Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1005(2კ-23) 5 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ხ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ვანის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 მაისს გ.ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით გ.ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა: 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილის ბათილად ცნობა; 2) ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 14 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთთან ერთად სახელმწიფოსათვის საკუთრების უფლებით გადაცემას; 3) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა; 4) ქალაქ ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის თავისივე მიწის ნაკვეთით ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 5) გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის №1-1/155 ბრძანების ბათილად ცნობა; 6) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქალაქ ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა თავისივე მიწის ნაკვეთით საკუთრების უფლებით გადაეცემა გ.ხ-ეს.

საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ასევე მიეთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანებით ვანის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე ნაგებობა (დაუმთავრებელი, განაშენიანების ფართობი - 168 კვ.მ), თავისივე 365,8 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით. აღნიშნული ქონება ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 23 ოქტომბერს. მითითებული შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდა გ.ხ-ეს. ჯერ კიდევ ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილებით, სახსრების უქონლობის გამო, ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე, შენობა-ნაგებობა მშენებლობის გასაგრძელებლად გადაეცა არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივს „...“, რომლის დამფუძნებელიც იყო გ.ხ-ე. 1991 წლის 25 ოქტომბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით კოოპერატივმა დასახელებული მშენებარე ობიექტი საკუთრების უფლებით გადასცა მის დამფუძნებელს - გ.ხ-ეს იმ მიზეზით, რომ კოოპერატივის დანარჩენმა შვიდმა წევრმა აღარ ისურვა მშენებლობის გაგრძელება ქვეყანასა და რაიონში მაშინ შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. ამავდროულად, განხორციელდა კოოპერატივის ლიკვიდაცია. მოსარჩელის განმარტებით, მან გააგრძელა მშენებლობა, მაგრამ ვეღარ შეძლო ბოლომდე მიყვანა და იძულებული გახდა, შეეწყვიტა იგი 1989-1991 წლებში. ამის შემდეგ, სამოქალაქო ომისა და ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური ვითარების გამო, მისი ოფისი გაქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად, გაიტაცეს სეიფი, რომელშიც ინახებოდა მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 13 ოქტომბერს. 2016 წლის 7 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის, კუთვნილი სადავო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 აპრილის ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა მისი იურიდიული ინტერესი 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანების გაუქმებასთან მიმართებაში. ამ ბრძანების გაუქმების შემთხვევაში, ქონება დაუბრუნდებოდა სახელმწიფოს და არა გ.ხ-ეს. მოსარჩელეს აღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიაჩნია, ითხოვს მის გაუქმებას და საქმის გარემოებების არსებითად გამოკვლევას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.ხ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანება, №1 დანართის ნაწილში, რომლის თანახმად, ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1, 168 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 365 კვ.მ, ს/კ..., საკუთრებაში გადაეცა ვანის მუნიციპალიტეტს, როგორც დამატებითი ქონება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის №1-1/155 ბრძანება გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და გ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილი ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) არსებული, შენობა-ნაგებობა №1-ით დაფარული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზედაპირის - 168 მ2 მიწის ფართობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანება დანართი №1 გრაფის ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) არსებული, შენობა-ნაგებობა №1-ით დაფარული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზედაპირის - 168 მ2 მიწის ფართობის ნაწილში, რომლის თანახმად აღნიშნული ქონება გადაეცა ვანის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, როგორც დამატებითი ქონება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის №1-1/155 ბრძანება - ფიზიკური პირის გ.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფოს გააჩნია მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შესაძლებლობა, ანუ იმ ქონების, რომელიც არ წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.ხ-ე წარმოადგენს ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე ნაგებობის (განაშენიანების ფართი - 168 კვ.მ) მესაკუთრეს. აქედან გამომდინარე, პალატამ ნაწილობრივ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილი ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) არსებული შენობა-ნაგებობა №1-ით დაფარული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზედაპირის - 168 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანება დანართი №1-ის გრაფის - ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული შენობა-ნაგებობა №1-ით დაფარული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზედაპირის 168 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში, რომლის თანახმად აღნიშნული ქონება ვანის მუნიციპალიტეტს გადაეცა საკუთრებაში, როგორც დამატებითი ქონება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გ.ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს მხოლოდ ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილებასა და ვანის ... კოოპერატივი „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე. აღნიშნული დოკუმენტების გარდა, საქმეს არ ერთვის არცერთი მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა უწინარესად 1991 წლის დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონებისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა. საქმეს არ ერთვის მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ ვანის ... კოოპერატივი „...“ წარმოადგენდა სუბიექტს, რომელსაც შეეძლო განეკარგა უძრავი ქონება, რამეთუ ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქონება კოოპერატივს გადაეცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ და შესრულდა თუ არა პირობები, მოხდა თუ არა ანგარიშსწორება, დაუდგენელია. კასატორის განმარტებით, 2016 წლის 12 სექტემბრის №AA2016067880-05 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ვანის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლისა და 1990 წლის სხდომის ოქმებში ასახული ინფორმაცია კოოპერატივ „...ს“ შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რეგისტრირებული არ არის. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლეოდა გ.ხ-ის საკუთრების უფლების დადგენას სადავო ქონებაზე. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლება ჰქონდა განეკარგა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და დამატებითი ქონების სახით გადაეცა ვანის მუნიციპალიტეტისათვის. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან გ.ხ-ე ვერ შეძლებს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამდენად, მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. უდავოა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ გამოვლენილა არცერთი წინაპირობა, რომელიც ხელს შეუშლიდა ან შეუძლებელს გახდიდა სადავო უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. გ.ხ-ეს არც 2012 წელს და არც ახლა არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის ქონების რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისად, დაუდგენელია შეძლებდა თუ არა იგი უფლების რეალიზაციას.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, სადავო აქტების გამოცემისას სამინისტროს სამხარეო სამმართველომ სრულყოფილად გამოიკვლია მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის დროისათვის არსებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. ადმინისტრაციულ საჩივარზე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდებოდა თუ რომელ უფლებაზე ან კანონიერ ინტერესზე მოახდინა გავლენა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... გასაჩივრებულმა ბრძანებამ. გ.ხ-ემ წარმოადგინა მხოლოდ განცხადება, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ იქნა დასაბუთებული მხარის იურიდიული ინტერესი ამ აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამდენად, სამინისტრო უფლებამოსილი იყო განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილებით, ვანის რაიონის აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას ნება დაერთო ვანის რაიონის ცენტრში, ...ის ქუჩაზე მდებარე თავისი მშენებარე საპროექტო სახლი გადაეცა არსებული საპროექტო ... კოოპერატივისათვის „...“, ხოლო ვანის ... კოოპერატივის - „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, კოოპერატივის ლიკვიდაციის შედეგად, კოოპერატივისათვის მიკუთვნებული არქიტექტორთა სახლი საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივის დამფუძნებელს - გ.ხ-ეს. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში საუბარი არ არის მიწის ნაკვეთზე.

ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა №T-2/2141 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურს, ვანის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე ნაგებობის (განაშენიანების ფართი - 168 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 365.08 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 365 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ...). ამავე თარიღით მომზადებული ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს სახელზე აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 მიმართვა.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2012 წლის 18 სექტემბერს №1-1/378 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერიისათვის №1 დანართში მითითებული ქონების ძირითადი ქონების სახით გადაცემის თხოვნით (დანართში მითითებული იყო: 1) ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365.8 კვ.მ მშენებარე, დაუტვირთავი ფართი (ს/კ...), მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციის განსათავსებლად; 2) ვანში ...ში მდებარე 639 კვ.მ ფართის ყოფილი ... და ...ის შენობა).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს თავმჯდომარეს და მიუთითა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2012 წლის 18 სექტემბრის №1-1/378 წერილით ითხოვს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დანართი №1) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მომზადდა ბრძანების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №1/1- 17 ბრძანებით, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 სექტემბრის №1-1/378 წერილისა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დანართში მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ვანის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით.

2012 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (ს/კ...) დარეგისტრირდა ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... სადავო ბრძანება.

2016 წლის 7 ნოემბერს გ.ხ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება (მშენებარე ნაგებობა, თავისივე 365 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით) საკუთრების უფლებით დაუბრუნდებოდა მის ფაქტობრივ მესაკუთრეს - გ.ხ-ეს, ხოლო საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების ვანის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა გაუქმდებოდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გ.ხ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის სამინისტროში წარსადგენად. სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია დაინტერესებულ მხარეს, ხოლო ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის პირი, რომლის კანონიერ ინტერესსა და უფლებაზეც გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა გასაჩივრებული აქტის საფუძველზე ვანის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული უძრავი ქონებისა და გ.ხ-ის საკუთრებად მითითებული უძრავი ქონების იდენტურობა. ამასთანავე, არ იყო წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს გ.ხ-ის საკუთრებას ან/და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მას გააჩნდა მართლზომიერი მფლობელის/მოსარგებლის უფლება. ამდენად, არ იკვეთებოდა საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

2016 წლის 16 ნოემბერს დადგენილი ხარვეზის გაცნობის შემდეგ, გ.ხ-ემ 2016 წლის 28 ნოემბერს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილებით, ვანის ... კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმით და სხვა დოკუმენტებით უტყუარად დგინდებოდა ვანის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებისა და გ.ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იდენტურობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 აპრილის №1-1/155 ბრძანებით განუხილველად დარჩა გ.ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი. ბრძანების მიხედვით: ადმინისტრაციულ საჩივარზე სამინისტროს 2016 წლის 16 ნოემბრის №4/7219 წერილით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საჩივრის ავტორმა 2016 წლის 28 ნოემბერს წარადგინა №15278/09 განცხადება, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ დაუსაბუთებია იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში. გ.ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის №14442/21 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და შემდგომში დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანების საფუძველზე ვანის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონება დაბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, მხარის რეალური მიზანი, რაც მდგომარეობს სადავო ქონების მისთვის საკუთრებით გადაცემაში, კონკრეტული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის გზით ვერ იქნება მიღწეული. ამდენად, არ იკვეთება საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში. საჩივრის ავტორმა განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის ცენტრალური არქივის 2016 წლის 12 სექტემბრის №AA2016067880-05 საარქივო ცნობის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ვანის რაისაბჭოს აღმასკომის 1987-1991 წლების სხდომის ოქმებით დასტურდება ინფორმაცია ... კოოპერატივი „...ს“ 1987 წლის 19 აგვისტოს №280 გადაწყვეტილებით შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ (1987 წლის 22 მაისის №178 გადაწყვეტილება, 1989 წლის 21 თებერვლის №68 გადაწყვეტილება და 1991 წლის 31 იანვრის №7 გადაწყვეტილება). ამასთან, ვანის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 და 1990 წლების სხდომის ოქმებში კოოპერატივ „...ს“ შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრმა სწორედ 2012 წლის 7 სექტემბრის №... და 2012 წლის 24 სექტემბრის №... სადავო აქტებში ასახული მონაცემებით აღრიცხა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ - მუნიციპალიტეტის სახელზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემამდე, შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე ნაგებობაზე (განაშენიანების ფართი - 168 კვ.მ) და მასზე დამაგრებულ 365.08 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მას წარმოეშვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონება განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება“. აღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები მოიცავდა სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ითვლებოდა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა. ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს სისტემაში შედიოდნენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ხოლო მე-7 მუხლის მე-21 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენდა სამინისტროს.

სადავო პერიოდში ასევე მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული იყო „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება“. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენდა სამინისტროს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამმართველო ახორციელებდა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამმართველო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში აღრიცხავდა შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე არსებულ და მის გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო ქონებას, ხოლო მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №...სადავო ბრძანების გამოცემის დროს კი მოქმედებდა საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, რომელიც ადგენდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონებაში მოიაზრებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა სახელმწიფო. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფოდა ორ კატეგორიად - ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა ქონების მმართველი, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ქონების მმართველი წარდგენილ თხოვნაზე იღებდა დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. ამასთან, კანონის მე-8 მუხლი ადგენდა, რომ სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდებოდა ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

სადავო პერიოდში მოქმედ ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, შეეძლო მოეპოვებინა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია შესაბამის უძრავ ნივთთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების განკარგვის შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც არ წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის უფლება დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართზე, კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი მოიცავს მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარულ, განაშენიანებული ზედაპირის ფართობს.

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანებით ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობასთან ერთად მოიცავდა იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემასაც. ამავდროულად, გადაცემას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი განაშენიანების ფართს აღემატება (მშენებარე ნაგებობის განაშენიანების ფართია 168 კვ.მ, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 365.08 კვ.მ).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ქ. ვანში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 365 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული, შენობა-ნაგებობა №1-ით დაფარული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზედაპირის - 168 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში: 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის №ტ-2/2141 წერილის, 2) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №... ბრძანებისა და 3) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის №1-1/155 ბრძანების ბათილად ცნობის მართებულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე