№ბს-1249(2კ-23) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 24 ივლისს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №329 ბრძანების (შპს „...ის“ წარმომადგენლის გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა; 1.3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის საპროექტო მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება; 1.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 ნოემბრის №1624 ბრძანების (შპს „...ის“ დირექტორის, თ. ბ-ის წარმომადგენლის, გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა; 1.6. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის საპროექტო მიწის ნაკვეთზე სასტუმროს ესკიზის შეთანხმების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 და 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №329 და 2020 წლის 20 ნოემბრის №1624 ბრძანებები შპს „...ის“ წარმომადგენლის, გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ...ას და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებზე ს/კ №..., 2018 წლის 3 მაისიდან რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 სექტემბრის №3491322 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ტ-ის 2017 წლის 29 ივნისის №AR1518701 განცხადება და დადგინდა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საოფისე შენობის განთავსების მიზნით. მითითებული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი პარამეტრები განისაზღვრა შემდეგნაირად: კ1=0.7; კ-2=4,6; კ-3=0.2.
2019 წლის 12 მარტს, შპს „...ის“ დირექტორმა თ. ბ-ემ №AR1644813 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მარტის №4411093 ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 სექტემბრის №3491322 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ, საპროექტო ობიექტად საოფისე შენობის ნაცვლად, დაფიქსირდა სასტუმრო.
2019 წლის 19 მარტს, შპს „...ის“ დირექტორმა, თ. ბ-ემ №AR1668192 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის, თ. ბ-ის ზემოხსენებული განცხადება იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია განვითარებული იყო დაბალი განაშენიანებით, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით-მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა იწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას და ირღვეოდა ტერიტორიის ჩამოყალიბებული ბალანსი. ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება უნდა მომხდარიყო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფით. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა მკვეთრად გააუარესებდა არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული ტერიტორიისათვის მიზანშეწონილი იყო დაბალი ინტენსივობით განვითარება. საპროექტო ტერიტორია ნაწილობრივ მდებარეობდა გეოსაშიშროების მაღალი კატეგორიის ზონაში. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ გეოსაშიშროების მაღალი კატეგორია წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც რელიეფი დახრილია (20°-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის, დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.
2019 წლის 15 ივლისს შპს „...ის“ წარმომადგენელმა, გ. კ-მა №19/01191963489-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №329 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ წარმომადგენლის, გ. კ-ის 2019 წლის 15 ივლისის №19/01191963489-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილება.
2020 წლის 29 ივნისს გ. ბ-ამ №AR1756201 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №... მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული ესკიზის (მშენებლობის კონცეფცია) შეთანხმების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ას 2020 წლის 29 ივნისის №AR1756201 განცხადება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული გარემო განვითარებული იყო დაბალი განაშენიანებით, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა იწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას და ირღვეოდა ტერიტორიის ჩამოყალიბებული ბალანსი. ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება უნდა მომხდარიყო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა მკვეთრად გააუარესებდა არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული ტერიტორიისათვის მიზანშეწონილი იყო დაბალი ინტენსივობით განვითარება.
2020 წლის 18 აგვისტოს შპს „...ის“ დირექტორის, თ. ბ-ის წარმომადგენელმა, გ. კ-მა №19/01202312031-10 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 ნოემბრის №1624 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის, თ. ბ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის 2020 წლის 18 აგვისტოს №19/01202312031-10 ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „...ის“ ექსპერტი არქიტექტორის - გ. კ-ას 2019 წლის საექსპერტო შეფასების თანახმად, ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დამუშავებული სასტუმრო კომპლექსის არქიტექტურული პროექტი შესაბამისობაში იყო ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნებთან და მიეცა დადებითი შეფასება განსახორციელებლად.
2019 წლის 11 თებერვლის ... პროექტის - ქ. თბილისი, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ №..., განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ ტერიტორია წარმოდგენილი იყო ხევებით და ნიადაგი იყო კლდოვანი, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავი არ ფიქსირდებოდა. გამწვანების პროექტით კი დეტალურად იყო გაწერილი გასამწვანებელი ფართი, ასევე ჩამოთლილი იყო დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები.
გეოლოგია-მინერალოგიის აკადემიური დოქტორის, პროფესორის - ი. მ-ის 2019 წლის საექსპერტო შეფასების თანახმად, ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ 3737 კვ.მ ფართობზე (ს/კ: №...) ასაშენებელი 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. წარდგენილი ანგარიში იმსახურებდა დადებით შეფასებას და იგი შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
საქართველოს დამსახურებული მშენებლის პროფესორ - რ. კ-ის 2019 წლის 11 მარტის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ (ს/კ: №...) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (სასტუმრო-კომპლექსი) პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებული იყო არქიტექტურული პროექტისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების მიხედვით, პასუხობდა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებსა და სახელმწიფო სტანდარტებს და მას მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი დასკვნა, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას, დაუსაბუთებელი იყო, რატომ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მიერ აღნიშნული დასკვნები ან/და იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაკმარისად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ საჭირო იყო დამატებითი მიზანმიმართული კვლევა კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რატომ არ დაუდგინა ხარვეზი მხარეს და არ მისცა ვადა კონკრეტული მტკიცებულებების წარსადგენად ან დამატებითი კვლევის ჩასატარებლად. მოპასუხე უთითებდა, რომ სადავო აქტები საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით იქნა მიღებული, ვინაიდან საჯარო ინტერესი აღმატებულად დაცვის ღირსი იყო, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა არ იყო ცხადად დასაბუთებული და განმარტებული, თუ რის საფუძველზე მივიდა ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულ დასკვნამდე და საჯარო ინტერესის რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ არქიტექტურის სამსახური განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალების შეფასების შემდეგ, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს მისი კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების აუცილებლობის თაობაზე.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილების უკანონობას განაპირობებდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი აქტის დასაბუთებულობის ხარისხის გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლოდ არ განხორციელებულა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge) განთავსებული ინტერაქტიული რუკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია გეოდინამიკური საფრთხეების არეალში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „გეოდინამიკური საფრთხის არეალებში სამშენებლო წარმოება არ არის რეკომენდებული. სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „გეოდინამიკური საფრთხის არეალები წარმოადგენს შეზღუდვას ყველა ტიპის სამშენებლო-განვითარებითი სამუშაოსათვის, მათ შორის გამაგრებითი, ლანდშაფტური და საინჟინრო. მოცემული სამუშაოები ასეთ ტერიტორიებზე დაიშვება სპეციალური მიზანმიმართული კვლევის საფუძველზე.“
კასატორი მიიჩნევს, რომ 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილების გამოცემისას ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ასაშენებელი ობიექტის შესაძლო გავლენა არსებულ განაშენიანებასა და მის სამომავლო განვითარებაზე, რის შემდგომაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საპროექტო მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის დაბალი ინტენსივობით განვითარება, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველიც კი.
მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე მიწის ნაკვეთს უდგინდება ქალაქმშენებლობითი პირობები, მოწმდება განაშენიანების ძირითადი პარამეტრები, განაშენიანების სახეობა, მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით, დგინდება ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ, ხოლო შემდგომ ეტაპზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, უშუალოდ ხდება საპროექტო ობიექტის არქიტექტურული პროექტის შესწავლა (გეგმარება, მოცულობა და ა.შ.), ასევე მისი შესაბამისობა მიმდებარე განაშენიანებასთან, რაც განხორციელდა კიდეც სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას და სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შესათანხმებლად წარდგენილი არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითი თვალსაზრისით განსხვავებული ობიექტია და იწვევს არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროექტო ტერიტორიის არეალში არსებული განაშენიანების შენარჩუნება და საპროექტო მიწის ნაკვეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარება დაბალი ინტენსივობით.
რაც შეეხება, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ას 2020 წლის 29 ივნისის №AR1756201 განცხადება, ქ. თბილისში, ...ის და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ, ნაკვეთი №... /ქ. თბილისი, ...ის და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული ესკიზის (მშენებლობის კონცეფცია) შეთანხმების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე, არქიტექტურის სამსახურმა, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების სივრცით-მოცულობითი მახასიათებლების შესწავლის და წარდგენილი ესკიზის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების არსებულ განაშენიანებასთან თავსებადობის შემოწმების შემდგომ, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საპროექტო მიწის ნაკვეთზე 2020 წლის 29 ივნისის №AR1756201 განცხადებით წარდგენილი სასტუმროს არქიტექტურული ესკიზის (მშენებლობის კონცეფცია) შეთანხმება, ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული გარემო განვითარებულია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებით, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა კი გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას და დაარღვევდა ტერიტორიის ჩამოყალიბებულ ბალანსს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის და 2024 წლის 13 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (მუხლი 1.1). მოცემული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მოცემული დადგენილების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა (მუხლი 36.1). დადგენილების 37-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მითითებული დადგენილების 42-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.
ამავე დადგენილების 43-ე მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობას, რომლის შესაბამისად, განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ; ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ არის: ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები; გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; თ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება); ი) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები); კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა; ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ; მ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს; დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს; ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში; თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. მოცემული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 1 სექტემბრის №3491322 ბრძანებით დაადგინა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მარტის №4411093 ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 სექტემბრის №3491322 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ, საპროექტო ობიექტად საოფისე შენობის ნაცვლად, დაფიქსირდა სასტუმრო. მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებისთვის არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 19 მარტს, შპს „...ის“ დირექტორმა, თ. ბ-ემ №AR1668192 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ასა და ...ს შორის, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის, თ. ბ-ის ზემოხსენებული განცხადება იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია განვითარებული იყო დაბალი განაშენიანებით, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით-მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა იწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას და ირღვეოდა ტერიტორიის ჩამოყალიბებული ბალანსი. ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება უნდა მომხდარიყო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფით. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა მკვეთრად გააუარესებდა არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული ტერიტორიისათვის მიზანშეწონილი იყო დაბალი ინტენსივობით განვითარება. საპროექტო ტერიტორია ნაწილობრივ მდებარეობდა გეოსაშიშროების მაღალი კატეგორიის ზონაში. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ გეოსაშიშროების მაღალი კატეგორია წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც რელიეფი დახრილია (20°-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის, დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაინტერესებულ პირს, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასა და სამშენებლო ნებართვის გაცემაზე არსებითად უარი ეთქვა იმ მოტივებით, რომ - მიზანშეუწონელი იყო ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა და ასევე, საპროექტო ტერიტორია ნაწილობრივ მდებარეობდა გეოსაშიშროების მაღალი კატეგორიის ზონაში.
საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ეტაპამდე (მშენებლობის ნებართვის მოპოვების II სტადია) ცნობილი იყო სამშენებლო ობიექტის დანიშნულების შესახებ, რისი გათვალისწინებითაც, მოხდა პირველი სტადიაზე გადაწყვეტილების მიღება - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, თუმცა შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო დასაბუთების მითითების გარეშე ჩათვალა, რომ მიზანშეუწონელი იყო ტერიტორიაზე მაღალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ 29-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური საფრთხეების არეალები განისაზღვრა ზოგადი კვლევით, მასალის საფუძველზე და არ მოიცავს ზუსტ ინფორმაციას ყოველი განცალკევებული ნაკვეთისათვის, ამდენად, ის არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც შემდგომი საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, შესაბამისი გეოლოგიური შესწავლისა და კვლევების ჩამანაცვლებელი მასალა. გეოდინამიკური საფრთხის არეალებში სამშენებლო წარმოება არ არის რეკომენდებული. სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. გეოდინამიკური საფრთხის არეალში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საფრთხის შეფასება და შესაბამისი დამცავი და მაკომპენსირებელი ზომების განსაზღვრა-გატარებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საფრთხე არა მხოლოდ საპროექტო ტერიტორიისათვის, არამედ დაგეგმილი სამუშაოებითა და განაშენიანებით შექმნილი, გეოდინამიკურ პირობებთან დაკავშირებული საფრთხით სხვა ობიექტების, ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისათვის. გეოდინამიკური საფრთხის არეალები წარმოადგენს შეზღუდვას ყველა ტიპის სამშენებლო-განვითარებითი სამუშაოსათვის, მათ შორის გამაგრებითი, ლანდშაფტური და საინჟინრო. მოცემული სამუშაოები ასეთ ტერიტორიებზე დაიშვება სპეციალური მიზანმიმართული კვლევის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის გეოდინამიკური საფრთხის არეალში მოქცევა პირდაპირ არ გამორიცხავს სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას, თუმცა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ 29-ე მუხლი ჩამოთვლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც ცალსახად აუცილებელია სამომავლოდ სამუშაოების წარმოებისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეზე წარმოდგენილია არაერთი დასკვნა, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას. აღნიშნულის ალტერნატიული მტკიცებულება, დასკვნა, კვალიფიციური დასაბუთება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოპასუხის მხრიდან, სათანადო დასაბუთების გარეშე, არ იქნა შეფასებული საქმეში წარდგენილი დასკვნები. მოპასუხე მართალია უთითებდა, რომ საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით იქნა მიღებული სადავო აქტები, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და არ იკვეთება გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვრონ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი წესით - კანონით დადგენილ ფარგლებში, კანონით განსაზღვრული მიზნით და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები მიუთითებდნენ საჯარო ინტერესსა და განაშენიანების პოლიტიკის ზოგად მიმართულებებზე, თუმცა, სადავო ადმინისტრაციულ აქტებში არ არის მითითებული კონკრეტულ გარემოებებზე, რომელიც გამორიცხავდა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, რაც განსახილველ შემთხვევაში აუცილებელია საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე უარის თქმისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებას, ეფექტურად განაშენიანებას მოქმედი კანონმდებლობა ლეგიტიმურ საჯარო მიზნად მიიჩნევს, ამავდროულად დაუშვებელია რომ ამ მიზნის მიღწევა მოხდეს საზოგადოების, სხვა პირთა უფლებების არსებითი ხელყოფის ხარჯზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების საკითხს. მოცემული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მომეტებულად აქვს ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გადაწყვეტილება ეხება მესამე პირთა და საზოგადოების ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არსებობდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4547246 და 2020 წლის 27 ივლისის №5039725 გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. ამასთან, სახეზე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №329 და 2020 წლის 20 ნოემბრის №1624 ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგივე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას, უნდა შეფასდეს და მიღებული გადაწყვეტილება უნდა სათანადოდ დასაბუთდეს არა ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებასა და მიზანშეწონილობაზე მითითებით, არამედ კონკრეტული მტკიცებულებებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების შემთხვევაში წარმოშობილი შესაძლო საფრთხეებისა და საჯარო (საზოგადოებრივი) ინტერესების გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 30/11/2023 წ. №02004 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24№B0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30/11/2023 წ. №02004 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი