Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-794(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ე...“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“

დავის საგანი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 8 ივნისს სს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს შპს „ე...ს“ მიმართ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს/ს „...“ ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტს, კერძოდ, გაორჯაჭვიანებასა და ახალი უჯრედების მოწყობას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. ზემოაღნიშნული პროექტის დანიშნულებაა ქ/ს „...“-ის თბილისის ქსელთან მიერთების დამატებითი წყაროთი უზრუნველყოფა, კერძოდ ქ/ს „...“-ის ქსელთან მიერთებისათვის მოხდება 220 კვ ერთჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ გაორჯაჭვიანება, რითაც გაიზრდება ქალაქ თბილისის ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, გაძლიერდება თბილისის გარშემო არსებული ქსელი. პროექტის განხორციელება განაპირობა ელექტროენერგიის ყოველწლიურად მზარდმა მოხმარებამ და არსებული ინფრასტრუქტურით ელექტროენერგიით უსაფრთხო მომარაგების შეუძლებლობამ. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. 220 კვ ეგხ “...”-ს რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ეგხ-ის ანძის პოლიგონის ტერიტორიაზე, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, წარმოიშვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... ...ში მდებარე შპს „ე...“-ს (ს/ნ...) საკუთრებაში არსებული, 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის, კერძოდ, 66.00 კვ.მ-ის გამოსყიდვის აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა მესაკუთრესთან. შესაბამისად, გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/216 ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ს/ს „...ისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; სს „...ს“, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ამ საკუთრების სს „...ის“ სახელით დარეგისტრირების მიზნით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, 220 კვ ეგხ „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდი: ...; მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... ...; საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილი - მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საკადასტრო აზომვით ნახაზებში მითითებული - 66.00 კვ.მ მესაკუთრე: შპს „ე...“ (ს/ნ...). ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ის“ მიერ განსახორციელებელი 220 კვ ეგხ „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტი მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, იგი მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა შპს „ე...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეფასებისა და განმარტების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული კასატორის საკუთრება წარმოადგენდა ამ მიწის ნაკვეთზე არსებული საწარმოსათვის არსებითი დანიშნულების მქონე ნაწილს, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაწილი მოქცეულია კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შუაში, რის გამოც საწარმო კარგავს მის ფუნქციასა და დანიშნულებას, ასევე, ექსპროპრიატორის მიერ წარმოდგენილი შეფასების დოკუმენტი შედგენილია ძველ პერიოდში, ხოლო სასამართლო განხილვის მომენტისათვის მიწის ნაკვეთის ფასი არსებითად გაზრდილი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ხოლო მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით. არ შეიძლება, ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების, შენატანების ან ჯარიმების გადახდის მოკრება.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, უნდა არსებობდეს ჩარევისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი, თუმცა შეზღუდვა ამ ორი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურ-სამართლებრივად, თუ იგი დაარღვევს საკუთრების უფლების არსს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც სახეზეა ჩარევა ქონების შეუფერხებელ გამოყენებაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა ჩარევა კანონიერების პრინციპს. მას შემდეგ, რაც ჩარევის კანონიერება დადგინდება, დგება საკითხი მიღწეული იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი ,,საზოგადოების საერთო ინტერესებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. კომპენსაციის გადახდა, სწორი ბალანსის მიღწევის ელემენტს წარმოადგენს იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი არა აქვს პირდაპირ ჩამორთმევას. სწორედ სამართლიანი ბალანსი მოითხოვს საკუთრების შეუფერხებელი გამოყენების უფლებაში ჩარევის გამო კომპენსაციის გადახდას.

ამრიგად, საკუთრების შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, უფლებაში ჩარევით ხომ არ მოხდა საკუთრების უფლების არსის დარღვევა. უფლებაში ჩარევის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, მიღწეულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაში ჩარევასა და ამავე უფლების დაცვას შორის.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „...ის“ მხრიდან დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს/ს „...“ ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტს, კერძოდ, გაორჯაჭვიანებასა და ახალი უჯრედების მოწყობას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. ზემოაღნიშნული პროექტის დანიშნულებაა ქ/ს „...“-ის თბილისის ქსელთან მიერთების დამატებითი წყაროთი უზრუნველყოფა, კერძოდ ქ/ს „...“-ის ქსელთან მიერთებისათვის მოხდება 220 კვ ერთჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ გაორჯაჭვიანება, რითაც გაიზრდება ქალაქ თბილისის ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, გაძლიერდება თბილისის გარშემო არსებული ქსელი. პროექტის განხორციელება განაპირობა ელექტროენერგიის ყოველწლიურად მზარდმა მოხმარებამ და არსებული ინფრასტრუქტურით ელექტროენერგიით უსაფრთხო მომარაგების შეუძლებლობამ. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. 220კვ ეგხ „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ეგხ-ის ანძის პოლიგონის ტერიტორიაზე, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, წარმოიშვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... ...ში მდებარე შპს „ე...“-ს (ს/ნ...) საკუთრებაში არსებული, 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის, კერძოდ, 66.00 კვ.მ-ის გამოსყიდვის აუცილებლობა.

მოცემულ სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობასთან დაკავშირებით, რამეთუ სს „...ის“ მიერ განსახორციელებელი 220 კვ ეგხ „...ის“ რეკონსტრუქციის პროექტი მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, იგი მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც, ასევე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე