Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-769(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. თ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. თ-მა 2023 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა „ვ. თ-ისთვის სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ“ დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/01 გადაწყვეტილების, „ვ. თ-ისთვის პენსიის აღდგენაზე უარის თქმისა და ზედმეტად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულების დაკისრების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 18 მაისის №SSA 1 23 00521348 აქტის, „ზედმეტად ჩარიცხული თანხის დადგენისა და ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე“ დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 10 სექტემბრის №2023/02 აქტის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება - გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც ვ. თ-ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო პენსია და სოციალური პაკეტი) 2023 წლის პირველი აპრილიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ვ. თ-ი 2016 წლიდან დასაქმებულია სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით და მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს სკოლის ...ას. მოსარჩელე 2019 წლიდან 2023 წლის აპრილამდე ჩვეულებრივ იღებდა სახელმწიფო პენსიას, თუმცა მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით შეუწყდა პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. ამავდროულად, უარი ეთქვა პენსიის აღდგენაზე და დაეკისრა ზედმეტად მიღებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი დასაქმებულია პროფესიულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელში საქმიანობაც არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/01, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 18 მაისის №SSA 1 23 00521348 და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 10 სექტემბრის №2023/02 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. თ-ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო პენსია და სოციალური პაკეტი), 2023 წლის პირველი აპრილიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზეც და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სახეზე იყო მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობაც, საადვოკატო მომსახურების საფასურის სახით 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, ასევე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დანაწესების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არ წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონით განსაზღვრული საშეღავათო პირობების გავრცელება. შესაბამისად, სადავო აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტისა და მისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების დავალების კანონიერება. სწორედ ამიტომ, უნდა შეფასდეს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც გამორიცხავს პენსიის მიღებას, ხოლო ამ თვალსაზრისით გამოსარკვევია სკოლის საქმიანობის სფერო, მისი ფუნქცია-მოვალეობები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ … წლის … … დაბადებული ვ. თ-ი 2016 წლიდან დასაქმებულია სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით სკოლის ...ის პოზიციაზე (...). მას სადავო - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/01 აქტით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, 2023 წლის პირველი აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი. საჯარო საქმიანობად კი მიჩნეულ იქნა მოსარჩელის დასაქმება სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. ამის შემდეგ, ვ. თ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა/დანიშვნა მოითხოვა, თუმცა მას ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სკოლაში დასაქმებული პირი, მუშაობის პარალელურად ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო გასაცემელით უზრუნველყოფის უფლებას. მასვე განემარტა: მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფუნქციებთან ერთად სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთ-ერთი ფუნქცია და საქმიანობის საგანი იყო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, აღნიშნული სკოლა არ წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე საგამონაკლისო დაწესებულებას. ამდენად, მოსარჩელე ვ. თ-ს უარი ეთქვა პენსიის აღდგენაზე და ამავდროულად განესაზღვრა ზედმეტად ჩარიცხული თანხის ბიუჯეტში აღდგენის ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, ხოლო კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისათვის, სახელდობრ, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.

საჯარო სამსახურთან დაკავშირებით გამონაკლისს ადგენს ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებიც, კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი. დასახელებული ნორმების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებში საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, არ განიხილება საჯარო სამსახურად და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს არ ეზღუდებათ პენსიის მიღების შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო იმის დასადგენად წარმოადგენს თუ არა სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა იმგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მას ზემოაღნიშნული ნორმების გამონაკლისებში მოაქცევს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ამ დაწესებულების „წესდებაზე“, რომლის მიხედვით, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში. წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და სხვა, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი, რომელთა შორისაა, სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ეროვნული დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერა და ა. შ..

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არ მიესადაგება საგანმანათლებლო დაწესებულების არც ერთ დეფინიციას და მიუთითებს მის „წესდებაზე“, რომლის მიხედვითაც, სხვა ფუნქციებთან ერთად, სკოლა ახორციელებს თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადებას/გადამზადებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბებას და მათი მუშაობის კოორდინირებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.). საკასაციო პალატის მოსაზრებით სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რითაც იგი უნდა ჩაითვალოს იმგვარ გამონაკლისად, რაც არ შეუზღუდავს მასში დასაქმებულ პირს პენსიის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მოსარჩელის საქმიანობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სკოლის ...ის (...) სფეროში, თავისი არსითა და მახასიათებლებით, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ვერ მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ იმგვარ საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობისა და შეწყვეტილი პენსიის აღდგენის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 10 ივლისის №... ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საადვოკატო მომსახურების საფასურის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილია 400 (ოთხასი) ლარი. აღნიშნული კი, წარმოადგენს საკმარის საფუძველს, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დასაკისრებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე