საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-229(2კ-23) 3 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორები (მესამე პირები) - ე.ს-ი, ნ.ს-ი, კ.ს-ი, ც.ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ცი.ს-ი
მესამე პირები - ...ის მუნიციპალიტეტის მერია, ა.ს-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 15 ივლისს ცი.ს-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე.ს-ი, კ.ს-ი, ნ.ს-ი, ს.ს-ი და ც.ს-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, მესამე პირის ს.ს-ის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ ე.ს-ი და ა.ს-ი.
2021 წლის 19 აპრილს ცი.ს-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №..., 2018 წლის 3 დეკემბრის N..., 2019 წლის 20 სექტემბრის N..., 2020 წლის 25 ივლისის N... და 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1995 წელს გამოეყო 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელი ..., რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაც ამჟამად შეუძლებელია იმის გამო, რომ ნაკვეთის ნაწილი რეგისტრირებულია მესამე პირების სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ქონებაზე სასამართლოში საქმის წარმოება მან დაიწყო 2019 წლის 30 იანვრიდან, სადაც მესამე პირად ჩართული იყო ცი.ს-ის მეზობელი თ.ა-ი, ვინაიდან მოსარჩელე მხარე ითხოვდა თ.ა-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 ივნისს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზების საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა არა თ.ა-ს, არამედ მის სხვა მეზობლებს: ე.ს-ს, ნ.ს-ს, კ.ს-ს, ს.ს-ს და ც.ს-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გამოიხმო მითითებული სარჩელი და მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ახალი სარჩელით, მესამე პირების სახელზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ცი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის N..., 2018 წლის 03 დეკემბრის N..., 2019 წლის 20 სექტემბრის N..., 2020 წლის 25 ივლისის N... და 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებები და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-19 მუხლებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ და ,,კ“ პუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, ,,ი“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ე.ს-ის და ტ.ს-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებზე დადგინდა ზედდება, სასამართლოსთვის ბუნდოვანია, რის საფუძველზე მიენიჭა ე.ს-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს უპირატესობა და რის საფუძველზე იქნა გაცემული ადგილზე დათვალიერების ოქმი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე შემთხვევაში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის წერილი და საარქივო ცნობები.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორი სარეგისტრაციო განცხადება, რომელზეც დაფიქსირებულია ზედდება. ორივე შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის წერილი და საარქივო ცნობა; ორივე მოქალაქის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებზე შესასწავლი და გასარკვევი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა; ორივე შემთხვევაში თვითმმართველ ერთეულს, ...ის მუნიციპალიტეტის მერიას განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო წარმოებაში არსებულ მონაცემებთან, თუმცა მიუხედავად იდენტური გარემოებებისა, ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, ხოლო .. .ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები, თანაც ისე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა ორივე მოქალაქის მიმართ განსხვავებული და არაიდენტური გარემოებების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ, თავის მხრივ, გამოიწვია მოსარჩელე ცი.ს-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, მიუთითა, რომ სახეზეა მესამე პირთა საკუთრების უფლებაც და დაუშვებელია რომელიმე მათგანის მიმართ უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნეს შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი და დაცული საკუთრების უფლება. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების: ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ის და ც.ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8, მე-111, 27-ე მუხლებზე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N87 ბრძანებით, 2020 წლის 01 იანვრიდან) მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ორი განცხადება, რომელთა საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე დაფიქსირდა ზედდება. ორივე შემთხვევაში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის წერილი და საარქივო ცნობა; ორივე მოქალაქის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებზე შესასწავლი და გასარკვევი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა; ორივე შემთხვევაში თვითმმართველ ერთეულს, ...ის მუნიციპალიტეტის მერიას განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო წარმოებაში არსებულ მონაცემებთან, თუმცა მიუხედავად იდენტური გარემოებებისა, ... ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთთან მიმართებით დადგინდა აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ ირკვევა, თუ რატომ ვერ მოხერხდა იდენტურობის დადგენა და პირველი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისას იყო თუ არა გათვალისწინებული მეორე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კი, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთთან მიმართებით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია იდენტური დოკუმენტების არსებობის პირობებში, რატომ მოხდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთზე იდენტურობის დადგენა და რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა უარყოფილი მეორე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი დოკუმენტები, ზედდების ნაწილში. სააპელაციო პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ფიქსირდებოდა ზედდება, ვერ გახდება მეორე მიწის ნაკვეთზე იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ორივე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში სწორედ აღნიშნული საკითხი იყო გამოსარკვევი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ხოლო კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ თავის მხრივ გამოიწვია მოსარჩელე ცი.ს-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახეზეა მესამე პირთა საკუთრების უფლებაც და დაუშვებელია რომელიმე მათგანის მიმართ, უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნეს შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი და დაცული საკუთრების უფლება. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების: ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის მიერ.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო სრულყოფილი წარმოების ჩატარების გარეშე, მაშინ, როდესაც სააგენტომ ორივე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერიას, არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მოთხოვნით. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის №04/9850 (01/10/2018) წერილზე თანდართული №00300 ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის №21-02-1/94748 (27.06.2017წ.) წერილი, საქართველოს ეროვნული არქივის №15/64624 (23.05.2017წ.) ცნობა, მიწის მიღება-ჩაბარების №17 აქტი (05.01.1996წ.)) გათვალისწინებული უძრავი ნივთის იდენტურობა. აღნიშნულის შემდგომ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 26 ოქტომბერს №448858 წერილით განმეორებით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერიას იდენტურობის დადგენის მიზნით და განუმარტა, რომ მართალია აღნიშნულ ნაკვეთზე მათ მიერ უკვე დადასტურებული იყო იდენტურობა 2018 წლის 1 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების №00300 ოქმით, თუმცა დგინდებოდა ზედდება №... განცხადებით (დაინტერესებული პირი: ტ.ს-ის წარმომადგენელი ცი.ს-ი) წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ამდენად, სააგენტომ კვლავ გამოითხოვა ინფორმაცია, ტოვებდა თუ არა ძალაში ...ის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების ოქმს. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №... წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა განმეორებით შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მისი ინფორმაციით, ძალაში დარჩა ადგილზე დათვალიერების №00300 ოქმი. კასატორის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ იდენტურობის დადასტურების დროს ...ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რომელიც მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს, ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა მან მაინც ძალაში დატოვა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დათვალიერების ოქმი. გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის №04/9850 (01/10/2018) წერილზე თანდართულ ადგილზე დათვალიერების ოქმზე მითითებულია თავად მოსარჩელე მხარის ცი.ს-ის ხელმოწერა, რითაც იგი დაეთანხმა ადგილზე დათვალიერების ოქმის სისწორეს. აღნიშნული ადგილზე დათვალიერების ოქმი კი მოცემული სარჩელის ფარგლებში არ წარმოადგენს სადავო დოკუმენტს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში ყოფნის პირობებში, დაუშვებელია სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობა.
კასატორები: ე.ს-ი, ნ.ს-ი, კ.ს-ი და ც.ს-ი აღნიშნავენ, რომ 1996 წლიდან ფლობენ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად ამუშავებენ და მოჰყავთ მოსავალი. ამასთან, მიუთითებენ, რომ მათ სახელზე რეგისტრირებული ფართის მოცულობა უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული ფართის მოცულობის იდენტურია. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა კი დადასტურებული იქნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით. ამასთან, კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ ადგილზე დათვალიერების ოქმს მათ შორის ხელს აწერს მოსარჩელე ცი.ს-იც და აღნიშნული ოქმი მოცემული დავის ფარგლებში გასაჩივრებული არ არის. შესაბამისად, კასატორები მიუთითებენ, რომ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი დოკუმენტის კანონიერ ძალაში ყოფნის პირობებში, რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მათი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 7 სექტემბერს ე.ს-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიუთითა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციაზე და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ...ში მდებარე 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ასევე, 1996 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N17. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ნ.ს-ის საკუთრებაში გადაეცა 0.75 ჰა მიწის ფართობი, მათ შორის: საკარმიდამო 0.2 ჰა, სამოსახლო 0.15 ჰა, სამეურნეო 0.4 ჰა.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ივნისის N21-02-1/94748 წერილი, რომლის თანახმად, ნ.ს-ს 2000, 2002-2004 წლების მონაცემებით ერიცხება 0.75 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, საკრებულო ... ( ...).
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 23 მაისის N15/64624 წერილი/საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს.ვ-ა (დოკუმენტში ასეა) (გადახაზულია, გარდაიცვალა 3.07.1989წ.). კომლის წევრები არიან: ს-ი. ნ. - შვილი, ს-ი.პ.(დოკუმენტში ასეა) - რძალი, ს-ი. ე (დოკუმენტში ნ-ის ძე - შვილიშვილი, ს-ი .ნი.(დოკუმენტში ასეა) - შვილის რძალი, ს-ი ტ. (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი (გადახაზულია, გაკეთებულია ჩანაწერი - იხ. წიგ. N8 გვ. 42), ს-ი კ. - შვილიშვილის შვილი, ს-ი ც.(დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილის შვილი, ს-ი ა.- შვილიშვილის შვილი (გადახაზულია, გაკეთებულია ჩანაწერი - იხ. წიგ. N8 გვ. 42); კომლს ერიცხება 1986-1987 წწ. - 1951 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი (1988-1996 წწ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1986წ. - 0.24 ჰა, 1987-1990 წწ. - 0.18 ჰა (1991-1996 წწ. მიწა არ ფიქსირდება). ვ. (დოკუმენტში ასეა) ს-ის გარდაცვალების შემდეგ ფიქსირდება კომლის უფროსად ნ.ს-ი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ...ის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფასოდ ჩაწერილია ს-ი. ნ. (გადახაზულია, გარდაიცვალა). კომლის წევრები არიან: ს-ი.პ. (დოკუმენტში ასეა) - ცოლი, ს-ი. ეა (დოკუმენტში ნ.- (დოკუმენტში ასეა) - შვილი, ს-ი .ნი.(დოკუმენტში ასეა) - რძალი, ს-ი.კ (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი, ს-ი ც.(დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი; კომლს ერიცხება უთარიღოდ - 1951 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება. გაკეთებულია ჩანაწერი ფანქრით - კ.ს ბავშვი ჩასაწერია.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 23 მაისის N15/64624 წერილში ასევე მითითებულია, რომ ...ის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს-ი. ნ. (გადახაზულია, გარდაიცვალა 2003წ.). კომლის წევრები არიან: ს-ი.პ.(დოკუმენტში ასეა) - ცოლი, ს-ი. ეა (დოკუმენტში ნ-ის ძე - შვილი, ს-ი. ნი.(დოკუმენტში ასეა) - რძალი, ს-ი კ. - შვილიშვილი, ს-ი ც.(დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი; კომლის პირად საკუთრებაშია 2001 წ. - 1951 წელს აშენებული სახლი (2002-2006წწ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება. ნ.ს-ის გარდაცვალების შემდეგ ფიქსირდება კომლის უფროსად ს.ს-ი. ამავე საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ ...ის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა. ცნობაში ასევე შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ე.ს-ი არ იძებნება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...- გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ს-ის ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რისთვისაც სააგენტომ 2018 წლის 13 სექტემბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ...ის მუნიციპალიტეტის მერიიდან. შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 სექტემბრის წერილის პასუხად, სააგენტოს ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 ოქტომბრის წერილით გადაეგზავნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00300. აღნიშნული ოქმის თანახმად, ადგილზე გასვლით და დათვალიერებით დადგინდა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N17, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ივნისის N21-02-1/94748 წერილი, საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა N15/64624 23.05.2017 წელი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, ს/კ ..., 4 000 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 8 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №...-, რომლითაც ე.ს-ის ეცნობა, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №... განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო განაცხადი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ტ.ს-ის მიერ, 2018 წლის 21 მაისს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ აღნიშნულ წარმოებაში ჩაერთო მისი მეუღლე ცი.ს-ი. მითითებული წარმოების ფარგლებში განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ...ში მდებარე 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საქმეში წარმოდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, გაცემული ტ.ს-ის სახელზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის რაიონი, ..., დაზუსტებული ფართობი: 0.30 ჰა. (ნაკვეთის N139).
ასევე, საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N21-02-1/128900 წერილი, რომლის თანახმად, ტ.ს-ის 2000, 2002-2004 წლების მონაცემებით ერიცხება 0.75 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....
ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 6 სექტემბრის N15/133163 წერილი/საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ზემო ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ტ.ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ს-ი - შვილი; ც. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - ცოლი; ლ. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი; ნ. ს-ი - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში 1989 წელს ერიცხება 1987 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართობი მითითებული არ არის, 1986-1988, 1990-1995 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1990 წლებში 006 ჰა, 006 ჰა მიწის ნაკვეთი (თარიღი მითითებული არ არის, 1991-1995 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). შენიშვნა: დამატებითი ცნობების რეკვიზიტში გაკეთებულია ჩანაწერი - „დაეწერა მიწა ცნობა N41“. ამავე საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილ. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.(დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი; ც. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - ცოლი; ლ.ს ას (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი, ნ. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1987 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (თარიღი და ფართობი მითითებული არ არის, 1996-2000 წლების მონაცემები არ ფიქსირდება), ხოლო ინფორმაცია კომლის პირად საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 6 სექტემბრის N15/133163 წერილში ასევე მითითებულია, რომ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ზემო ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილ. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ც. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - ცოლი; ა. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი; ლ.ს ას (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი; ნ. (დოკუმენტში ასეა) ს-ი - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში 2001 წელს ერიცხება 1987 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართობი მითითებული არ არის, 2002-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება), ხოლო ინფორმაცია კომლის პირად საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. ამავე საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ №... (განმცხადებელი: ე.ს-ი) და №... (განმცხადებელი: ცი.ს-ი) სარეგისტრაციო წარმოებების ფარგლებში, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის დაფიქსირდა ზედდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 ოქტომბერს დამატებით მიმართა წერილით ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმის თაობაზე, მიწის ნაკვეთებს შორის ზედდების არსებობის პირობებში, გამგეობა ტოვებდა თუ არა ძალაში N00300 ადგილზე დათვალიერების ოქმს. აღნიშნული წერილის პასუხად, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 15 ნოემბრის N... წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა განმეორებით შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მისი ინფორმაციით, ძალაში რჩება ადგილზე დათვალიერების ოქმი N00300.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ე.ს-ის 2018 წლის 7 სექტემბრის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 4 000 კვ.მ., ს/კ... დარეგისტრირდა ე.ს-ისა და თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება. ამასთან, სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, ცი.ს-ის 2018 წლის 21 მაისის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
ასევე დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, განხორციელდა ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 4 000 კვ.მ., ს/კ... აღირიცხა ე.ს-ის, კ.ს-ის, ნ.ს-ის, ს.ს-ის და ც.ს-ის საკუთრების უფლება. ამასთან, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება. კერძოდ, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა: წერილი N21-02-1/94748 (გაფორმების თარიღი: 27/06/2017, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური); მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N17 (დამოწმების თარიღი: 05/01/1996); წერილი (სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00300 ოქმი) N04/9850, დამოწმების თარიღი: 01/10/2018, ...ის მუნიციპალიტეტის მერია და წერილი N15/64624, დამოწმების თარიღი: 23/05/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივი.
დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილებით, ა.ს-ის განცხადება მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 4 000 კვ.მ., ს/კ... დარეგისტრირდა ე.ს-ის (2/10 ნაწილი), ნ.ს-ის (2/10 ნაწილი), ა.ს-ის (1/10 ნაწილი), ც.ს-ის (2/10 ნაწილი), კ.ს-ის (2/10 ნაწილი) და ს.ს-ის (1/10 ნაწილი) საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებით კი, ე.ს-ის განცხადება მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 4 000 კვ.მ., ს/კ... დარეგისტრირდა ე.ს-ის (3/10 ნაწილი), ნ.ს-ის (2/10 ნაწილი), ა.ს-ის (1/10 ნაწილი), ც.ს-ის (2/10 ნაწილი) და კ.ს-ის (2/10 ნაწილი) საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივნისს ცი.ს-მა N... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ...ში მდებარე 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის N... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრეები: ე.ს-ი, კ.ს-ი, ნ.ს-ი, ს.ს-ი და ც.ს-ი) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც განმცხადებელს ეთხოვა კორექტირებული ნახაზის წარდგენა. საბოლოოდ კი, ცი.ს-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №..., 2018 წლის 3 დეკემბრის N..., 2019 წლის 20 სექტემბრის N..., 2020 წლის 25 ივლისის N... და 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებების კანონიერებას. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილებების ძალაში ყოფნის პირობებში, იგი ვერ ახორციელებს მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციას, ვინაიდან ადგილი აქვს გადაფარვას/ზედდებას მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ და მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის. ამდენად, მოცემულ დავაში ერთმანეთს უპირისპირდება კერძო პირთა საკუთრების უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საქმის მასალების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს არა უძრავ ნივთზე ზოგადად მესამე პირების საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, არამედ მათ სახელზე უკვე რეგისტრირებული ფართის ადგილმდებარეობა, რომელიც არსებითად დაეფუძნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს შედგენილ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00300 ოქმს. აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ოქმი ხელმოწერილია მოსარჩელე ცი.ს-ის მიერ და მისი კანონიერება მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისთვის 2019 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი სიტუაციური ნახაზების საფუძველზე გახდა ცნობილი, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა არა იმ პირს, რომელთანაც აწარმოებდა დავას, არამედ მის სხვა მეზობლებს: ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ის, ს.ს-ის და ც.ს-ის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და ორჯერ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომელმაც დაადასტურა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. შესაბამისად, სააგენტო დაეყრდნო სწორედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ უფლებამოსილებას ანიჭებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, თუმცა მითითებული კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. თუმცა ამავე ნორმის თანახმად, ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი, სისტემური აღწერის დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემებისა (ე.წ. ყვითელი ფენები) და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების მითითებით. საქმის მასალებში წარმოდგენილი, მითითებული სიტუაციური ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები ნაწილობრივ ფარავს ტ.ს-ის სახელზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული ნაკვეთის საზღვრებს (ნაკვეთი N139) და არ ემთხვევა ყვითელი ფენების კონფიგურაციასა და საზღვრებს. ამასთან, სიტუაციური ნახაზიდან დგინდება, რომ ცი.ს-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია ორ, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის (N138 და N140) და მისი საზღვარი გადაფარულია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მხრიდან. ამდენად, ადგილი აქვს ზედდებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულება (ძალადაკარგულია 11.05.2007 წ. 4741–Iს კანონით), რომლის საფუძველზეც იქნა სწორედ გაცემული ზემოაღნიშნული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მიღებული იქნა მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე დადგინდა მიწის აგეგმვის სამუშაოების, საკადასტრო რუკების, მიწის სარეგისტრაციო ბარათების, სარეგისტრაციო მოწმობების მომზადება და გაცემა, სხვა ნებისმიერი ღონისძიების უსასყიდლოდ განხორციელება, რომელიც საჭიროა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის. ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მითითებული ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას. აღნიშნული კი საქმის გარემოებათა სრულყოფილად და ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისა და მესამე პირების სარეგისტრაციო განცხადებებზე წარდგენილი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტები და ორივე შემთხვევაში შესასწავლი და გასარკვევი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უპირობოდ დაეყრდნო მხოლოდ გამგეობის მიერ წარდგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმს (რომელიც არ შეიცავს მითითებას რა გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძველზე მიენიჭა უპირატესობა მესამე პირებს იდენტურობის დადგენის დროს, მოსარჩელესთან შედარებით) და არ განუხორციელებია სააგენტოში დაცული მონაცემების შესწავლა, იმ პირობებში, როდესაც სიტუაციური ნახაზიდან ცალსახად იკვეთებოდა, რომ ორ მიწის ნაკვეთს შორის მოქცეული, ცი.ს-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ ქმნიდა უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებულ სრულ ფართობს - 3 000 კვ.მ.-ს და ნახაზის მიხედვით, ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვერც სხვა კონფიგურაციით იყო შესაძლებელი აღნიშნული ფართის მდებარეობის დადგენა. ამასთან, ამავე ნახაზზე ცალსახად ჩანდა მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრების აცდენა ე.წ. ყვითელ ფენებთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტი დაუზუსტებელ მონაცემებს შეიცავს და იგი ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას, თუმცა იგი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციადაც, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, თუმცა აღნიშნული მის მიერ არ განხორციელებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ზედდება ფიქსირდება მხოლოდ მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილზე. ცი.ს-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი და რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მესამე პირების სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მხოლოდ ნაწილობრივ ფარავენ ერთმანეთს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზედდებაში მყოფი ფართის გარდა, მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ დარჩენილ ფართთან დაკავშირებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განხორციელებული რეგისტრაციების უკანონობა საქმის მასალებით არ იკვეთება. მეტიც, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიმართ არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №..., 2018 წლის 3 დეკემბრის N..., 2019 წლის 20 სექტემბრის N..., 2020 წლის 25 ივლისის N... და 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებები, მხოლოდ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა (მესაკუთრეები: ე.ს-ი, ნ.ს-ი, კ.ს-ი, ც.ს-ი, ა.ს-ი) და ცი.ს-ის მიერ N... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის ზედდების ნაწილში. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან არც მოსარჩელის და არც მესამე პირთა მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტები არ არის სადავოდ გამხდარი, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ ნაწილში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეისწავლოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, შეაფასოს რეგისტრაციის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ნაწილობრივ, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; ასევე, მესამე პირების მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარი და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ცი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №..., 2018 წლის 3 დეკემბრის N..., 2019 წლის 20 სექტემბრის N..., 2020 წლის 25 ივლისის N... და 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილებები, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა (მესაკუთრეები: ე.ს-ი, ნ.ს-ი, კ.ს-ი, ც.ს-ი, ა.ს-ი) და ცი.ს-ის მიერ N... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის ზედდების ნაწილში; აღნიშნულ ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. ცი.ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარი და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 300 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. მესამე პირების - ე.ს-ის, ნ.ს-ის, კ.ს-ისა და ც.ს-ის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარი და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 300 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე