Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-881(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-მა 2022 წლის 21 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თანხმობის მიცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 აქტის, მოსარჩელისათვის გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, გ. ბ-ს 2000-2002 წლებში საკუთრებაში გადაეცა გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე ორი შენობა. ამ დროიდან იგი თვითნებურად დაეუფლა შენობების მიმდებარედ არსებულ 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობა, იყენებდა მცირე მოცულობის სამეწარმეო საქმიანობისათვის, გადახურა ამ მიწაზე განთავსებული ერთ-ერთი შენობა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ეს მიწის ნაკვეთი ჩაითვალა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიად, რაც მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ადმინისტრაციული ორგანოს უარი ასევე დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ეს მიწა ექცეოდა ... გასხვისების ზოლში.

მოსარჩელის მოსაზრებით, მას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გ. ბ-ის მიერ ქონების გადასახადის გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამდენად, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მხედველობაში მიღებით, ქონების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლად სახეზე უნდა ყოფილიყო ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ან საკუთრებაში ქონა ან ფლობა/სარგებლობა.

მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის წლების განმავლობაში გადახდისა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ადმინისტრირების ფარგლებში აღნიშნული გადასახადის მიღების ფაქტი წინააღმდეგობას წარმოშობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის წერილში ასახულ მტკიცებასთან, რომლის თანახმად, გ. ბ-ი სადავო მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი ვითარება. არ იქნა დადგენილი რა სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოებდა გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდა და აღნიშნულ გარემოებას არ მიეცა სათანადო შეფასება. არ იქნა შესწავლილი რა სამართლებრივი საფუძვლებით ხდებოდა აპელანტის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის სახით მოსაკრებლის გადახდა და რა სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა სახელმწიფოს აღნიშნული გადასახადის მიღებისა, თუკი აღნიშნული მიწის ნაკვეთი აპელანტის არც საკუთრებას წარმოადგენდა და ვერც დაუფლება/სარგებლობას ექნებოდა ადგილი. ამასთან, არ იქნა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობათა ამჟამინდელი მდგომარეობა; მათ მიმართ სახელმწიფოს ინტერესის არსებობა ან/და აღნიშნული შენობა-ნაგებობების განლაგების მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთის იმგვარი გამიჯვნის შესაძლებლობა, რაც შესაძლებელს გახდიდა როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსათვის შენარჩუნებას, ასევე, ფიზიკური პირის საკუთრების ინტერესების რეალიზაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდნენ სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას, რომელთა დღევანდელი მესაკუთრეები არიან: სახელმწიფო, გორის მუნიციპალიტეტი, სს „...“, კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრება წარმოშობილია ქონების პრივატიზების შედეგად. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები - თ. ა-ი და ნ. ღ-ი, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ გ. ბ-მა 2007 წლამდე დაიკავა სადავო მიწა, თავისი კუთვნილი მიწების მესაკუთრეები გახდნენ 2016 და 2020 წლებში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ მან, სახელმწიფო ქონების განკერძოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიიღო გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე, №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთები, ხოლო ამ ობიექტების გარშემო არსებული 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიკავა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თვითნებურად.

საკასაციო სასამართლომ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს თავად კანონის მიზნიდან, რომ საკუთრების უფლების აღიარება ხდება აუთვისებელი მიწის ფონდიდან ასათვისებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფოს განთავსებული აქვს ობიექტები, უკვე მიიჩნევა სახელმწიფოს მხრიდან ათვისებულად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტები ისევე ეკუთვნის საკუთრების უფლებით სახელმწიფოს, როგორც უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი, თუმცა პრეზუმირებულია, რომ მიწის ნაკვეთზე ობიექტების განთავსებით, სახელმწიფო გარკვეული მიზნობრიობითა და დანიშნულებით ფლობს მიწის ნაკვეთს, რაც სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოებაა. ასეთი ქონება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა განიკარგოს პრივატიზების ან განკერძოებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით, თუმცა არა თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების გზით.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას, რომელთა გასხვისება მოხდა სახელმწიფოს (თვითმმართველობის) მიერ აუქციონისა თუ პირდაპირი მიყიდვის წესით. სადავო ტერიტორია წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს. საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალითაც ირკვეოდა, რომ სადავო მიწა და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული იყო ქარხნული, საწარმოო თუ სამეურნეო მიზნებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდში. მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზეც დატანილი იყო და დათვალიერების ოქმითაც დგინდებოდა, რომ ამ მიწაზე განთავსებული იყო 3 შენობა-ნაგებობა, რაც გ. ბ-ის მიერ აშენებული არ იყო. მთელი კომპლექსიდან გ. ბ-ი გახდა მხოლოდ ორი შენობის მესაკუთრე №... და №... საკადასტრო კოდებით. ამ ორ შენობას შორის მოქცეული დანარჩენი ტერიტორია კვლავ დარჩა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. ამასთან, საქმის მასალებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (hhttps://maps.gov.ge/) მონაცემების მიხედვით, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში, მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ადგილზე დათვალიერების ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით ცალსახად დგინდებოდა, რომ მიწაზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობები, რომლებიც მოსარჩელეს არ აუშენებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ. ბ-ის საკუთრების უფლება 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი აზომვით ნახაზზე არსებული კონფიგურაციით, არ ექვემდებარებოდა აღიარებას, რამდენადაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრების ობიექტები. საკასაციო სასამართლომ ამავდროულად მიუთითა, რომ აღნიშნული შეფასება არ გამორიცხავდა 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გარკვეულ ნაწილზე, რომელზეც არ იდგა სახელმწიფო საკუთრების ობიექტი და არ წარმოადგენდა მისი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ან/და მასთან არსებითად დაკავშირებულ მიწის ნაკვეთის ფართობს, გ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, თუმცა, მოცემული საკითხის შესწავლა და შეფასება წარმოადგენდა განსახილველ საქმეში დავის საგნისგან არსებითად განსხვავებულ საკითხს, რისი შეფასებისთვის აუცილებელი იყო, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, როგორც მოსარჩელე მხარის პოზიციის შეფასება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას არსებითად საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გ. ბ-ის მიერ ხდებოდა ქონების გადასახადის გადახდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი პირობა იყო დაინტერესებული მხარის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (კანონის მიღების თარიღი - 11/07/2007; გამოქვეყნების თარიღი - 27/07/2007). წარმოდგენილი შედარების აქტით კი დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მიწის გადასახადის გადამხდელი იყო 2008 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, წარმოდგენილი შედარების აქტით (ტ.1 ს.ფ. 191) არ დგინდებოდა თუ კონკრეტულად რა ქონებაზე გადაიხდებოდა მოსარჩელის მიერ გადასახადი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი სია, ან დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რა გახდა მოსარჩელისათვის გადასახადის დარიცხვის საფუძველი. არ იკვეთება, მოსარჩელე გადასახადს იხდიდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, მის ნაწილზე თუ სხვა რაიმე უძრავ ქონებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის შეფასება დაუსაბუთებელი იყო. მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად არ დგინდებოდა და არ იყო განმარტებული, რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ, მოსარჩელის მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე ქონების გადასახადის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პირის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ყოფნა წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1.რ. მუხლი). სადავო პერიოდში კი, მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიაში ვერ ხვდებოდა პირი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრების ობიექტ(ებ)ით დაკავებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა. თავად მოსარჩელეც უძრავ ნივთზე ითხოვს, როგორც თვითნებურად, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე არ დასტურდებოდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით არსებული უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მოსარჩელის საგადასახადო სიაში ყოფნის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი არ იყო. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელე იხდიდა ქონების გადასახადს სწორედ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, ამასთან ასეთი გარემოების დადგენის შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, გადასახადი გადაიხდებოდა 2008 წლის პირველი იანვრიდან და არა იმ პერიოდისთვის, როდესაც ქონების გადასახადის გადახდა ქმნიდა უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტის დადგენისა და საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, მასში არ იყო მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც ქმნიდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას შეეძლო თავად გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და დაედგინა თუ რა საფუძვლით და რომელ ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა მოსარჩელისათვის გადასახადის დარიცხვა, ასევე, იხდიდა თუ არა ქონების გადასახადს მოსარჩელე 2008 წლამდე, დადებითი პასუხის შემთხვევაშივ - რომელ ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვეთის შესაძლებლობას, თუმცა არსებული მდგომარეობით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა სააპელაციო პალატის შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2004 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება კი საკასაციო წესით გ. ბ-მა გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არის სამართლიანი, რადგან იგი მიწის ნაკვეთს ფლობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის და რომელზეც არ დგას სახელმწიფო საკუთრების ობიექტი და არ წარმოადგენს მისი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ან/და მასთან არსებითად დაკავშირებულ მიწის ფართობს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (იხ. სუს Noბს-504-501(კ-17); Noბს-1179(კ-19); ბს-928(კ-20) არსებული მიწის ნაკვეთები, როგორც აუთვისებელი მიწის ფონდი, თუმცა, კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს გამორიცხავდა უძრავ ქონებაზე როგორც სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობა, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე არსებული სპეციალური დანიშნულება, კანონით განსაზღვრულ სპეციალურ ზონაში ყოფნა ან/და მისთვის განსაზღვრული დანიშნულებითა და სარგებლობის ფორმით გამოყენება. ამ თვალსაზრისით პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონის მიზანი აუთვისებელი მიწის ათვისებაში მდგომარეობდა და თუკი სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე იკვეთებოდა სახელმწიფოს ინტერესი, მასზე ობიექტების განთავსების გზით, მიიჩნეოდა, რომ უძრავი ქონება ათვისებული ჰქონდა სახელმწიფოს. პრეზიუმირებულია, რომ მიწის ნაკვეთზე ობიექტების განთავსებით, სახელმწიფო გარკვეული მიზნობრიობითა და დანიშნულებით ფლობდა მიწის ნაკვეთს, რაც სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოება იყო. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ მივიდა სასამართლო აღნიშნულ განმარტებამდე მაშინ, როდესაც არსებობს საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 19 ოქტომბერს და 2022 წლის 30 ივნისს მომზადებული ამონარიდები მიწათსარგებლობის გეგმიდან, საიდანაც დგინდება, რომ ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, ამ ტერიტორიის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალა სასამართლომ არასწორად შეაფასა, თითქოს, ფოტომასალით ჩანდა, რომ სადავო მიწა და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული იყო ქარხნული, საწარმოო თუ სამეურნეო მიზნებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდში. აღნიშნულ ფოტო მასალაზე მოჩანს ე.წ. „...“ ტერიტორია და გიგანტი შენობები, რაც ასაღიარებელი ტერიტორია არ გახლავთ.

კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რითაც საკასაციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო მიწის ნაკვეთიდან გარკვეულ ნაწილზე, რომელზეც არ დგას სახელმწიფო საკუთრების ობიექტი და არ წარმოადგენს მისი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ან/და მასთან არსებითად დაკავშირებულ მიწის ნაკვეთის ფართობს, გ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასდა სათანადოდ, რითაც მოსარჩელეს წაერთვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის ამგვარად გადაწყვეტას და ითხოვს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელე გ. ბ-ისთვის ... მე-2 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და რეგისტრაციაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უარის თქმის კანონიერების საფუძვლიანობა. ამ თვალსაზრისით, შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 აქტი, ასევე, ამავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- 2000 წლის 30 აგვისტოს გორის „...“ ხელმძღვანელს, გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსს, ინსპექციის უფროსის იურიდიულ მრჩეველსა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმადაც, გორის „...“ ერიცხებოდა საბიუჯეტო დავალიანება, რაზეც სასამართლოს მიერ 2000 წლის 27 თებერვალს გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი. ოქმის თანახმად, გადაწყდა, რომ გაიყიდებოდა „...“ კუთვნილი ... და მას იყიდდა გ. ბ-ი, რომელსაც წლების განმავლობაში არენდით ჰქონდა იგი აღებული, რაშიც აწარმოებდა ... . ... აშენებული და ექსპლუატაციაში იყო შესული 1976 წელს (წელი გარკვევით არ იკითხება). ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ამ შენობაში გ. ბ-ი გადაიხდიდა 2000 ლარს, რაც შეტანილი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, გორის „...“ დავალიანების დასაფარად;

- გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილად იქნა ცნობილი გ. ბ-ის მიერ გორის „...“ ... საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი;

- 2002 წლის 18 ივლისს სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გ. ბ-მა შეიძინა მოვალე გორის „...“ ცენტრალური საწყობის ბლოკით ნაშენი შენობა (საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას);

- გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 13 დეკემბერს გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 360 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...);

- სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 ივლისის განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 262,60 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...);

- გორში, ... მე-2 კმ-ზე მდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია გ. ბ-ის № ... და № ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემები (ე. წ. ყვითელი ფენა) დაცული არ არის. ამ ფართის მომიჯნავედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია სს „...“ კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 041 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

- ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, ამ ტერიტორიის (უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის) დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ მოიპოვება;

- გ. ბ-მა 2022 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მის საკუთრებაში მყოფი ორი შენობა-ნაგებობის მიმდებარედ არსებულ 12497 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ ფართზე, საკუთრების უფლების აღიარების გზით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

- გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით მონიშნული შენობის გარდა, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე აღნუსხული იყო კიდევ 2 შენობა-ნაგებობა: 1 მშენებარე და 1 დანგრეული;

- ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საარქივო დოკუმენტებში, 1986-2007 წლების მდგომარეობით, გორში გ. ბ-ის სახელზე მიწის გამოყოფის, მშენებლობის ნებართვის ან რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;

- გ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული ერთ-ერთი მესაკუთრე თ. ა-ი, რომლის განცხადებითაც მის მომიჯნავედ მდებარე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს 1999 წლიდან ფლობს გ. ბ-ი;

- 2022 წლის 20 ივლისს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოხდა სადავო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, გ. ბ-მა და თ. ა-მა. დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნაკვეთი (პირობითი საკადასტრო კოდით - თ. ა-) წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 245 კვ.მ ფართს, რაზეც განთავსებულია 3 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა: 2 აშენებული (ერთი ...) და 1 დანგრეული. მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან თ. ა-ი და ნ. ღ-ი. გ. ბ-ი ფაქტობრივად ფლობს ამ ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე სხვა პირების მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა. ნაკვეთი უმეტესად არაფიქსირებული იყო. სარეგისტრაციო ბლოკი იყო საჯარო, რის გამოც გამოთხოვილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა, შენობა-ნაგებობების ლეგალიზების აქტი. ასევე მოხდა ადგილის ფოტოილუსტრაცია;

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 1999 წლიდან გ. ბ-ი ამ მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის თანახმად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას. ამავე დროს, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ... მიმდებარედ და განეკუთვნებოდა ... და ... სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ მიწას, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რომელიც გ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა;

- გ. ბ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს მომზადდა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, 2014-2017 წლების ორთოფოტოს მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთიდან ...მდე მანძილი შეადგენდა, დაახლოებით, 4 მეტრს და არ ხვდებოდა გასხვისების ან/და დამცავი ზონის ფარგლებში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, მერია თანახმა იყო, განხორციელებულიყო 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დამთავრებული ობიექტების ლეგალიზება გ. ბ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, სალეგალიზაციო ფართები - 262 კვ.მ და 326,47 კვ.მ, მდებარე გორში, ... მე-2 კმ-ზე, საკადასტრო კოდებით № ... და № ....

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

აღნიშნული კანონი ასევე განმარტავს დაინტერესებული პირის ცნებას. კერძოდ, მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის - ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

დასახელებული ნორმების მიხედვით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებისათვის ძირითადი პირობაა დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის დადგენა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე უნდა დგინდებოდეს ამავე ქონებაზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის ფაქტი, რომელიც აშენებულია უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ. საკუთრების უფლების აღიარებამდე კი, უნდა გამოირიცხოს ამ მიწის ნაკვეთზე არსებული სპეციალური დანიშნულების არსებობა, კანონით განსაზღვრულ სპეციალურ ზონაში ყოფნა ან/და მისთვის განსაზღვრული დანიშნულებითა და სარგებლობის ფორმით გამოყენება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. აღნიშნული ნორმის დანაწესი გამომდინარეობს თავად კანონის მიზნიდან, რომ საკუთრების უფლების აღიარება ხდება აუთვისებელი მიწის ფონდიდან ასათვისებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფოს განთავსებული აქვს ობიექტები, უკვე მიიჩნევა სახელმწიფოს მხრიდან ათვისებულად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტები ისევე ეკუთვნის საკუთრების უფლებით სახელმწიფოს, როგორც უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი, თუმცა პრეზუმირებულია, რომ მიწის ნაკვეთზე ობიექტების განთავსებით, სახელმწიფო გარკვეული მიზნობრიობითა და დანიშნულებით ფლობს მიწის ნაკვეთს, რაც სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოებაა. ასეთი ქონება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა განიკარგოს პრივატიზების ან განკერძოებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით, თუმცა არა თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების გზით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 20 ივლისს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოხდა სადავო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. ოქმში აღინიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12245 კვ.მ ფართს, რაზეც განთავსებულია სამი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა: ორი აშენებული (ერთი ...) და ერთი დანგრეული. მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეები არიან თ. ა-ი და ნ. ღ-ი. გ. ბ-ი ფაქტობრივად ფლობს ამ ნაკვეთს და მასზე სხვა პირების მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა. ნაკვეთი უმეტესად არაფიქსირებულია. სარეგისტრაციო ბლოკი არის საჯარო, რის გამოც გამოსათხოვია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა, შენობა-ნაგებობების ლეგალიზების აქტი. ამავდროულად მოხდა ადგილის ფოტოილუსტრაციაც. თანხმობის გამოთხოვის შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 1999 წლიდან გ. ბ-ი ამ მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას. ამავე დროს, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა … მიმდებარედ და განეკუთვნებოდა … და … სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ მიწას, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით. აღნიშნული წერილის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამდენად, უდავოა, რომ საკუთრების უფლების აღიარებისა და მიწის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრების ობიექტები, რაც კანონის შესაბამისად, გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განხილვის ფარგლებში გამოსაკვლევ იმ გარემოებას, სადავო მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს უფლების წარმოშობის, მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ შედარების აქტზე, რომლის თანახმად, გ. ბ-ი მიწის გადასახადის გადამხდელი იყო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, შესაძლოა, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად იყოს განხილული, თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი მომზადებული და გაცემული იყოს 2007 წლამდე პერიოდში - კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი-მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. განსახილველ საქმეზე გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი მიწის გადასახადის გადამხდელი იყო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე, ამასთან, გადასახადს იხდიდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მაშინ, როდესაც საკუთრების უფლების მოპოვება მოთხოვნილია 12497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ არის კონკრეტული, არ დგინდება რომელ ქონებაზე იხდიდა მოსარჩელე მიწის გადასახადს, არ ირკვევა, არის თუ არა იგი სადავო ქონების შემადგენელი ნაწილი, კონკრეტულად სად მდებარეობს და არის თუ არა ის უძრავი ქონება, რაზეც მხარე აცხადებს უფლებრივ პრეტენზიას. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დადგინდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა.

ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თანხმობის მიცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 წერილის ბათილად ცნობის საფუძველი. იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მასში აღწერილი საკუთრების უფლების გამომრიცხავი გარემოებები შეესაბამება საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთანავე, კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... გადაწყვეტილებაც, რომლითაც გაზიარებულ იქნა ზემოაღნიშნული წერილის შინაარსი, რომ სახელმწიფო ობიექტებით დატვირთული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობა … მიმდებარედ, ასევე გამორიცხავდა მასზე კერძო პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული ძირითადი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ასევე კანონიერია ამ აქტის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე