Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-979(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ფ. ა. რ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 16 ნოემბერს ფ. ა. რ. ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ... წლის ... ...ს საუდის არაბეთში. არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა და პირადობის მოწმობაში მოქალაქეობის გრაფაში მითითებული აქვს მოქალაქეობა - უცნობი. საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის 19 აგვისტოს და საქართველოში ჩამოსვლისას ჰქონდა სამგზავრო დოკუმენტი პალესტინელი ლტოლვილებისთვის გაცემული ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში. 2017 წელს იქორწინა საქართველოს მოქალაქეზე და ჰყავს შვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. დღემდე ცხოვრობს საქართველოში. მოსარჩელის მითითებით, მან 2020 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა, რაზედაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთქვა უარი. მოსარჩელის მითითებით, გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული და დასაბუთებული თუ რატომ წარმოადგენს მოსარჩელე საშიშ პიროვნებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ა. რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ფ. ა. რ. ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინებით ფ. ა. რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ა. რ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით ფ. ა. რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და დეტალურად გაეცნო იმ ინფორმაციას, რაც საფუძვლად დაედო 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 2000087468 წერილს. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ. ა. რ. ჯ-ი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოება დაუშვებელი იყო და განმარტა, რომ ინფორმაცია მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი, სასამართლო კი ამჟამად არ იხილავს ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება (კომპეტენცია) სადავო არ არის. ასევე მკაფიოდ არის გამოკვეთილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანი და, შესაბამისად, დასაბუთებაც - არ იქნეს სამართლებრივი სტატუსი მინიჭებული ისეთი პირისათვის, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანი არ იყო აპელანტის საქართველოდან გაძევება, რის გამოც არარელევანტურად მიიჩნია აპელანტის მსჯელობა საქართველოდან გაძევებასთან მიმართებაში და განმარტა, რომ აპელანტისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ავტომატურად და უპირობოდ არ იწვევს მის გაძევებას საქართველოდან. უცხოელის გაძევების წინაპირობები და წესიც მოწესრიგებულია ,,მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ“ კანონის მე-8-მე-9 თავებით. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანმდევი შედეგი არ არის აპელანტის გაძევება საქართველოდან, იგი არ არღვევს ,,მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ,,ოჯახის ერთიანობის“ პრინციპს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილება შეესაბამებოდა კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ა. რ. ჯ-მა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსად გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას და არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებული გარემოება, არა მხოლოდ სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველია, არამედ, იმავდროულად პირის საქართველოდან გაძევების საფუძველიც, მაშინაც კი, როდესაც პირს „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი“ გააჩნია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1.,,გ“ და 51.3 მუხლები). შესაბამისად, ყოვლად გაუგებარი და გაუმართლებელია პირს, რომელიც მართლაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის, ამ ე.წ. „უსაფრთხოების საფუძვლით“ უთხრა უარი „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის“ დადგენაზე. პრიორიტეტულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ყოველმხრივ გაანალიზებული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება გამოკვლეული და დასაბუთებული, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.

კასატორის მითითებით, განსახილველი დავის საგნის მსგავს საკითხებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ გადაწყვეტილებაში იმსჯელა და არაერთხელ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელს/თავშესაფრის მაძიებელს ემუქრება გაძევება იმ მოტივით, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და აღნიშნულ პირს ან მის წარმომადგენელს არ აქვს წვდომა ამ დოკუმენტზე, სახეზეა სხვა უფლებასთან ერთად კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა, რომლის მიხედვით, ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. ა. რ. ჯ-ი დაიბადა ... წელს საუდის არაბეთის სამეფოში, ქ. თაბუკში. 2000-2011 წლებში ცხოვრობდა საუდის არაბეთში, ქ. ჯედაში. 2011 წელს 5 თვის განმავლობაში ცხოვრობდა მალაიზიაში. 2011-2013 წლებში სწავლობდა იორდანიაში, 2013-2017 წლებში ცხოვრობდა საუდის არაბეთში, 2017 წლიდან დღემდე ცხოვრობს საქართველოში. ფ. ა. რ. ჯ-ი 2017 წლის 15 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ქ. ჩ-ესთან და მათ ჰყავთ 2 შვილი, ლ. ფ. ა. რ. ჯ-ი ჩ-ე და ა. ფ. ჯ- ჩ-ე. ფ. ა. რ. ჯ-ს საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ... ქ. №43-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება. ამასთან, დადგენილია, რომ ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მიერ, 09.10.2013 წლიდან 08.10.2018 წლამდე ფ. ა. რ. ჯ-ის (თავშესაფრის მაძიებლის) სახელზე გაიცა პალესტინელ ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტი, ხოლო 2018 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 15 აგვისტომდე, ასევე, 2019 წლის 15 აგვისტოდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები. ფ. ა. რ. ჯ-მა 2020 წლის 20 იანვარს გაცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა, ეცნობებინა-არსებობდა თუ არა ფ. ა. რ. ჯ-ისათვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის ინფორმაციის თანახმად, ფ. ა. რ. ჯ-ზე დეპარტამენტს ინფორმაცია არ მოეპოვება.

ქალაქ ამანში საქართველოს საელჩოს 2020 წლის 20 ივლისის №24895-32 წერილით საქართველოს საგარეო სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ფ. ა. რ. ჯ-ი არ არის იორდანიის მოქალაქე, არ აქვს პირადი ნომერი და მასზე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის სამოქალაქო დოკუმენტი. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით დგინდება, რომ ფ. ა. რ. ჯ-ი არ არის საუდის არაბეთის მოქალაქე.

საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ფ. ა. რ. ჯ-ისთვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამრიგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილებით ფ. ა. რ. ჯ-ს უარი ეთქვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე.

აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 10.10.2024წ. წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ფ. ა. რ. ჯ-ის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება ფ. ა. რ. ჯ-ის უფლებები, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Case of Leander v. Sweden). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Case of Lupsa v. Romania). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (Case of Khasanov and Rakhmanov v. Russia).

ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები უფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ).

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით.

ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები (სუსგ №ბს-342-331(კ-10), 20.10.2010წ.).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე ს. ა. ს. ტ-ას (GE, ...) მიერ 25.09.2024წ. №19959 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. ა. ს. ტ-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. ს. ა. ს. ტ-ას (GE, ...) დაუბრუნდეს ფ. ა. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე 25.09.2024წ. №19959 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე