საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-543(კ-24) 30 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. ც-ა, თ. გ-ა, ნ. ც-ა, ს. ც-ა, დ. ც-ა, სო. ც-ა, ი. ც-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ც-ამ 2023 წლის 05 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 9 23 00000209 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მ. ც-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მ. ც-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც ჰყავს მეუღლე - თ. გ-ა და 5 შვილი. 30 წელი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხდებოდა იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ვიანიდან მისი ოჯახი შედგებოდა 7 წევრისგან, ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში და ჰქონდათ მძიმე მატერიალური მდგომარეობა განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლითაც მოითხოვეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა. განცხადებას თან ერთოდა ბავშვების დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო კანონმდებლობით, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 9 23 00000209 ბრძანებით, დაუსაბუთებლად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უარი ეთქვათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის ოჯახი ფლობდა უძრავ ქონებას, რაც მისი განმარტებით არ შეესაბამებოდა სიმართლეს. რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს უარი უხეშად არღვევდა მისი და მისი ოჯახის უფლებებს, ემყარებოდა ცრუ ინფორმაციას, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობით მიმართა სასამართლოს.
2023 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოსარჩელეებად მიუთითა მ. ც-ა, თ. გ-ა, ნ. ც-ა, ს. ც-ა, დ. ც-ა, სო. ც-ა და ი. ც-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 გადაწყვეტილებით მ. ც-ას, თ. გ-ას, ნ. ც-ას, ს. ც-ას, დ. ც-ას, სო. ც-ასა და ი. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 9 23 00000209 ბრძანება და მოპასუხეს მ. ც-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, მ. ც-ას დევნილ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 6.5 ქულა (1994 წლის 1 იანვრიდან და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 4 არასრულწლოვანი - 3.00 ქულა) და აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნდათ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ცხოვრობდნენ ქირით. მხოლოდ ის გარემოება, რომ დედას უფიქსირდებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი, ვერ იქნებოდა მიჩნეული საკმარის საფუძვლად დევნილი ოჯახის განსახლების განუსაზღვრელი ვადით გადასადებად, მით უფრო, იმ პირობებში, რომ ოჯახი ამ ფართით არ სარგებლობდა და იმყოფებოდა ქირით. პალატამ მიიჩნია, რომ დასახელებული საფუძვლით არ გამოირიცხებოდა მოსარჩელის უფლება, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოეთხოვა საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული ყოფილიყო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახი, მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით, საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის მიერ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენლის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მ. ც-ას ოჯახი ფლობს დედის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2023 წლის 25 იანვარს (სხდომა №6) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - მას უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
2023 წლის 25 იანვარს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, განხორციელდა თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების მიზნით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მათ შორის, მოხდა მოსარჩელის განცხადების განხილვა. მოსარჩელე განაცხადს აკეთებდა სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მხარემ განაცხადში თავდაპირველად მიუთითა, რომ ცხოვრობდა თბილისში, ... (რეგისტრაციისა და ფაქტობრივი მისამართი), თუმცა დაკავშირების შემდგომ მონიტორინგის განხორციელება მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, 2023 წლის 10 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე. მისამართზე მყოფმა მოსარჩელემ განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 2018 წლიდან ქირით, მანამდე ცხოვრობდნენ საკუთარ ბინაში (თბილისი, ... ქ. №10, ბინა №4). ბინა ეკუთვნის ლ. მ-ას, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს საბურთალოზე, მისამართი არ იცის. მხარის განმარტებით ოჯახს გააჩნდა საკუთრება, რომელიც ბანკმა გაუყიდა ვალის გამო, რაც შეეხება ლ. ჯ-ას, იგი არის მისი დედა, რომელიც ცხოვრობს ოჯახით თავის საკუთრებაში, გაერთიანებული აქვს ორი ბინა ქ. თბილისი, ... . მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კი განმარტა, რომ არაფერი იცის. 2023 წლის 16 იანვარს მონიტორინგი განხორციელდა მხარის მიერ გასხვისებულ ბინაში. მისამართზე იმყოფებოდა ს. ს-ი, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად 2019 წლიდან აღარ ცხოვრობს მისამართზე, ხოლო ამჟამინდელი მესაკუთრის ვინაობა ვერ გაიხსენა. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გაირკვა, რომ მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში ერთ ოჯახად რეგისტრირებულია დედასთან - თ. ჯ-ასთან და დეიდასთან - ლ. ჯ-ასთან ერთად. ორივე ოჯახის წევრს გააჩნია უძრავი ქონება.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა დედის ალტერნატიული საკუთრების გამო, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის მიზეზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, რომელიც სააგენტოში განაცხადის დაფიქსირებამდე გაასხვისა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე, რაც იმპერატიულად არის დადგენილი და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ სააგენტო ვერ იმოქმედებს.
კასატორის მითითებით, სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებით, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 9 23 00000209 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით მ. ც-ას ოჯახს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ც-ა, თ. გ-ა, ნ. ც-ა, სო. ც-ა, ი. ც-ა, დ. ც-ა და ს. ც-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, გულრიფში, სოფელი ..., ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ..., III კვ., კორპუსი №6 „გ“, ბინა №6. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახი შეფასებულია 6.5 ქულით. მიუხედავად ქულათა საკმარისი ოდენობისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის №6 სხდომის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 14.02.2023წ. №IDP 9 23 00000209 გადაწყვეტილებით, მ. ც-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მ. ც-ას დედას (რომელთან ერთადაც იგი ერთ ოჯახად იქნა რეგისტრირებული თავდაპირველად) უფიქსირდება ალტერნატიული საცხოვრებელი, რის გამოც არ დაადგინა მისი და მისი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის თაობაზე, ეფუძნება მონიტორინგის ჯგუფის შედგენილ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ გარემოებებს და მხოლოდ ვარაუდს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით მ. ც-ას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამასთან, საქმის მასალებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს (განაცხადში მითითებულ პირებს) გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. მართალია მ. ც-ას სახელზე 2022 წლის 28 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, რომელზეც ამავდროულად რეგისტრირებული იყო „... ბანკის“ სამი და ერთი კერძო პირის იპოთეკის უფლება, თუმცა 2022 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით ამავე უძრავი ნივთზე დარეგისტრირდა ვ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ისა და დ. ჩ-ის საკუთრების უფლება. ამასთან, კასატორის მიერ რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომ მოსარჩელეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის შედეგად შეგროვებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობას, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა