Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-638(2კ-23) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ა; მესამე პირები - დ. ს-ა, ბ. ს-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-ამ 2021 წლის 30 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანება ი. მ-ას, დ. ს-ას და ბ. ს-ას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანება ი. მ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. მ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ი. მ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 და მე-6 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლები და განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ იმ ინფორმაციას, რომ დ. ს-ას და ბ. ს-ას რეგისტრაცია თბილისში არ ფიქსირდება, ხოლო ი. მ-ას შემთხვევაში არ ფიქსირდება თბილისში უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტი ბოლო 2 წლის განმავლობაში.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოსარჩელის თბილისში რეგისტრაციის უწყვეტად არარსებობის კონკრეტული საფუძვლები. დადგენილად ვერ მიიჩნია თბილისში რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი. ყურადღება გაამახვილა აპელანტის (მოსარჩელის) იმ განმარტებაზე, რომ იგი უწყვეტად არის რეგისტრირებული თბილისში და მასთან ერთად ცხოვრობენ შვილებიც. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბ. ს-ა 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩარიცხულია სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში, თუმცა მითითებული გარემოება არ იქნა შეფასებული სათანადოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის აუცილებელია ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი, საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანებას, რომლითაც ი. მ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ - ერთის არარსებობა გამოიწვევს განმცხადებლისათვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას. აპელირებს ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც უსახლკარო ოჯახის ცნებას უკავშირებს ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტს. კასატორის მსჯელობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N06-012002895-15 წერილში მითითებული ინფორმაციით დგინდება, რომ ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ ბ. ს-ა არის არასრულწლოვანი და 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩარიცხულია სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლაში. წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ თბილისში ფაქტობრივ ცხოვრებას ადასტურებს და არა რეგისტრაციის ფაქტს. მუნიციპალიტეტის არსიდან გამომდინარე, ვინაიდან მუნიციპალიტეტს ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია სწორედ რეგისტრაციის და არა ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ის გარემოება, რომ ი. მ-ას 2011 წლიდან უფიქსირდება თბილისში რეგისტრაცია, კასატორის მსჯელობით სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის, რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავოა მისი ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტი. თბილისში რეგისტრაციის წყვეტისას მას შეეძლო დარეგისტრირებულიყო როგორც - თბილისი, მისამართის გარეშე, რაც არ იქნებოდა უსახლკაროდ რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება, მაგრამ ი. მ-ას აღნიშნულიც არ განუხორციელებია. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-13 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ საქართველოში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით და მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციასა და უფლება - მოვალეობებს მიეკუთვნება უსახლკარო ოჯახების რეგისტრაცია, მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება. მიუთითებს N37-14 დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის N19.225.312 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველ, მე-3 პუნქტებზე, აღნიშნული დებულების მე-2, მე-5, მე-6 მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლით გაწერილ კრიტერიუმებზე, ასევე საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის N01/20560 წერილზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. ს-ას და ბ. ს-ას თბილისში რეგისტრაცია არ ფიქსირდება, ხოლო ი. მ-ას შემთხვევაში არ ფიქსირდება ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტად რეგისტრაცია. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის და 2023 წლის 25 ივლისის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 4 ოქტომბერს ი. მ-ამ, დ. ს-ამ და ბ. ს-ამ უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაცია მოითხოვეს.

დადგენილია, რომ აღნიშნული ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 30610, ხოლო 2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს - 23140-ს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის №01/20560 წერილით, საქალაქო სამსახურს გაეგზავნა ინფორმაცია, რომ დ. ს-ას და ბ. ს-ას თბილისში რეგისტრაცია არ ფიქსირდებოდა, ხოლო ი. მ-ას შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ 2020 წლის 27 ივლისის №43 საოქმო გადაწყვეტილებით ი. მ-ას, დ. ს-ას და ბ. ს-ას მიმართ გასცა უარყოფითი რეკომენდაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანებით, კომისიის 2020 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №43), ი. მ-ას, დ. ს-ას და ბ. ს-ას უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის მოტივით.

დადგენილია, რომ 2020 წლის 19 ოქტომბერს, ი. მ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით (რეგისტრაციის №19/01202932757-01) მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ი. მ-ას, დ. ს-ას და ბ. ს-ას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის დავალება. 2020 წლის 17 დეკემბერს, ი. მ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დამატებით წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №01/230626 წერილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №01/230626 წერილში მითითებულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ი. მ-ას სახელზე 2011 წლის 25 აგვისტოს გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა ..., მისამართის გრაფაში მისამართად მითითებულია - თბილისი, მისამართის გარეშე. ი. მ-ას ფაქტობრივ მისამართად ერთიან ელექტრონულ ბაზაში პირადობის ელექტრონული მოწმობის ... ჩანაწერში 2020 წლის 11 დეკემბრიდან დაფიქსირებულია თბილისი, ... მ/რ, კოპრ. №10-ის მიმდებარედ არსებული დაუმისამართებელი შენობა - ნაგებობა, რეგისტრაციის მოქმედების ვადა -11/06/2021 წელი. წერილში ასევე მითითებულია, რომ ი. მ-ას სახელზე 2011 წლის 25 აგვისტოს გაცემული იყო პირადობის ელექტრონული მოწმობა ..., მისამართის გრაფაში მისამართად მითითებულია თბილისი, მისამართის გარეშე. 17/09/2018 – 17/03/2019; 05/04/2019 – 05/10/2019; 22/11/2019 – 22/05/2020; 17/06/2020 – 17/12/2020. ფაქტობრივი მისამართის შესახებ აღნიშნულ პერიოდში ინფორმაცია არ იძებნება.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი. მ-ას 2020 წლის 19 ოქტომბრის №19/01202932757-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანება.

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ბ. ს-ას (დაბ. ...წ.) დედა არის ი. მ-ა.

სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის 2021 წლის 2 აპრილის ცნობის თანახმად, ბ. ს-ა (დაბ. ...წ.) 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩარიცხულია სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, პირველი ინსტანციის სასამართლოს უცვლელად დატოვების შესახებ მოსარჩელე ი. მ-ას მიერ არ გასაჩივრებულა. საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, შესაბამისად საკასაციო პალატა იმსჯელებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახმა საცხოვრისით მიღების მიზნით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, განაცხადებს, თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ოჯახს გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე; ბ) ოჯახს არ გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, მე-3 პუნქტის მიხედვით, ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახური (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური), სამსახურის უფროსის ბრძანების სახით. ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა)კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ)ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ)ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ)ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2020 წლის 27 ივლისის №43 საოქმო გადაწყვეტილებით განმცხადებლების მიმართ გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის მოტივით. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანებით ი. მ-ას, დ. ს-ას და ბ. ს-ას უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დ. ს-ას და ბ. ს-ას თბილისში რეგისტრაცია არ ფიქსირდება, ხოლო ი. მ-ას შემთხვევაში არ ფიქსირდება ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტი.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციასა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, ის, რომ საკითხის შეფასება ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააზუსტოს მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, უშუალოდ განმცხადებლ(ებ)ის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მისთვის/მათთვის დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გზით, რათა პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურობად.

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის წევრს, მითითებული 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. მ-ას რეგისტრაცია თბილისის ტერიტორიაზე ფიქსირდება 2011 წლიდან. ამასთან, რეგისტრაციის მცირე ინტერვალებით შეწყვეტის მიზეზად მოსარჩელე ასახელებს ახალი პირადობის მოწმობის მხოლოდ მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ განახლებას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №01/230626 წერილით არ დგინდება, ი. მ-ას სადავო პერიოდში თბილისის გარდა სხვა ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციის ფაქტი, რაც ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ი. მ-ას თბილისში რეგისტრაციის უწყვეტად არარსებობის კონკრეტული საფუძვლები. საქმეში არსებული მასალებით უტყუარად არ დგინდება, მისი თბილისში რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი. როგორც მოსარჩელე მიუთითებს იგი უწყვეტადაა რეგისტრირებული თბილისში და მასთან ერთად ცხოვრობენ შვილებიც. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანი ბ. ს-ა 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩარიცხულია სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში. საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. აღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოცემულ შემთხვევაში მართებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანების სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნობა. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1860 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 3 სექტემბრის №224/9 ბრძანება, აღნიშნულ ნაწილშიც საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე და ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (შემდგომში პაქტი) მე-11 მუხლი ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია, ვინაიდან იგი საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას წარმოადგენს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა. პაქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინა, არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, ვინაიდან იგი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ თავშესაფრის ქონას, არამედ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი გაგებული უნდა იქნეს როგორც სათანადო საცხოვრისის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება, მოახდინოს საცხოვრისის უფლების სრული რეალიზება მოიცავს უსახლკარობის პრევენციის ვალდებულებასაც. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) განმარტების თანახმად, უფლება სათანადო საცხოვრისზე არ არის იზოლირებულად მდგომი უფლება და მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან.

სათანადო საცხოვრისის უფლებას ცალკე არ გამოყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) არ მოიცავს სახლით უზრუნველყოფის უფლებას, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელსაც უწოდებს სახლს და შეძლებს ღირსეულად ცხოვრებას. კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ყველა უზრუნველყოს სახლით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი პოზიტიური ვალდებულება წარმოეშვას. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, იმ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ პირადი ცხოვრების უფლებით ნორმალური სარგებლობა. სათანადო საცხოვრისის უფლებაზე მითითება პირდაპირ გვხვდება ევროპის გადასინჯულ სოციალურ ქარტიაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. იმავე დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. იმავე ქარტიის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. რაც შეეხება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მითითებულია, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის აუცილებელია ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, აღნიშნული გარემოების დასადგენად საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, რაც ასევე გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე