საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-753(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ.ს-ა, გ.გ-ა, ნ.დ-ა, ა.გ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ.ს-ამ, გ.გ-ამ, ნ.დ-ამ და ა.გ-ამ 2022 წლის 21 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N03-1974/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის რ.ს-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.ს-ას, გ.გ-ას, ნ.დ-ას და ა.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N03-1974/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ.ს-ას, გ.გ-ას, ნ.დ-ას და ა.გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, იგი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე 1997 წლიდან ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ... 3, კორპუსი N.., ბინა N.... მოსარჩელის ერთი შვილი ფლობს საკუთრებას ოჯახთან ერთად, ...ის ქუჩა N10-ში, N... ბინაში, რომელიც მემკვიდრეობით დაუტოვა მამიდამ. მონიტორინგის მისამართზე ასრებული ბინა არის ნ.გ-ის საკუთრება 2021 წლიდან, თუმცა მოსარჩელის ოჯახი 20 წელია შეუზღუდავად ცხოვრობს მისამართზე, ქირის გარეშე. ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ყოფილა წარდგენილი. სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეთა მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სამინისტროს მიერ გამოცემული სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონის მოთხოვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნილი და დასაბუთებული არ არის, კანონმდებლობით დადგენილი რა მოთხოვნები დაარღვია სააგენტომ, სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის დროს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტები და აქტები, შეაგროვა ცნობები, მოუსმინა დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენა აუცილებელი დოკუმენტები და მათი სწორად შეფასების შედეგად გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ.ს-ას, გ.გ-ას, ნ.დ-ას, ა.გ-ას დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს რ.ს-ამ განაცხადით მიმართა სამინისტროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განმცხადებელმა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მიუთითა: თბილისი, ..., ... მასივი, III კვარტალი, კორპუსი N..., ბინა N.... განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილი - გ.გ-ა. ამასთან, 2020 წლის 20 აგვისტოს დამატებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილ განაცხადში რძლის - ნ.დ-ას დამატება, ხოლო 2021 წლის 22 ივნისის განცხადებით მოითხოვა შვილიშვილის - ა.გ-ას დამატება.
რ.ს-ა (დაბ. ... ... ... წ.) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით რ.ს-ას მინიჭებული აქვს N... სარეგისტრაციო ნომერი. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ...ის ქუჩა N10, ბინა N.... გ.გ-ა (დაბ. ... ... ...წ.) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით გ.გ-ას მინიჭებული აქვს N... სარეგისტრაციო ნომერი. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ..., III მასივი, ... კვარტალი, კორპუსი N..., ბინა N ... გ.გ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ.დ-სთან, რომელთანაც ქორწინების შედეგად შეეძინა შვილი - ა.გ-ა (დაბ. ... ... ...წ.). ა.გ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით ა.გ-ას მინიჭებული აქვს N... სარეგისტრაციო ნომერი. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ..., ... მასივი, ... კვარტალი, კორპუსი N5, ბინა N ...
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, კრიტერიუმების გათვალისწინებით რ.ს-ას ოჯახს მიენიჭა 11,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; ომში დაღუპული ოჯახის წევრი: ზ.გ-ა (დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში) - 10 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ერთი შვილი. განაცხადს აკეთებს სხვა სარეგისტრაციო ნომერზე (...) მყოფ შვილთან - გ.გ-ასთან, შვილიშვილთან - ა.გ-ასთან და არადევნილ რძალთან - ნ.დ-ასთან ერთად. სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ შვილს - დ.გ-ას საკუთრებაში აქვს თბილისში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე ბინა N... (34,20 კვ.მ). განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე განაცხადს დაემატნენ შვილიშვილი და რძალი.
მონიტორინგის ფარგლებში საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2021 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდნენ რ.ს-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - თბილისში, ...ის მე-... მასივში, მე-3 კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე N... ბინაში, სადაც ადგილზე დახვდნენ: განმცხადებელი რ.ს-ა, მისი შვილი - გ.გ-ა, რძალი - ნ.დ-ა და შვილიშვილი - ა.გ-ა. აღნიშნული ფართის მესაკუთრეა ნ.გ-ი. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ განმცხადებლის განმარტებით, ...ის ქუჩაზე მის შვილს - დ.გ-ას საკუთრება დაუტოვა აწ გარდაცვლილმა მამიდამ - ო.ს-ამ, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის N30 საოქმო გადაწყვეტილებით რ.ს-ას უარი ეთქვა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე, საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N03-1974/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N30), რ.ს-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საკითხის განხილვის 4 ეტაპზე უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
2022 წლის 16 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით ნ.გ-ი და რ.ს-ა ადასტურებენ, რომ მათ შორის 2021 წლის აპრილიდან არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ნ.გ-მა რ.ს-ას 400 ლარად მიაქირავა თბილისში, ...ის მე-... მასივში, მე-3 კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე ბინა N...
საქმეზე წარმოდგენილი 2022 წლის 16 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ.გ-მა (გამქირავებელმა) რ.ს-ას (დამქირავებელს) ქირით გადასცა ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივში, მე-3 კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე ბინა N.... ქირავნობის თანხა თვეში განისაზღვრა 400 ლარის ოდენობით, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 16 მარტის ჩათვლით.
საქმეზე წარმოდგენილი, 2021 წლის 27 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივში, მე-3 კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე N... ბინის მესაკუთრეა ნ.გ-ი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -...). 1.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22, 25, 26 და 31 ოქტომბრის წერილებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, რ.ს-ას, გ.გ-ას, ნ.დ-ას და ა.გ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს ნათესავის ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, კრიტერიუმების გათვალისწინებით რ.ს-ას ოჯახს მიენიჭა 11,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; ომში დაღუპული ოჯახის წევრი: ზ,გ-ა (დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში) - 10 ქულა). საკასაციო პალატა საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივში, მე-... კვარტალში, მე-... კორპუსში მდებარე N... ბინის მესაკუთრეა ნ.გ-ი. ამასთანავე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, რ.ს-ას, გ.გ-ას, ნ.დ-ას და ა.გ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამდენად, კასატორის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, ფაქტი უცვლელია - მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და ისინი დღემდე არ არიან უზრუნველყოფილნი მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოსაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე