საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1213(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ი, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 31 მაისს გ. ც-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 აპრილის №1000846428 დასკვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №202 ბრძანებულების (საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს დადებითი დასკვნის მომზადება გ. ც-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 აპრილის №1000846428 დასკვნა და საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1-ელი მაისის №202 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გ. ც-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლი, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონი, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტი და გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ სააგენტოს უარყოფითი დასკვნა არ დაყრდნობია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფის რისკების დაცვას. პალატის მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას სპეციალურ კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეეზღუდოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გ. ც-ისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე უარყოფითი დასკვნა, რომ მას არ გაუთვალისწინებია მთელი რიგი საკვანძო მნიშვნელობის გარემოებები, როგორიცაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 ოქტომბრის №491 ბრძანებულებით, მ. ც-ს (გ. ც-ის მამას) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა; ამასთანავე, მ. ც-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან; გ. ც-ის პაპასა და ბებიას (მ. ც-ის მშობლებს) მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსები; მოსარჩელე გამოთქვამს საქართველოში ცხოვრების სურვილს; სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, 2023 წლის 12 სექტემბრიდან გ. ც-ისა და ნ. შ-ას თანასაკუთრებაში ირიცხება თბილისში მდებარე ბინა, საგულისხმოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის მიერ საქართველოში უძრავი ქონების ფლობის ფაქტი დადგენილ იქნა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმითაც. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1-ელი მაისის №202 ბრძანებულებით, სააგენტოს უარყოფითი დასკვნის გათვალისწინებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, გ. ც-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა გ. ც-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება, მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №202 ბრძანებულების ბათილად ცნობას განაპირობებს. მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, სწორედ ზემოაღნიშნული დასკვნა წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო რა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანონშეუსაბამო დასკვნას, ეს გარემოება საფუძველს აცლის საქართველოს პრეზიდენტის გასაჩივრებული აქტის კანონიერებასაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, არ დაეყრდნო საქმეში წარდგენილ უმთავრეს მტკიცებულებებს და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მისივე მსჯელობით, მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა რომელიც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნა მომზადებული, არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით პირდაპირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ც-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში; დაბადების მოწმობაში მის მშობლებად მითითებულნი არიან: მამა - მ. ც-ი (რუსეთის მოქალაქე); დედა - ნ. შ-ა (რუსეთის მოქალაქე). 2021 წლის 9 ოქტომბერს გ. ც-ის მიმართ გაიცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №... .
დადგენილია, რომ გ. ც-მა 2022 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განმცხადებელმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად დაასახელა სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2023 წლის 1 მარტის №SSG 5 23 00049514 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გ. ც-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა. დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა 2022 წლის 26 დეკემბრის №00007172 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ გ. ც-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 1-ელი მარტის სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გ. ც-ის გასაუბრებაზე დაბარების შესახებ, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის დადგენის მიზნით. შედეგად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია გაესაუბრა გ. ც-ს. 2023 წლის 24 აპრილის №13492 სხდომის ოქმის მიხედვით, გ. ც-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა რუსეთში, ქ. მოსკოვში, საშუალო განათლება მიიღო რუსეთში, მშობლები ცხოვრობენ და საქმიანობენ რუსეთში, დედა დასაქმებულია ..., მამა არის ..., საქართველოში ჰყავს მამის მშობლები, გასაუბრება წარიმართა თარჯიმნის მეშვეობით. კომისიის ორმა წევრმა ნ. შ-ემ და ლ. წ-მა წარადგინეს კომისიის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, მათი განმარტებით, გ. ც-ს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მამა და ნათესავები; ოჯახი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას. მათ დააფიქსირეს გ. ც-ის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი პოზიცია. საბოლოოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ გ. ც-ი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებულ ინფორმაციასა და ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ დაადგინა, რომ გ. ც-ის მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე, უნდა მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 25 აპრილს, გ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით მოამზადა მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ უარყოფითი დასკვნა. დასკვნის (№1000846428) მიხედვით, გ. ც-ი არის საქართველოს მოქალაქე და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან და დადგინდა, რომ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის და მასალების წარდგენის შემდგომ, 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი №13492) კომისიამ განიხილა და შეაფასა გ. ც-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2023 წლის 28 აპრილს მომზადდა №1000882300 დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გ. ც-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1ს მაისის №202 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, გ. ც-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. დადგენილია, რომ გ. ც-ის მამას - მ. ც-ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დაბადებულს ... წლის ... ...ს, საქართველოში), საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 ოქტომბრის №491 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 , 25-ე და 322 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა.
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 11 აპრილის ცნობის მიხედვით, მ. ც-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. მ. ც-ის მშობლებს - ა. ც-სა და ლ. ა-ას მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსები.
დადგენილია, რომ 2023 წლის 12 სექტემბრიდან გ. ც-ისა და ნ. შ-ას თანასაკუთრებაში ირიცხება თბილისში, ...ის ქ. №26-ში, მე-3 კორპუსში, მე-3 სართულზე მდებარე, 63,02 კვ.მ. ფართობის მქონე №9 ბინა (ს/კ ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2023 წლის 7 სექტემბერს.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ - ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი განმარტებულია კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა გ. ც-ისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის N202 ბრძანებულებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 აპრილის N1000846428 დასკვნის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მე-4 პუნქტი კი ადგენს მოქალაქეობის შენარჩუნების გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ, კანონმდებელი ასეთად მოიაზრებს ვითარებას, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ამრიგად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის სარწმუნო კავშირი საქართველოსთან, ამასთან, გამოირიცხოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა. პროცედურული თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტო კომისიის დახმარებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წესს. დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ც-ი არის საქართველოს მოქალაქე, რომლის მიმართ ამავდროულად 2021 წლის 9 ოქტომბერს გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №.... ამასთან, მან 2022 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განმცხადებელმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად დაასახელა - სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნება.
საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ც-ის მიმართ სააგენტოს უარყოფითი დასკვნის საფუძველი არ გამხდარა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფის რისკების დაცვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 26 დეკემბრის წერილებით სააგენტოს ეცნობა, რომ გ. ც-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. უარყოფითი დასკვნის მიღების ერთადერთ საფუძვლად საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არარსებობა დასახელდა, კერძოდ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 24 აპრილის №13492 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ გ. ც-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა რუსეთში, ქ. მოსკოვში, საშუალო განათლება მიიღო რუსეთში, მშობლები ცხოვრობენ და საქმიანობენ რუსეთში, დედა დასაქმებულია ..., მამა არის ..., საქართველოში ჰყავს მამის მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას სპეციალურ კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეეზღუდოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გ. ც-ისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე უარყოფითი დასკვნა, რომ არ გაუთვალისწინებია მთელი რიგი საკვანძო გარემოებები, როგორიცაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 ოქტომბრის №491 ბრძანებულებით, მ. ც-ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა; ამასთანავე, მ. ც-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან; გ. ც-ის პაპასა და ბებიას (მ. ც-ის მშობლებს) მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსები; მოსარჩელე გამოთქვამს საქართველოში ცხოვრების სურვილს; სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, 2023 წლის 12 სექტემბრიდან გ. ც-ისა და ნ. შ-ას თანასაკუთრებაში ირიცხება თბილისში მდებარე ბინა.
რაც შეეხება სადავოდ ქცეულ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1-ელი მაისის №202 ბრძანებულებას, სააგენტოს უარყოფითი დასკვნის გათვალისწინებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, გ. ც-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა გ. ც-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება, გ. ც-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არამართლზომიერია, რაც მართებულად გახდა საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №202 ბრძანებულების ბათილად ცნობის განმაპირობებელი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი