Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-298(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ბ-ე

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 აპრილს გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცემის დავალება გ.ბ-ის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, მას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი აქვს მემკვიდრეობით მიღებული ქონების - მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით რეგისტრაცია. სააგენტოს მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილი ზოგადი სახის ინფორმაციის მიუხედავად, არ გრძელდება სარეგისტრაციო წარმოება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილება და 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩართვაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა ადმინისტრაციულ დავაში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა. პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიების დასრულების მოლოდინში, სარეგისტრაციო წარმოება სრულყოფილად არ ჩატარებულა, არ მოკვლეულა და არ განხორციელებულა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებები, რამაც უსაფუძვლოდ გააჭიანურა გ.ბ-ის დაინტერესებაში არსებულ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულება.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. კასატორი აღნიშნავს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, აღნიშნული გამოიწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მესაკუთრის მხრიდან უძრავი ნივთის განკარგვას და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც, თავის მხრივ, აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. ამგვარი გარემოებების არსებობის პირობებში კი, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო საქმის განხილვისას გამოვლენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს, სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და მოსარჩელისათვის სრულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემების ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. ამავე მუხლის 22 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი. ხსენებული ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, კი სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი). სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) და მათგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე, მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, მიწის სააღრიცხვო ბარათით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 9980 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ...), მდებარე ..., „...“ ..., 11.12.2006 წლიდან წარმოადგენს ე.ბ-ის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია დაბა ...ის საკრებულოს 2004 წლის საგადასახადო სია, რიგითი №... დასახელებული ქონება, სხვა სამკვიდრო ქონებასთან ერთად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრეობით მიღებული აქვს გ.ბ-ეს, როგორც ე.ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს.

დადგენილია, რომ 2020 წლის 22 ივლისს გ.ბ-ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, 9980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ..., „...“ ..., ზონა - ბორჯომი, სექტორი - დაბა ..., უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. 2020 წლის 26 ივლისს და 27 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც გ.ბ-ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე: სახელმწიფო) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, ამასთან სარეგისტრაციო სამსახურმა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან №231645 წერილით (26.07.2020) გამოითხოვა ინფორმაცია, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღების შემდეგ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 26 ივლისის №231645 წერილით №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ხაშურის არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია დაბა ...ში მოქალაქე გ.ბ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლის წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, ასევე, აღნიშნულ უწყებებში დაცული სხვა დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვა).

2020 წლის 31 ივლისს გ.ბ-ემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი, საკადასტრო გეგმა (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: ...), საჯარო რეესტრის წერილი და სამკვიდრო მოწმობა. 2020 წლის 4 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ-ეს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე: სახელმწიფო) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, ამასთან სარეგისტრაციო სამსახურმა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან №248773 (04.08.2020) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღების შემდეგ.

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის დირექტორის 2020 წლის 5 აგვისტოს №69/67403 წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის №171 დადგენილებით დამტკიცებული დაბა ...ის სარეფორმო სიაში ე.ბ-ის უფიქსირდება 0.15 ჰა მიწის ფართობი. ბორჯომის რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ, დაბა ...ის 2001-2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ე.ბ-ის უფიქსირდება: 2001 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული - 0.15 ჰა, მათ შორის სახნავი - 0.15 ჰა; 2002 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული - 0.80 ჰა, მათ შორის სახნავი - 0.15 ჰა, სათიბი - 0.65 ჰა; 2003 წელში სახნავი - 0.80 ჰა, მათ შორის სათიბი - 0.65 ჰა; 2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ სახნავი - 1200 კვ.მ, სათიბი - 10000 კვ.მ. დაბა ...ის 2000, 2006 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ე.ბ-ე არ ფიქსირდება. დაბა ...ის საკომლო წიგნები და 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998- 1999, 2005, 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები ხაშურის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება. ხოლო შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №21-02-1/92238 წერილის თანახმად, დაბა ...ში ე.ბ-ეს 2000 წელში უფიქსირდება 0.15 და 0.758 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 2001 წელში - 0.15 ჰა, 2002 წელში - 0.15 და 0.65 ჰა. ე.ბ-ეს (მამის სახელი არ ფიქსირდება) 2003 წელში უფიქსირდება 0.08 ჰა და 0.65 ჰა, 2004 წელში - 100 კვ.მ, 1200 კვ.მ და 10000 კვ.მ.

დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ-ეს აცნობა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით საჯარო რეესტრმა 2020 წლის 19 აგვისტოს №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ახალციხის რაიონულ პროკურატურას, შესაბამისად, განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება გადაიდო აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.

2020 წლის 21 დეკემბერს გ.ბ-ემ განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და ითხოვა პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №01606907 საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლებელი იყო თუ მის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წარმოების გაგრძელება და აღნიშნულის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ცნობა, რაზეც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 2020 წლის 31 დეკემბერს გ.ბ-ეს აცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, 2020 წლის 19 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში მითითებულ უძრავ ქონებაზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. რაც შეეხება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაგრძელების საკითხს აღნიშნული წარმოადგენდა შესაბამისი ორგანოს კომპეტენციას.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საჯარო რეესტრსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას შორის გაგრძელდა კომუნიკაცია, რა დროსაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენიმეჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა მიხედვითაც, გ.ბ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლება პროკურატურიდან შესაბამისი პასუხის მიღებამდე იყო გადადებული.

დადგენილია, რომ 2021 წლის 11 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე: სახელმწიფო) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, სარეგისტრაციო სამსახურმა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან №248773 (04.08.2020) წერილით, ხოლო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან №... (19.08.2020) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, ასევე, პროკურატურას დამატებითი დოკუმენტაცია გადაეგზავნა №56717 (11.02.2021) წერილით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №... (19.08.2020) წერილზე პასუხის მიღების შემდეგ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოების განმავლობაში გამოვლენილი, კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დაავალოს მხარეს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ისარგებლა აღნიშნული უფლებამოსილებით, მოეძია დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციიდან. თუმცა საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში, ერთი და იგივე საფუძვლით რამდენჯერმე იქნა მიღებული საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება ისე, რომ მხედველობაში არ მიღებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების შემდგომ. აღნიშნულის პარალელურად, საქმეში მოიპოვება სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის წერილები, საიდანაც დგინდება, რომ პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის №01606907 საქმე, თუმცა კონკრეტულად გ.ბ-ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს პროკურატურას არ გაუვრცელებია რაიმე უფლებრივი შეზღუდვა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიეთითა მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციაზე. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2014 წლის 13 იანვრის №13/34-1793 წერილით დგინდება, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ინტერესს წარმოადგენს დაბა ...ის ტერიტორიაზე გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები (მიწის ნაკვეთების მეპატრონეთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით), რომლებსაც საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის დროს საფუძვლად მითითებული აქვს დაბა ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო პრეტენზია, რომ მიმდინარე გამოძიება სარეგისტრაციო წარმოების დასრულებას ხელს უშლის, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.03.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.03.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

ბ. შონია

გ. აბუსერიძე