Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1108(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც. ხ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 8 აგვისტოს ც. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მარტის №04/12167-2017/1 გადაწყვეტილების (ც. ხ-ისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №2020/1 გადაწყვეტილების (ც. ხ-ისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 გადაწყვეტილების (ც. ხ-ისთვის 2017 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ც. ხ-ისთვის 2017 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მარტის № 04/12167-2017/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №2020/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ც. ხ-ის სასარგებლოდ პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან - 2017 წლის 1 მარტიდან, პენსიის აღდგენამდე - 2021 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ყველა თვის 11 მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ, მე-5, მე-16, მე-17 მუხლებზე, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესზე და მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება - შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით.

სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო მოსარჩელის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, ადგილი არ ექნებოდა იმ გარემოებას, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადებზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (130-ე მუხლი) ხანდაზმულობის ვადის დაწყებას უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გაცნობისთანავე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, შესაბამისად კანონსაწინააღმდეგოა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების, შეწყვეტისა და მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ, უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების, შეწყვეტის და ასევე განაცდური პერიოდის პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, შესაბამისად საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინებაზე (ბს-864 (კ-23)) სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს საპენსიო ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან თვეების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო 2011-2013-2017 წლებში პენსიის მიუღებლობის დროიდან, პენსიის შეწყვეტის ფაქტი, ხოლო აღნიშნული გარემოების ცოდნამ მათ წარმოუშვა გასაჩივრების შესაძლებლობა. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რამდენიმე წლის შემდეგ გასაჩივრების პირობებში, მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა“. აპელანტის მოსაზრებით მოთხოვნა, რომელიც ეხება ც. ხ-ისათვის 2017 წლის 01 მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე პერიოდის მიუღებელ პენსიას, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სადავო გახადოს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ). ამდენად, გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ც. ხ-ს 2017-2021 წლამდე არ მიუმართავს დანიშვნის და სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ც. ხ-ი დაიბადა ... წელს, შესაბამისად იგი წარმოადგენს ასაკობრივი პენსიის მიმღებ პირს. 2023 წლის 24 ივლისს ც. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი პენსიის ჩარიცხვის მოთხოვნით და მიუთითა, რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, სამუშაოდ იყო წასული საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა ყოველთვიურად პენსიის გატანას მისი საპენსიო ანგარიშიდან.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ც. ხ-ს სს ,,... ბანკის’’ ინფორმაციის საფუძველზე (მინდობილობის გაცემიდან 1 წლის ვადის გასვლა) 2017 წლის 1 მარტიდან შეუჩერდა გასაცემლის ჩარიცხვა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო შეუწყდა. დადგენილია, რომ ც. ხ-მა შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის ხელახლა დასანიშნად 2021 წლის 19 ოქტომბერს მიმართა სამცხე - ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და სახელმწიფო პენსიის დანიშვნა განხორციელდა 2021 წლის 1 ნოემბრიდან.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 წერილის თანახმად, სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ შესაბამისად. აღნიშნული ნორმატიული აქტებით, სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველია, პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. პენსიის შეჩერების წყაროა პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. სახელმწიფო პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდგომ გასაცემელი წყდება, ხოლო შეწყვეტილი გასაცემლის ხელახლა დანიშვნა ხდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტებით მიმართვის შემდგომი თვიდან და არ ანაზღაურდება წარსული დროისთვის მიუღებელი თანხა.

საქმის მასალებით, კერძოდ, სახელმწიფო გასაცემლის ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ ც. ხ-ი სახელმწიფო პენსიის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტში. სს ,,... ბანკის’’ ინფორმაციის საფუძველზე (მინდობილობის გაცემიდან 1 წლის ვადის გასვლა) 2017 წლის 1 მარტიდან ც. ხ-ს შეუჩერდა გასაცემლის ჩარიცხვა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო შეუწყდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილის ავტორის აზრით, მოსარჩელისთვის სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და შეჩერებიდან შეწყვეტამდე თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, ანუ - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მარტის №04/12167-2017/1 გადაწყვეტილების (შეჩერება), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №2020/1 გადაწყვეტილების (შეწყვეტა), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 გადაწყვეტილების (მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებაზე უარი) შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საკასაციო საჩივარზე მსჯელობის მიზნით პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესზე (დანართი №1). მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ. რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, აღნიშნული გათვალისწინებულია მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით. კერძოდ, მითითებული პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო გასაცემლის ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად, ც. ხ-ი სახელმწიფო პენსიის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტში. ც. ხ-ს სს ,,... ბანკის’’ ინფორმაციის საფუძველზე 2017 წლის 1 მარტიდან ც. ხ-ს შეუჩერდა გასაცემლის ჩარიცხვა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო შეუწყდა. ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ პენსიის შეჩერების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა წერილით, თუმცა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მტკიცებულების არარსებობის პირობებში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ც. ხ-ი არ იყო ინფორმირებული როგორც სახელმწიფო გასაცემელის - პენსიის მისთვის შეჩერების, ასევე შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან არ მომხდარა, მის მიმართ გამოცემული, ზემოხსენებული აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება, ამასთან მის მიმართ არ განხორციელებულა, მოკლეტექსტური შეტყობინების ან სხვა რაიმე ინფორმაციის შემცველი წერილის გაგზავნა, რომლის საშუალებითაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდებოდა პენსიის შეჩერება - შეწყვეტის ფაქტი. საქმეში დაცული გადაწყვეტილების ფორმის ნიმუში (ს.ფ. 26-27) შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ამ ფორმის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებების ჩაბარების, მათი გასაჩივრების შესაძლებლობა ც. ხ-ს არ მისცემია. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 25 მაისის Nბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი პროცედურული ვალდებულების შესრულების, რ. კ. (ან თუნდაც საქართველოში მცხოვრები მისი ოჯახის წევრებისათვის) აქტის ჩაბარების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა პენსიის შეწყვეტის საფუძველს და დადგებოდა იგივე შედეგი, არ დასტურდება, რომ რ. კ. არ მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ აღმოფხვრიდა სახელმწიფო გასაცემლის არათუ შეწყვეტის, არამედ შეჩერების პირობას. არაფრით დასტურდება, რომ შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია“.

საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება - შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება - შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო აქტების ც. ხ-ისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მოსაზრების მართებულობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, ასევე არ გამოკვლეულა კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ არ გამოჰქონდა მოსარჩელე მხარეს ანგარიშიდან კუთვნილი თანხა. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ც. ხ-ის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები, რაც ცალსახად საშუალებას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები და საქმის სრულყოფილი შესწავლის შემდგომ მიეღო ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნებოდა უფლების შემზღუდველი მოსარჩელე მხარისთვის. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 130-ე მუხლზე, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გაცნობისთანავე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, შესაბამისად კანონსაწინააღმდეგოა სადავოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მარტის № 04/12167-2017/1 გადაწყვეტილება ც. ხ-ისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №2020/1 გადაწყვეტილება ც. ხ-ისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №SSA 3 23 00799794 გადაწყვეტილება მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

სადავო აქტებთან დაკავშირდებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებასთან ერთად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ც. ხ-ის სასარგებლოდ პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან - 2017 წლის 1 მარტიდან პენსიის აღდგენამდე - 2021 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ყველა თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალების ნაწილში. დადგენილია, რომ ც. ხ-ს 2017 წლის 1 მარტს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ხოლო დარიცხვა განუახლდა 2021 წლის 1 ნოემბრიდან და აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს არ ჩარიცხვია სახელმწიფო პენსია. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ მართალია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად - შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ, უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების, შეწყვეტისა და ასევე განაცდური პერიოდის პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალების ნაწილშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი