Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-915(კ-23) 5 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ გ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ...“-მა 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის №1649 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი აქტის გამოცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტის შეთანხმების თაობაზე.

მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 თებერვლის №222 ბრძანებითა და 2019 წლის 7 მარტის №249 ბრძანებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №116-ში მდებარე 264 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...), დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეთანხმებულია კ2 კოეფიციენტის სპეციალური ზონა. შესაბამისად, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით სამართლებრივად სწორად იქნა მოთხოვნილი არქიტექტურული პროექტის მე-2 ეტაპის შეთანხმება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, სადავო აქტი ეწინააღმდეგება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, განაშენიანების მარეგულირებელ ნორმებს და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს „გ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის №1649 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „გ...“-ის განცხადებაზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. №116-ში მდებარე 264 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი...) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მართალია, მერიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №116-ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასაც. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მშენებლობის ნებართვის გაცემის დამოუკიდებელი სტადიაა. კანონმდებლობის თანახმად, არქიტექტურული პროექტი მოიცავს შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მახასიათებლებს. აღნიშნული დანაწესი წინააღმდეგობაში მოდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №1649 ბრძანების კანონიერება. ხსენებული აქტით შპს „გ...“-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის დანაწესებზე, რომლის თანახმად, აღნიშნული დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

ზემოხსენებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია მშენებლობის სახეობები: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალ მშენებლობად მიიჩნევა ისეთი მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 46-ე მუხლი ადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესს. მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას, ამავე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა. დადგენილების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებებით (22.02.2019წ.; 07.03.2019წ.) დაკმაყოფილდა შპს „გ...“-ის მოთხოვნა ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №116/118-ში, ...ის ქუჩა N118-ის მიმდებარე 278.00 კვ.მ, 264.00 კვ.მ და 33.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ...; ...; ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 9,8-მდე გაზრდის თაობაზე და დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნულის შემდგომ (18.06.2019წ.) შპს „გ...“-მა განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №116-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №25/14326 წერილით, შპს „გ...“-ს ეცნობა, რომ 2018 წლის 18 ივნისის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, შპს „გ...“-ის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ამავე წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეთანხმდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №116-ში მდებარე, 575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი.

ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №1749 ბრძანებით შპს „გ...“-ის განცხადება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ წარდგენილი მოცულობისა და გაბარიტების შენობის მშენებლობა მიუღებელია არსებულ განაშენიანებაში, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობებისათვის სივრცის აღქმის, მზის სხივისა და ჰაერის მიწოდების შესაძლებლობას.

სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ ზემოხსენებული დადგენილების 43-ე მუხლის მე-5 პუნქტით, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს; დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს; ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში; თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. დადგენილების 47-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს.

აღსანიშნავია, რომ შესათანხმებელი პროექტით წარდგენილი მოცულობისა და გაბარიტების შენობის არსებულ განაშენიანებასთან შესაბამისობის შემოწმება მიეკუთვნება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ეტაპზე გადასაწყვეტ საკითხთა რიგს. იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 თებერვლის №222 და 7 მარტის №249 ბრძანებებით შპს „გ...“-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №116-ში მდებარე, ჯამში 575 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა გაიზარდა 9,8-მდე. ამდენად, სწორედ ამ მოცემულობით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რითაც მხარეს, გარკვეულწილად, შეექმნა წარმოდგენა შეთანხმებული კ-2 კოეფიციენტით დასაშვები შენობა-ნაგებობის მოცულობისა და გაბარიტების არსებულ განაშენიანებასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ასევე, მხედველობაშია მისაღები ქ. ბათუმში, ...ის ქ. №116-ში მდებარე, 575 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეთანხმებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პარამეტრების შესაბამისად შედგენილი, არქიტექტურული პროექტის არსებობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა ქალაქთმშენებლობით პირობებზე, კერძოდ, შენობის მოცულობის, გაბარიტის მნიშვნელობაზე, ასევე, ნაგებობისთვის სივრცის აღქმის, მზის სხივისა და ჰაერის მიწოდების შესაძლებლობაზე, რასაც, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილების, ასევე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადია არ მოიცავდა. ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 თებერვლის №222 ბრძანებითა და 2019 წლის 7 მარტის №249 ბრძანებით შპს „გ...“-ისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დამტკიცებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის №1649 სადავო ბრძანების გამოცემის პირობებში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სადავო აქტით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 თებერვლის №222 ბრძანებით დამტკიცებული, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაუქმებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო საკითხის განხილვისას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია, კერძოდ, სადავო აქტში არ არის დაკონკრეტებული და გაანალიზებული, მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 თებერვლის №222 ბრძანებაში არსებული დათქმის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქმშენებლობითი პირობების რომელ კონკრეტულ არსებით მახასიათებლებთან შექმნილი შეუსაბამობა აქვს მხედველობაში ადმინისტრაციულ ორგანოს შესათანხმებლად წარდგენილი პროექტთან მიმართებით მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უკვე დამტკიცებული იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 თებერვლის №222 ბრძანებით. სადავო აქტში ასევე არ არის დაზუსტებული კანონმდებლობის შესაბამისად სივრცით-მოცულობითი და არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით სამშენებლო ობიექტის რა კონკრეტული მოცემულობა არ შეესაბამებოდა არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მერიის შესაბამის სამსახურს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე