Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-758(2კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.კ-ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 5 სექტემბერს ნ.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. 2022 წლის 9 ნოემბერს კი მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და დააზუსტა მოპასუხე პირთა წრე, კერძოდ, მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი.

მოსარჩელემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 უარყოფითი დასკვნისა და ნ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ნ.კ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი მრავალი წელია ცხოვრობს საქართველოში, სადაც მამა ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ფლობს უძრავ ქონებას. მოსარჩელე დაიბადა რუსეთში და სურს მამასთან, საქართველოში ცხოვრება, ასევე, სწავლის საქართველოში გაგრძელება, თუმცა სადავო აქტით მას უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 დასკვნა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი დასკვნის გამოცემა ნ.კ-ისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 დასკვნის ბათილად ცნობისა და ნ.კ-ისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი დადებითი დასკვნის გამოცემის დავალების თაობაზე ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 დასკვნა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი დადებითი დასკვნის გამოცემა ნ.კ-ისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის საქართველოსთან სამომავლო კავშირის დასადასტურებლად საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო საკმარისი და არ არსებობდა დამატებით ახალი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ქმნიდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 დასკვნის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, ნ.კ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი დადებითი დასკვნის გამოცემის დავალების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და საქართველოს პრეზიდენტმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, დარჩა განუხილველი.

კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებულება გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 უარყოფითი დასკვნას ნ.კ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. სადავო დასკვნის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ნ.კ-ის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულებას, რომლითაც ნ.კ-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა ნ.კ-ისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ან ნატურალიზაციით. ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე ორგანული კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების მიხედვით, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 7 ივლისს ნ.კ-მა №1000812207 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №00003659 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის №1000811689/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ნ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №SSG 3 22 00137731 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ივლისის №1000812207/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ნ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 19 აგვისტოს №11784 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის - ნ.კ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. 2022 წლის 22 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ნ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი დასკვნა №1000812207, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ ნ.კ-ი საქართველოს მოქალაქეა და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

დადგენილია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ ნ.კ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, 2022 წლის 19 აგვისტოს სხდომაზე (სხდომის ოქმი №11784) კომისიამ განიხილა და შეაფასა ნ.კ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ნ.კ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 22 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000779064/1 მიმართვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დასკვნა ნ.კ-ის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2022 წლის 25 აგვისტოს №6414 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადმოგზავნილ №1000812207 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 16 სექტემბრის №1000820483 დასკვნის თანახმად, ნ.კ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია 2022 წლის 19 აგვისტოს №1000820483 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და ნ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულებით ნ.კ-ის (დაბადებული - ... წლის ... ...ს, რუსეთის ფედერაციაში) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.

ხსენებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

ზემომითითებული დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

პირის საქართველოსთან სამომავლო კავშირის შეფასებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოჯახის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, საქართველოში სტუმრობის ხასიათი და პერიოდულობა და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნებოდა პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.

საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საკითხის განხილვისას, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა - ნ.შ-ემ განსხვავებული პოზიცია წარადგინა და მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი პოზიცია დააფიქსირა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ნ.კ-ის ჰყავს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მამა და ნათესავები და როგორც მამამ აღნიშნა, ნ. საქართველოში სწავლის გაგრძელებას გეგმავს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ნ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული მტკიცებულებებით სარწმუნოდ დასტურდებოდა პირის საქართველოსთან კავშირი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ასპექტების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულების კანონშესაბამისობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით. ამავე დებულების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 აგვისტოს №1000812207 დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი დადებითი დასკვნის გამოცემა, სახეზეა - საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №426 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მართებულად დაევალა ახალი დადებითი დასკვნის გამოცემა ნ.კ-ისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე