№ბს-919(2კ-23) 24 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არსაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრის საკითხების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის №128 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების (კომისიის სხდომაზე განხილული №11) საკითხი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 02.05.2019წ. №6497/21 ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2019წ. №1-1/375 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 27.08.2018წ. №... განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არსაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრის საკითხების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის №128 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების (კომისიის სხდომაზე განხილული №11) საკითხი. ბათილად იქნა ცნობილი 02.05.2019წ. №6497/21 ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2019წ. №1-1/375 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 27.08.2018წ. №... განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. მითითებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი) გაუქმების მოთხოვნით შეგებებული სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი მ. ხ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
4.1. კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მ. ხ-მა 2018 წლის 27 აგვისტოს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ...ში, „...ში“ მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა მცხეთის რაინული გამგეობის მიერ მ. ხ-ის სახელზე 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №49 აქტი. საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) შორის გამოვლინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება აღრიცხულია 2006 წლიდან და უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის ბრძანება №100 და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 25 იანვრის №10/06-12-4175 განკარგულება. საჯარო რეესტრის მიერ გამოვლენილი ზედდების საკითხი განხილულ იქნა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი 2019 წლის 13 თებერვალს გამართული კომისიის №128 სხდომაზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებულ და კომისიის მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა, რის საფუძველზეც კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (რაც დამტკიცებულ იქნა სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანებით).
საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მ. ხ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის აღწერილობა, კერძოდ, მ. ხ-ის დაინტერესებებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, აღმოსავლეთით - ხევი, დასავლეთით - ც. ხ-ი, რაც არ არის შესაბამისობაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ნახაზთთან. მ. ხ-ის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზს ჩრდილოეთით ესაზღვრება ნ. ჯ-ე და არხი, აღმოსავლეთით - ნ. შ-ა, დასავლეთით ესაზღვრება გზა. ამასთან უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი გვერდების სიგრძეა 23 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გვერდების - 88 მეტრი. აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ჩრდილოეთი გვერდის სიგრძეა 91.52 მეტრი, სამხრეთი - 87.46მ., აღმოსავლეთი - 23.36მ და დასავლეთი - 21.31 მეტრი. სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, სამხრეთით მდებარე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო დოკუმენტში (1992 წლის 6 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №19 აქტი) მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის მ. ხ-ი არ ფიქსირდებოდა, რის საფუძველზეც, სააგენტომ 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანებით მიზანშეუწონლად მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, რაც ასევე ძალაში იქნა დატოვებული სამინისტროს 2022 წლის 31 ივლისის №1/1-375 ბრძანებით. მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს გამგეობის 2017 წლის 24 ოქტომბრის №... მიმართვა, რომლითაც საჯარო რეესტრს ეცნობა მ. ხ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის იდენტურობის თაობაზე (ადგილზე დათვალიერების ოქმი №00106).
შესაბამისად, საქმეში ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია ერთმანეთის გამომრიცხავი რამდენიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს სათანადო კვლევის ჩატარებას ავალდებულებდა. ნაცვლად საქმის გარემოებების კვლევისა, სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ადგილზე დათვალიერების ოქმი №00106. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს გამგეობის 2017 წლის 24 ოქტომბრის №... მიმართვა არ არის გასაჩივრებული, მაგრამ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ დასახელებული მიმართვა მისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეეჯერებინა. თავის მხრივ, ამგვარი მიმართვა სარეგისტრაციო წარმოებაში გამოყენებად დოკუმენტს წარმოადგენდა, მაგრამ სარეგისტრაციო წარმოება და სამართალწარმოება არ უნდა გავაიგივოთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის საკანომდებლო ცვლილების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს ამგვარი (იდენტურობის დადგენის) გადაწყვეტილების მიღება და ეს უკანასკნელი სხვა ორგანოს უფლებამოსილება გახდა.
კასატორის განმარტებით, განსახილველ საქმეში სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრისათვის კანონით მინიჭებული უფლებები თუ შესაძლებელობები და უგულებელყო საკუთრების თავისუფლად ფლობის თუ სარგებლობის პრინციპი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხედველობაში მიღებით სახელმწიფო, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის უფლებამოსილი ფლობდეს ან სარგებლობდეს საკუთრებით. გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია გააუქმოს მისი საკუთრების უფლება იმ პირობებში, როცა საკუთრების დამდგენი დოკუმენტი ან საკუთრების უფლების აღირცხვა სადავოდ არ არის გამხდარი, ხოლო მის (ქონების მმართველის) მიერ ჩატარებული წარმოება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპირო გარემოებებს ადასტურებს.
4.2. კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მ. ხ-მა №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია ქალაქ თბილისში, ... ...ში „...ში“ მდებარე 200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ს ეცნობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ ...) არსებული ზედდების თაობაზე. ამასთან, საჯარო რეესტრის 2018 წლის 3 სექტემბრის №... წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა.
მითითებული საკითხი განხილულ იქნა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის №128 სხდომაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის დათვალიერების ოქმით დადასტურდა მ. ხ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ აზომვითი ნახაზზე არსებული და მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა რიგი შეუსაბამობები, რაც გამორიცხავდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია მცხეთის რაიონული გამგეობის მიერ, მ. ხ-ის სახელზე, 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული №49 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთით მდებარეობს გზა, აღმოსავლეთით - ხევი, დასავლეთით - ც. ხ-ი, რაც არ არის შესაბამისობაში ნივთზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამასთან, №... განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სამხრეთით მდებარე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში (1992 წლის 6 ოქტომბრის №19 მიღება-ჩაბარების აქტი) მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია შესაბამისობაშია, გარდა მ. ხ-ის ნაწილისა, კერძოდ, ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია ლ-ი, ნაცვლად მ. ხ-ისა. ვინაიდან, სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციისა და სააგენტოს მიერ მოძიებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, არ დადასტურდა საჯარო რეესტრში №... განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში ამავე განცხადებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უძრავ ნივთზე (№...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. კომისიის №128 სხდომის ოქმის შედეგები დამტკიცდა სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №1/1-622 ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრების კორექტირების საკითხი წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდით არსებული მიწის ნაკვეთი 2006 წლის 1 დეკემბრიდან წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და რეგისტრირებულია შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო რეგისტრაცია და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაშია და მხარის მიერ სადავოდ გამხდარი არ არის.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 27 აგვისტოს მ. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა 06.10.1992წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №49ხელ, რომლის მიხედვითაც, მცხეთის რაიონის, ... დიღმის მიწის რეფორმის კომისიის მიერ მ. ხ-ს გადაეცა 0,616 ჰა (5 ნაკვეთად) სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, კერძოდ: №3 ,,...ი’’ - 0,016 ჰა, №2 ,,...ი’’ - 0,23 ჰა, №1 ,,...ი’’ - 0,10 ჰა, №4 ,,...ი’’ - 0,12 ჰა და №5 ,,...ა’’ - 0,15 ჰა (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია გადაცემული მიწის სიგრძე/სიგანე ორივე გვერდზე) (ტ.1, ს.ფ 17-18, 19-22); ბ) 2018 წლის 3 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...), რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 03.09.2018წ. №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უძრავი ნივთის კორექტირების შესახებ (ტ.1, ს.ფ 25, 26); გ) „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის №128 სხდომაზე №11 საკითხად განხილულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის №... (სააგენტოში რეგისტრაციის №..., თარიღი: 03.09.2018წ.) წერილით გადაგზავნილი ფიზიკური პირის - მ. ხ-ის საკითხი. ოქმში აღნიშნულია, რომ მ. ხ-მა ქალაქ თბილისში, ... ...ში „...ში“ მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განაცხადით. დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 2300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №...). ზემოაღნიშნული კორესპონდენციით დასმულია საკითხი დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების განხილვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია მცხეთის რაიონული გამგეობის მიერ, მ. ხ-ის სახელზე, 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტი (ნაკვეთი №2 „...ი“). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობის განმსაზღვრელი აღწერილობა (ჩრდილოეთით - გზა; აღმოსავლეთით - ხევი; დასავლეთით - ც. ხ-ი) არ არის შესაბამისობაში ნივთზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ასევე, №... განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სამხრეთით მდებარე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო დოკუმენტში (1992 წლის 6 ოქტომბრის №19ლას მ/ჩ აქტი) მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია სრულად შესაბამისობაშია, გარდა მ. ხ-ის ნაწილისა, კერძოდ, ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია „ლ-ი“, ნაცვლად მ. ხ-ისა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 33-35); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.03.2019წ. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის №128 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ №1/1-622 ბრძანებით, გაზიარებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცდა 13.02.2019 წ. №128 სხდომის შედეგები (ტ.1, ს.ფ. 31-32); ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა ფიზიკური პირის - მ. ხ-ის საკითხი - ქალაქ თბილისში, ... ...ში „...ში“ მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციისას, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 2300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია მცხეთის რაიონული გამგეობის მიერ, მ. ხ-ის სახელზე, 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტი (ნაკვეთი №2 „...ი“). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობის განმსაზღვრელი აღწერილობა (ჩრდილოეთით - გზა; აღმოსავლეთით - ხევი; დასავლეთით - ც. ხ-ი) არ არის შესაბამისობაში ნივთზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ასევე, №... განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სამხრეთით მდებარე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო დოკუმენტში (1992 წლის 6 ოქტომბრის №19ლას მ/ჩ აქტი) მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია სრულად შესაბამისობაშია, გარდა მ. ხ-ის ნაწილისა, კერძოდ, ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია „ლ-ი“, ნაცვლად მ. ხ-ისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ წარდგენილ და სააგენტოს მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 30); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 24.10.2017წ. №... მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა 2017 წლის 10 მარტის №... წერილით, მ. ხ-ის სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ი ...ი, ...ი. წერილში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რისი დადასტურებაც ითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე განხილულ იქნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და შპს „...“-ის მიერ მომზადებულ 02.02.2017წ. აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი. განცხადების შესწავლის პროცესში, 2017 წლის 18 ოქტომბერს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც შედგა №00106 ოქმი. დათვალიერების პროცესში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებელმა, საამზომველო კომპანიის წარმომადგენელმა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის მართლზომიერმა მფლობელმა/მოსარგებლემ. დათვალიერების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეებმა ნანული ბუაჩიძემ და მამუკა ბუაჩიძემ, რომელთაც განაცხადეს, რომ წარმოადგენენ მიმდებარე/მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს. მათ დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი მდებარეობს დათვალიერების ჩატარების ადგილას. რაც შეეხება ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დათვალიერებულ მიწის ნაკვეთთან შესაბამისობის საკითხს, დათვალიერებაზე დამსწრე სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად დათვალიერებული მიწის ნაკვეთის იდენტურია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული დათვალიერებისა და დათვალირებაზე დამსწრე პირების განმარტებების შესაბამისად, დგინდება, რომ მ. ხ-ის მიერ წარდგენილი, მ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ და შპს „...“-ის მიერ მომზადებულ 02.02.2017წ. აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები იდენტურია (ტ.1, ს.ფ 38-39, 158-161, 162-163); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 24.10.2019წ. №... მიმართვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.04.2019წ. №... მიმართვით და კვლავ ეთხოვა კორექტირების საკითხზე მსჯელობა/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (ტ.1, ს.ფ. 37); თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №17/27147 მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის №... წერილის პასუხად ეცნობა, რომ დასახელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე სააგენტოს პოზიცია მითითებული იყო 2019 წლის 2 აპრილის №... წერილში (ტ.1, ს.ფ. 40); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.05.2019წ. მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 41); კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.03.2019 წ. №1/1-622 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ 92-94); ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 31 ივლისის №1-1/375 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ის 02.05.2019წ. №6497/21 ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1, ს.ფ 185-187); მ) დადგენილია, რომ წინამდებარე საქმეზე სარჩელით სადავოა მხოლოდ 06.10.1992წ. №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი №2 ,,...ი’’ - 0,23 ჰა, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული დანარჩენი ოთხი მიწის ნაკვეთი დარეგისტირებულია მოსარჩელის სახელზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...), რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 03.09.2018წ. №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უძრავი ნივთის კორექტირების შესახებ.
სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს შედგენილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00106 ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №49ხელ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და თანდართულ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები იდენტურია (ტ.1, ს.ფ 231-234). აღნიშნული ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იმ პირობებში, როდესაც იგი კასატორების მხრიდან სათანადო წესით სადავოდ არ გამხდარა, არ არსებობს მისი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არა საცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე (ეს დებულება განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრის (მათ შორის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობისას) და ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის (შემდგომში: „კომისია’’) შექმნის, საქმიანობის წესსა და „კომისიის’’ უფლებამოსილებებს).
ამდენად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით და არ არსებობდა მოპასუხის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია