Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-127(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ,,...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 17 მაისს ა(ა)იპ ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა პაციენტ ლ. ტ-ას ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №04/20503 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის საფუძველზეც ა(ა)იპ ,,...ს’’ აუნაზღაურდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება N04/20503 ა(ა)იპ ,,...ის“ 2018 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63232 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, პაციენტ ლ. ტ-ას მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა(ა)იპ ,,...ის“ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ა(ა)იპ ,,...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ა(ა)იპ ,,...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-3, მე-7, მე-9 მუხლებზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-6 მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა ა(ა)იპ ,,...ის’’ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. მითითებულ გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ მიმწოდებლის მხრიდან, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა გადმოცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა - ...ა; სამედიცინო დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდება. ასევე, ზოგადად არის მითითებული, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების კომპონენტების პირობებს, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, არსებობდა პაციენტ ლ. ტ-ას ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობდა სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №04/20503 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11, მე-14, მე-15 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხანგრძლივობით არ დადასტურდა. სადავო შემთხვევა კი წარმოდგენილი იქნა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის, ასევე, სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, რაც ხელოვნურად ზრდის სამედიცინო შემთხვევის ხარჯებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული სადავო საკითხი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,...ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N809 დგინდება, რომ პაციენტი ლ. ტ-ა 2018 წლის 17 აპრილს მოათავსეს ა(ა)იპ ,,...ში’’, განყოფილება - თერაპია დიდები. ტრანსპორტირების სახეობა - საკაცით; კლინიკაში შეყვანილია სასწრაფო დახმარება 112-ის მიერ; სტაციონარში მიყვანილია სასწრაფო ჩვენების გამო. დიაგნოზი შესვლისას: ...ი დაავადება; ...; ...ა; ...ი დაავადება, გადატანილი ...ით; ...; ...ა. დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: ...ი დაავადება; ...; ...ა; ...ი დაავადება, გადატანილი ...ით; ...; მარჯვენა ...ის ...ი და ...ი; ...ა. ჰოსპიტალიზირებულია მიმდინარე წელს ამ დაავადების გამო განმეორებით.

ასევე, საქმეში წარმოდგენილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 23 მაისის ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა; ცნობა N809/1) დგინდება, რომ პაციენტი - ლ. ტ-ა 2018 წლის 17 აპრილს მოათავსეს ა(ა)იპ ,,...ში’’, მოზრდილთა ... განყოფილებაში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ...; ...ა; ...ი დაავადება; ...ი დაავადება, გადატანილი ...ით; ...; ...ა; მარჯვენა ...ის ...ი და ...ი; გადატანილი დაავადებები: ...ი 2017; გადატანილი ...ით ...; ...ი; ...ი. ამავე ცნობაში მითითებულია მოკლე ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით, რამდენიმე წელია აღენიშნება ...ა, ...ი, ...ა. 2017 წლის დეკემბერში (02.12.17-06.12.17) გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ზ... საავადმყოფოში, ...ის დიაგნოზით, განხორციელდა ...თ, ასევე გამოვლინდა შემომხვევი ...ი 80%-ით. 27.12.17-ში განხორციელდა ...ა. ამავე პერიოდიდან დიაგნოსტირებული აქვს ..., რისთვისაც იღებს ... საშუალებებს. 2018 წლის აპრილში ...ის დიაგნოზით იტარებდა მკურნალობას ქუთაისში, სადაც მოხდა ...ა.

ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 23 მაისის ცნობის თანახმად, პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ...ი (რამდენჯერმე); ... ანალიზი (რამდენჯერმე); ... ტესტი (რამდენჯერმე); ...ის ჰორმონები; ...ი; ...ა; ...ი დიაგნოსტიკა; ...ი ანალიზი; ...; ...; .... ამავე ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში მოთავსდა ჩივილებით: ...ა, ...ი, ...ა, ...ა, ...ი; გადამოწმდა ...ი მონაცემები. დაისვა ... დიაგნოზი, ფიქსირდებოდა ...ი, სახეზე იყო ...ი ...ა, მიზეზს წარმოადგენს კრიტიკულად დაბალი განდევნის რეაქცია. ...ი იყო ...ი, ...ი შემცირებული, ... მგ/დლ. დაწყებული იქნა ...ა, ...ი ...ას და ...ის გასაუმჯობესებლად ...ა და ამ ფონზე ...ა. თუმცა მიუხედავად ამისა, ...ი იყო არაადექვატური, ფიქსირდებოდა ...ა, ზ/ა გათვალისწინებით დაწყებული იქნა ...ით, რის ფონზეც ...ა, იმატა ...ა, მოიხსნა ...ო, ...ის ფონზე ...ი სამიზნე დოზამდე, თუმცა ...ის დოზის კლებას კვლავ მოჰყვა ...ის შემცირება, ...ა, გაღრმავდა ...ა, მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, სახეზე იყო ...ი სტადია. კვლავ გაიზარდა ...ის დოზა, მოიხსნა ...ი და დაწყებული იქნა ...ა, გაგრძელდა ...ა, რის ფონზეც პაციენტი შედარებით განიტვირთა, იკლო ...ის და ...ის ხარისხმა, ...ით ...ა არ ფიქსირდება, მიღწეული იქნა ...ა, ...ი სამიზნე დოზამდე, რის ფონზეც მოხერხდა ...ის დოზის თანდათან კლება და შემდეგ მისი ...ის შეწყვეტა. მას შემდეგ ...ა მუდმივად ...ა, ...ა სტაბილური, ...ი ადექვატური. კლინიკაში ყოფნისას პაციენტს აღენიშნა ...ა, ...ი ...ის ადგილზე, აღენიშნა ...ა და ...ი, დაწყებული იქნა ...ა, რის ფონზეც ...ი დაუბრუნდა ნორმას, ...ა არ აქვს. პაციენტის მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციასთან ერთად 22.05.2018წ. პაციენტი მოიხსნა პირველი დონის ინტენსიური თერაპიიდან და განაგრძო გადაუდებელი თერაპიული მკურნალობა. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციით ეწერება ბინაზე. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სტაბილური.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს მიღებული იქნა N04/63232 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მათ შორის მითითებულია, რომ პაციენტი - ლ. ტ-ა, როგორც ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირი, მკურნალობდა ა(ა)იპ ,,...ში’’ 2018 წლის აპრილი-მაისის თვეებში. პაციენტ ლ. ტ-ას შემთხვევა (2018 წლის 17.04-23.05) მიმწოდებლის მხრიდან, პროგრამის ფარგლებში გადმოცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა - ...ა. სამედიცინო დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდება. ამდენად, მითითებულ სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილება პაციენტ ლ. ტ-ას ნაწილში, გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, ა(ა)იპ ,,...ის“ მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №04/20503 გადაწყვეტილებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის პაციენტ ლ. ტ-ასთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, მითითებული შემთხვევა გადაცემული იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა - ...ა, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს ისე უთხრა უარი პაციენტ ლ. ტ-ასთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) დაუსაბუთებელია, მასში მხოლოდ ზოგადად არის აღნიშნული, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდება, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში პაციენტ ლ. ტ-ას ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04/63232 გადაწყვეტილების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება აღნიშნული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №04/20503 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 26 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2024 წლის 27 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 119.5 ლარის, ჯამში 419.5 ლარის 70% - 293.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300183150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 26 თებერვლის N06119 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2024 წლის 27 თებერვლის N06323 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 119.5 ლარის (გადახდილია სახაზინო კოდზე: 300773150), ჯამში 419.5 ლარის 70% - 293.65 ლარი (ორას ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300183150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი