საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-748(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ.მ-ი, ლ.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. და ლ. მ-ებმა 2023 წლის 06 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ.მ-ისა და ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანება მოსარჩელეთა ნაწილში. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებას. მისი განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და მართებული გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა სახლი ნამდვილად მდებარეობს მეწყრულ ზონაში და ის დაზიანებულია, რის გამოც შენობას მიენიჭა II კატეგორია, თუმცა ასევე დადგენილია, რომ ოჯახი სოფლის ცენტრში ფლობს ... ...ას, ამავე ნაკვეთში მდებარეობს მათი შვილის- ჯ.მ-ის საცხოვრებელი სახლი, რომლითაც ისინი სარგებლობენ პერიოდულად. მ.მ-ი ფლობს ქ. ჭიათურაში მდებარე საცხოვრებელ სახლს, სადაც ის ცხოვრობს შვილებთან და მეუღლესთან ერთად. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სამივე შვილს აქვს უძრავი ქონება, მათგან ერთი ცხოვრობს ქ. ...ში, სააგენტოს მიერ შეძენილ სახლში (ვინაიდან მას სოფელ ...ში დაუზიანდა საცხოვრებელი), მ.მ-ის აქვს ბინა სოფ. ...ში, ხოლო ჯ.მ-ი ოჯახით ცხოვრობს თბილისში, ...ას ქუჩაზე. მხარის განმარტებით, მოსარჩელეებს შეუძლიათ შეუფერხებად ისარგებლონ მ.მ-ის ქონებით, რომელიც მდებარეობს სოფ. ...ში და ამის გამო, არ არსებობს მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. და ლ. მ-ების ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ჯ.მ-მა (მცხოვრები: ჭიათურა, სოფ. ...) 2014 წლის 11 ივლისს შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში, განაცხადში მიუთითა მეუღლე - ლ.მ-ი და შვილი - მ.მ-ი. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში, მცოცავ მიწაზე, საცხოვრებლად უვარგისი, რადგან მდებარეობს მაღალ მეწყერსაშიშ ზონაში. დიდი ზომის ლოდებით არის კედლები დაშორებული. სახლამდე მისასვლელი გზაც დამეწყრილია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 29 აპრილს №51/2161 წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და გადაუგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების შესახებ დოკუმენტაცია, ფოტომასალით. სსიპ ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრის 2005 წლის 03 მაისის №01-58 ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნით დგინდება, რომ სოფ. ...ში მცხოვრები ჯ.მ-ის საცხოვრებელი სახლი აგებულია დასავლური ექსპოზიციის ფერდობის ხელოვნურად მოსწორებულ ზედაპირზე. ფერდის დაქანება 10-15◦-მდეა. იგი აგებულია მოყავისფრო-მოწითალო ფერის ქვიშაქვებით, რომლებიც გადაფარულია მეოთხეული ასაკის დელუვიური თიხებით და თიხნარებით. ფერდობზე მეწყერის განვითარებას ხელი შეუწყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლამ, რამაც გამოიწვია გრუნტის გადატენიანება და მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების გაუარესება; ფერდის დიდმა დაქანებამ; ადრე მომხდარმა მიწისძვრებმა. გამოწვეულმა დაძაბულობის ველის გაზრდამ, მეწყრებმა დააზიანა მოსახლეთა საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია. რაც შეეხება ეფექტურ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, შეუძლებელია მეწყრის დიდი სიმძლავრის გამო.
ჯ.მ-მა და მ.მ-მა დამატებით 2020 წლის 17 სექტემბერს მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და შევსებული განაცხადიდან მ.მ-ის ამოღება მოითხოვეს. მ.მ-მაც დაადასტურა, რომ ცალკე განხილულიყო ჯ.მ-ის განაცხადი.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2021 წლის 18 მაისს განხორციელდა ვიზიტი ჭიათურის რაიონში, სოფელ ...ში. გადამოწმების ოქმში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი არის ბელეტაჟის ტიპის, რომელსაც აღენიშნება ბზარები ყველა მზიდ კედელზე. ასევე, ეზოში მდგარი სათავსო გახსნილია მთლიანად. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის აქტიური მეწყერი. დაზიანებული სახლის მდგომაროების აღწერა დასტურდება გადამოწმების ოქმზე თანდართული ფოტომასალით. ოქმის თანახმად, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია ჯ.მ-ი და მისი მეუღლე - ლ.მ-ი. ოქმის მიხედვით, დაზარალებულ სახლში არ ცხოვრობენ მათი შვილები - ვ.მ-ი (ოჯახით ცხოვრობს ...ში, სახლი შეუძინა სააგენტომ, ვინაიდან ამავე სოფელში დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი), მ.მ-ი (ოჯახით ცხოვრობს ჭიათურაში, ...ში ფლობს 70 კვ.მ ბინას (იყო მამის განაცხადში და ამოიღეს)) და ჯ.მ-ი (ოჯახით ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ას ქუჩაზე). ოქმში ასევე მითითებულია, რომ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ოჯახი ცხოვრობს დაზარალების მისამართზე. ოქმის მიხედვით, სახლს მინიჭებული აქვს დაზარალების I კატეგორია. 2022 წლის 15 ივლისს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტი ჭიათურის რაიონში, სოფელ ...ში. გადამოწმებისას ადგილზე იმყოფებოდნენ განმცხადებელი - ჯ.მ-ი და მისი მეუღლე - ლ.მ-ი. ოქმში დამატებით მითითებულია, რომ სახლიდან 15-20მ. მოშორებით არის ხევი, რომელიც ამარტივებს ამ სტიქიურ მოვლენას, მეწყერს. ასევე მითითებულია, რომ 1983 წლის შემდეგ სახლამდე მისასვლელი სამანქანო გზა არ არის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბრისა და 9 დეკემბრის №6 სხდომის ოქმის თანახმად, ჯ.მ-ისა და ლ.მ-ის განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ოქმში მიეთითა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლონ შვილის - ჯ.მ-ის საკუთრებით, მდებარე: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... და არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 28, 29, 30 ნოემბრისა და 1, 2, 5, 6, 7, 8, 9 დეკემბრის №6 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე უარი ეთქვათ ამ ბრძანების დანართში მითითებულ ოჯახებს, მათ შორის, ჯ.მ-სა და ლ.მ-ის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომ ჯ.მ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა II კატეგორიად (გამგეობის მიერ შეფასებულია I კატეგორიად) და მის განაცხადს მიენიჭა 17.5 ქულა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა განმცხადებლის საცხოვრებელი პირობები და ის გარემოებები, რაც ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების აუცილებლობას უქმნიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შვილის საცხოვრებელი სახლით შეუფერხებელი სარგებლობა ვერ იქნება საკმარისი არგუმენტი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება და ფაქტობრივი მდგომარეობა. კერძოდ, სააგენტოს მითითებით, განმცხადებლები შეუფერხებლად სარგებლობენ მ.მ-ის საკუთრებით, სოფელ ...ში, თუმცა სოფელ ...ში მ.მ-ის უძრავი ქონება არ უფიქსირდება. თავად მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მ.მ-ი საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ჭიათურაში, სოფ. ...ში მდებარე 70 კვ.მ ბინას, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამრიგად, გაუგებარია სოფ. ...ში მდებარე რომელ საცხოვრებელ სახლზე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო. საქმის მასალებითა და ფაქტობრივი გარემოებებით, არ დასტურდება ჯ.მ-ისა და ლ.მ-ის ცხოვრება არც სხვა შვილების (ჯ.მ-ი, ვ.მ-ი) უძრავ ქონებაში. ასეც რომ იყოს, არ შეიძლება ეკომიგრანტს განუსაზღვრელად გაუჭიანურდეს სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მრავალგზის განიმარტა, „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი შვილის საკუთრება იყოს, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ეკომიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობაც, რაც გათვალისწინებული არ იქნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. პალატა მიიჩნევს, რომ არაგონივრულია ჯ.მ-ისა და ლ.მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა როგორც ალტერნატიულ ფართში ცხოვრების შესაძლებლობაზე მითითებით, მით უფრო იმ არგუმენტის მხედველობაში მიღებით, როდესაც აღნიშნულის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამრიგად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარსა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასკვნას - ეკომიგრანტი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე