Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1066(კ-23) 3 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები (ასკ-ს 16.2) - მ. ც-ე, შპს „...ი“, რ. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 ივლისს მოსარჩელე შ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. დაზუსტებული სარჩელით დაკონკრეტდა მოპასუხეთა წრე, კერძოდ მიეთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ასევე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნა ქონების შეფასების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს ... განკარგულება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „...ი“ და მ. ც-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, შ. ბ-ის სარჩელზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება. განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა რ. კ-ე. განჩინებაში მიეთითა, რომ რ. კ-ემ მ. ც-ისაგან შეიძინა 53,35% წილი და შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2021 წლის 21 მაისის N... ამონაწერში, 53,35% წილის მესაკუთრედ მითითებულია რ. კ-ე.

2023 წლის 01 თებერვალს აპელანტმა შ. ბ-ემ სარჩელის დაზუსტებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა რ. კ-ის 30% წილის ნაწილში. ამავე კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა მოთხოვნის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტი, 25-ე, 71-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი” და განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ განხორციელდა შ. ბ-ის სახელზე რიცხული სარეალიზაციო ქონების შეფასება და 2015 წლის 17 აპრილის დასკვნით, მოვალის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილი შპს ,,...ში“, 2015 წლის 17 აპრილისათვის შეფასდა 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარად. სასამართლომ დეტალურად მიუთითა დასკვნის მისაღებად გამოყენებული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ქმედებები ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შემფასებლის მიერ შეფასების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული (კანონით დადგენილი წესით კრედიტორის მიერ არ აღიარებული ვალი) მოთხოვნის გაქვითვის საკითხი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის მსჯელობა, რომ კრედიტორის მიერ სადავოდ გამხდარი საბუღალტრო მასალებით არ აღიარებულ ვალზე ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულების გაქვითვას ახდენს კრედიტორის ნების არსებობის შემთხვევა, ან მოვალის მიერ შესაბამისი აღსასრულებელი გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. ამდენად, მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის ქმედებების უკანონოდ აღიარების სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N000948218 დასკვნაზე, რომლითაც განმეორებით შეფასდა შ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შპს ,,...ში“ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, რომლითაც წილის ფასი საორიენტაციოდ განისაზღვრა 2 449 555 ლარით, რაც განსხვავდება საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული შეფასების შედეგად მიღებული თანხის ოდენობისგან. სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელის ქონება გასხვისდა კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნულ მეორე განმეორებით აუქციონზე, რომელზეც ლოტის საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნას საბოლოო (გადახდილი) ფასის განსაზღვრაში გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება (მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს), სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 31 აგვისტოდან, სადავო აქტების გამოცემის შემდგომ. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება, რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ამასთან, გასათვალისწინებლად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ქონება არ გაყიდულა სიმბოლურ ფასად.

რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობაზე მითითებას, სადაც მხარის განმარტებით უნდა გარკვეულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საკითხი, აღნიშნულზე განიმარტა, რომ აღსრულება განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2/ბ-97-2011; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ.) საფუძველზე კრედიტორად მითითებული სუბიექტის სასარგებლოდ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც ძალაში იყო, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის საფუძვლით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეჩერება შესაძლებელი იყო პროკურორის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანება, შ. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N87 ბრძანებით, 2020 წლის 01 იანვრიდან) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“ და დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის N... პირობითი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი დართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს N... განკარგულება - აუქციონზე შეძენილ ქონებაზე (წილზე) საკუთრების უფლების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება, ქონების (წილის) აუქციონის წესით გასხვისების შესახებ კანონიერია, სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულ აქტად და განმარტა, რომ არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება და 2023 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინება (სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე უარი) საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. ბ-ის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ სადავო წილის შეფასება განხორციელდა არასწორად იმ თვალსაზრისით, რომ უნდა დაყადაღებულიყო და აუქციონზე სააღსრულებო ბიუროს უნდა გაეტანა არსებული დავალიანების შესაბამისი ღირებულების წილი, რის შედეგადაც დარჩებოდა საკუთრების უფლება დარჩენილ წილზე. აუქციონის შედეგების უკანონობა კასატორის მსჯელობით გამოიხატება სწორედ სააღსრულებო ბიუროს მიერ, მთლიანი 30% წილის შეფასებაში, დაყადაღებასა და აუქციონზე გატანაში. შესაბამისად უკანონოდ მიიჩნევს კასატორი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას მ. ც-ის სახელზე 30% წილის დარეგისტრირების ნაწილში. მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღწევა იურიდიული შედეგი, ვინაიდან 30% წილზე საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია რ. კ-ის სახელზე. კასატორის მსჯელობით, სწორედ აღნიშნულის საფუძვლით, ასკ-ის 28.1 მუხლზე მითითებით მოითხოვა რ. კ-ის სახელზე 30% წილის რეგისტრაციის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მისივე მსჯელობით, აღნიშნული მოთხოვნის დაზუსტება სააპელაციო სასამართლოში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ წილის რეგისტრაცია განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების (15.02.2019 წელი) და სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდგომ. მიიჩნევს, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედება არ წარმოადგენს დავის საგნის გაზრდას, არამედ დაზუსტებას. აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განჩინებაზე (საქმე ბს-173(4კ-20) და მიუთითებს, რომ „ასკ-ის 28.1 მუხლის გამოყენება არა მოთხოვნის გაზრდად, არამედ დაზუსტებად ჩაითვლება, რამდენადაც სარჩელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ შპს-ს სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციების, არამედ ა.ს-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმებითაც“. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ მიეცა შესაძლებლობა ემტკიცებინა, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება დაერეგისტრირებინა სადავო 30% წილი რ. კ-ის სახელზე, ვინაიდან აღნიშნული წილი მიიღო მ. ც-ისაგან ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის პერიოდში. აქვე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დავის საგნის გასხვისების უფლება.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სახეზეა მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა. მიუთითებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმა გულისხმობს იმ ოდენობის ქონების აღწერას და დაყადაღებას, რა ოდენობაც ეკუთვნის კრედიტორს აღსრულების ხარჯების გათვალისწინებით. წარმომადგენლის მსჯელობით, მოპასუხე სააღსრულებო ბიურომ შ. ბ-ის 30% წილი შეაფასა 1 600 000 ლარად. საქმეში არსებული ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, 30% წილის საბაზრო ღირებულება შეფასდა 2 449 555 ლარით. განმარტავს, რომ 182 844,58 ლარის დავალიანებას უზრუნველყოფდა 2,3% წილი. აღსრულების ხარჯებისა და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია პირველ აუქციონზე ქონება არ გაიყიდოს, ასევე შეიძლება არ გაიყიდოს განმეორებით აუქციონზეც, მოპასუხეს შეეძლო აღეწერა, დაეყადაღებინა და აუქციონზე გაეტანა მაქსიმუმ 5% წილი, ამით შეინარჩუნებდა საკუთრების უფლებას 25% წილზე და ასევე დაკმაყოფილდებოდა კრედიტორიც. მიუთითებს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ევროპული სასამართლო გამორიცხავს საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას. მისივე მსჯელობით ანალოგიური აზრი არის განვითარებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში, რომლითაც ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანების N1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება ნულოვან აუქციონთან დაკავშირებით. წარმომადგენლის მსჯელობით, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შ. ბ-ის 30% წილზე აუქციონის ჩატარების შემდეგ მიიღო, თუმცა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება საკითხისადმი ფორმალური და ხისტი მიდგომა. აპელირებს, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარების ობიექტური საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იღებს მის ხელთ არსებულ გონივრულ ზომებს ქონების უფრო მაღალ ფასად რეალიზაციისათვის, თუმცა უშედეგოდ. ნულოვანი აუქციონი უშვებს ქონების ერთი ფასის მატების ბიჯის ღირებულებად ანუ საბაზრო ფასის 5%-ად რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ ხსენებული საშუალება უნდა მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულია გონივრული მექანიზმები ქონების უკეთეს ფასად რეალიზაციისთვის და ისინი უშედეგო აღმოჩნდა. კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოვალისათვის ქონების წართმევა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მის მიმართ დარღვეულია კანონით გათვალისწინებული უფლება და ინტერესი 27.7% წილზე, უკიდურეს შემთხვევაში კი 25% წილზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების მიმართ მ. ც-ეს არ გააჩნია კანონიერი ნდობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ ნულოვან აუქციონზე რეალიზაციის გამო, შეფასებამ გავლენა ვერ მოახდინა შედეგზე და აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გაუგებრად მიიჩნევს ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროებას. აქვე, მიუთითებს ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაზე საქმეზე „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ საკმარისი არ არის, რომ ხელყოფა კანონიერ მიზანს ემსახურება, არამედ, ასევე დაცული უნდა იყოს პროპორციულობა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. ამგვარი ბალანსის დადგენა წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს. კასატორის განმარტებით, პროპორციულობის, ბალანსის პრინციპის დარღვევა სახეზეა, კრედიტორ „...ის“ 182 844,58 ლარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყო 2,3% რეალიზაცია, რაც შეუნარჩუნებდა საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას 27,7%-ზე. მიიჩნევს, რომ მთლიანი 30%-ის აუქციონზე გატანით და რეალიზაციით სააღსრულებო ბიურომ დაარღვია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნა. წარმომადგენლის განმარტებით, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ აპელანტის 30% წილიდან შეინარჩუნებდა გარკვეული ოდენობის წილს საკუთრებაში, რის შედეგადაც იგი დარჩებოდა შპს „...ის“ პარტნიორად შემცირებული წილით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 22 იანვარს შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2/ბ-972011; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ.), რომლის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს წარმოადგენდა შ. ბ-ე, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა - 182 844 ლარს; განცხადებას თან დაერთო ინფორმაცია მოვალის საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი მონაცემების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ შპს ,,...ის“ 2014 წლის 22 იანვრის განცხადება მოვალე შ. ბ-ის მიმართ და სააღსრულებო საქმეს მიენიჭა ნომერი - ....

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე შ. ბ-ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა ... წინადადება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ზემოაღნიშნული წინადადება მოვალე შ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა - 2014 წლის 17 თებერვალს.

დადგენილია, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს შ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, სადაც წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს ,,...ის“ მიმართ გააჩნდა მოთხოვნის უფლება, რომლის გაქვითვას ითხოვდა დაკისრებული თანხის ნაწილში.

დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 24 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურს შ. ბ-ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეფასების თაობაზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილით შპს ,,...ს“ ეთხოვა შ. ბ-ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შესაფასებლად შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: ბოლო 3 წლის მოგება - ზარალი; ბოლო 3 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები, მიმდინარე პერიოდის ბალანსი; დებიტორ - კრედიტორები მიმდინარე პერიოდისთვის; ძირითადი საშუალებების ნუსხა; ნაშთები (სასაქონლო - მატერიალური მარაგის); შედარების აქტი.

შპს ,,...მა“ 2015 წლის 05 იანვარს წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ: 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაცია; 2011, 2012 და 2013 წლების ქონების გადასახადის დეკლარაცია; 2014 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,...ის“ ბალანსი; დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია; შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერები; შედარების აქტი.

დადგენილია, რომ 2015 წლის 06 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ კვლავ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურს შ. ბ-ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეფასების თაობაზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნით ირკვევა, რომ შ. ბ-ის კუთვნილი 30%-იანი წილი შპს ,,...ში“ 2015 წლის 17 აპრილისათვის შეადგენდა (დამრგვალებით) 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარს. ამასთან, შპს ,,...ის“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების ღირებულება შეფასების თარიღისთვის იყო 6 650 000 ლარი, დებიტორული დავალიანება - 67952,53 ლარი, ხოლო ვალდებულებები - 366 685, 79 ლარი, შესაბამისად, შ. ბ-ის კუთვნილმა 30%-იანი წილის, წმინდა აქტივების, ღირებულებამ შპს ,,...ში“ შეადგინა - 1 905 000 ლარი.

საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №... საქმეზე აუქციონის დაწყების და დასრულების დროა - 03/07/2015 – 13/07/2015; ლოტს მიენიჭა სტატუსი - არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 1 200 000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა 80 000 ლარი. 2015 წლის 13 ივლისს გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი, რომელსაც 2015 წლის 21 ივლისს მიენიჭა სტატუსი არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 800 000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 80 000 ლარი.

დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს, შ. ბ-ემ წარადგინა საჩივარი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომლითაც მოითხოვა №... საქმეზე აუქციონის შეჩერება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანებით შ. ბ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №... საქმეზე 2015 წლის 21 ივლისს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, სადაც ლოტის საწყისი ფასი იყო - 0 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 80 000 ლარი. 2015 წლის 29 ივლისს აუქციონზე გატანილი ქონების შემძენი გახდა მ. ც-ე, რომელმაც ქონება შეიძინა 80 000 ლარად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს N... განკარგულებით, მოვალის შ. ბ-ის საკუთრებაში რიცხული შპს ,,...ის“ 30%-იანი წილის შემძენი 21.07.2015-29.07.2015 წელს ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე გახდა მ. ც-ე.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი N... განცხადება.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N000948218 დასკვნით ირკვევა, რომ შ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შპს ,,...ში“ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 2 449 555 ლარით. ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოყენებული მასალის ჩამონათვალი: შპს ,,...ის“ ბალანსი 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით; შპს ,,...ის“ 2017 წლის 26 ოქტომბრის ,,ცნობა“; შპს ,,...ისა“ და მ. ც-ის რწმუნებულ კ. ფ-ის განცხადება (თბილისის საქალაქო სასამართლო - 24/01/18); შ. ბ-ის წარმომადგენლის რ. შ-ის განცხადება (თბილისის საქალაქო სასამართლო - 13/12/17); ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; ქ. ბათუმში, ... ქ. N88-ში მდებარე შენობა - ნაგებობის აზომვითი ნახაზი (11 თებერვალი 2005 წელი).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2021 წლის 21 მაისის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,...ის“ (ს/ნ ...) დირექტორი და 53.35% წილის მფლობელია რ. კ-ე.

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, უპირველესად პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარის ერთ - ერთ მოთხოვნაზე - დადგინდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს N... განკარგულების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, რომლითაც მოვალის შ. ბ-ის საკუთრებაში რიცხული შპს ,,...ის“ 30%-იანი წილის შემძენი 21.07.2015-29.07.2015 წელს ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე გახდა მ. ც-ე. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ მხარე განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონება არ შეაფასა სრულყოფილად, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის ვალდებულებები, რომელიც მოვალეს ჰქონდა მის მიმართ და რაც მისცემდა შესაძლებლობას მომხდარიყო აღნიშნული მოთხოვნების გაქვითვა. აღნიშნულმა კი კასატორის მსჯელობით პირდაპირი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე - განხორციელდა მისი ქონების უკანონოდ გასხვისება. ასევე მსჯელობის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანებისა შესაბამისობა კანონმდებლობასთან, რომლითაც შ. ბ-ეს უარი ეთქვა №... საქმეზე აუქციონის შეჩერებაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი N... განცხადება და ასევე სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან კასატორის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნის უკანონოდ ცნობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 22 იანვარს, შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი რომლის თანახმად მოვალეს წარმოადგენდა შ. ბ-ე, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა - 182 844 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ განცხადებისა და მასზე თანდართული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო N... სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონს 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. რაც შეეხება მუხლის მე-7 პუნქტს, აღნიშნულით კანონმდებელმა მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბიურომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე შ. ბ-ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა ... წინადადება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ზემოაღნიშნული გაფრთხილება მოვალე შ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 17 თებერვალს. დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ შედგა ქონების დაყადაღების შესახებ აქტი, თუმცა, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისას შეუძლებელი იყო ქონების ფასის დადგენა, კანონით დადგენილი წესით, მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და ხსენებული მუხლის შესაბამისად, იმ დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით, მოვალე შ. ბ-ის შპს ,,...ში“ კუთვნილი 30%-იანი წილის შეფასება მოითხოვა. როგორც ირკვევა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ განხორციელდა შ. ბ-ის სახელზე რიცხული სარეალიზაციო ქონების შეფასება და 2015 წლის 17 აპრილის დასკვნით, მოვალის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილი შპს ,,...ში“, 2015 წლის 17 აპრილისათვის, შეფასდა 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარად. დასკვნის მისაღებად გამოყენებული იქნა შპს ,,...ის“ 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაცია; 2011, 2012 და 2013 წლების ქონების გადასახადის დეკლარაცია; 2014 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,...ის“ ბალანსი; დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია; შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერები; შედარების აქტი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ქმედებები ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას. რაც შეეხება კასატორის იმ მსჯელობას, რომ ექსპერტიზის დასკვნა უკანონოა ვინაიდან შემფასებლის მიერ შეფასების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული (კანონით დადგენილი წესით კრედიტორის მიერ არ აღიარებული ვალი) მოთხოვნის გაქვითვის საკითხი, აღნიშნულზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ის პოზიცია, რომ კრედიტორის მიერ სადავოდ გამხდარ, საბუღალტრო მასალებით არ აღიარებულ ვალზე ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულების გაქვითვას ახდენს კრედიტორის ნების არსებობის შემთხვევა, ან მოვალის მიერ შესაბამისი აღსასრულებელი გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის ქმედებების უკანონოდ აღიარების სამართლებრივი საფუძველი.

დავის საგნის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლს, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ - ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ადგენს, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ - განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის ქონების საწყის ფასს. მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობება. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.

ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმარტებულია, რომ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... საქმეზე დაინიშნა იძულებითი ელექტრონული აუქციონი. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №... საქმეზე აუქციონის დაწყების და დასრულების დროა - 03/07/2015 – 13/07/2015; ლოტს მიენიჭა სტატუსი - არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 1 200 000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 80 000 ლარი. 2015 წლის 13 ივლისს გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი, რომელსაც 2015 წლის 21 ივლისს მიენიჭა სტატუსი არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 800 000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 80 000 ლარი. 2015 წლის 29 ივლისს დასრულებულ მეორე განმეორებით აუქციონზე კი, რომელზეც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს, ქონების შემძენი გახდა მ. ც-ე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 80 000 ლარად. ამდენად, ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს N... განკარგულებით, მოვალის შ. ბ-ის საკუთრებაში რიცხული შპს ,,...ის“ (...) 30%-იანი წილის შემძენი 21.07.2015-29.07.2015 წელს ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე გახდა მ. ც-ე. საკასაციო საჩივრის არგუმენტების, მითითებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ქმედებები შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ რეგულაციას და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს ... განკარგულება. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N000948218 დასკვნა, რომლითაც განმეორებით შეფასდა შ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შპს ,,...ში“ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, რომლითაც წილის ფასი საორიენტაციოდ განისაზღვრა 2 449 555 ლარით, რაც განსხვავდება საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული შეფასების შედეგად მიღებული თანხის ოდენობისგან, თუმცა მოსარჩელის ქონება გასხვისდა კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნულ მეორე განმეორებით აუქციონზე, რომელზეც ლოტის საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნას საბოლოო (გადახდილი) ფასის განსაზღვრაში გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება (მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 31 აგვისტოდან, სადავო აქტების გამოცემის შემდგომ. შესაბამისად, უსაფუძვლოა ის მსჯელობა, რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრა ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საქმე Nბს-864(კ-22) სადაც განიმარტა შემდეგი: "მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მხოლოდ არაკონსიტუციურად ცნობის (ძალადაკარგულად მიჩნევის) შესაძლებლობას, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კანონის ნორმის ანულირების (არარად აღიარების) და ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის უკუქცევითი ეფექტის მინიჭების (გფრ) შესაძლებლობა". გადაწყვეტილებაში ასევე განიმარტა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის წარსულ მოვლენებზე გავრცელების შესაძლებლობა, ერთგვარი რეტროაქტიული ეფექტის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავს შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში მოქმედების საკითხის განსაზღვრა კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო სასამართლოები არ არიან უფლებამოსილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაავრცელონ ისეთ შემთხვევებზე, რომლებზე გავრცელების შესაძლებლობაც ნორმატიულად გამორიცხულია".

განსახილველი დავის ფარგლებში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქონება არ გაყიდულა სიმბოლურ ფასად. აქვე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. ბ-ის მიერ, 2015 წლის 10 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა №... საქმეზე აუქციონის შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც უნდა გარკვეულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საკითხი, რაც გახდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, აღმასრულებლის მიერ არ მომხდარა მისი ინფორმირება აუქციონის დანიშვნის შესახებ. განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა შეფასების დასკვნას და აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა მოთხოვნა კრედიტორის მიმართ, შესაბამისად უნდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 თებერვალს, პირადად, მოვალე შ. ბ-ეს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა N... სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და ინფორმირების შესახებ დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა მხარის მითითება, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აუქციონის დანიშვნის თაობაზე. რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად მხარის მითითებას, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც უნდა გარკვეულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საკითხი, აღნიშნული ასევე მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და განმარტა, რომ აღსრულება ხორციელდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2/ბ-97-2011; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ) საფუძველზე კრედიტორად მითითებული სუბიექტის სასარგებლოდ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც ძალაში იყო, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის საფუძვლით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეჩერება შესაძლებელი იყო პროკურორის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანება, შ. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება -მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

პალატა ასევე მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N87 ბრძანებით, 2020 წლის 01 იანვრიდან) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის N... პირობითი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი დართული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს N... განკარგულება - აუქციონზე შეძენილ ქონებაზე (წილზე) საკუთრების უფლების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება ქონების (წილის) აუქციონის წესით გასხვისების შესახებ კანონიერია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, შპს ,,...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს და განმარტავს, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმ პირობებში როდესაც დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის N01/07-1144 დასკვნის (ქონების შეფასების ნაწილში) უკანონოდ ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს ... განკარგულების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №... ბრძანების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასარჩელო მოთხოვნა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული მითითებულ მოთხოვნათა დაზუსტებად, დაკონკრეტებად და შესაბამისად ვერ მოექცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოწესრიგებულ პროცესუალურ რეგულაციაში. აღნიშნულზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებული მოთხოვნა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას (სსსკ 83.3), აღნიშნული კი დასაშვებია მხოლოდ მოპასუხეთა თანხმობით. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის სხდომის ოქმზე (ტომი IV, ს.ფ. 134-141) რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა მოთხოვნის გაზრდას მხარი არ დაუჭირეს. სააპელაციო პალატამ, საკანონმდებლო ნორმათა საფუძველზე მართებულად არ დააკმაყოფილა შ. ბ-ის შუამდგომლობა მოთხოვნის გაზრდის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს 2023 წლის 24 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადახდო დავალება 18320431889) სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. შ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 24 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადახდო დავალება 18320431889) სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე