Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-973(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ზ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ზ-ემ 2023 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის მიმართ და მოითხოვა „მ. ზ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 7 23 00443477 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2023 წლის 29 მაისის №SSA 6 23 00555201 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება - „მ. ზ-ის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ასევე მოითხოვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იძულებითი განაცდური).

სარჩელში აღნიშნულია, რომ ... წელს დაბადებული მ. ზ-ე 2015 წლიდან დასაქმებულია სსიპ ... ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ... პოზიციაზე. მის ძირითად საქმიანობას კი წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ...გან. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის წერილით შეატყობინეს, რომ 2023 წლის პირველი მაისიდან შეუწყდებოდა პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. მ. ზ-ემ აღნიშნული წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი დასაქმებულია კულტურული საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელში საქმიანობაც არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 7 23 00443477 გადაწყვეტილება მ. ზ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის № SSA 6 23 00555201 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ზ-ისათვის პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის შესახებ; მასვე დაეკისრა მ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის პირველი მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით კვლავ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები. … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია და არ არსებობს დამოუკიდებლად. ამიტომ, მასში მომუშავე პირები ახორციელებენ საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, სადავო აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც გამორიცხავს პენსიის მიღებას, ხოლო ამ თვალსაზრისით გამოსარკვევია მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის არსი, ფორმა და პროფილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1955 წლის 2 აპრილს დაბადებული მ. ზ-ე 2015 წლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით ... პოზიციაზე. მას სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის 2023 წლის 27 აპრილის №SSA 7 23 00443477 გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, 2023 წლის პირველი მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი. საჯარო საქმიანობად კი მიჩნეულ იქნა მოსარჩელის დასაქმება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, ხოლო კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისათვის, სახელდობრ, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო, … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმ-ნაკრძალია … ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ხოლო მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს, რომელთა შორისაა: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და ა. შ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამდენად, მართალია, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მხოლოდ მუზეუმს, თუმცა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები. ამრიგად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს … ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად.

სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ... ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო აქტებით უსაფუძვლოდ და უკანონოდ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე. სადავო აქტების უკანონობის პირობებში კი, მოპასუხეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულად დაევალა 2023 წლის პირველი მაისიდან მ. ზ-ეს აღუდგინოს სახელმწიფო პენსია და აუნაზღაუროს იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსია და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც მოპასუხეებისათვის ადვოკატის ხარჯების დაკისრებას შეეხება. საქმეზე წარმოდგენილია 2024 წლის 27 თებერვალს დადებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის თანახმად, გ. ა-ე და მ. დ-ი იცავენ მ. ზ-ის ინტერესებს სასამართლოში. ასევე წარმოდგენილია სს „...“ ბანკის მეშვეობით 2024 წლის 22 მარტს საადვოკატო მომსახურებისათვის 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქმეს ასევე ერთვის 2023 წლის 8 ივნისს გაფორმებული მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ზ-ის უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ გ. ა-ე და მ. დ-ი. აღნიშნული კი, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დასაკისრებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე