№ბს-806(კ-23) 17 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ბ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანება - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ის გათავისუფლების შესახებ; ბ) დაევალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ.ბ-ის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზ.ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2021 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 400 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, 2019 წლის მარტში მოსარჩელე ღია კონკურსით დასაქმდა მესამე კატეგორიის სპეციალისტად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში. 2021 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და ჩამოყალიბდა 2 სამინისტრო: ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ბ) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 2021 წლის 22 აპრილს, დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებები. ყველა თანამშრომელი დაექვემდებარა სავალდებულო წერით გამოცდასა და გასაუბრებას. მოსარჩელემ ჩააბარა წერითი გამოცდა უნარებსა და ქართულ ენაში, ასევე გაიარა გასაუბრება. წერით გამოცდაში მიიღო მაღალი შეფასებები: 80-დან 70 ქულა - ზოგად უნარებში, ქართული ენის მართლწერაში - 80-დან 53 ქულა. გასაუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე - 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი, სადაც ადმინისტრაციამ აცნობა, რომ სამინისტროში დასრულდა დისტანციური რეჟიმი და 14 ივნისს ყველანი უნდა გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში დილის 9 საათიდან. ზ.ბ-ი სამინისტროს სახელით იყო ჩართული ერთ-ერთ პროექტში და 14 ივნისს, 9 საათზე ჰქონდა ჩართვა იაპონიაში პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით, რის გამოც ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, მისთვის დაეყენებინათ „ზუმი“ და გამოეყოთ ვიდეოთვალი, რომელიც ონლაინ ჩართვისთვის ესაჭიროებოდა. შეტყობინება უპასუხოდ დარჩა, თუმცა გასაუბრებაზე მოსარჩელეს შეახსენეს მისი მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულის გამო კომისიის ერთ-ერთ წევრს მოსარჩელის მიმართ გაუჩნდა აგრესია, მიმართავდა უხეშად. 2021 წლის 30 ივნისს ზ.ბ-ის ეცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილებით დაექვემდებარა მობილობას, ხოლო 1 ივლისს გამოიცა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ის გათავისუფლების შესახებ. დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ.ბ-ის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზ.ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2021 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1400 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 15 მარტის №45/კ ბრძანებით, ზ.ბ-ი დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2019 წლის 14 მარტიდან 12 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის MES 5 20 00331052 ბრძანებით, ზ.ბ-ი დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №01/59 ბრძანებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი გადაყვანილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; ბ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №575 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის №00003206 ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №811 განკარგულებით, დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. 2021 წლის 25 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა №00006722 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა დამტკიცების შესახებ. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისია; მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში (ტესტირება ინგლისურ ენაში განკუთვნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, თანამდებობრივი პოზიციით კულტურისა და სპორტის სფეროში დეპარტამენტის უფროსებისა და პროტოკოლის სამმართველოს თანამშრომლებისათვის, ხოლო ტესტირება ზოგად სამართლებრივ საკითხებში ეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას; გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის 22 ივნისის №3/რ ოქმის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, გარე მობილობას დაექვემდებარა 13 საჯარო მოხელე, მათ შორის: ზ.ბ-ი - ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის პირველი ივლისის №4/რ ოქმის თანახმად, განსახილველი იყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო გათავისუფლებულ მოხელეთა გარე მობილობის საკითხი. ამავე ოქმის შესაბამისად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებული შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში, დაუყოვნებლივ გადაგზავნილი იყო გარე მობილობას დაქვემდებარებული პირთა მონაცემები, თუმცა ყველა უწყებიდან სამინისტრომ მიიღო უარი მათი დასაქმების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული 13 პირი დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას და მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხა. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეებს მიეცათ კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით; დ) ტესტირების შედეგების ამონაწერის მიხედვით, ზ.ბ-ის ზოგად უნარებში ჰქონდა 70 ქულა (მაქსიმალური ქულა 80); ქართულ ენაში ჰქონდა 40 ქულა (მაქსიმალური ქულა 60), 13 ქულა (მაქსიმალური ქულა 20); ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 18 ივნისის №7 სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დასაქვემდებარებელი პირების განსაზღვრა; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ, დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. შეფასება აისახა შესაბამის ფორმაში და ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ზ.ბ-ი შეფასდა 2,1 ქულით. სხდომის ოქმს ხელს არ აწერს ერთ-ერთი წევრი ლ.მ-ე; ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 21 ივნისის №8 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა: 1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დაქვემდებარებული პირების განსაზღვრა; 2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა გასაუბრება; ზ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის პირველი ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის 20 ოქტომბრის №00028949 შიდა მიმოწერის ბარათის მიხედვით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. ასევე, ზ.ბ-ის მიმართ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომები, ხოლო საჯარო მოხელის - ზ.ბ-ის მიერ შესრულებული მუშაობის შეფასების ქულა 2020 წელს არის 3 (საუკეთესო).
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. სადავო ბრძანებით დგინდება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად, მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დადებია, კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის შეფასება, რომელიც წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით, მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება წერითი დავალების შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით. ტესტირების შედეგების ამონაწერით დასტურდება, რომ ზ.ბ-ი ზოგად უნარებში შეფასდა 70 ქულით (მაქსიმალური 80 ქულა); ქართული ენაში შეფასდა 40 ქულით (მაქსიმალური 60 ქულა) და 13 ქულით (მაქსიმალური 20 ქულა).
სასამართლომ განმარტა, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვერტიკალური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია რეორგანიზაციის შედეგად პირის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები. მართალია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც იწვევს გამოცემული გასაჩივრებული აქტის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 ბრძანების ბათილად ცნობას. ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ზ.ბ-ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 ბრძანებით - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ი დათხოვნილ იქნა და ჩარიცხულ იქნა რეზერვში. ამდენად, ზ.ბ-ი უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოსარჩელე ზ.ბ-ის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ.ბ-ის ... დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2023 წლის 23 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ზ.ბ-ის (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: დაევალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ.ბ-ის ... დეპარტამენტში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის პირველი ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადავო აქტის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №6531 ბრძანება (ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან) და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის“ 2021 წლის 18 ივნისის №7 სხდომის ოქმი. მითითებული სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ, დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. შეფასება აისახა შესაბამის ფორმაში და ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ზ.ბ-ი შეფასდა 2,1 ქულით და კომისიის გადაწყვეტილებით ზ.ბ-ი დაექვემდებარა გარე მობილობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა რამდენად კანონიერად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელეს უფლებამოსილმა პირებმა მოხელის შეფასება და რამდენად არსებობდა ამგვარი შეფასების არსებობის პირობებში მოხელის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის №00003206 ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №811 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება. დადგენილია ასევე, რომ „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა შერჩევის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მაისის №00006722 ბრძანების პირველი პუნქტით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით შესაბამისად, მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში (ტესტირება ინგლისურ ენაში განკუთვნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, თანამდებობრივი პოზიციით კულტურისა და სპორტის სფეროში დეპარტამენტის უფროსებისათვის და პროტოკოლის სამმართველოს თანამშრომლებისათვის, ხოლო ტესტირება ზოგად სამართლებრივ საკითხებში ეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას. მითითებული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები ასახოს გასაუბრების სხდომის ოქმში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის პროცედურა მოიცავდა კუმულატიურად ორ კომპონენტს - წერითი დავალების/ტესტირების და გასაუბრების ჩატარებას. ამასთან, კომისია ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში. მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირება, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრა წარმოადგენდა კომისიის დისკრეციას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მოხელე მოკლებულია უფლებას მოითხოვოს მის მიმართ შეფასების ობიექტური კრიტერიუმის გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და აპელანტიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ წერითი დავალების/ტესტირების კომპონენტში, ზ.ბ-მა ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან დააგროვა 70 ქულა (87.5%), ხოლო ქართულ ენაში ჯამში მაქსიმალური 80 ქულიდან დააგროვა 53 ქულა (66.2%) (ქართულ ენაში (I კომპონენტი) მაქსიმალური 60 ქულიდან დააგროვა 40 ქულა (66.6%) და (II კომპონენტი) მაქსიმალური 20 ქულიდან დააგროვა 13 ქულა (65%)). ამასთან, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომისიამ გასაუბრებაში მონაწილე თანამშრომლებიდან მოსარჩელის შესაბამისი 3.3. კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე ...ის მიმართულებით მოქმედ ორივე დეპარტამენტში არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთა იმ პირებს, რომლებმაც ჩატარებული ტესტირების შედეგად ზოგადი უნარებში დააგროვეს ზ.ბ-ზე (70 ქულა) ბევრად ნაკლები ქულა (57, 49, 48, 53 და 44 ქულა), ხოლო ქართულ ენაში მხოლოდ ორმა მათგანმა დააგროვა მოსარჩელეზე (53 ქულა) მაღალი ქულა (62 და 54 ქულა). ამასთან, საგულისხმოა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, ზ.ბ-ის მიმართ, დამსაქმებლის მხრიდან არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომები, ხოლო საჯარო მოხელის - ზ.ბ-ის მიერ შესრულებული მუშაობის შეფასების ქულა 2020 წელს არის 3 (საუკეთესო). რაც შეეხება უშუალოდ კომისიის მიერ ჩატარებული გასაუბრების შედეგად ზ.ბ-ის მიერ მიღებულ შეფასებას (შეფასდა 2,1 ქულით), აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 18 ივნისის №7 სხდომის ოქმი არაინფორმაციულია და არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები (მათ შორის, შეფასების მინიმალური და მაქსიმალური ქულების ოდენობა). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია გასაუბრებაში მონაწილე სხვა პირების (რომლებსაც შეთავაზება გაუკეთდათ ვაკანტურ თანამდებობებზე) სამუშაო გამოცდილებაზე (შესაბამის სფეროში) და მიუთითა, რომ მობილობის პროცესში კონკრეტულ თანამდებობაზე პირთა შერჩევისას მათი სამუშაო გამოცდილება შესაძლებელია იყო სათანადო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი კრიტერიუმი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მაისის №00006722 ბრძანებით ცალსახად ირკვევა, რომ დადგენილი პროცედურის (წერითი დავალების/ტესტირების და გასაუბრების ჩატარება) მიზანს მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირება, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრა წარმოადგენდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ტესტირების ეტაპზე მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასება აღემატებოდა სხვა კანდიდატების შეფასებებს, ზ.ბ-ის (მოსარჩელე) სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობა (არასაკმარისი ხანგრძლივობა) უპირობოდ არ ქმნიდა კომისიის მიერ მისთვის სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ქულით შეფასების საფუძველს, ხოლო გარდა სამუშაო გამოცდილებისა, აპელანტი მითითებული კანდიდატების უპირატესობის დამდგენ სხვა რაიმე გარემოებაზე ვერ მიუთითებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 15 ივნისის №468503 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული, მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 400 ლარი; ბ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №01/59 ბრძანებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი გადაყვანილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა“ ბრძანების დანართის შესაბამისად (ბრძანება ძალაშია 2021 წლის 1-ლი ივლისიდან), კერძოდ, ...სა და ...ის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა ...ის დეპარტამენტი, რომლის საშტატო ერთეული განისაზღვრა 8 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი 1; სპეციალისტი 7), მათ შორის, 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი; დ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 5 ივნისის №00008271 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ...ის დეპარტამენტი განისაზღვრა 8 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი; ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის №00008308 ბრძანებით უცვლელად დარჩა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 5 ივნისის №00008271 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება (...ის დეპარტამენტი განისაზღვრა 8 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი); ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №00008559 ბრძანებით უცვლელად დარჩა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 5 ივნისის №00008271 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება (...ის დეპარტამენტი განისაზღვრა 8 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი); ზ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის №00011346 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ...ის დეპარტამენტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 8 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი 1; სპეციალისტი 7), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი; თ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 28 აპრილის №00015412 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ...ის დეპარტამენტს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდება ... დეპარტამენტი, რომლის საშტატო ერთეული განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 1; ...- 3; ... - 5), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო - 1760 ლარი; ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის №00046847 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ... დეპარტამენტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 13 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 2; ...- 3; ... - 7), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1760 ლარი (2 ერთეული); თანამდებობრივი სარგო - 825 ლარი (1 ერთეული)); კ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის №00000946 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანება. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის შესაბამისად, ... დეპარტამენტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 13 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 2; ...- 3; ... - 7), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო -1 936 ლარი (2 ერთეული); თანამდებობრივი სარგო - 907 ლარი (1 ერთეული)).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ფორმულირება დაუკავშირა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 სადავო ბრძანებით მოსარჩელე (ზ.ბ-ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა. არსებული მდგომარეობით საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. კერძოდ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხაში განხორციელებული არაერთი ცვლილების შედეგად, თანამდებობა, რომლისგანაც მოსარჩელე გათავისუფლდა, არსებული მდგომარეობით მითითებულია შემდეგი დასახელებით - ... დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ ცნო მოსარჩელის - ზ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ზ.ბ-ის ... დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისთვის აღნიშნული თანამდებობა იარსებებს, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას მოსარჩელის აღდგენა უნდა განხორციელდეს ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთან, მოსარჩელე ზ.ბ-ის სამსახურში აღდგენის პირობებში მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ მოუთხოვია ტოლფას თანამდებობზე აღდგენა, ამასთან, სამინისტროში არ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი მიუთითებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც იწვევს მოსარჩელის უფლებების დაცვას და რეალურ აღდგენას, ეს არის, საჯარო დაწესებულების სისტემაში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნებიც შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, თუმცა, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შეუძლია მოითხოვოს ან იმავე კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, ან იმავე თანამდებობის ტოლფას კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, ან ზოგადად მიუთითოს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან, ისევ დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელი თანამდებობა მიაჩნია იმავე თანამდებობად ან ტოლფას თანამდებობად, ხოლო მათი შესაბამისობის შეფასება გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობასთან არის სასამართლოს უფლებამოსილება. სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენას, რაც არის იგივე თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა გათავისუფლებამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამინისტროს დაევლა გამოსცეს აქტი ზ.ბ-ის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ შეაფასა ზემოთ აღნიშნული გარემოებები სწორად, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესახებ იყო დაუსაბუთებელი, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ უნდა ყოფილიყო და გააუქმა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში. ამასთან, მან დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რადგან ასეთ თანამდებობაზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნა არ ყოფილა აღძრული. იმდენად, რამენადაც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აფასებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც დაეთანხმა გადაწყვეტილებას, არ იყო უფლებამოსილი დაეყენებინა ახალი მოთხოვნა დაწესებულების სისტემაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლება კანონიერია და აღდგენის წინაპირობები არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარეს მისცა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობა, რითაც დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები. სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, მას აპელანტის ხარჯზე არ უნდა მიეღო მისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება. აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მისთვის გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნებით და მოწინააღმდეგის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ დაარღვია როგორც შეჯიბრებითობის, ისე დისპოზიციურობის პრინციპი.
სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტის გამოცემის წინაპირობების გამოკვლევისას არ შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი რეალური არგუმენტები რეორგანიზაციის პროცესში საშტატო ნუსხის შემცირების თაობაზე. კერძოდ, 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა 136 ერთეულით, მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სამინისტროების გაყოფის შედეგად უკონკურსოდ გადავიდა 147 თანამშრომელი (ანუ რეორგანიზაციამდე არსებული 147 თანამშრომელი შემცირდა 136-მდე). გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, რეალური სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, შეიცვალა დეპარტამენტების ფუნქციური დანიშნულება, გაუქმდა დეპარტამენტები და მათ ნაცვლად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები, სრულად გაუქმდა მეორადი სტრუქტურული ერთეულები - სამმართველოები, შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში მოხდა არამხოლოდ სახელწოდებების ცვლილება, არამედ მათი ფუნქციური დატვირთვის მნიშვნელოვნად შეცვლა, რის გამოც გარდაუვალი იყო თანამშრომელთა შემცირება.
უდავოა, რომ რეორგანიზაცია შეეხო ...ის დეპარტამენტს, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. რეორგანიზაციამდე ამ დეპარტამენტში შედიოდა 3 სამმართველო: ...ის, ...ის და ...სა და ...ის. სულ დასაქმებული იყო 23 თანამშრომელი და ყველა თანამშრომელი იქნა გადაყვანილი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ ...ის დეპარტამენტში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული (საიდანაც 1 საშტატო ერთეული ეკუთვნოდა დეპარტამენტის უფროსს), ხოლო ...ის დეპარტამენტში - 10 საშტატო ერთეული (საიდანაც 2 საშტატო ერთეული ეკუთვნოდა დეპარტამენტის უფროსს და მოადგილეს). შესაბამისად, სახეზეა რეორგანიზაციის პროცესში არა მხოლოდ სამინისტროს საშტატო ერთეულის შემცირება, არამედ უშუალოდ იმ დეპარტამენტში, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული საშტატო რიცხოვნობის შემცირებაც. ...ის დეპარტამენტი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული რეორგანიზებულ იქნა ...ის და ...ის დეპარტამენტად და მისთვის განსაზღვრული 10 შტატი განაწილდა შემდეგნაირად: 2 საშტატო ერთეული - დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე, 3 საშტატო ერთეული - სპეციალისტი ...ის მიმართულებით, 2 საშტატო ერთეული - სპეციალისტი ...ის მიმართულებით, 1 საშტატო ერთეული - სპეციალისტი ...ის ...ის მიმართულებით, 2 საშტატო ერთეული - სპეციალისტი ...ის მიმართულებით ...ის კუთხით. უშუალოდ იმ უფლება-მოვალეობათა და ფუნქციურ დატვირთვათა მატარებელი საშტატო ერთეული, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობდა და აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილდა დეპარტამენტის სხვადასხვა საშტატო ერთეულებზე.
კომისიამ გასაუბრებაში მონაწილე თანამშრომლებიდან მოსარჩელის შესაბამისი 3.3 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე ...ის მიმართულებით მოქმედ ორივე დეპარტამენტში არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთა იმ პირებს, რომელთაც ტესტირების და გასაუბრების შედეგების საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ უფრო მაღალი ქულები მოსარჩელესთან შედარებით. კერძოდ, შეთავაზება გაუკეთდათ ...ის და ... დეპარტამენტში 3.3 კატეგორიის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე შემდეგ პირებს: 1. მ.შ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 57 ქულა, ქართულში 62 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 2. გ.მ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 49 ქულა, ქართულში 54 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.2 ქულა. ...ის დეპარტამენტში 3.3 კატეგორიის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთდათ: 1. თ.გ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 48 ქულა, ქართულში 52 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 2. მ.ჩ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 53 ქულა, ქართულში 48 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 3. თ.გ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 44 ქულა, ქართულში 47 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა.
მოსარჩელეს ტესტირების შედეგების მიუხედავად, კომისიის მიერ 3.3 კატეგორიის თანამდებობაზე შეთავაზება არ გაუკეთდა, რადგან გასაუბრებისას გამოვლენილ სხვა უნარებსა და მაჩვენებლებში უკეთესი მონაცემები გააჩნდათ იმ თანამშრომლებს, რომელთაც გაეწიათ რეკომენდაცია ვაკანტურ თანამდებობებზე. ამასთან, ...ის დეპარტამენტში არსებული სხვა ვაკანტური თანამდებობები იყო უფრო მაღალი კატეგორიების და ისინი მოსარჩელეს ვერ შეეთავაზა. შესაბამისად, ზ.ბ-ი დაექვემდებარა გარე მობილობას.
კასატორის განმარტებით, სამინისტროს მხრიდან რეორგანიზაციის მთლიანი პროცესი დაიგეგმა და ყველა ეტაპი განხორციელდა გამჭვირვალედ. რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილ კომისიას ტესტირების დანიშვნით შეეზღუდა დისკრეციული უფლებამოსილების არეალი, ამასთან, ტესტირების დანიშვნით თანამშრომელთა შეფასების კუთხით სამინისტრომ დააწესა მაღალი სტანდარტი. მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირება კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული წერითი ტესტირების შედეგების და ასევე ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. აღნიშნულმა კომისიამ 2021 წლის 18 ივნისს ჩაატარა გასაუბრება ...ის დეპარტამენტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან, მათ შორის, მოსარჩელესთან, რა დროსაც ყველა მონაწილეს დაესვა ერთგვაროვანი კითხვები მათი შრომითი გამოცდილებისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობათა შესახებ. მიღებული პასუხების საფუძველზე, ასევე, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებისა და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე ყველა პირი კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად, ქულების მინიჭებით, ხოლო ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. მოსარჩელისთვის მინიჭებულმა ქულამ შეადგინა 2.1.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი წინაპირობები, მიიჩნია რა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირებისას, კომისიის მიერ მოსარჩელის (ასევე სხვა პირების) კომპეტენციის და უნარების შეფასებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ტესტირების შედეგები. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასაბუთება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან როგორც შესაგებელი, ასევე სააპელაციო საჩივარი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები ადასტურებენ, რომ კომისიას დაევალა მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირება მოეხდინა მათი კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული წერითი ტესტირების შედეგების და ასევე ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული კომისიის მიერ თანამშრომლები შეფასდნენ ორივე კომპონენტის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგების გათვალისწინებით და კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ქულა, რაც გახდა მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა იდენტიფიცირების საფუძველი, მოიცავს როგორც ტესტირების შედეგების, ისე გასაუბრების შედეგების შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ კომისიის მიერ გასაუბრების შედეგების შეფასება მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან არ არსებობდა გასაუბრების ოქმი/აუდიო/ვიდეო ჩანაწერი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან არც ერთი მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის დროს თანამშრომელთა შერჩევის პროცესს არ აწესებს გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერის აუცილებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტის კანონიერება, კერძოდ, მისი გამოცემის მართლზომიერი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა, უნდა შეეფასებინა ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალის, მხარეთა პოზიციების და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობდა გასაუბრების ჩანაწერი, სადავო აქტი არ უნდა მიეჩნია დაუსაბუთებლად.
კასატორი აღნიშნავს, რომ ტესტირებაში გათვალისწინებული მასალა ყველა პირისთვის იდენტური იყო, ასევე გასაუბრების დროს თანამშრომლებისთვის დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. შესაბამისად, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების დამადასტურებელ რაიმე არგუმენტს მოსარჩელე ვერ მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობას, ქართული ენისა და ზოგადი უნარების თუ გასაუბრების შედეგების რომელიმე კომპონენტს არ ანიჭებდა, ის გადაწყვეტილებას ყველა კომპონენტის ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებდა. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ იგივე ან ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა სამინისტროს იმავე სტრუქურაში არ არსებობდა და დღესაც არ არსებობს. სამინისტროში არ არის ვაკანტური ის თანამდებობა, რაზეც სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღადგინა და არც მისი ტოლფასი თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებაა, რომ სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ხოლო სამინისტრომ კომპეტენტური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელე არ მიიჩნია ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისად და ის გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 30 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, გარდა ახალგაზრდობის მიმართულებისა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ზ.ბ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 15 მარტის №45/კ ბრძანებით ზ.ბ-ი დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2019 წლის 14 მარტიდან 12 თვის გამოსაცდელი ვადით (ტ.1, ს.ფ 31-32); საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის MES 5 20 00331052 ბრძანებით ზ.ბ-ი დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ 27-28); ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ივნისის №468503 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული, მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო 1 400 ლარი (ტ.1, ს.ფ 57-67); გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №01/59 ბრძანებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი გადაყვანილი იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ 260); დ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №575 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი (ტ.1, ს.ფ 68-86); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის №00003206 ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება (ტ.1, ს.ფ 96-97); საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №811 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან (ტ.1, ს.ფ 111-113); საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება (ტ.1, ს.ფ 98-110); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან (ტ.1, ს.ფ 87-95); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მაისს მიერ მიღებულ იქნა №00006722 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა შერჩევის შესახებ. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისია; მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში (ტესტირება ინგლისურ ენაში განკუთვნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, თანამდებობრივი პოზიციით კულტურისა და სპორტის სფეროში დეპარტამენტის უფროსებისათვის და პროტოკოლის სამმართველოს თანამშრომლებისათვის, ხოლო ტესტირება ზოგად სამართლებრივ საკითხებში ეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას (ტ.1, ს.ფ 123-124); ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის 22 ივნისის №3/რ სხდომის ოქმის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, გარე მობილობას დაექვემდებარა 13 საჯარო მოხელე, მათ შორის, ზ.ბ-ი - ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ტ.1, ს.ფ 125-127); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის პირველი ივლისის №4/რ სხდომის ოქმის თანახმად, განსახილველი იყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო გათავისუფლებულ მოხელეთა გარე მობილობის საკითხი. ამავე ოქმის მიხედვით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებული შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში, დაუყოვნებლივ გადაგზავნილი იყო გარე მობილობას დაქვემდებარებული პირთა მონაცემები, თუმცა ყველა უწყებიდან სამინისტრომ მიიღო უარი მათი დასაქმების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული 13 პირი დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას და მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხვას. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეებს მიეცემათ კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 128-129); ვ) ტესტირების შედეგების ამონაწერის მიხედვით, ზ.ბ-ის ზოგად უნარებში ჰქონდა 70 ქულა (მაქსიმალური ქულა 80); ქართულ ენაში ჰქონდა 40 ქულა (მაქსიმალური ქულა 60), ასევე, ქართულ ენაში - 13 ქულა (მაქსიმალური ქულა 20) (ტ.1, ს.ფ 206-208); ზ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 18 ივნისის №7 სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დასაქვემდებარებელი პირების განსაზღვრა; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ, დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. შეფასება აისახა შესაბამის ფორმაში და ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ზ.ბ-ი შეფასდა 2,1 ქულით. სხდომის ოქმს ხელს არ აწერს ერთ-ერთი წევრი ლ.მ-ე (ტ.1, ს.ფ 212-216); თ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 21 ივნისის №8 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა: 1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დაქვემდებარებული პირების განსაზღვრა; 2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა გასაუბრება (ტ.1, ს.ფ 217-221); ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012085 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზ.ბ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის პირველი ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 19-20); კ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის 20 ოქტომბრის №00028949 შიდა მიმოწერის ბარათის მიხედვით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. ასევე, ზ.ბ-ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომები, ხოლო საჯარო მოხელის - ზ.ბ-ის მიერ შესრულებული მუშაობის შეფასების ქულა 2020 წელს არის 3 (საუკეთესო) (ტ.1, ს.ფ 239-241); ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 28 აპრილის №00015412 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ... დეპარტამენტი, რომლის საშტატო ერთეული განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი 1; უფროსის მოადგილე 1; ... 3; ... 5), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგო - 1760 ლარი (ტ.2, ს.ფ 73-80); მ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის №00046847 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა ბრძანების დანართის შესაბამისად, კერძოდ, ... დეპარტამენტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 13 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 2; ... - 3; ... - 7), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო - 1760 ლარი (2 ერთეული), თანამდებობრივი სარგო - 825 ლარი (1 ერთეული)) (ტ. 2, ს.ფ 65-72); ნ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის №00000946 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა ბრძანების დანართის შესაბამისად. ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანება. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის შესაბამისად, ... დეპარტამენტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 13 საშტატო ერთეულით (დეპარტამენტის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 2; ... საკითხები - 3; ... - 7), მათ შორის, 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო -1 936 ლარი (2 ერთეული); თანამდებობრივი სარგო - 907.5 ლარი (1 ერთეული)) (ტ.2, ს.ფ 99-107).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ის გათავისუფლების კანონიერება, მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მე-2 მუხლი).
აღნიშნული კანონის 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
რეორგანიზაციის ცნებას ასევე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ.ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მობილობა ვერ განხორციელდა, რის გამოც ის ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა შესაბამისი კომპენსაცია. საყურადღებოა, რომ კასატორის განმარტებით ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა დანიშვნა მოხდა კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების/ქულების გათვალისწინებით. კასატორი განმარტავს, რომ კომისიამ გასაუბრებაში მონაწილე თანამშრომლებიდან მოსარჩელის შესაბამის 3.3 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე ...ის მიმართულებით მოქმედ ორივე დეპარტამენტში არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთა იმ პირებს, რომელთაც ტესტირების და გასაუბრების შედეგების საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ უფრო მაღალი ქულები მოსარჩელესთან შედარებით. კერძოდ, შეთავაზება გაუკეთდათ ...ის და ...ის საქმეთა დეპარტამენტში 3.3 კატეგორიის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე შემდეგ პირებს: 1. მ.შ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 57 ქულა, ქართულში 62 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 2. გ.მ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 49 ქულა, ქართულში 54 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.2 ქულა. ...ის დეპარტამენტში 3.3 კატეგორიის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთდათ: 1. თ.გ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 48 ქულა, ქართულში 52 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 2. მ.ჩ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 53 ქულა, ქართულში 48 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა; 3. თ.გ-ის, რომელსაც გააჩნდა უპირატესი სამუშაო გამოცდილება ...ის სფეროში და ტესტირებისას დააგროვა ზოგად უნარებში 44 ქულა, ქართულში 47 ქულა და კომისიამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიანიჭა 3.1 ქულა.
დადგენილია, რომ ტესტირების შედეგების ამონაწერის მიხედვით, ზ.ბ-ის ზოგად უნარებში ჰქონდა 70 ქულა (მაქსიმალური ქულა 80); ქართულ ენაში ჰქონდა 40 ქულა (მაქსიმალური ქულა 60), ასევე, ქართულ ენაში - 13 ქულა (მაქსიმალური ქულა 20). გასაუბრებაზე კი, ის 2.1 ქულით შეფასდა. ამასთან, როგორც კასატორი განმარტავს, კომისიის მიერ თანამშრომლები შეფასდნენ ორივე კომპონენტის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგების გათვალისწინებით და კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ქულა, რაც გახდა მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა იდენტიფიცირების საფუძველი, მოიცავს როგორც ტესტირების შედეგების, ისე გასაუბრების შედეგების შეფასებას.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს 2021 წლის 25 მაისის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის №00006722 ბრძანების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში; ბ) გასაუბრების ჩატარებას. მითითებული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები ასახოს გასაუბრების სხდომის ოქმში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წერითი დავალება/ტესტირება საჯარო მოსამსახურეთა წერითი თუ სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ პროფესიული დონისა და მათი კვალიფიციურობის დადგენას ემსახურება, გასაუბრების ეტაპზე კი კომისიის წევრებს ეძლევათ საშუალება, დაადგინონ მოხელის ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა გამოვლენა წერითი დავალების შესრულების პროცესში შეუძლებელია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმი არაინფორმაციული ხასიათისაა და არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია თავად შეაფასოს კონკრეტული საჯარო მოსამსახურის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან, ვინაიდან აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, (1) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; (2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-1037(კ-18)). რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაუბრების გზით საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენციის/უნარების შეფასებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს, რაც გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტურად და სრულად აღიქვას მისი გათავისუფლებისა და სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტესტირების შედეგების მიხედვით, ზ.ბ-ი ზოგად უნარებში შეფასდა 70 ქულით (მაქსიმალური ქულა 80), ქართულ ენაში - 40 ქულით (მაქსიმალური ქულა 60), ასევე ქართულ ენაში - 13 ქულით (მაქსიმალური ქულა 20). ტესტირებაში მიღებული ზ.ბ-ის შეფასება უმეტესად სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს აღემატებოდა. რაც შეეხება გასაუბრების კომპონენტს, გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ზ.ბ-ი შეფასდა 2,1 ქულით და დაექვემდებარა გარე მობილობას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა ზ.ბ-ის სარჩელი, განმარტა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 18 ივნისის №7 სხდომის ოქმი არაინფორმაციულია და არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების სხდომის ოქმში არ არის ასახული გარემოებები (მათ შორის კითხვა-პასუხი), რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა ზ.ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. საგულისხმოა, რომ ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები. კასატორი ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ ზ.ბ-ის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული გასაუბრების ოქმი მშრალი და არაინფორმაციული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა კასატორის შედავებაზე ...ის სფეროში სხვა პირების უპირატესი სამუშაო გამოცდილების შესახებ, განმარტავს, რომ ცალკე აღებული უპირატესი სამუშაო გამოცდილება ასეთის დადასტურების პირობებშიც არ წარმოადგენს აღნიშნული პირის შერჩევის ერთადერთ კრიტერიუმს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გასაჩივრებული აქტის/გასაუბრების ოქმის დაუსაბუთებლობაზე მითითებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას იმ პირობებში, როდესაც სასამართლო შეუძლებლად თვლის გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ქმედების პროცედურულ დარღვევად მიჩნევა ყოველთვის არ განაპირობებს წარდგენილი სარჩელის სრულ საფუძვლიანობას და არ წარმოშობს მისი სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მარტოოდენ სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზ(ებ)ით ჩატარებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ზ.ბ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი და საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება). „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით სწორედ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლად გამოტანილი აქტია სადავო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხის მიერ დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესები და დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულება, რის გამოც სასამართლო მოცემულ ეტაპზე დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას მოკლებულია. მოპასუხემ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ზ.ბ-სთან გასაუბრების ჩატარება, კანონით დადგენილი წესით შეფასება (წერითი დავალების/ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების ერთობლიობით) და აღნიშნულის შესაბამისად გამოსცეს აქტი შესაბამისი დასაბუთებით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ.ბ-სთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნებს თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ის გათავისუფლების შესახებ, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012085 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან ზ.ბ-ის გათავისუფლების შესახებ და დაევალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. ზ.ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე