Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-544(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ნ. ს-ა, ი. ი-ი, ი. კ-ი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ს-ამ 2021 წლის 18 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №... და მასზე წარდგენილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 85 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ს-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, გ. ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2020 წლის 16 ოქტომბერს გაცემული №... საარქივო ცნობის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ოჯახის თანასაკუთრებაში არსებული 422 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე 85 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა ამავე სააგენტოში წარადგინა დოკუმენტები, რომლებითაც ირკვეოდა, რომ სადავო მიწაზე დავა დაიწყო გასულ საუკუნეში ძმებს - გ. და ს. კ-ებს შორის და 1932 წლის 12 ივლისის ხაშურის სახალხო სასამართლოს №486 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაწყდა, რომ გ. ს-ას სიმამრს - გ. კ-ს ჰქონდა უფლება ესარგებლა სადავო გზით და არა მის ძმას - ს. კ-ს, რომელსაც სახლამდე მისასვლელი გზა სხვა მხარეს დაუდგინდა.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული დოკუმენტები და ისე მიეღო რეგისტრაციაზე გადაწყვეტილება, მაგრამ მან წერილით მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და მიწის იდენტურობის დადგენა მოითხოვა. მერიამ, თავის მხრივ, საპასუხო წერილით აცნობა სააგენტოს, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობა ვერ დგინდებოდა. სწორედ აღნიშნული წერილის გათვალისწინებით, გ. ს-ას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრაციაზე უარი საფუძველს მოკლებულია და ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ი. კ-ი და ი. ი-ი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ნ. ს-ა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გ. ს-ამ გაასაჩივრა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა 1932 წლის სააღსრულებო ფურცელი და კ-ების დავასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტები, რომლებითაც მხოლოდ მის სიმამრს - გ. კ-ს გადაეცა სარგებლობაში სადავო გზა, ხოლო მის ძმას - ს. კ-ს აეკრძალა მასზე გავლა, ვინაიდან მის ოჯახს სხვა მხრიდან ჰქონდა საჯარო გზაზე გასასვლელი. დავის ამგვარად გადაწყვეტის შემდეგ, გ. ს-ას ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს როგორც საკუთარს, ჩაყრილი აქვს ვაზი და ეზოში გაშენებული აქვს ხეივანი. ამდენად, სადავო გზას თითქმის საუკუნეა დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია და გ. ს-ას ოჯახის გარდა მას არავინ იყენებს. სახლების ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაც კი, მის გამოყენებას ვერავინ შეძლებს.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმის განხილვაში არასწორად ჩართო მესამე პირები - ი. ი-ი და ი. კ-ი, რადგან ისინი არ არიან განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ს-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 2015 წლის 31 აგვისტოდან გ. ს-ას, ნ. ს-ასა და ა. პ-ის თანასაკუთრებაშია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 422 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 11 მარტს გაცემული №AA2015013714-04 საარქივო ცნობა;

- გ. ს-ამ 2020 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებული 422კვ.მ მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე 85 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 22 იანვარს წერილით მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის და სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამდენად, სააგენტომ მოითხოვა №... საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება;

- ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შედგენილ იქნა ადგილზე დათვალიერების №00015 ოქმი (აღნიშნული ოქმი დაინტერესებული პირის მიერ არ გასაჩივრებულა) და სააგენტოს აცნობა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის იდენტურობა არ დგინდებოდა. მითითებული წერილის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. აღნიშნული უარი გ. ს-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილდა;

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 20494.03 მეტრი სიგრძის ხაზოვანი ნაგებობა - მიწისქვეშა სასმელი წყლის მილი (ს/კ ...);

- სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ს-ას მიერ წარდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ 2023 წლის 7 აგვისტოს ოქმი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გ. ს-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის დაფიქსირების შესახებ. ოქმზე დართულია მხოლოდ ფოტოსურათები, რომელზეც ასახულია გ. ს-ას სახლის ეზოს გარკვეული მონაკვეთი, გასასვლელ ჭიშკართან ახლოს. სურათების მიხედვით ჩანს, რომ ამოთხრილია მიწა სიგრძეზე, რომელშიც სიცარიელეა.

- ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატის სხდომაზე წარადგინა ამავე მუნიციპალიტეტის სახელზე შედგენილი მესამე პირის - ი. ი-ის 2020 წლის 25 დეკემბრის და 2021 წლის 25 იანვრის განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მისმა მეზობელმა - გ. ს-ამ ჩაუღობა სატრანსპორტო გზა, რომლითაც იგი დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა და ითხოვა შესაბამისი ზომების გატარება. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება (მოსარჩელე - გ. ს-ა, მოპასუხე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანია - ქარელის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 27 აგვისტოს №7 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ს-ა, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, დაჯარიმდა 1000 ლარით და დაევალა უნებართვოდ ნაწარმოები ნაგებობის (ჭიშკრის) დემონტაჟი), რომლითაც გ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით. სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ გ. ს-ას ჭიშკარი მოწყობილი ჰქონდა ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო რეესტრში „ვინმეს“ საკუთრებად არ იყო რეგისტრირებული და იგი მდებარეობდა გ. ს-ას და ი. ი-ის კუთვნილი ნაკვეთების სოფლის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ჩიხში. ამ ტერიტორიაზე კი განთავსებული იყო ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა - მიწისქვეშა სასმელი წყლის მილსადენი (ს/კ ...);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა ასევე 2023 წლის 16 აგვისტოს მომზადებული სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დგინდება, რომ გ. ს-ას სარეგისტრაციო განცხადებაზე დაცული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემთან (მესაკუთრეები: ი. ი-ი და ი. კ-ი). აგრეთვე, ზედდება ფიქსირდება სააგენტოს წარმოებაში არსებულ მონაცემთან (განაცხადი №...), რომლითაც ცვლილების განხორციელებაა მოთხოვნილი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები: გ. ს-ა, ნ. ს-ა, ა. პ-ი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ს-ასათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი განმარტავს „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნებას და ასეთად განიხილავს 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილ მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიას, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცულ დოკუმენტს (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერს, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერს) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულ/წარმოდგენილ სხვა შესაბამის დოკუმენტს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ასევე ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტით კი, დადგენილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, მათ შორის, იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის ჩართულობა, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თავის ძირითად პრეტენზიას ამყარებს იმ არგუმენტზე, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 85 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად კი, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) გარდა, მოიხსენიებს ხაშურის სახალხო სასამართლოს 1932 წლის 12 ივლისის №486 სააღსრულებო ფურცელს. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 85 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს თუ საეrთო გზას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს სოფლის საჯარო გზებთან დამაკავშირებელ გასასვლელს (ჩიხს). საქმეში დაცული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სააგენტოში დაცული სისტემური აღწერების შედეგების მიხედვით (ე.წ. ყვითელი ფენა), სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მდებარეობს გზის/ქუჩის ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ 2019 წელს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 422 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის მოთხოვნით, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზი კი არ მოიცავდა სადავო 85 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ამჟამად კი უთითებს, რომ სადავო ტერიტორია მისი საკარმიდამო ნაკვეთის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მოსარჩელეს 2019 წელს მთლიანი ნაკვეთის დარეგისტრირება არ მოუთხოვია. გარდა ამისა, საქმეში დაცული საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტების მიხედვითაც, მოცემულ ტერიტორიაზე აღნიშნულია გზა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ დოკუმენტებზე, რომლებიც მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სადავო ფართთან დაკავშირებით, კერძოდ, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარისადმი 1985 წლის 12 აგვისტოს N14-328/3 განცხადებაზე, ქარელის რაიონის პროკურორისადმი გაგზავნილ ქარელის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის 1990 წლის 19 სექტემბრის N14-65-2 წერილზე, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ქარელის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის 1985 წლის 02 ოქტომბრის N505 წერილზე, რომელთა შინაარსით ირკვევა და თავად მოსარჩელეც უთითებს, რომ ძმებს - გ. კ-სა (მოსარჩელის სიმამრი) და ს. კ-ს შორის იყო დავა მათ სახლამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით, რომელიც გადაწყვეტილა ხაშურის სახალხო სასამართლოს 1932 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო ფურცლით. საქმეში წარმოდგენილია ხაშურის სახალხო სასამართლოს მიერ 1932 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და კოჭუაშვილებს შორის დავასთან დაკავშირებით 1980-იან წლებში შედგენილი დოკუმენტები, რომლებითაც, საკასაციო პალატის მითითებით, უტყუარად დასტურდება, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენდა გზას და მოსარჩელის სიმამრს მიცემული ჰქონდა ამ გზით სარგებლობის უფლება.

სადავო მიწაზე გზის არსებობას ადასტურებს ასევე საქმეში დაცული დოკუმენტები, კერძოდ, 2016 წლის 30 აგვისტოს შედგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 20494.03 მეტრი სიგრძის ხაზოვანი ნაგებობა - მიწისქვეშა სასმელი წყლის მილი (ს/კ ...), რომელიც, როგორც წესი, გაყვანილია გზების ქვეშ. ასევე, საქმეში წარმოდგენილია გ. ს-ას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებითაც დასტურდება, რომ გ. ს-ას ჭიშკარი მოწყობილი აქვს ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო რეესტრში „ვინმეს“ საკუთრებად არაა რეგისტრირებული და იგი მდებარეობს გ. ს-ას და ი. ი-ის კუთვნილი ნაკვეთების სოფლის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ჩიხში, სადაც განთავსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა - მიწისქვეშა სასმელი წყლის მილსადენი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რამდენიმე გარემოება. კერძოდ, ის, რომ გ. ს-ას მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური, რაც დადგენილია და სადავო არ გაუხდია მოსარჩელეს, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული 2021 წლის 25 მარტის N... გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, არც მისი მომზადებისა და გამოცემის წესია დარღვეული. შესაბამისად, კანონიერია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმებისა და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის რეგისტრაციის დავალების სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - გ. ს-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2024 წლის 13 მაისს №21818774849 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე