№ბს-263(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მესამე პირები - ზ.ა-ი, გ.ა-ი, ნ.გ-ე, მ.მ-ე, ს.მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 თებერვლის №03-2891/ო ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის №1116 ბრძანების ბათილად ცნობა, ე.ა-ის, ს.მ-ის და მ.მ-ის საცხოვრებელი ფართის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში (დაზ. მოთხოვნა, იხ. 07.12.2021 წლის სხდომის ოქმი); გ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე.ა-ის სასარგებლოდ ერთ ოთახიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩართულნი იქნენ ზ.ა-ი, გ.ა-ი, ნ.გ-ე, მ.მ-ე და ს.მ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე.ა-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ე.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ა-მა.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ მისი ოჯახი საცხოვრებელი ფართით არ არის სრულად დაკმაყოფილებული და ამიტომ, დამატებით ერთ ოთახიან ბინას მოითხოვს. მართალია სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს დასახელებული წესით დადგენილ საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე, რომლის თანახმად, 5-6 წევრიანი დევნილი ოჯახისთვის მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა არის 65–80 მ2, ხოლო, 3-4 წევრიანის შემთხვევაში - 45–60 მ2, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ოჯახში არის სრულწლოვანი და-ძმა, ამასთან, ე.ა-ი დაქორწინებულია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. შესაბამისად, გაურკვეველია, სამ ოთახიან 69 კვ.მ სახლში რა პრინციპით იქნა განაწილებული მშობლები, 2 სრულწლოვანი სხვადასხვა სქესის შვილები, სიძე და მცირეწლოვანი ბავშვი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ე.ა-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიან მეუღლე - ს.მ-ე (არადევნილი), შვილი - მ.მ-ე, მამა ზ.ა-ი, დედა - ნ.გ-ე, ძმა - გ.ა-ი. აღნიშნულ ექვს სულიან ოჯახს მინიჭებული აქვს ერთი სარეგისტრაციო ნომერი - ... და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ქ. გორი, ...ის ქუჩა №..., შპს „...“ (ს.ფ. 57, 58-63, 101-102, 223-227); ბ) 2017 წლის 22 თებერვალს მოსარჩელე ე.ა-მა, ოჯახის წევრებთან მეუღლე - ს.მ-ესთან და შვილი - მ.მ-ესთან ერთად განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი (ს.ფ. 41, 43, 44-53); გ) 2017 წლის 29 დეკემბერს, ნ.გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ მეუღლე ზ.ა-მა და შვილმა გ.ა-მა მიიღეს 2 ოთახიანი, 45 კვ.მ. სტუდიოს ტიპის ბინა, ვინაიდან ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და დასაოჯახებელ შვილთან ერთად შესაბამისი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე განცხადებაში ნ.გ-ემ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისას გაეთვალისწინებინათ შვილის - ე.ა-ის სამსულიანი ოჯახი, რომელიც ასევე ცხოვრობს ...ში, აქვთ ერთი სარეგისტრაციო ნომერი და დაეკმაყოფილებინათ სამ ოთახიანი ფართით (ს.ფ. 202); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით (ოქმი №1) ზ.ა-ის ექვს სულიან ოჯახს თანხმობა ეთქვა საცხოვრებელი ფართით - 3 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 203-208); ე) 2018 წლის 18 იანვარს შედგა ,,საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №219’’, რომლითაც, ზ.ა-მა, ნ.გ-ემ, გ.ა-მა, ე.ა-მა და ს.მ-ემ თანხმობა განაცხადეს მიეღოთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის №1 ოქმის საფუძველზე განაწილებული სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. გორი, ...ის ქ. №1, კორპუსი №..., სადარბაზო ..., სართული ..., ბინა №.... ზემოაღნიშნულმა პირებმა 2018 წლის 18 იანვარს, აღნიშნული ფართის მიღების შემდეგ გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №219 და ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა მოაწერა ხელი (ს.ფ. 209, 210); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის №1116 ბრძანებით, ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: ზ.ა-ი, ნ.გ-ე, გ.ა-ი, ე.ა-ი, მ.მ-ე და ს.მ-ე (ს.ფ. 211, 257); ზ) უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ...ის ქ. №.., კორპუსი №.., სადარბაზო ..., სართული .., ბინა №.., ფართით 69,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., 2017 წლის 3 აპრილს დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ. 221-222); თ) ე.ა-მა, 2019 წლის 5 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილება. განმცხცადებელმა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. გორში „...ის“ კომპაქტურ დასახლებაში. 2017 წელს შეიტანა განაცხადი ქ. გორში ბინით დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მის მშობლებსა და ძმას (დასაოჯახებელი) გადაეცათ ოროთახიანი ბინა, რომელიც იყო მხოლოდ 45 კვ.მ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ გაერთიანებულიყვნენ. ორ ოჯახს სამოთახიანი ბინა გადაეცა, რომელიც არ არის საკმარისი (ს.ფ. 100); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 თებერვლის №03-2891/ო წერილით, ე.ა-ის ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 9 იანვრის სხდომის ოქმი №1-ის შესაბამისად, მის ოჯახს სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი გადაეცა. შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ხელახლა განიხილოს მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობები (ს.ფ. 10).
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. დევნილი მოსახლეობის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს კანონით ნაკისრი ვალდებულებაა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება საქმეზე ბს-162(კ-23)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. ამ მხრივ საყურადღებოა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ზემოხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება შეუსრულებელი რჩება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომელიც დევნილ ოჯახს, როგორც – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს განმარტავს, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, წინა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე იძულებით გადაადგილებული პირია, რომლის ოჯახის შემადგენლობაშიც შედიან მეუღლე - ს.მ-ე (არადევნილი), შვილი - მ.მ-ე, მამა ზ.ა-ი, დედა - ნ.გ-ე, ძმა - გ.ა-ი. აღნიშნულ ექვს სულიან ოჯახს მინიჭებული აქვს ერთი სარეგისტრაციო ნომერი - ... და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ქ. გორში ...ის ქუჩა №..., შპს „...“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 04 აგვისტოს №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზ.ა-ის ექვს სულიან ოჯახს თანხმობა ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე და გადაეცა სამოთახიანი ბინა, რომლის მიღებაზეც წერილობითი თანხმობა, სხვა წევრებთან ერთად, კასატორმაც განაცხადა და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ოჯახი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა და მის ჩაბარებაზე თანხმობა ოჯახის ყველა წევრმა განაცხადა, კასატორმა 2019 წლის 5 დეკემბერს კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით და ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილება მოითხოვა, რომელზეც 2020 წლის 17 თებერვლის №03-2891/ო წერილით ეცნობა, რომ მის ოჯახს უკვე გადაცემული აქვს სამოთახიანი ფართი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ზემოხსენებული აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ზემოხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს და მსჯელობებს, რომ ე.ა-ი ზ.ა-ის ექვს სულიანი ოჯახის წევრი იყო, რომელსაც სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი გადაეცა და მის მიღებაზე თანხობა კასატორთან ერთად ოჯახის ყველა წევრმა განაცხადა. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ე.ა-ი ცალკე ოჯახად არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული, მისივე მითითებით, იგი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთ ოჯახად, ქ. გორში, ...ის ქუჩა №63, შპს „...ში“ ცხოვრობდა. მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები რაც მისი ოჯახის ცალკე ცხოვრების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, ზ.ა-ის ოჯახის ერთხელ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ე.ა-ის, როგორც ზ.ა-ის ოჯახის წევრს ერთმევათ უფლება კვლავ მოითხოვოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის წევრთა შესაბამის რაოდენობაზე ფართის არაპროპორციულად განაწილებას შეეხება, სადაც საპირისპირო სქესის სრულწლოვანი და-ძმის, მცირეწლოვანი შვილის და მშობლების ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული, საკასაციო პალატა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ №8 დანართზე მიუთითებს, რომლითაც დადგენილია, რომ 5-6 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 65–80 მ2-ს (სამ ოთახიანი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის 6 წევრიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გამოეყო 69.00 კვ.მ ფართით, რაც შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ სტანდარტთან.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მითებული ნორმის თანახმად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,დასახელებული ნორმის შინაარსი, სხვადასხვა სქესის ოჯახის სრულწლოვანი წევრების არსებობის პირობებში, მათი ორ ბიოლოგიურ ოჯახად განხილვას და ცალ-ცალკე ფართით დაკმაყოფილებას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართის საკითხის განხილვისას სააგენტოს შეძლებისდაგვარად შეუძლია საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილების გათვალისწინება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.“ (იხ. სუს. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-1363(კ-22)).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახების მიმართ ნაკისრი ვალდებულება, არ არის შეუზღუდავი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორი და მისი ოჯახი, როგორც დევნილი პირები, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილდნენ დადგენილი წესისა და სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართით, შესაბამისი ნების საფუძველზე, ნებაყოფლობით, რაც დასტურდება 2018 წლის 18 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით და წერილობით თანხმობაზე მოსარჩელის ხელმოწერით. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სრულწლოვანმა პირმა გამოხატა თანხმობა, სახელმწიფოსგან მიეღო და ჩაებარებინა კონკრეტული საცხოვრებელი ფართი, რომელიც ამავდროულად შეესაბამება დადგენილ წესსა და სტანდარტებს, აღნიშნული ფართის მიღების შემდგომ, დევნილი პირის სურვილი, რომ მიიღოს სხვა ფართი, არ შეიძლება სახელმწიფოს ახალ ვალდებულებად იქცეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც მათი გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლები წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე