Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-80(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - კ. ჭ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. ჭ-მა 2020 წლის 04 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 12 ნოემბრის №MOD 9 19 00003084 ბრძანების ბათილად ცნობა, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (საშტატო კატეგორია: „სამოქალაქო პირი“; შტატი №...) ან მისი არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოცემის დავალება და მოსარჩელისათვის მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატისა და წოდებრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობის ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, კ. ჭ-ი 2008 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. სამსახურის დაწყების დღიდან ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. 2019 წლის 26 ოქტომბერს და პირველ ნოემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ორჯერ მოტყუებით დააწერინა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. კ. ჭ-მა სარჩელში აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის პატაკები დააწერინეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ათეულობით თანამშრომლებს. ხელმძღვანელობის მითითებით ეს წარმოადგენდა ფორმალობას და შესაბამისი რეაგირება მას არ მოჰყვებოდა. პატაკების თანახმად, თანამშრომლები, ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მათივე სურვილით ითხოვდნენ სამსახურიდან გათავისუფლებას. შედეგად, პატაკების საფუძველზე სამსახურიდან დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვის გარეშე გათავისუფლდა თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის, კ. ჭ-იც, გათავისუფლებულთა ნაწილი დაინიშნა ახალ თანამდებობაზე, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები დარჩნენ სამსახურის გარეშე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არც მას და არც მის კოლეგებს რეალურად არ ჰქონიათ სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი, პატაკები შეავსეს ხელმძღვანელობის მიერ მათი მოტყუების შედეგად და რომ სცოდნოდათ, რომ ეს არ იყო უბრალო ფორმალობა და პატაკების შედეგად ისინი სამსახურიდან იქნებოდნენ გათავისუფლებული, ცხადია არ დაწერდნენ მსგავსი შინაარსის პატაკებს, რომლებიც წინასწარ იყო ხელმძღვანელობის მიერ დაბეჭდილი და მათთვის დარიგებული. სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ არც მას და არც მის კოლეგებს არ მოუთხოვიათ სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 12 ნოემბრის №MOD 9 189 00003084 ბრძანების საფუძველზე 2019 წლის პირველი ნოემბრიდან მოხდა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის დეკემბერში კოლეგებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოახსენეს ზემოაღნიშნული უსამართლობის შესახებ, სასამართლოსადმი სარჩელის მიმართვის დღემდე მათ არანაირი პასუხი არ მიუღია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო, შესაბამისად, მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 12 ნოემბრის №MOD 9 19 00003084 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა კ. ჭ-ის თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის (საშტატო კატეგორია: „სამოქალაქო პირი“; შტატი №...) ან მისი არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელე კ. ჭ-ისთვის იძულებით განაცდურის მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის და წოდებრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მისი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109.3 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ გამოყენებული ფორმულირება – „მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს“, საჯარო დაწესებულებას აძლევდა შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პალატის მოსაზრებით, ეს ემსახურება, პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, საჯარო დაწესებულებას ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გაიაზროს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მას მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს შემთხვევა და მიიღოს გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ქონა არ გულისხმობდა საჯარო დაწესებულებისთვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს მას გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი საჯარო დაწესებულება არ გამოიყენებდა კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში, ეს იქნებოდა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნებოდა უკანონო. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ თუკი მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა, შესაძლებელი იყო ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი დარწმუნდებოდა, რომ ეს იყო მოხელის ინტერესისა და ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი და, იმავდროულად, მისი გათავისუფლება საფრთხეს არ შეუქმნიდა საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, კერძოდ 2019 წლის დეკემბერში მოსარჩელისა და მისი თანამშრომლების კოლექტიურ განცხადებაზე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ სოფიო ნადირაშვილის განმარტებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა კ. ჭ-ის ის განმარტება და პოზიცია, რომ მას იძულებით დააწერინეს 2019 წლის პირველი ნოემბრის განცხადება და სამსახურიდან გათავისუფლება მის ნებას არ წარმოადგენდა და სურდა სამსახურის გაგრძელება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მოხელე (კ. ჭ-ის განმარტებით, 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში), პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან ისე გაათავისუფლა, რომ არც დაინტერესებულა, რამ განაპირობა მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა, აღნიშნული განხორციელდა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, რა დროსაც სამინისტრო ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, პალატის მოსაზრებით, მართალია, წარმოადგენს მისი ნების გამოვლენას, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან და ზეწოლისგან დაცულად. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს საჯარო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომ გამოირიცხოს საჯარო მოსამსახურეთა ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველ შემთხვევაში კი, პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოვლენათა ჯაჭვის ლოგიკური, სამართლებრივი და ასევე სამართლიანი ანალიზი მეტყველებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო კ. ჭ-ის ნამდვილი ნება, არამედ იყო შეცდომაში შეყვანის შედეგად განპირობებული ნება, რამაც გამოიწვია მისი ნამდვილი ნების ამ სახით, დამახინჯებულად ფორმირება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ჭ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავდა მის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოფხვრილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 01 ნოემბერს, კ. ჭ-მა პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 01 ნოემბრიდან; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.11.2019 წლის ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №852 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორი კ. ჭ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2019 წლის 01 ნოემბრიდან.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებულ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას, გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, გათავისუფლდეს სამსახურიდან. მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი - აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე), წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას.

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კ. ჭ-მა 2019 წლის პირველ ნოემბერს მიმართა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს პირველი ნოემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე (რეგისტრაციის №1125491 01.11.2019წ.), ხოლო სადავოდ გამხდარი აქტი მიღებული იქნა 12 ნოემბერს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კ. ჭ-ს შესაძლებლობა ჰქონდა აქტის გამოცემამდე მოეთხოვა განცხადების განუხილველად დატოვება, რაც არ განუხორციელებია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაუცველობის შესახებ და აღნიშნავს, რომ კ. ჭ-მა პირად განცხადებაში დათხოვნის თარიღის მითითებით განსაზღვრა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი, რაც მისი სამსახურიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას კ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე განცხადებით გამოხატულ ნებაზე, მიუთითებს, რომ კ. ჭ-ის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე, არანაირი პირადი განცხადება არ ყოფილა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.11.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ. ჭ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხლი). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის კანონიერების საკითხის გამორკვევაა, რაც სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს კ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ კ. ჭ-ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის პირველ ნოემბერს, კ. ჭ-მა პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის 01 ნოემბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მოსარჩელე კ. ჭ-ი 2019 წლის პირველი ნოემბრიდან.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ და მისმა თანამშრომლებმა კოლექტიურად მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს განცხადებით, სადაც მიუთითეს, რომ 2019 წლის 30 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს პირადმა ხელმძღვანელობამ ორჯერ მოტყუებით დააწერინა პატაკი, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან. გათავისუფლების მოთხოვნის პირად სურვილს უარყოფდნენ განმცხადებლები და მინისტრისგან ითხოვდნენ შესაბამის რეაგირებას.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო აქტის უკანონობას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ სამინისტრომ არ გამოიკვლია მოსარჩელის რეალური ნება, მოსარჩელის მიერ პირადი პატაკის დაწერა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო და მას არ სურდა სამსახურიდან გათავისუფლება, განცხადების შედგენისას შეცდომაში იქნა შეყვანილი და გააჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა დაკავებულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. №3500 კანონით) განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და უფლებამოსილებებს (1-ლი მუხ.). ხსენებული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ დამტკიცებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდებოდა შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის უზრუნველყოფა (1 მუხ.), რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (2 მუხ.). კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო მოხელის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წესს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც აწესებს, რომ მოხელის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გავლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი მოხელეს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ჭ-ის 2019 წლის 01 ნოემბრის განცხადების 2019 წლის 12 ნოემბერს დაკმაყოფილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილი 14 დღიანი კანონისმიერი ვადა და ამით მოსარჩელეს შეუზღუდა შესაძლებლობა - მოეხდინა თავისივე ნების უარყოფა და მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება. პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისგან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვის საჭიროების არარსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით მიმართვისას ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების საჭიროება შს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებების ერთდროულად მასობრივად დაწერის შემთხვევაში, ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების საჭიროება დგება აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის აშკარა საფუძველი (სუსგ საქმე №ბს-898(კ-19), 24.12.2020წ.; სუსგ საქმე №ბს-941(2კ-20), 13.01.2022წ.).

ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების საჭიროებაზე ასევე მიუთითებს ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონი ,,თავდაცვის კოდექსი“, რომლის 86-ე მუხლი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ როდესაც სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს პირადი განცხადების საფუძველზე, ეს უნდა იყოს გამონაკლისის სახით, დასაბუთებული და მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას.

განსახილველ შემთხვევაში, კ. ჭ-ის განცხადებაში არ არის ჩანაწერი მისი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, მასში არც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებზეა განმარტებები მითითებული. როგორც შემდგომში, საქართველოს თავდაცვის მინისტრისადმი დაწერილი განცხადებიდან ირკვევა, სამსახურიდან გათავისუფლება არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის ნამდვილი ნება. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაქმებულის ნამდვილი ნების დადგენის ვალდებულების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე“ (სუსგ ბს-140(კ-22), 13.07.2022წ.).

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე კ. ჭ-ი პირად განცხადებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც მას თანამდებობიდან გათავისუფლების ნამდვილი ნება არ გააჩნდა, რაც არ იქნა გამოკვლეული, შეფასებული და გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს, მითითებული გარემოებები კი ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში მოხელის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას. ვინაიდან გათავისუფლება წარმოადგენდა უკანონოს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა კ. ჭ-ის თანამდებობაზე (ტოლფას თანამდებობაზე) აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა