ართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რამდენადაც გაურკვეველია, თუ რა ვადით უნდა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდანვე უკავშირდებოდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის #1000737704 გადაწყვეტილებით შრომითი ბინადრობის ნებართვის (სააგენტოს 22.12.2022წ. #1000846168 გადაწყვეტილება) ძალადაკარგულად მიჩნევის უკანონობის მტკიცებას. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი, თავისი შინაარსით, მიზნად ისახავს შრომითი ბინადრობის ნებართვით მოცულ პერიოდზე (2023 წლის 16 დეკემბრამდე) მოსარჩელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დადასტურებას.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს დაევალა მოსარჩელის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულია 2023 წლის 8 აგვისტოს - ძალადაკარგულად მიჩნეული შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებობდა მოსარჩელის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის გზით მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება, მიღებულია 2024 წლის 17 აპრილს - შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდგომ. მართალია, სააპელაციო სასამართლოს არ დაუკონკრეტებია უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ფარგლები, თუმცა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, უკანონოდ მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მოსარჩელის სახელზე 2023 წლის 16 დეკემბრამდე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება. პალატამ დაასკვნა, რომ სააგენტოს მხრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩელის ინტერესების საზიანოდ არ უნდა განხორციელებულიყო. იმ პირობებში, როდესაც სააგენტოსათვის იმთავითვე ცნობილი იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არარსებობის თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა მიემართა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც შედეგობრივად მოსარჩელის სახელზე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას განაპირობებდა.

ამდენად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2023 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი შრომითი ბინადრობის ნებართვის 2023 წლის 6 აპრილიდან ძალადაკარგულად ცნობამ მოსარჩელის საქართველოში ყოფნას გამოაცალა კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, მართალია, შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადა 2023 წლის 16 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდგომაც, მოსარჩელეს გააჩნია აღნიშნული ნებართვის ძალადაკარგულად ცნობიდან - 2023 წლის 6 აპრილიდან 2023 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის დადასტურების კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აგვისტოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება კვლავ ინარჩუნებს აქტუალობასა და მნიშვნელობას. მისი აღსრულება ემსახურება მოსარჩელის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ მოსარჩელის ზემოაღნიშნული ინტერესის მხედველობაში მიღებით უნდა წარიმართოს, კერძოდ, შრომითი ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლის მიუხედავად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად ცნობიდან (2023 წლის 6 აპრილიდან) ნებართვის მოქმედების ვადამდე (2023 წლის 16 დეკემბრამდე) მოსარჩელის საქართველოში ყოფნისათვის სათანადო კანონიერი საფუძვლების შექმნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 09.07.2024წ. #16440 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2024წ. #16440 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა