საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-15(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ...
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 3 აგვისტოს ა(ა)იპ ...მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ „...მა“ 2017 წლის 11 აპრილს განცხადებით (წერილი N... მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია თუ რამდენი მიწის ნაკვეთი ან/და სხვა სახის უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული საქართველოს ...ის სახელზე, მისამართებისა, საკადასტრო კოდების, ფართებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების (ხელშეკრულება, მთავრობის დადგენილება, ა.შ) მითითებით. ასევე, იმ უძრავ ქონებათა ნუსხა, რომელზეც ...ას აქვს სარგებლობის, უზუფრუქტის, იპოთეკის უფლებები, საკადასტრო კოდების, მისამართების, ფართებისა და უფლების რეგისტრაციის საფუძვლის მითითებით. განმცხადებელი ასევე ითხოვდა იდენტურ ინფორმაციას ასევე შემდეგ ... გაერთიანებებზე: სსიპ ლ..., სსიპ ი..., სსიპ ს..., სსიპ სს..., სე..., სსიპ სა..., სსიპ ა..., სსიპ სე..., სსიპ სებ... საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 19 აპრილის N... წერილით განმცხადებელს აცნობა, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის მომზადება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურს მოიცავს, ამიტომ დოკუმენტაციის მიმდინარე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დამუშავება და მოწოდება ობიექტურ შესაძლებლობას მოკლებულია. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილიდან ორი თვეზე მეტი გავიდა და ორგანიზაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, (სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ითხოვდნენ დოკუმენტის ჩაბარებას) მიეღოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტობრივად, უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილს №... ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს 2017 წლის 12 აპრილის №... განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა 2017 წლის 12 აპრილის №... განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი), ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით რეგლამენტირებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის ზოგად პრინციპებზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა არა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაცემისათვის გონივრული ვადით სარგებლობის უფლება, არამედ რომ სარჩელის შეტანის დროისათვის (2017 წლის აგვისტო) და უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის (2023 წლის ივნისი) დასახელებული ინფორმაცია ჯერაც არ არის გაცემული. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული კატეგორიის ინფორმაციის გადაცემა, ამასთან მოთხოვნილი მონაცემები არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებულ არცერთი კატეგორიის მონაცემს, საჯარო რეესტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნებით და განმცხადებელს უნდა გადასცეს საჯარო ინფორმაცია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუკონკრეტებია მიმდინარეობს თუ არა წარმოება ა(ა)იპ ...ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავადვე ადასტურებს, რომ ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უარს არ ეუბნება. რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არგუმენტს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საფასურის გადაუხდელობის საკითხთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მართალია განმცხადებელს ჰქონდა ვალდებულება მოთხოვნილი მომსახურების მისაღებად გადაეხადა საფასური, თუმცა საფასურის გადაუხდელობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს ა(ა)იპ ...სათვის ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ დაუდგენია ხარვეზი და არ მიუთითებია, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას აფერხებდა მომსახურების საფასურის გადაუხდელობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავად ჰქონდა ვალდებულება მიეთითებინა საფასურის გადახდის შესახებ, ამასთან მასვე უნდა უზრუნველეყო საბოლოო ტარიფის განსაზღვრა დასამუშავებელი ინფორმაციის გათვალისწინებით და ეცნობებინა ის განმცხადებლისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია საჯარო რეესტრის შუალედური ქმედების, კერძოდ, 2017 წლის 19 აპრილის №... წერილის კანონიერება. პირველ რიგში, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საჯარო რეესტრს განმცხადებლისათვის უარი არ უთქვამს ინფორმაციის გაცემაზე. ზემოხსენებული წერილით საჯარო რეესტრმა მართებულად განმარტა, რომ მოთხოვნილი იყო დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდება, რისი მოძიება, დამუშავება და გაგზავნა მოითხოვდა შესაბამის გონივრულ ვადას. ამდენად, საჯარო რეესტრმა განმცხადებელს აცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია მიეწოდებოდა მისი სრულად მოძიების შემდეგ, რაც ცალსახად არ წარმოადგენს ქმედების განხორციელებაზე (ინფორმაციის გაცემაზე) უარის თქმას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლოს სწორი შეფასება არ მიუცია საჯარო რეესტრის შუალედური ქმედებისთვის, ამასთან, მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა იმ პირობებში, როდესაც არ დაუდგენია საჯარო რეესტრის №... (19.04.2017წ.) წერილის უკანონობა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოთხოვნილ ინფორმაციას არ გასცემს უსასყიდლოდ, მომსახურების საფასური დადგენილია კანონმდებლობით და იგი გადახდილი არ არის მოსარჩელე მხარის მიერ.
სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე დასაბუთებული არ არის, თუ რა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რაც განხორციელებული ქმედების/უმოქმედობის უკანონობასთან ერთად, კუმულატიურად უნდა დგინდებოდეს, ზემოხსენებული საფუძვლით წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2017 წლის 12 აპრილის №... განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალებას.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის #1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. საქართველოს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება (იხ. სუსგ #ბს-1020(კ-18), 12.09.2019წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობა და მასზე ხელმისაწვდომობის თავისუფლება განმტკიცებულია ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამასთან, დასახელებული კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით. ამდენად, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ ...ის დირექტორმა 2017 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა, 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით: 1. რამდენი მიწის ნაკვეთი ან/და სხვა სახის უძრავი ქონება არის რეგისტრირებული საქართველოს ...ის (შემდგომში „ ...“) სახელზე, მისამართების, საკადასტრო კოდების, ფართებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების (ხელშეკრულება, მთავრობის დადგენილებადაა.შ.) მითითებით; 2. იმ უძრავ ქონებათა ნუსხა, რომელზეც ...ას აქვს სარგებლობის, უზუფრუქტის, იპოთეკის უფლებები, საკადასტრო კოდების, მისამართების, ფართებისა და უფლების რეგისტრაციის საფუძვლის მითითებით; 3. რამდენი მიწის ნაკვეთი ან/და სხვა სახის უძრავი ქონება არის რეგისტრირებული შემდეგი სუბიექტების სახელზე: სსიპ ლ...; სსიპ ი...; სსიპ სს...; სსიპ სს...; სე...; სსიპ სა...; სსიპ ა...; სსიპ სე...; სსიპ სებ..., მისამართების, საკადასტრო კოდების, ფართებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების (ხელშეკრულება, მთავრობის დადგენილება, ა.შ.) მითითებით; 4. იმ უძრავ ქონებათა ნუსხა, რომელზეც წინა მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტებს აქვთ სარგებლობის, უზუფრუქტის, იპოთეკის უფლებები, საკადასტრო კოდების, მისამართების, ფართებისა და უფლების რეგისტრაციის საფუძვლის მითითებით. განცხადებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ თუ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ შეუძლებელი იქნებოდა და საჭირო იყო კანონით გათვალისწინებული დამატებითი ვადის გამოყენება, აღნიშნულის თაობაზე მომხდარიყო მხარის ინფორმირება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №... წერილით ა(ა)იპ ...ის დირექტორს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების დიდი მოცულობისა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის გათვალისწინებით, განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სრულად მომზადება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსს და შესაბამისად, გონივრულ ვადას საჭიროებდა. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებაში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დამუშავებისა და მიწოდების ობიექტურ შესაძლებლობას მოკლებული იყო. ასევე, განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია მხარეს მიეწოდებოდა მისი სრულად მოძიების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, აუცილებელი არ არის განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. რაც შეეხება დასახელებული კოდექსის მე-40 მუხლს, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, მათ შორის, ელექტრონული ფორმითაც, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებზე პასუხის გაცემაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული. საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული კატეგორიის ინფორმაციის გადაცემა, ამასთან ეს მონაცემები არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებულ არცერთი კატეგორიის მონაცემს, საჯარო რეესტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნებით და განმცხადებელს გადასცეს საჯარო ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.02.204წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.204წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ . აბუსერიძე