საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-196(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ. ც-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 23 იანვარს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ც-ის მიმართ და მოითხოვა: სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის გამო გ. ც-ისთვის თანხის დაკისრება და გ. ც-ისთვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავალება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს არ წარმოუდგენია საკმარისად მყარი არგუმენტი და მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელემ ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გ. ც-ე 2012 წლის 17 სექტემბრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით (ჭიათურაში, ...ის ქუჩა N18ა-ში მდებარე, N2 შენობიდან - 27,54 კვ.მ. ფართი).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნასთან მიმართებით აღარ ასაჩივრებს განჩინებას, ვინაიდან 2023 წლის 10 ნოემბრიდან სახელმწიფო აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. კასატორის განმარტებით, შეფასების მიღმა დარჩა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების აქტი და ფოტოსურათები, ასევე, მიკრო ბიზნესის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის შესაბამისად, მოპასუხე გ. ც-ეს მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, ხოლო საქმიანობის სახედ მითითებულია სახარატო საქმიანობა. დასახელებული სერტიფიკატი სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს სწორედ სადავო მისამართზე. კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სააგენტოდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციები გ. ც-ეს ბარდებოდა სწორედ სადავო მისამართზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გ. ც-ე არამართლზომიერად სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში სადავოა მხოლოდ მოპასუხის მიერ უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჭიათურაში, ...ის ქუჩა N18-ა მისამართზე მდებარე უძრავი ქონება ს/კ ... (განსახილველი პერიოდის ს/კ: ...) 2009 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით აღრიცხული იყო შ.პ.ს. „...-ის“ სახელზე (საწარმოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელია რ. მ-ი, დირექტორი - ც. კ-ე. იურიდიული მისამართია - ქ. ჭიათურა, ...ის ქუჩა N18ა). ამასთან, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით სახელმწიფო საკუთრებაში მიექცა შპს „...-ის“ კუთვნილი ქონება ს/კ .... იგივე უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობით - 1634 კვ.მ. (საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...)), 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გაურკვეველია მესაკუთრე.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი გ. ც-ის მიერ უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის მოსარჩელის მითითება სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის განხორციელების ფაქტზე (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში მითითებულია, რომ გაურკვეველია მესაკუთრე). საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება პირის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. გ. ც-ის მიმართ გაცემული მიკრო ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი არ წარმოადგენს ამ უკანასნკელის მიერ სადავო ფართში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას. მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერ სარგებლობას არ ადასტურებს აგრეთვე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და ადგილზე დათვალიერების ოქმი, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს მტკიცების ტვირთის სტანდარტზე და ასევე მართებულად აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ მიუთითა იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი