საქმე №ბს-1050(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე. წ-ა
მესამე პირები – ლი. ლ. და დ. ა-ები
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 1 აგვისტოს ე. წ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 1993 წელს მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მათი მუდმივი საცხოვრებელი. თუმცა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მამას მალევე მოუხდა დაბრუნებულიყო აფხაზეთში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ოჯახს აცნობეს, რომ იგი სეპარატისტული რეჟიმის მიერ იქნა დახვრეტილი; მოსარჩელის მითითებით, მამის ნეშტის მოძიების მიზნით დაუკავშირდა წითელი ჯვრის საერთაშორისი კომიტეტს, თუმცა უშედეგოდ. ე. წ-ა აღნიშნავს, რომ დედაც მალე დაეღუპა და გაზარდა ბებიამ ვანის რაიონის სოფელ ...ში, სადაც დაქორწინდა გ. ა-ზე და შეეძინა შვილები დ. ლ. და ლი. ა-ები. მოსარჩელის მითითებით 2006 წელს მეუღლეს დაშორდა.
ე. წ-ა განმარტავს, რომ ამჟამად ცხოვრობს ბაბუის ძმის სახლში, თუმცა როგორც მისთვის ცნობილია ქონების გარდაცვლილი მესაკუთრის შვილისშვილი აწესრიგებს დოკუმენტაციას შემდგომში სახლის გასხვისების მიზნით. ამრიგად, ვინაიდან თავად მოსარჩელეს მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია და სავარაუდოდ მალე მოუწევს არსებული საცხოვრისის დატოვება, გადაწყვიტა მიემართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთოვნით. თუმცა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 7 23 00001116 ბრძანებით ე. წ-ას ამ ეტაპზე გადაუდებელი სჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 7 23 00001116 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ე. წ-ას და განცხადებით გათვალისწინებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლი. ლ. და დ. ა-ები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 7 23 00001116 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ე. წ-ას და განცხადებით გათვალისწინებულ პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ე. წ-ას, დ. ა-ის, ლ. ა-ისა და ლი. ა-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მოწმობები. ამასთან, დადგენილია, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს ე. წ-ამ ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შეავსო №72025 განაცხადი. სენაკში, ... ქუჩაზე №54-ში მცხოვრები ე. წ-ას ოჯახი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 42200. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2021 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, ე. წ-ას განაცხადი შეფასდა 7 ქულით (1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი; 1,50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 2.50 ქულა - სოციალური კრიტერიუმი, 30001- 57000 შორის სარეიტინგო ქულით; 1.50 ქულა - ა. წ-ა, ომში დაღუპული წევრი/წევრები გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად). ამასთან, სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს რეგისტრირებული სამი შვილი და განცხადებას აკეთებს მათთან ერთად. ე. წ-ას შევსებული აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ვანში, სოფელ ...ში ბებიის სახლში, ხოლო 2004 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს სენაკში, ... ქუჩაზე №54-ში მდებარე მამის ბიძის - კ. წ-ას, მფლობელობაში არსებულ ბინაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად, განიხილა ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, ე. წ-ას დაურეგისტრირებელ სახლში ცხოვრების მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. სასამართლოს მითითებით, სააგენტოს შეფასების გარეშე დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში სახლი არ გააჩნდა და შვილებთან ერთად წლების განმავლობაში სხვის საკუთრებაში უწევდა ცხოვრება. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს; პალატის მითითებით საქმეში არსებული გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა; შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ აქტი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და უკანონოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის შესაბამისად, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს ზემოაღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, კასატორის აზრით, დადგება ქაოტური სიტუაცია, დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა და საზოგადოებაში გაჩნდება უსამართლობის განცდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ მოსარჩელესთან მიმართებით კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 7 23 00001116 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ე. წ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ამასთან, დადგენილია, რომ ე. წ-ას ჰყავს სამი შვილი, რომელთაც ასევე მიღებული აქვთ დევნილის სტატუსები. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში და მასზე არც ფულადი კომპენსაცია არაა გაცემული.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან 2004 წლამდე ცხოვრობდა ვანში, სოფელ ...ში ბებიის სახლში, ხოლო 2004 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს სენაკში, ... ქუჩაზე №54-ში მდებარე კ. წ-ას მფლობელობაში არსებულ ბინაში. თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქონება მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს და დევნილი ოჯახის ამავე ქონებით შეუზღუდავი სარგებლობა ვერ იქნება გარანტირებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ე. წ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტი. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომ მოსარჩელე სარგებლობს ნათესავების სახლით, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან პირადად მოსარჩელეს და მის არასრულწლოვან შვილებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე უძრავი ქონება, რის გამოც საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობდნენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
ამავე შინაარსისაა ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც არაერთხელ დასჭირდათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანი დევნილების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა