Facebook Twitter

ბს-908 (კ-22) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ჯ-ემ 21.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ჟ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 21.02.2019წ. №684 ბრძანების ბათილად ცნობა, ჟ. ჯ-ის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება და ჟ. ჯ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება, ჟ. ჯ-ის გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ... (...) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2020წ. გადაწყვეტილებით ჟ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის 21.02.2019წ. №684 ბრძანება ჟ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამავე სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოში ტოლფას თანამდებობაზე ჟ. ჯ-ის აღდგენის შესახებ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ჟ. ჯ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჟ. ჯ-ე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 21.02.2019წ. N684 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ი ჟ. ჯ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ხოლო კანონის 110-ე მუხლის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 12.10.2018წ. MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქონების მართვის სამმართველოში განსაზღვრული იყო 7 საშტატო ერთეული, აქედან სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი), წამყვანი სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 1200 ლარი), უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 1100 ლარი), სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 975 ლარი). ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 16.02.2019წ. №457 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქონების მართვის სამმართველოში განსაზღვრულია 4 საშტატო ერთეული, სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული ( თანამდებობრივი სარგო - 3100 ლარი), I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი), II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტი გაუერთიანდა ეკონომიკურ დეპარტამენტს, ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ფუნქციებით აღიჭურვა რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრული ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ის საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე ჟ. ჯ-ე იკავებდა, არ შემცირებულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 16.02.2019წ. №457 ბრძანებით დამტკიცებულ ახალ საშტატო ნუსხაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე ჟ. ჯ-ე იკავებდა, რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა, არამედ მისი ფუნქცია - მოვალეობები სრულად გადაეცა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საშტატო ერთეულს. ამასთან, აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა დასაქმებული პირი. ამდენად, დარღვეულია ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა განხორციელდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა. საპელაციო სასამართლოს მოზარებით ჟ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის ფაქტობრივ და მატერიალურ საფუძვლებს, რაც ქმნის მისი ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ საფუძვლებს.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდური ხელფასის ყოველთვიურად ... ლარის ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას (იხ.სუსგ 13.09.2007წ. №ბს 171-160(კ-07); 28.05.2008წ. №ბს-65-65(2კ-08); 05.02.2019წ. №ბს-1512(კს-18)). განსახილველ შემთხვევაში ჟ. ჯ-ის თანმდებობრივი სარგო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 21.02.2019წ. №684 ბრძანების გამოცემამდე განსაზღვრული იყო ... ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არსებული თანამდებობრივი სარგოთი, რაც ყოველთვიურად ... ლარს შეადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, აგრეთვე შტატების რაოდენობის ცვლილება. განსახილველ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოხდა სტრუქტრული ცვლილებები, გაუქმდა ლოჯისტიკის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. კასატორმა მიუთითა, რომ ჟ. ჯ-ე მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. რეორგანიზაციის, სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების შემცირების გამო, 2019 წლის 15 თებერვლიდან დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა კანონით დადგენილ ვადაში 10.01.2019წ., რაც დასტურდება გაფრთხილების ფურცელზე ჟ. ჯ-ის ხელმოწერით. კასატორმა მიუთითა, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმებულ იქნა ლოჯისტიკის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. ლოჯისტიკის დეპარტამენტი გაერთიანდა ეკონომიკურ დეპარტამენტში. რეორგანიზაციამდე ლოჯისტიკის დეპარტამენტი შედგებოდა 56 საშტატო ერთეულისგან, ეკონომიკური დეპარტამენტი - 34 ანუ საერთო ჯამში 90 საშტატო ერთეულისგან. რეორგანიზაციის შემდგომ ეკონომიკური დეპარტამენტი (რომელშიც გაერთიანდა ლოჯისტიკის დეპარტამენტი) შედგება 58 საშტატო ერთეულისგან. რეორგანიზაციამდე ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო შედგებოდა 7 საშტატო ერთეულისგან, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო შედგება 4 საშტატო ერთეულისგან. კასატორმა აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 21.02.2019წ. №684 ბრძანების თანახმად ჟ. ჯ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების შემცირების გამო. აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 03.07.2017წ. №52 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 52-ე მუხლის პირველი პუნქტი. ჟ. ჯ-ეს კომპენსაციის სახით ჩაერიცხა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. კასატორი თვლის, რომ სამსახური მოქმედებდა კომპეტენციის ფარგლებში და სადავო ბრძანება გამოცემულ იქნა შესაბამისი პროცედურების დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჟ. ჯ-ე 2014 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 12 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლის 12 ივლისიდან გათავისუფლებამდე დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 09.01.2019წ. NMOC 3 19 00017606 წერილით ჟ. ჯ-ეს ეცნობა, რომ 2019 წლის 15 თებერვლიდან იგეგმებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. რეორგანიზებული უნდა ყოფილიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტი, ამდენად, ჟ. ჯ-ე გაფრთხილებულ იქნა, რომ 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, შესაძლოა გათავისუფლებული/დათხოვნილი ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.01.2019წ. ბრძანებით განისაზღვრა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მომსამსახურეების დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობა უნდა შემოწმებულიყო სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტით, ზოგადი უნარების ტესტით, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტით, ასევე გასაუბრებით (საჭიროების შემთხვევაში). სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 26.01.2019წ. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის თითოეული ტესტის საერთო შეფასებაში განისაზღვრა თანაბარი წონა. სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში ჟ. ჯ-ემ მიიღო 52 ქულა (მაქსიმალური ქულა 80), სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელ ტესტში - 23 ქულა (მაქსიმალური 30), ხოლო ზოგადი უნარების ტესტში - 35 ქულა (მაქსიმალური 80). ამასთან, 21.02.2019წ. გასაუბრების ოქმის თანახმად ჟ. ჯ-ეს ჩაუტარდა გასაუბრებაც. ოქმში მითითებულია, რომ ჟ. ჯ-ეს გაუჭირდა დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 21.02.2019წ. N684 ბრძანების შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ...ი ჟ. ჯ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 12.10.2018წ. NMOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქონების მართვის სამმართველოში განსაზღვრული იყო შემდეგი საშტატო ერთეულები: სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი), წამყვანი სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 1200 ლარი), უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 1100 ლარი), სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი ერთეული 975 ლარი). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 16.02.2019წ. N457 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის თანახმად, ქონების მართვის სამმართველოში საშტატო ერთეულები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული ( თანამდებობრივი სარგო - 3100 ლარი), I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი), II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლება, მით უფრო შტატების შემცირების საფუძვლით, რა დროსაც კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს, ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გაიაზროს მისი განთავისუფლების, ასევე მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-847 (2კ-18)). რეორგანიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს დასაქმებულთა უფლებების გაუმართლებელი ხელყოფა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტი გაუერთიანდა ეკონომიკურ დეპარტამენტს. ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ფუნქციებით აღიჭურვა რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრული ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო. რეორგანიზაციამდე ლიჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო შედგებოდა შვიდი საშტატო ერთეულისაგან, რაც აღემატება რეორგანიზაციის შემდგომ ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოში არსებულ საშტატო ერთეულების რაოდენობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ საშტატო ერთეულებზე საჯარო მოხელეთა შერჩევის მიზნით პროფესიული, უნარ-ჩვევებისა და ქართულის ენის ტესტირება, ხოლო შემდგომ გასაუბრება ჩატარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტულ დეპარტამენტებში, მათ შორის ლოჯისტიკის დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომლებთან. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის და ასევე პროფესიულ ტესტირებაში მოსარჩელის მიერ მიღებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამავე ტესტირებებში სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, ხოლო მოსარჩელის მიერ სამივე ტესტის შედეგად დაგროვილი ჯამური ქულა ბევრად აღემატებოდა რეორგანიზაციის შემდეგ ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოში დანიშნული მოხელის მიერ მიღებულ შედეგს. ამასთან, გასაუბრების ოქმში მხოლოდ ზედაპირულად არის აღნიშნული, რომ ჟ. ჯ-ეს გაუჭირდა კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა, თუმცა ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას გასაუბრების შინაარსისა და ჟ. ჯ-ის მიერ გაცემული პასუხების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 106.3 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ელი ნაწ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53-ე მუხ. მე-4 ნაწ.). თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი (სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა). ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ 07.03.2019წ. საქმე №ბს-797(კ-18)). ამდენად, დამსაქმებელი, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებულია გამოიკვლიოს, შეაფასოს და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოსცეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭების მოტივაციის სახელმძღვანელო კრიტერიუმები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭათ ჟ. ჯ-ესთან შედარებით უპირატესობა სხვა, მასზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატებს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გადმოცემული დასაბუთება იმისა, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატის ... დანიშვნისას. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი და საფუძველი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული შტატების შემცირების საფუძველზე კონკრეტული მოხელის გათავისუფლების აუცილებლობა და სხვა მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველო აღიჭურვა ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქონების მართვის სამმართველოს ფუნქციებით, მათ შორის იმ ფუნქციებით რომელსაც ჟ. ჯ-ე მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა. ამასთან, კასატორი არ მიუთითებს საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის თაობაზე, რომლებიც საჭირო იყო რეორგანიზაციის შემდგომ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. საკასაციო საჩივარში მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება რომ არსებული 7 შტატიდან მოხდა 4 შტატის შენარჩუნება, არ ასაბუთებს ჟ. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას, რადგან შტატის ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნების შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. მაკარიძე