Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1027(კ-24) 19 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.თ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 15 ივნისს ლ.თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის № SS 4 23 00445706 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 7 23 00551594 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ.თ-ისათვის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე და 2023 წლის 28 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ლ.თ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, ლ.თ-ე იღებდა სახელმწიფო პენსიას, რომელიც 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. მოსარჩელის მითითებით, სადავო გადაწყვეტილებები უკანონოა, რადგან, მართალია, იგი დასაქმებულია მუზეუმ-ნაკრძალში, თუმცა, კანონის მიხედვით, მუზეუმში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით ლ.თ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლ.თ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 72300551594 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.თ-ისათვის პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასევე დაეკისრა ლ.თ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 28 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა ლ.თ-ის წარმომადგენელმა და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითება მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის ხარჯის - 1200 ლარისა და სანოტარო მომსახურების ხარჯის - 26.24 ლარის დაკისრების თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.თ-ის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საფუძვლით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ლ.თ-ის კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. სააპელაციო სასამართლოში ლ.თ-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ მოხდა იურიდიული და სანოტარო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ.თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლო გარეშე ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ლ.თ-ის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 800 (რვაასი) ლარისა და სანოტარო მომსახურების ხარჯის - 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით ანაზღაურება; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას, მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმისაგან დამოუკიდებელ დაწესებულებას არ წარმოადგენს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი კი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად. ამასთან, სააპელაციო პალატამ ლ.თ-ის სააპელაციო შესაგებელთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერებით დასტურდებოდა ლ.თ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, რომელიც შეადგენდა 1200 ლარს. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა არსებობდა, დავის სირთულის, ასევე, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ.თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონით - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. კასატორთა მითითებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში და შესაბამისად, ვერ მოხდება იმ მუზეუმის, სადაც მოსარჩელეა დასაქმებული, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა (სააგენტოსგან გამიჯვნა). თავად სააგენტო კი არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შეიძლება განხორციელდეს ‘სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და მის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს ხსენებული პაკეტის მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო; განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს, სახელდობრ, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სოციალური პაკეტი არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. ამავე წესის მე-5 მუხლის „ზ.ვ.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური პაკეტი ენიშნება 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-12 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი შეწყდება ((შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ...ის ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით - ...ის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.თ-ეს შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის გაცემა 2023 წლის 1 მაისიდან. 2023 წლის 4 მაისს ლ.თ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის № SS 4 23 00445706 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის 2023 წლის 29 მაისის №SSA 7 23 00551594 სადავო გადაწყვეტილებით ლ.თ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძველი გახდა ლ.თ-ის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. იმავე დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალია ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. დებულების მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; აღნიშნული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

„მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მუზეუმის დეფინიციას, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი არის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, თუმცა იგი დამოუკიდებელ მნიშვნელობას არ კარგავს, წარმოადგენს ორგანიზაციულ წარმონაქმნს და ასრულებს დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო არ არის სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტი, ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მიმართულებას.

პალატა მიუთითებს „დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს მუზეუმის ერთ-ერთ კატეგორიას მუზეუმისა და ნაკრძალის ერთობლიობას.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალებს ერთად მოიხსენიებს და ერთსა და იმავე ძირითად ამოცანებს უსაზღვრავს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმისაგან დამოუკიდებელ დაწესებულებას არ წარმოადგენს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც ისინი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.თ-ისათვის პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის შესახებ, ასევე, იძულებით განაცდური სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 28 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე